მოძღვრის გარეშე არ უნდა იყოს არც ერთი ქართველი
მოძღვრის გარეშე არ უნდა იყოს არც ერთი ქართველი
ქართველი ერის ისტორია ფაქტობრივად ენის, სახელმწიფოებრიობისა და მართლმადიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ისტორიაა. მართლმადიდებლობისა და საქართველოს ეკლესიის როლის ჯეროვნად წარმოჩენა საბჭოთა (კომუნისტურ) იდეოლოგიას ხელს არ აძლევდა. თუმცა, ასე თუ ისე, მაინც იქმნებოდა სახელმძღვანელოები, სადაც ლაპარაკი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე, მისი გადარჩენის გზებზე, ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისა და აღორძინების პრობლემებზე, მაგრამ საქმეში ჩახედულ და მოაზროვნე მკითხველს ყოველთვის უკმარისობის გრძნობა უჩნდებოდა.

მხოლოდღა ათეისტური იდეოლოგიის მსხვრევის შედეგად გახდა შესაძლებელი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი სამღვდელოების მნიშვნელობაზე საუბარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში. ბევრი რამ შეიცვალა, ეკლესიის ისტორიის მრავალ ბურუსით მოცულ ფურცელს მოეფინა ნათელი. დაიწერა და გამოიცა "საქართველოს ეკლესიის ისტორიის" ტომები, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიდა ჩვენი ეკლესიის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ამსახველი თავები. 2003-2004 წლებში გამოვიდა პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში. მათი ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული, რომელიც დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია.

- განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი ერისთვის XIX საუკუნის დასაწყისი, როდესაც რუსეთის იმპერიამ მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა და 1811-1814 წლებში გააუქმა ორივე საკათალიკოსო ტახტი (მცხეთისა და აფხაზეთისა). როგორ გამოიკვეთა სამღვდელოების როლი ქართველი ერის ისტორიაში ამის შემდეგ?

- რუსეთის იმპერიამ 1811-1814 წლებში გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. რუსმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა საქართველოს ისტორიაში კარგად შენიშნეს ერთი მომენტი, ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში ორმა უძლიერესმა ისლამურმა სახელმწიფომ (ირანმა და ოსმალეთმა) ვერ შეძლო მოესპო ჩვენი ენა, რელიგია და სახელმწიფოებრიობა იმიტომ, რომ ამ ორმა დამპყრობელმა ვერ მოიფიქრა ის, რაც მოიფიქრა და აღასრულა კიდეც რუსეთმა. ეს იყო მეფობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. ქართველი ერი ჩავარდა უმძიმეს მდგომაროებაში, აღარ ჰყავდა მეფე და კათოლიკოს-პატრიარქი. სხვაგვარად კი, მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის გარეშე, ორგანიზება, საკითხის თავიდან აცილებისთვის ბრძოლა ქართველ ერს ვერ წარმოედგინა. სწორედ ამ ვითარებაში გამოჩნდა ერთი რამ: საქართველოში მართლმადიდებლობა იმდენად ძლიერი იყო, ქართველი კაცის რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერმა ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგაც შეინარჩუნა მართლმადიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმსახურება ეკლესიებში რუსულად მიმდინაროებდა, ჩვენი რწმენის რუსიფიკაცია მაინც ვერ მოხერხდა. ქართველ კაცს დედაენაზე დაბეჭდილი ლოცვანიც კი არ ჰქონდა ერთ ხანს, მაგრამ აზროვნებით მაინც ქართველ მართლმადიდებლად რჩებოდა. აქაც და შემდგომშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართულმა სამღვდელოებამ. მე-19 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან საქართველოში რუსეთისა და ევროპის გზით შემოვიდა კოსმოპოლიტური აზროვნება, რომელიც უგულებელყოფდა ეროვნულ სახელმწიფოს, ენას, კულტურას და მიზნად ისახავდა ერთი საერთო მსოფლიო სახელმწიფოს შექმნას. რუსეთის კოლონიად ქცეული, ორ გუბერნიად გაყოფილი ქვეყანაში კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველმა სამღვდელოებამ უდიდესი როლი შეასრულა. მან თავი გასწირა, როდესაც დაუპირისპირდა რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებას და რუსეთის ეკლესიის უწმინდეს სინოდს.

ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, სრულიად კანონზომიერია კიდევ ერთი მოვლენა: 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ერმა აღადგინა სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ იდეური და ორგანიზებული გაერთიანება პოლიტიკოსებზე უფრო ადრე ქართველმა სამღვდელოებამ შეძლო. ქართველმა პოლიტიკოსებმა, რის ვაი-ვაგლახით, 1918 წლის 26 მაისს მოახერხეს ამ დიდი ეროვნული საქმის ბოლომდე მიყვანა. ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის იმპერიის დანგრევიდან ორიოდ კვირაში, 1917 წლის მარტში, გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საეკლესიო კრებამ აირჩია პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II (საძაგლიშვილი).

- სახელმწიფოებრიობის მოსპობისა და დანგრევის მიზეზებიც სარწმუნოების, ეკლესიის როლის უგულებელყოფაში უნდა ვეძებოთ?

- 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემას ბევრი მიზეზი ჰქონდა. თვით რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, რადგან მოინდომა აეშენებინა ათეისტური სახელმწიფო. ამას მოჰყვა უამრავი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ ერი გაუუცხოვდა ხელისუფლებას. ხალხი, ბოლოს და ბოლოს, ეღირსა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას (1917წ.). 1918 წელს კი მთავრობამ ისეთი პოზიცია დაიკავა, რომ მან აბსოლუტურად უგულებელყო ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის და სამღვდელოების როლი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში. სკოლებში აიკრძალა საღვთო სჯულის სწავლება. 1917 წელს ქართველი კაცის ფსიქოლოგიისთვის ეს ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო. ასე რომ, ის, რასაც ხშირად მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებას და კომუნისტებს ვაბრალებთ, ბევრად უფრო ადრე, 1918 წელს დაიწყო - საქართველოში ეკლესიის, სამღვდელოების, კათოლიკოს-პატრიარქის როლის დამცრობა. ბოლშევიკებმა შემდეგ უფრო უხეში ფორმით გააგრძელეს ფაქტობრივად უკვე 1918-21 წლებში დაწყებული საქმე.

- ისტორია ხშირად მეორდება. რამდენად გვმართებს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინება?

- 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაიწყო იმავეს კეთება, რაც XIX საუკუნის დამდეგს რუსეთის იმპერიამ: მოგვისპეს სახელმწიფოებრიობა, ეკლესია ჩააგდეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის XIX საუკუნეში იყო. და შედეგად მიიღეს იგივე, რაც რუსეთის იმპერიის მესვეურებმა - 1990-91 წლებში აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და არნახულად გაძლიერდა საქართველოს ეკლესიაც. ასე რომ, საქართველოში მართლმადიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მოსპობა ძალიან უპერსპექტივო გახლდათ ჩვენს არაკეთილისმსურველთათვის. ისტორიული გაკვეთილი ის არის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აღმავლობა, წარმოუდგენელია ეკლესიის გარეშე.

- დღესაც ეკლესია უდიდეს როლს თამაშობს ქართველი ერის კონსოლიდაციის, ეროვნული სულის გადარჩენის საქმეში...

- ყოველ შაბათ-კვირას და საეკლესიო დღესასწაულების დროს უამრავი ხალხი დგას წირვა-ლოცვაზე. საქართველოში დღეს არ არსებობს მეორე ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამდენი ხალხის ერთ ადგილზე მოყვანა და გაერთიანება.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1990-91 წლებში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება, რომელიც წარმოუდგენელია ქართველი ერის სულიერი აღორძინების გარეშე. ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელები სწორედ საქართველოს ეკლესიიდან გამოვიდნენ. ისინი აღიზარდნენ იმ სულიერ სინამდვილეში, რომლის შექმნაც დაიწყო უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან.

თუნდაც ერთიანი ქართული მონარქიის შექმნა, რომელიც IX საუკუნიდან დაიწყო, სწორედ ეკლესიის წიაღში მომწიფდა. აქედან დაიწყო სულიერი აღორძინება. დიდი ქართველი მოაზროვნისა და მწერლის გიორგი მერჩულეს მრავალი ნააზრევი შემდეგ პოლიტიკაში გადავიდა. გიორგი მერჩულე პოლიტიკოსი არ გახლდათ, ბერი იყო და დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის ცხოვრებას წერდა, მაგრამ დღესაც ჩვენთვის ისეთივე ცხოველმყოფელია სიტყვები: "ქართლად ფრიადი ქვეყნისაი აღირაცხების, რომელსაც შინა ქართველთა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი აღესრულების".

ასე რომ, ეკლესიის როლი, როგორც უნდა განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. სისტემა, ყოველთვის იქნება განუზომლად დიდი.

სახელმწიფოს, უმაღლეს პოლიტიკურ ხელისუფლებას, სჭირდება ეკლესიის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გვერდში დგომა და საერთოდ მთელ ქართველ ხალხს სჭირდება ქართველი სამღვდელოების გვერდში დგომა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მოძღვარმა დაკარგოს ტრადიციული ადგილი ქართველი ერის ცხოვრებაში. ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია. მოძღვრის როლი ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის ისტორიით ათასჯერ არის შემოწმებული და განსაზღვრული. ამიტომ მოძღვრის გარეშე არ უნდა იყოს არც ერთი ქართველი.

- ბატონო ვახტანგ, პირადად თქვენს ცხოვრებაში რა როლი აკისრია ეკლესიას, სულიერ მოძღვარს, მის რჩევა-დარიგებას. როგორ დაუკავშირდით ეკლესიას?

- ჩემი ბავშვობა ისე წარიმართა, რომ არც მე და არც ჩემს მშობლებს ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ გვქონია.

ძალიან გვიან, უკვე 40 წელს ვიყავი გადაცილებული, მე და ჩემს მეგობარს დაგვჭირდა მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის საქართველოს ეკლესიის ისტორიის" I და II ტომი. ეს წიგნი იმ დროს იშვიათობა გახლდათ. მაშინ ისიც კი არ ვიცოდით, როგორ მიგვემართა მთავარეპისკოპოსისთვის. მეუფე ანანიამ ძალიან ბევრ საკითხში დამაკვალიანა.

მოგეხსენებათ, 40 წელს გადაცილებული კაცისთვის არც ისე იოლია მონათვლა, ეკლესიაში მოსვლა. მაგრამ მოხდა ერთი რამ. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა - მერაბ ვაჩნაძემ და მიხეილ ბახტაძემ შევქმენით საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით. იმ წელს გამოვიდა X-XI კლასის სახელმძღვანელოები. პირველად მოხდა, რომ საქართველოს ისტორიის წიგნში შევიდა თავი: საქართველოს ეკლესიის ისტორია. გვინდოდა, უწმინდესისთვის მიგვერთმია ეს სახელმძღვანელოები. უწმინდესთან შეხვედრაზე ოცნებაც კი ვერ წარმოგვედგინა. ამიტომ წიგნები გადავეცით მის რეფერენტს - ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს და უკან გამობრუნება დავაპირეთ, მაგრამ ქალბატონმა შორენამ შეგვაჩერა - შესაძლოა, უწმინდესმა თქვენთან შეხვედრა მოინდომოსო. ასეც მოხდა, უწმინდესმა სახელმძღვანელოები შეგვიქო, ძალიან გაუხარდა, რომ ეკლესიის ისტორია შევიდა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში. იქიდან გამობრუნებულმა გადავწყვიტე, რომ დაუყოვნებლივ მოვნათლულიყავი და, მოვინათლე კიდეც ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. საბოლოოდ, ჩემი ეკლესიაში მოსვლა დაუკავშირდა დეკანოზ გიორგი ზვიადაძეს, რომელმაც ფაქტობრივად მოთხოვნილებად მიქცია ყოველ შაბათ-კვირას და საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძარში სიარული. ოღონდ, არა იძულებით, არამედ თავისი განსაკუთრებული ურთიერთობით. დღეს ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ყოველ შაბათ-კვირას არ მივიდე ეკლესიაში, არ ვნახო მოძღვარი, არ ვთქვა აღსარება და თუ ღირსი ვიქნები, ვეზიარები.

არ დამავიწყდება ერთი რამ. მე და ჩემმა მეგობარმა მერაბ ვაჩნაძემ გამოვეცით წიგნი "ივ. ჯავახიშვილი ტირანიის სამსჯავროს წინაშე". გვინდოდა ეს წიგნი უწმინდესისთვის გადაგვეცა მამა გიორგის (ზვიადაძე) ხელით, რადგან ვფიქრობდით და ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ წიგნის გადასაცემად კათოლიკოს-პატრიარქისთვის დროის წართმევა დანაშაულია. მამა გიორგიმ, თქვენ თვითონ გადაეცითო. მივედით სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი ლოცულობდა. მამა გიორგიმ გვანიშნა, საკურთხეველში შევსულიყავით. მუხლების კანკალით შევედით და უწმინდესს წიგნი გადავეცით. დღესაც ვინახავ იმ სანთელს, უწმინდესმა რომ გვაჩუქა მე და ჩემს მეგობარს. ასე დაუკავშირდა ჩემი ცხოვრება ეკლესიას. ამის შემდეგ უფრო ღრმად დავინტერესდი საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხით. მე და მერაბ ვაჩნაძემ დავიწყეთ მრავალტომეულის გამოცემა: "საქართველოს ეკლესიის ისტორია XIX-XX საუკუნეებში. დოკუმენტები და მასალები". I ტომი უკვე გამოვიდა. იგი მოიცავს 1901-1904 წლებს. თუ ღმერთმა ინება და საამისო სულიერი და ფიზიკური ძალა მოგვცა, ვფიქრობთ, უახლოეს წლებში გამოვცეთ 7 ტომი მაინც, რომელიც 1901-1917 წლების ისტორიას მოიცავს.

გისურვებთ წარმატებებს!
ბეჭდვა
1კ1