"ვარაზის ხევთან თეთრი შენობა აღმართულია სინათლის სვეტად"
"ვარაზის ხევთან თეთრი შენობა აღმართულია სინათლის სვეტად"
"ვარაზის ხევთან თეთრი შენობა
დგას სიჭაბუკის გადასახედად.
ვით სხვა, მეც სიბრძნის დედას ვუწოდებ
და მიყვარს, როგორც მშობელი დედა".
ბერდია ბერიაშვილი

8 თებერვალს (ძვ. სტილით - 26 იანვარს) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 90-ე წლისთავს ზეიმობს. აგერ უკვე თითქმის საუკუნეა უნივერსიტეტი ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიულ მისიას ასრულებს. ამიტომაც ჰქონდა ნებისმიერ ქართველს წინა საუკუნეში ლამის რელიგიური დამოკიდებულება თავის უნივერსიტეტთან და შემთხვევითი არ იყო სწორედ, რომ მას თეთრ ტაძარს ეძახდა.

საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებისთანავე გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება იყო. 1917 წელს შეიქმნა ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაარსებაზე ზრუნვა. მისი მთავარი დამფუძნებელი გახლდათ ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს - დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. რექტორობა სთხოვეს ივანე ჯავახიშვილს, ქართული უნივერსიტეტის დაარსების თაოსანს, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა და ამ თანამდებობაზე დაასახელა პეტრე მელიქიშვილი, როგორც საქვეყნოდ სახელგანთქმული მეცნიერი, რომელიც თავისი ავტორიტეტით ქართული უნივერსიტეტის პრესტიჟს აამაღლებდა. პეტრე მელიქიშვილი ერთხმად აირჩიეს რექტორად. იგი იმ დროს 68 წლის იყო.

გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი - სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. ახალგახსნილ უნივერსიტეტში პირველი ლექცია ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. იგი რამდენიმე წელი (1919-1926) უნივერსიტეტის რექტორი იყო. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილი რექტორის მოვალეობისგან გაათავისუფლეს. ამასთან, კარგა ხნით თავის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვაც აუკრძალეს.

1940 წლის 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა ლექციას თემაზე "ფილოლოგიური მეცნიერების მიზნები და ქართული ლიტერატურული ძეგლები". ლექცია ძალზე საინტერესო გახლდათ ისტორიის კვლევისთვის. მრავალრიცხოვანმა მსმენელმა მოიყარა თავი. ლექცია დაიწყო, მაგრამ... ვერ დასრულდა, რადგან დასრულდა სიცოცხლე ღვაწლმოსილი მეცნიერისა. სიმბოლურია, რომ სწორედ ლექციის კითხვისას შეწყდა მისი გულისცემა... მოგვიანებით, 1988 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

ქართველმა ხალხმა ცხარედ დაიტირა დიდი მამულიშვილი და, მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალა. უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტის პანთეონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. უნივერსიტეტის ბაღში პირველად პეტრე მელიქიშვილი დაკრძალეს. ერთი წლის შემდეგ, თსუ-ს დაარსების ათი წლის იუბილეზე, რომელიც მთელ საქართველოსა და ამიერკავკასიაში საზეიმოდ აღინიშნა, პირველი კორპუსის ეზოში საფუძველი ჩაეყარა მის ძეგლს. უნივერსიტეტის პირველი რექტორისადმი მიძღვნილ სიტყვაში პრორექტორმა კორნელი კეკელიძემ აღნიშნა: "შენ ვერ ესწრები ჩვენი უნივერსიტეტის ათი წლის დღესასწაულს, მაგრამ შენი საფლავი იგრძნობს იმ უაღრეს პატივისცემას და სიყვარულს, რომლითაც გამსჭვალულია შენდამი შენი მოწაფე ახალგაზრდობა. ათასი წლები გაივლიან, თაობები მოვლენ და წავლენ, მაგრამ შენი ძეგლი და შენი დიდი სახელი მუდამ იცოცხლებს და გზას გაუნათებს მომავალ თაობათა ახალგაზრდობის დაუსრულებელ რაზმებს..." სამწუხაროდ, დღეს პირველი კორპუსის ეზოში მდგარ სტუდენტობას ძნელად თუ შეგვატყობს კაცი იმ მოწიწებასა და პატივისცემას, რომელიც ყოველ ქართველს, და მით უფრო - სტუდენტს, უნდა ჰქონდეს სახელოვანი წინაპრების განსასვენებლის მიმართ. ვერ ან არ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რომ გვქვია. არადა, ეს ხომ ყველას გვეამაყება!

1995 წლის 5 სექტემბერიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ახალაშენებული ეკლესია შეუდგა მსახურებას. ტაძარი აკურთხა და პირველი საზეიმო წირვა აღავლინა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა. ეკლესიის აგება ქართველი ინტელიგენციისა და თსუ-ს სტუდენტთა სულიერი მოთხოვნილების ნაყოფია. ამ საქმეში დიდია უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ბატონ როინ მეტრეველის წვლილიც.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქართული უნივერსიტეტი ინგრევა. ვფიქრობ, თუკი ის მართლაც ინგრევა, ინგრევა არა იმიტომ, რომ ვიღაცის ბოროტ ნებას სურს ეს, არამედ იმის გამო, რომ განათლებაზე აღარავის შესტკივა გული. ფილოსოფოსობა ხომ სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს და არა დიპლომისას. დიპლომის სიყვარულმა კი ოთხმილიონიან ქვეყანაში 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და მათი "პროფესურა" "შვა". ეს უკვე კარგა ხანია არა მხოლოდ აკადემიზმის, არამედ ღირებულებათა კვდომაზეც მიანიშნებს. მაგრამ მე მაინც მინდა მქონდეს იმედი, რომ ქართული უნივერსიტეტი არ დაინგრევა, გაუძლებს იმ "ცვლილებებსა" და "კატაკლიზმებს", დრომ რომ მოახვია თავს და კვლავაც შეასრულებს თავის ისტორიულ მისიას. იმედს კიდევ უფრო მიმყარებს გახსენება იმისა, რომ სოციალისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება და ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები აღზარდა.
ბეჭდვა
1კ1