მსოფლიო წარღვნა და ნოეს კიდობანი
მსოფლიო წარღვნა და ნოეს კიდობანი
კიდობნის ნამსხვრევებს 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე გაყინულ ტბაში მიაკვლია და ფიცრის ნაწილი ჩამოიტანა
მართლაც იყო თუ არა მსოფლიო წარღვნა, რომელიც შესაქმის წიგნის VI, VII და VIII თავებშია აღწერილი? მეცნიერებს ამ კითხვის ორი ურთიერთსაპირისპირო პასუხი აქვთ. ერთნი ამტკიცებენ, მსოფლიო წარღვნა და ნოეს ამბავი მხოლოდ მითია და მას სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვსო. მეორენი კი, პირიქით, წარღვნის რეალობას თანამედროვე არქეოლოგიაზე დაყრდნობით ასაბუთებენ, რომელმაც დედამიწის გამოქვაბულ ქანებში საყოველთაო კატასტროფის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი აღმოაჩინა.

თავდაპირველად ბიბლიის კრიტიკოსებმა ბიბლიური გადმოცემის მსგავს შუმერულ და ბაბილონურ მონათხრობს მიაკვლიეს და შესაქმის წიგნს მეზობელი ერებისგან ნასესხები მითებისა და ლეგენდების კრებული უწოდეს. მაგრამ შემდგომ გლობალური წყალდიდობის აღწერის ბიბლიისეული ელემენტები 59 ჩრდილოამერიკული ტომის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის 46, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 17, აზიის 23, ავსტრალიის კუნძულების 37 და ევროპის 31 ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორშიც აღმოაჩინეს. შესაქმის აღმწერი მოსე წინასწარმეტყველი ასეთი შორეული ფოლკლორული ექსპედიციების მოწყობას ვერ შეძლებდა. გაცილებით სარწმუნოა ის მოსაზრება, რომ მთელი კაცობრიობის მეხსიერება ინახავს გადმოცემას ერთი და იმავე მოვლენის შესახებ.

მართლაც, ის ერები, რომელთაც ეპიკური ფოლკლორისა და საღმრთო ტექსტების ტრადიცია გააჩნია, არ ივიწყებენ მსოფლიო წარღვნას. აღსანიშნავია, რომ ყველა აღმოჩენილი გადმოცემა ერთსულოვანია სამ საკითხში:

1) დედამიწაზე მთელი თავდაპირველი ცხოვრება მანამდე არნახული კატაკლიზმით განადგურდა;

2) მთელი ახლანდელი ცხოვრება ერთი ადამიანისგან მომდინარეობს;

3) ზებუნებრივმა ძალამ მას მომავალი კატასტროფის შესახებ აუწყა. ამ ადამიანმაც ააშენა და აღჭურვა ხომალდი, რომლის მეშვეობითაც ოჯახთან ერთად გადაურჩა წარღვნას.

მოთხრობების უმეტესობიდან იმასაც ვიგებთ, რომ წარღვნის მიზეზი ცოდვა გამხდარა; რომ მართალმა კაცმა ხომალდზე ცხოველები და ფრინველები აიყვანა; რომ ხომალდი მთაზე გაჩერდა; რომ ხომალდის ბინადართა თავგადასავალი სამადლობელი მსხვერპლშეწირვით დასრულდა.

გასაკვირი არც ის არის, რომ სხვადასხვა ხალხის ზეპირ გადმოცემაში ამ მოთხრობებმა გარკვეულად იცვალეს სახე და ფოლკლორული ელემენტები შეიძინეს, ბიბლიის წერილობითმა ფორმამ კი ეს გადმოცემა მთელი სისრულით შემოინახა.

ბიბლიური წარღვნის სახელით ცნობილი კატაკლიზმების პერიოდში რეალურად რა პროცესები მიმდინარეობდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ვიცოდეთ, რომ ზებუნებრივი მოვლენების ბუნების კანონებთან შესაბამისობა მათ საკვირველებას არამც და არამც არ აკნინებს.

აი, რას მოგვითხრობს წმინდა წერილი კატასტროფის დასაწყისის შესახებ: "მოსკდნენ წყარონი უფსკრულისანი და გაიხსნენ ცათა სარკმლები. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე" (შესაქ. 7,11-12).

იმავე მოვლენას გეოფიზიკოსები ასე აღწერდნენ: დედამიწის წიაღის უწყვეტმა გაცხელებამ მიწის ქერქი კრიტიკულთან მიახლოებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. თუნდაც უმნიშვნელო გარეგანი ზემოქმედება, ვთქვათ, მოზრდილი მეტეორიტის ჩამოვარდნა, დედამიწის ქერქის (ზედაპირის) გარდაუვალ გახლეჩას გამოიწვევდა. ამ გახლეჩას, რომელიც ქანებში ბგერის სიჩქარით ვრცელდება, მთელი პლანეტის შემოსავლელად სულ ორად ორი საათი დასჭირდებოდა. წნევის ზემოქმედებით წარმოქმნილი ნაპრალების გზით "წყარონი უფსკრულისანი" - ამოტყორცნილი ქანები მიწისქვეშა წყლებთან ერთად დაიძრნენ. წყალდიდობისას მიწისქვეშა წყლებმა ლომის წილი შეადგინა - საერთო რაოდენობა წიაღიდან ამოფრქვეული წყლისა თითქმის უტოლდება დღევანდელი ზღვებისა და ოკეანეების წყლის მარაგის ნახევარს. "წყარონი უფსკრულისანი" რწყავდნენ მიწის ზედაპირს 150 დღის განმავლობაში (შესაქ. 7,24), მაშინ როცა მხოლოდ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე წვიმდა. გამოთვლების თანახმად, მიწა საათში 12,5 მმ-ით იფარებოდა. ამას მყისიერი აციება და დედამიწის პოლარულ მხარეებში ძლიერი გამყინვარება მოჰყვა. პოლარულ მყინვარებში ჩაყინული აღმოჩნდა ტროპიკული ფლორისა და ფაუნის მრავალი წარმომადგენელი. პალეონტოლოგები მუდმივად პოულობენ საუკეთესოდ შემონახულ ნაშთებს ძველი ცხოველებისა თუ მცენარეებისა - მამონტებს, ხმალკბილა ვეფხვებს, პალმისა და ქლიავის ხეებს, რომელთაც მწვანე ფოთლები და მწიფე ნაყოფი შერჩენიათ...

დედამიწაზე წარმოქმნილ გიგანტურ ოკეანეში უზარმაზარი შტორმული და განუწყვეტელი მოქცევითი ტალღები მძვინვარებდა, რომლებიც დარჩენილი ხმელეთის ნაწილებიდან ყოველივე ცოცხლად დარჩენილს რეცხავდა და ქვემოთ მიაქანებდა, სადაც ვულკანური ფერფლით "იმარხებოდნენ". ახლაც აღმოაჩენენ ხოლმე დედამიწის სხვადასხვა ადგილას დიდრონი თუ წვრილფეხა ცხოველების სრულიად განსხვავებული სახეობების გაქვავებული ნამარხების გიგანტურ გროვებს. ამ გროვების ქაოსურობა და ნამარხების განლაგების არაბუნებრიობა ჩამარხული არსებების უეცარ და იძულებით სიკვდილზე მეტყველებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესდღეობით სულ უფრო მეტი მეცნიერი იზიარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც დედამიწის დანალექი ქანები, ქვანახშირის შრეები და ნამარხი გაქვავებულობანი წარღვნისმიერი წარმონაქმნებია.

მსოფლიო წარღვნისა და ნოეს ისტორიის ყველაზე ნათელი დადასტურება კიდობნის აღმოჩენა გახდა.

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ კიდობანი არარატის მთაზე შეჩერდა. დიდი არარატი 5165 მეტრის სიმაღლის მთაა. XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ალპინისტები ორჯერ შეეცადნენ დაელაშქრათ იგი და ნოეს კიდობანი მოეძიათ, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა - დიდთოვლობამ მათ საშუალება არ მისცა, მწვერვალზე ასულიყვნენ. ექსპედიციის მოწყობას ის გარემოებაც ართულებდა, რომ მთა სამი სახელმწიფოს საზღვარზე მდებარეობს. ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, არარატზე ასვლა აკრძალულია.

ნოეს კიდობანი ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ აღმოაჩინა 1955 წელს. აღმოჩენა აღიარეს და ეს სენსაციად იქცა. ნავარამ კიდობნის ნამსხვრევებს 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე გაყინულ ტბაში მიაკვლია და ფიცრის ნაწილი ჩამოიტანა. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა მედიოქანურმა ანალიზმა ერთნაირი შედეგი აჩვენა - ფიცარი 5 ათასი წლის აღმოჩნდა.

ექსპედიცია მწვერვალზე უნებართვოდ ავიდა, ამიტომ მესაზღვრეებმა ნავარა დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ფოტოსურათები და ფიცრის ნაჭერი ხელუხლებლად დაუბრუნეს.

თუმცა ნავარა კიდობნის პირველი მაძიებელი არ ყოფილა. ქრისტეშობამდე III საუკუნეში ცნობილი ბაბილონელი და ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ: სომხეთის მთებში ძველისძველი კიდობანია. ახლომახლო მცხოვრებნი მას ფისს აძრობენ და ავგაროზებს აკეთებენო. იოსებ ფლავიუსი (I ს.) "იუდეის სიძველენში" წერს, რომ არარატიდან კიდობის ნაწილები ბევრს ჩამოჰქონდა. ამავეს აღნიშნავს თეოფანე ანტიოქიელი 180 წელს.

XIX საუკუნეში კიდობნის თვითმხილველებიც გამოჩნდნენ, თურქები კი ამტკიცებდნენ, მასში შევაღწიეთო.

1961 წელს კიდობანი რუსმა ავიატორმა როსტოვიცკიმ შეამჩნია.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მხოლოდ ნავარამ შეძლო, ფოტოებითა და მეცნიერული გამოკვლევებით დაემტკიცებინა კიდობნის არსებობა. მას შემდეგ არარატზე რამდენიმე ექსპედიცია ავიდა, რომელთაც ნავარას აღმოჩენა დაადასტურეს.

70-იან წლებში თურქეთის მთავრობამ არარატზე ასვლა აკრძალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1