მეცნიერების "იერიშის" მცდელობა სარწმუნოებაზე
მეცნიერების "იერიშის" მცდელობა სარწმუნოებაზე
საბჭოთა კავშირის დროს მიჩვეულები ვიყავით სამყაროზე რელიგიური, უფრო სწორად, ქრისტიანული შეხედულების უგულებელყოფას, მეტიც - მასთან დაპირისპირებას და ბრძოლასაც კი.

მატერიალიზმი საბჭოთა იდეოლოგიის ქვაკუთხედი გახლდათ. მის გასამყარებლად სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაუღალავად "შრომობდნენ". როგორი დაღი დაასვა მილიონობით ადამიანს ამგვარმა "შრომამ", სხვა დროს განვიხილოთ, ამჯერად ერთი უნიკალური ფაქტის კომენტირება გვსურს, რომელიც სულ ახლახან მოხდა. იგი უნიკალური და თანაც პარადოქსულია, რადგან თუკი საბჭოეთის დროს უდიდესი წნეხის ქვეშ მოქცეული მეცნიერება შავზე თეთრს ამბობდა, დღეს, როცა ზეწოლა აღარ არსებობს, კვლავ ბრძოლა სარწმუნოების წინააღმდეგ მართლაც რომ ანაქრონიზმია.

საქმე ეხება ღია წერილს, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ათმა დიდმა მეცნიერმა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს:

"რელიგიასთან ბრძოლა არ არის ჩვენი მიზანი, მაგრამ არ შეგვიძლია გულგრილნი დავრჩეთ, როდესაც ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ მეცნიერული ცოდნა ან შეცვალონ იგი რწმენით". წერილის ავტორები თვლიან, რომ ეკლესია განათლებიდან "სამყაროს მატერიალისტური ხედვის" აღმოფხვრას ცდილობს, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია. მეცნიერებმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებაზე გავლენის შეზღუდვა მოითხოვეს. წერილს სხვათა გვერდით ხელს აწერენ ნობელის პრემიის ლაურეატები ვიტალი გინზბურგი და ჟორეს ალფეროვი.

ამ მიმართვის კომენტირება სთხოვეს არქიმანდრიტ ტიხონს (შევკუნოვს), რომელიც მეცნიერი და აკადემიკოსიც გახლავთ:

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მრავალი წარმომადგენლის მსგავსად, მეც ყურადღებითა და ინტერესით წავიკითხე ათი აკადემიკოსის წერილი რუსეთის პრეზიდენტისადმი. ვერ გავბედავ, კომენტარი მივცე ამ მხცოვანი მეცნიერების მსჯელობას, შემიძლია მხოლოდ წარმოგიდგინოთ მათი არანაკლებ ცნობილი კოლეგების აზრი ამ საკითხზე. აი, მცირედი ამონარიდები:

აკადემიკოსი ი. პავლოვი,ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი:
"უმაღლეს ნერვულ მოქმედებას შევისწავლი და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა ტვინის განსაკუთრებულ უჯრედთან და მის ნერვებთან არის დაკავშირებული. როდესაც სხეული აღარ ცოცხლობს, ადამიანის ყველა გრძნობა და აზრი თითქოს სწყდება უკვე გარდაცვლილი ტვინის უჯრედებს და, თანახმად საყოველთაო კანონისა, რომელიც გვასწავლის, რომ არაფერი - არც ენერგია და არც მატერია - არ იკარგება უკვალოდ, შეადგენს იმ უკვდავ სულს, რომელსაც აღიარებს ქრისტიანული რწმენა".

ალბერტ აინშტაინი, ნობელის პრემიის ლაურეატი:
"ვერ წარმომიდგენია ნამდვილი მეცნიერი, რომელიც არ ფლობდეს ღრმა რწმენას. ეს ასეც შეიძლება გამოვთქვა: "არ შეიძლება გწამდეს უღმერთო მეცნიერება", "უღმერთო მეცნიერება მოიკოჭლებს".

მე მწამს ღმერთი, როგორც პიროვნება, და შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს წუთითაც არ ვყოფილვარ ათეისტი.

სულ ტყუილად წუწუნებენ XX საუკუნის კატასტროფებზე: როგორ დაუშვა ეს ღმერთმაო. მან ინება, თავისუფალი ნება გვქონოდა, მაგრამ არ დაგვტოვა უმეცრებაში; სიკეთისა და ბოროტების შემეცნების გზა გვიჩვენა. ადამიანს თვითონ მოუწია მცდარი გზის არჩევისთვის საფასურის გადახდა..."

ჩარლზ დარვინი:
"სამყარო კანონზომიერებას ემყარება და გონიერების გამოვლინებად წარმოგვიდგება - ეს მის შემოქმედზე მიუთითებს" (დარვინიზმის თეორიის განხილვისას ამ სიტყვებისთვის რატომღაც არასდროს მიუქცევიათ ყურადღება იმ საბჭოთა მეცნიერებს, რომელთა თეორიებითაც ჩვენი მამებისა და პაპების თაობებს ყურები ჰქონდათ გამოჭედილი).

ანრი ბეკერელი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ბუნებრივი რადიაქტივობის აღმომჩენი:
"ჩემმა შრომებმა ღმერთამდე, რწმენამდე მიმიყვანა".

ჯოზეფ ტომსონი,
ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი:
"ნუ შეგეშინდებათ, იყოთ დამოუკიდებელი მოაზროვნენი! თუ მძლავრად აზროვნებთ, მეცნიერება, რომელიც რელიგიის საფუძველს წარმოადგენს, უცილობლად მიგიყვანთ უფლის რწმენამდე. თქვენ დაინახავთ, რომ მეცნიერება რელიგიის მტერი კი არა, დამხმარეა".

მაქს ბორნი, ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი:
"ბევრ მეცნიერს სწამს ღმერთი. ისინი კი, ვინც ამბობს, მეცნიერების შესწავლა ადამიანს ათეისტად აქცევსო, სასაცილონი არიან".

ლუი პასტერი, ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ფუძემდებელი:
"დადგება დღე, როცა დასცინებენ ჩვენი თანამედროვე მატერიალისტური ფილოსოფიის სისულელეებს. რაც უფრო მეტად ვცდილობ, შევისწავლო ბუნება, მით უფრო მეტი მოწიწება და განცვიფრება მეუფლება შემოქმედის საქმეთა წინაშე. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ".

ნატალია ბეხტერევა, ფიზიოლოგი, ადამიანის ტვინის ფიზიოლოგიის სპეციალისტი, აკადემიკოსი:
"მთელი ცხოვრება ადამიანის ყველაზე სრულყოფილი ორგანოს - ტვინის შესწავლას მივუძღვენი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთი სასწაულის წარმოქმნა შეუძლებელია შემოქმედის გარეშე.

ვერ წარმომიდგენია დილა თუ საღამო ლოცვის გარეშე. ლოცვა სულის მოთხოვნილებად მექცა".

დიდ მეცნიერთა ეს მართლაცდა საოცარი სიტყვები ყურადსაღებია არა მარტო ყველა მეცნიერისთვის, არამედ ყოველი ადამიანისთვისაც. გამეცნიერებული რწმენა ყველაზე მეტად გვაახლოებს უფალთან. მეცნიერება რწმენის მტერი კი არა, საუკეთესო მეგობარია.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1