წამი, როდესაც ადამიანი უნდა გაჩერდეს და გაირინდოს წმინდასა და მარადიულის წინაშე, დაკარგულია
წამი, როდესაც ადამიანი უნდა გაჩერდეს და გაირინდოს წმინდასა და მარადიულის წინაშე, დაკარგულია
ქართულმა ლიტერატურამ, რომელიც სასულიერო მწერლობით იწყება, განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლო. სასულიერო მწერლობის ფასეულობათა ცენტრში ღმერთი და მარადიული სამყარო დგას. ყველაფერი მისკენ მიდის და მისითაა განსაზღვრული. სხვა ინტერესები, სხვა მისწრაფებები მარადიულის სამსხვერპლოზე მიიტანება და წარმოჩნდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ დათმობს გმირი. ამგვარად იკვეთება ესთეტიკური იდეალი შარავანდით მოსილი წმინდანისა. საერო მწერლობაში აქცენტი კეთდება მიწიერზეც, რომლითაც ადამიანი ღვთაებრივს სწვდება და უახლოვდება. მიწიერი სილამაზე აღიქმება როგორც ღვთაებრივის ანარეკლი. მარადიულის სიყვარული მიწიერ საქმეებთან, წარმავალ ინტერესებთანაცაა შეზავებული, ამდენად ისინიც ფასეულია. "ჟამთა ცვლის" კვალობაზე იცვლება მსოფლმხედველობაც. ქართული ლიტერატურის წიაღში ისახება ახალი ტენდენციები.

გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

- აგიოგრაფიულ მწერლობაში ცენტრალური თემაა მარადიული და წარმავალი სამყაროს დაპირისპირება...

- მთელი შუა საუკუნეების აზროვნება იმაზეა აგებული, რომ წარმავალი სამყარო არის მხოლოდ სიმბოლო მარადიულისა. ამიტომ ადამიანმა გონება მისკენ უნდა მიმართოს. შუშანიკი ამქვეყნიურ სამკაულებს თმობს და ჯაჭვები ხდება მისი წარუვალი ცხოვრების სამკაული.

ამ შემთხვევაში პლატონიზმი და ქრისტიანობა ეთანხმება ერთმანეთს. პლატონიზმში გამოცხადებულია, რომ იდეალური და მარადიული წინ უძღვის მის მიწიერ გამოხატულებას. არსებობს იდეალური სამყარო, რომელსაც გარკვეული ხარვეზებით ასახავს ეს მატერიალური სამყარო. ამდენად, ფილოსოფოსის და, საერთოდ, ადამიანის დანიშნულება არის ის, რომ გაიხსენოს იდეალური ამ ხარვეზიანი სახეებით მიწაზე და აამაღლოს გონება ამ იდეალურამდე. სულის ნამდვილი ბინა არის ზეცა. პლატონისთვის ზეცა ხილული, ვარსკვლავებიანი ცა როდია, მისთვის ესეც "მიწაა". ანუ მიწაა ყველაფერი, რაც ხილულია, რაც გრძნობებში გვეძლევა. რაც ზეგრძნობადია, გონითსაწვდომია, ის არის ზეცა. სულის ამაღლება ზეცამდე უნდა იყოს ადამიანის მიზანი.

ქრისტიანულ სამყაროშიც ასეა. ხილული სამყარო გვახსენებს უხილავს. "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო", - ვკითხულობთ ფსალმუნში. ხილული სამყარო, მთელი მისი წესრიგი მიუთითებს უხილავ ღმერთზე. აგიოგრაფიულ ლიტერატურაში არის ასახული ზემატერიალური რეალობა. ღმერთი, მარადისობა, ანგელოზები, წმინდანები თანამოქალაქეები ხდებიან აგიოგრაფიული ნაწარმოებების გმირებისა. ისინი კონკრეტულად განიცდიან ზეცას, წმინდანების ახლოს ყოფნას, რეალურად გრძნობენ მათ შეწევნას. სიკვდილსაც სასულიერო ლიტერატურაში "აღსრულება" ჰქვია, რაც ნიშნავს სრულყოფის მიღწევას. ადამიანი უარყოფს მატერიალურს და იმკვიდრებს ზეციურს.

აგიოგრაფიულ ლიტერატურაში მარადისობის ჭრილში განიხილება პოლიტიკაც. მეფე არის მიწიერი და ზეციური სამყაროს შემაერთებელი. მიწიერი ძალაუფლება სიმბოლურად ასახავს ზეციურ ძალაუფლებას. იკონოგრაფიულია მეფის მმართველობა: როგორც ხატზე გამოსახული წმინდანი ასახავს არქეტიპს, მეფეც თითქოს ცოცხალი ხატია მაცხოვრისა. მთელი სამყაროს განმგებლის, იესო ქრისტეს მმართველობას მეფე გამოხატავს პოლიტიკურ სივრცეში. ე.ი. პოლიტიკაც დამუხტულია მარადისობით. ადამიანის მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში არ არის გამიჯნული მის მარადიულ დანიშნულებასთან. დღეს სახელმწიფოს მოქალაქეს არავინ, არც კონსტიტუცია სთხოვს, ზეციურ სრულყოფაზე იზრუნოს. ძველ დროში კი ასე იყო დამკვიდრებული: ვინც მეფეს ემსახურებოდა, ღმერთს ემსახურებოდა. "ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან". პოლიტიკური სივრცე და სულიერი სივრცე ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ მარდისობა არ დაიყვანებოდა პოლიტიკაზე. ამიტომ ტოვებდნენ ამქვეყნიურ სამყაროს და მიაშურებდნენ მონასტრებს.

- წარმავლისა და მარადიულის ურთიერთმიმართების საკითხი როგორ არის გააზრებული "ვეფხისტყაოსანში"?

- რუსთაველთან გარკვეული გარდატეხა ხდება. შემოდის რენესანსული მოტივები. მაგალითად, აგიოგრაფია არ განიხილავს ქალ-ვაჟის სიყვარულს როგორც რაიმე მნიშვნელოვანს, თუმცა არც უარყოფს. მას აინტერესებს სულის ხსნა, განღმრთობა, შეერთება ქრისტესთან, მარადისობასთან... რუსთაველთან კი მიწიერი სიყვარულიც იძენს მნიშვნელობასა და ღირებულებას იმდენად, რამდენადაც იგი ბაძავს ზეციურს. ამიტომ მიწიერი სიყვარულიც, თუკი ის, რა თქმა უნდა, არ არის სიძვა და ამაღლებულია, წილნაყარია ზეცასთან. რუსთაველმა მიწიერი ეროსი ზეციურ ეროსთან დააკავშირა, ანუ ადამიანის სულის ღვთისადმი ტრფიალებასთან. "არს მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა". პირველი მიჯნურობა არის სწორედ ზეციური იდეების, ღვთიური სფეროს სიყვარული, ხოლო "მიწიერი ხელობანი", მიწიერი გახელებები კი "მართლ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან". "შორით ბნედა" ანუ მიწიერ ეროსში ადამიანის სულის განვითარება დაკავშირებულია ღვთიური ეროსის სწავლასთან. ასე რომ, რუსთაველთან მიწიერ ეროსს სულისათვის პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს.

რუსთაველის გმირები მარადისობით ცხოვრობენ. მათთვის სინდისი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა, ნებისმიერი სხვა რამ. ავთანდილის "ანდერძში" კარგად ჩანს, რომ მისი პოლიტიკური მოვალეობაა, დარჩეს და შეასრულოს მთავარსარდლის როლი, მაგრამ მისი სინდისი, რომელიც სწორედ მარადისობასთან არის კავშირში, უბიძგებს, წავიდეს, მიატოვოს ყველა თავისი მოვალეობა და დაეხმაროს ტარიელს, რადგან ეშინია, რომ სინდისი ამხელს "მას საუკუნესა". ავთანდილი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარადისობით, რომელიც მისთვის უფრო კონკრეტული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ამქვეყნიური წარმატება. იგი სინდისის ხმას უნდა გაჰყვეს. მისთვის ღვთიური განგების შესრულება სწორედ ამაში გამოიხატება. რუსთაველის გმირების მთელი ღირსება ის არის, რომ ისინი თავიანთ გულში ატარებენ მარადისობას, კაცურ ფუნქციას.

ესთეტიკური ფასეულობებიც თავის დატვირთვას იძენენ რუსთაველთან, რაც მანამდე არ იყო ჰაგიოგრაფიაში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ავტორს არ აინტერესებს ისეთი ნიუანსი, როგორიცაა აშოტ კურაპალატის ცხენზე ლამაზად ჯდომა. რუსთაველს კი ესეც აინტერესებს და მხედრის ესთეტიკურ სილამაზეზეც ამახვილებს ყურადღებას: "ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად".

დავით გურამიშვილი უფრო მეტადაა შუა საუკუნეების ტრადიციების გამზიარებელი, ვიდრე რუსთაველი. მას ყოველი ამქვეყნიური მოვლენა მარადიულს ახსენებს. ლეკთაგან მოტაცება მას ჰგვრის ფიქრს, თუ როგორ გაიტაცებენ დემონები ცოდვილ სულს; ხაროში ჩაგდება ჯოჯოხეთში ჩაგდებას ახსენებს; ზუბოვკიდან მომავალი ლამაზი ქალი - ქრისტეს და ა.შ. ამდენად, გურამიშვილი ცხოვრობს მარადისობით.

- როგორ აქვთ განცდილი მარადისობა რომანტიკოსებს?

- რომანტიკული სულისკვეთება ყველაზე მეტად ნიკოლოზ ბარათაშვილშია გამოხატული. მასთან მარადისობა უკვე იბინდება, აღარ არის ისეთი მკაფიო, როგორიც გურამიშვილთან, რუსთაველთან, აგიოგრაფ მწერლებთან. ბარათაშვილი ეძებს მარადისობას და ვერ პოულობს. ცას მიმართავს: "გულისხმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს, ზენაარ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება, მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს". ლექსში, "ფიქრნი მტკვრის პირას", პოეტი ფიქრობს, რომ თუკი ყველაფერი უნდა დასრულდეს, მაშ, რაღა აზრი აქვს ცხოვრებას? გურამიშვილი ძალიან იოლად გასცემდა პასუხს: ადამიანის კეთილი საქმეები მარადისობაში დაფასდება. ბარათაშვილი კი ვეღარ განიცდის, ვეღარ სწვდება მარადისობას, ამიტომ უპასუხოდ რჩება ბევრი კითხვა. იგი ამბობს: "რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას". მან იცის, რომ უნდა მისდიოს ტრადიციას, იცხოვროს ღირსეულად, მაგრამ რატომ უნდა იცხოვროს, ამ კითხვას ვერ პასუხობს. ილია ჭავჭავაძე წერს, რომ ბარათაშვილის პოეზიის პრობლემა, ისევე როგორც მთელი მისი თანამედროვე ეპოქისა, არის რწმენის ტრაგედია. ეს არის ფაუსტური ტრაგედია. ფაუსტის იდეა ასეთია: ჩვენ ვერ გავიგებთ, რა არის მარადისობაში. ბრიყვია ის, ვინც ცდილობს გაიგოს, რა არის ზეცაში. ერთადერთი, რაც იცი, არის ეს ქვეყანა. ამიტომ ამქვეყნად უნდა იღვწოდე პროგრესისთვის, განვითარებისთვის, მაგრამ ის წერტილი, წამი, როდესაც ადამიანი უნდა გაჩერდეს და გაირინდოს წმინდისა და მარადიულის წინაშე, დაკარგულია.

რამ გამოიწვია ეს? რომანტიკოსების გმირია ნაპოლეონი, ახალი ეპოქის შუქურა. ირღვევა ძველი ტრადიციები, მეფის, როგორც მარადიული ინსტიტუტის, გაგება. შემოდის ახალი პოლიტიკური შეხედულებები და განცდა იმისა, რომ სოციალური საფეხურები არ არის ღვთით დადგენილი იერარქია, არამედ ადამიანის მოგონილია. ე.ი. ადამიანი ბედს არ უნდა შეეგუოს, არ დასჯერდეს იმას, რაც აქვს და იბრძოლოს უკეთესისთვის. მაგრამ ეს ბრძოლა ხდება უკვე ამქვეყნიურ კონტექსტში და არა მარადიულში. მარადისობა მეორე პლანზე გადადის. ბარათაშვილის ერთადერთი ტრადიციული ლექსია "ჩემი ლოცვა". მის სხვა ლექსებში ღმერთი აღარ ფიგურირებს. ლექსში "მერანი" თავისუფალი სული იბრძვის ბოროტი ბედის წინააღმდეგ და განწირულია, რადგან ღმერთი არ ჰყავს. იგი უფრო მეტად ინდივიდუალურია, ვიდრე შუა საუკუნეების ადამიანი, იმიტომ, რომ მხოლოდ თავის თავზეა მინდობილი.

- XX საუკუნეში უფრო გამძაფრდა რწმენის კრიზისი, მარადისობის დაკარგვით გამოწვეული განცდები... როგორ აისახა ეს ტენდენციები ლიტერატურაში?

- მარადისობა-წარმავლობის თემა მძაფრად არის წარმოდგენილი ნიკო სამადაშვილთან: "იმასთან სისხლიც ვერ შემარიგებს, მიწისკენ კვალი ვინც მიგასწავლა". პოეტს ეუფლება მიუსაფრობის გრძნობა ამ მიწაზე. "არა, არ იყო ჩემზე უფრო უბინადარი". ის სიმშვიდეს და ჰარმონიას ვერ პოულობს ამ მიწაზე, რადგან მისი მიწა აქ არ არის. გავიხსენოთ გალაკტიონის "ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები" ან "ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის..." სამადაშვილი იმედგაცრუებულია მიწითაც და მარადისობითაც. "ქვესკნელს შემასხი, მარადისობავ, თუ კიდევ შენსკენ გამოვტრიალდე", "წყევლისფრად სავსე უსაზღვროებავ". პოეტი ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს მარადისობას, რადგან მას არა აქვს შუა საუკუნეების ადამიანის რწმენა. ლექსში "უკანასკნელი ქრისტიანები" ეს კარგად ჩანს: "დავეშვით ქვემოთ და ბეთანიამ ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა". "უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს უკანასკნელი ქრისტიანები". ვერც ტაძარში პოულობს ბინას: "ხატებთან ენთო უბინაობა". თუმცა არის გამონათებებიც. პოეტი ერთგან ამბობს, რომ "საწუთროს ქარმა განათებული ცა გადაგლიჯა". განათებული ცა შეიძლება მარადისობის სიმბოლოდაც აღვიქვათ. თუმცა ნიკო სამადაშვილის პოეზიაში არის მარადისობის დიდი მონატრებაც: "და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანებიც".

თანამედროვე სამყაროს ტენდენცია ვლინდება იმაში, რომ ადამიანმა ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია სოციალური თუ გენდერული ჩაგვრისაგან ემანსიპაციაში, პიროვნული ღირსების, უფლების ხელშეუხებლობის საკითხებში, მაგრამ, მეორე მხრივ, მან დაკარგა აბსოლუტის მონატრების განცდა. თანამედროვე ადამიანს აღარაფერი აქვს ხელმოსაჭიდი. შუა საუკუნეებისას ჰქონდა განცდა, რომ არსებობს რაღაც წმინდა, უხილავი, ღვთაებრივი. თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ტანჯვის მიზეზი კი რწმენის კრიზისში მდგომარეობს. თავისუფლება კარგია, მაგრამ მისი შინაარსია დაკნინებული, რადგან ადამიანმა აღარ იცის, საითკენ მიმართოს ეს თავისუფლება, რას ამსახუროს. მას დაბინდული აქვს მარადიულობის შეგრძნება.

ირლანდიელი პოეტი უილიამ ბატლერ იეტსი ლექსში "ბიზანტიაში გადაცურვა" აჩვენებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე დასავლური სამყაროს ურთიერთობას. პოეტი ევროპიდან ბიზანტიაში მიცურავს. იგი ამბობს, რომ მის სულს არ სჭირდება მასწავლებლები მარადისობის შესაცნობად, რადგან მას თვითონ აქვს თვალები, რომლითაც აღიქვამს მარადიულ სამყაროს. ამ თვალებს კი გახელა უნდა. ბიზანტია სწორედ ამაში ეხმარება. კონსტანტინოპოლში, აია სოფიას ტაძარში, ოქროსფერ მოზაიკას უყურებს. ოქრო მისთვის არის ცეცხლოვანი, უქრობი სამყაროს სიმბოლო. ამ ცეცხლოვანი სამყაროდან ჭვრეტს წმინდანთა გამოსახულებებს. წმინდანები მასთან მოდიან, ახსენებენ მარადისობას და ასწავლიან სულის სიმღერას. აქ კარგად ჩანს თანამედროვე ევროპის სულიერი შიმშილი და ნოსტალგია დაკარგულისადმი. დაკარგული კი მარადისობის განცდაა.
ბეჭდვა