მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა
მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა
"მე ვიცი სახილველი, ზღვაზე უფრო ღრმა და ლამაზი, ვარსკვლავებიან ცაზე უფრო დიდებული. ეს ახალგაზრდების სულის სიღრმეა", - წერდა დიდი იტალიელი პოეტი პეტრარკა. ზნეობრივად წმინდა, მტკიცე, სულით ნათელი ახალგაზრდის აღზრდა ყველა ერის, ყველა ხალხის პედაგოგიური დოქტრინის ანი და ჰოეა. ამ საქმეში ოჯახთან და ეკლესიასთან ერთად გადამწყვეტი როლი სკოლასაც აკისრია. ყველა საგანს თავისი დატვირთვა აქვს სკოლაში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურის შესწავლა, რადგან იგი სულიერ საზრდოს აწვდის ახალგაზრდის გონებასა და გრძნობას. "მის გამონარკვევზედ აგებს იგი შემდგომ თავის რწმენას, თავის მოძღვრებას და ამ გამონარკვევის მიხედვით არჩევს ცხოვრების საგანს საზოგადო საქმიანობისთვის" (წმინდა ილია მართალი).

ვესაუბრებით ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მედიაველისტიკის დოქტორს, ლევან გიგინეიშვილს.

- ლევან, რას ითვალისწინებს შენი სპეციალობა და როგორ დაინტერესდი ამ დარგით?


- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიაველისტიკის ფაკულტეტზე. მედიაველისტიკა შეისწავლის შუა საუკუნეებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს. მასში შედის შუა საუკუნეების ფილოსოფია, თეოლოგია, ეკონომიკური ისტორია, პოლიტიკური ისტორია. ამ კულტურის სხვადასხვა მხარეებს ვსწავლობდით, რათა ერთიანი სურათი შეგვქმნოდა შუა საუკუნეების ეპოქაზე. მე მაინტერესებდა შუა საუკუნეების რელიგია და ფილოსოფია. კონკრეტულად კი შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური ფილოსოფია. განსაკუთრებით დავინტერესდი იოანე პეტრიწის ფილოსოფიის შესწავლით, რადგან იოანე პეტრიწს ბიზანტიაში ჰქონდა განათლება მიღებული. მან ბიზანტიური ფილოსოფიის ტრადიცია საქართველოში გააგრძელა. პეტრიწი იმიტომაც იყო საინტერესო, რომ მან სცადა ორი დიდი ტრადიციის - ეკლესიისა და ფილოსოფიის (კერძოდ პლატონიზმის) სინთეზირება. პლატონიზმისა და ქრისტიანობის მორიგების მცდელობა იყო მისი დიდი პროექტი, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა.

მედიაველისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბელგიაში ერთი წელი ვსწავლობდი ფილოსოფიის ისტორიას. ამის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია იოანე პეტრიწის პლატონურ თეოლოგიაზე. ძალიან მაინტერესებდა ეკლესიის გარეთ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური სისტემების ქრისტიანობასთან ურთიერთობის საკითხი. მაგალითად, რა ტერმინოლოგია ისესხეს ქრისტიანმა ღვთისმეტყველებმა წარმართი ფილოსოფოსებისგან; რით განსხვავდებიან და რით ჰგვანან ერთმანეთს ეს სისტემები და ა.შ.

პლატონურ ფილოსოფიაში არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა ქრისტიანობასთან მორიგება ძალიან ძნელია. პეტრიწის გენიალურობა სწორედ იმაშია, რომ იგი ცდილობს ბეწვის ხიდზე გავლას.

- ამ სპეციალობის დაუფლებამ რამდენად გაგიღრმავა ქრისტიანობის აღქმა?

- შუა საუკუენეების ცოდნა თავისთავად აღრმავებს ცოდნას ქრისტიანობის შესახებ - ეს არის რენესანსამდელი ეპოქა, როდესაც მთელი განათლება ეკლესიების ხელშია და რწმენის ასპექტი წინ არის წამოწეული. პოლიტიკა, მეცნიერება, სარწმუნოება... ერთ მთლიანობას შეადგენს.

- მერე და მერე დაიწყო სამეცნიერო დარგების ეკლესიისგან გამოყოფის (სეკულარიზაციის) პროცესი. შენი აზრით, რა მოუტანა ამან მეცნიერებას?

- სეკულარიზაციაზე საუბრის დროს გამოყოფენ მის ორ მხარეს. ჩვეულებრივ, დადებითად მიიჩნევენ იმას, რომ ხდება ამა თუ იმ დისციპლინის გამოკვეთა (ფრაგმენტაცია) და მისი უფრო სიღრმისეულად შესწავლა. მაგალითად, თუ ბუნება მაინტერესებს როგორც მარტოოდენ ღვთიური აზრის მეტაფორა, მაშინ ბუნებას მეცნიერულად კი აღარ ვსწავლობ, არამედ როგორც მეტაფორას. მეცნიერებაში კი ბუნების სამყარო დამოუკიდებელ მნიშვნელობას იძენს, თუმცაღა ამ დროს იკარგება პოეტური განცდა მთლიანობისა. განცდა იმისა, რომ ხილული სამყარო არის უხილავის სიმბოლო, რომელიც უნდა აღმოვაჩინო. ასე ესმოდათ შუა საუკუნეებში. ამიტომ მეცნიერება კი ვითარდება, მაგრამ მთლიანობის შეგრძნება იკარგება, რაც სეკულარიზაციის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს.

- რელიგიასა და მეცნიერებას შორის ხიდის გადება დიდი ხანია დაიწყო. რას გვეტყვი ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართების შესახებ...

- ზედაპირული რწმენის გამო უპირისპირდებიან მეცნიერებას და ასევე ზედაპირული ცოდნის შედეგია რელიგიასთან დაპირისპირებაც. იდეალს შეესაბამება ილიას მიერ ნათქვამი სიტყვები წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის მისამართით - "მეცნიერებას ასარწმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდაო". მეცნიერი იმეცნებს სამყაროს. გარკვეულწილად, ღვთიური საქმეა, რომ შეიცნო ის, რაც ღმერთის მიერ არის შექმნილი. მაგალითად, შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესიის წიაღში იყო დაპირისპირება რელიგიასა და მეცნიერებას შორის. გალილეო გალილეი დასავლეთის ეკლესიის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, თქვენ ბიბლიის მეტაფორული ენა არ გესმითო, ბიბლია მოგვითხრობს სულის მოძრაობაზე ღმერთისკენ და არა პლანეტების მოძრაობაზეო. ბიბლიის ენა მეტაფორული ენაა. აქ ყველაფერი ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ. მაგალითად, ხილული სამყარო ექვს დღეში შეიქმნა. დღეებს ჩვენ ვზომავთ მთვარისა და მზის მოძრაობით. მთვარე და მზე კი მეოთხე დღეს შეიქმნა. მაშ რა არის ის სამი დღე, რომელიც მანამდე იყო?! რაზეა აქ საუბარი?! უფლის წინაშე ხომ "ერთი დღე, ვითარცა ათასი წელი..."

ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "რაც ვიცი, მწამს, მაგრამ ყველაფერი, რაც მწამს, არ მესმის. ყველაფერი რაც მესმის, ვიცი, მაგრამ ყველაფერი არ ვიცი, რისიც მწამს. თუმცა შეიძლება ბევრი საგანი არ ვიცოდე, მაგრამ ის მაინც ვიცი, თუ როგორი სასარგებლოა, რომ მათი მწამდეს". მაგალითად, ბიბლიის ტექსტი, რომელიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიმაჩნია, მეუბნება, რომ შურისძიებას პატიება სჯობს. ვთქვათ, მე ეს არ განმიცდია, მაგრამ თუ უკრიტიკოდ ვირწმუნებ და შევასრულებ, მერე ვიგრძნობ კიდეც, რომ უკეთესი ყოფილა პატიება, რომელიც უკვე ჩემი პირადი გამოცდილება გახდა.

რწმენა არის გზა, რომ შეიმეცნო კიდეც ის, რაც ირწმუნე. აქ საუბარია მისტიკურ ცოდნაზე. სხვა არის ემპირიული გამოცდილებით მიღწეული ცოდნა. რწმენით იჯერებ იმას, რაც ცდისეულად არ გიხილავს, ემპირიულად არა გაქვს მოცემული. მეცნიერების სფერო უფრო ვიწროა, ვიდრე რწმენისა. მეცნიერებით ამტკიცებ იმას, რასაც ცდები, ფაქტები გაჩვენებენ. ხოლო რა თვალთახედვას ირჩევ ამ ფაქტების ინტერპრეტაციისას, ეს უკვე შეიძლება რწმენის საგანი იყოს.

პასკალი ხედავდა მეცნიერების შეზღუდულობას. იგი ამბობდა: "გული ფლობს მიზეზებს, სრულიად უცნობს გონებისათვის. ღმერთს გული გრძნობს და არა გონებაო". ეს არ ნიშნავს, რომ პასკალი მეცნიერების (გონების) ღირებულებას ამცირებდა. ის ამბობდა, რომ არის მათემატიკური გონება და არის გულისმიერი ცოდნა, რომელიც არ დაიყვანება მათემატიკურ (ზუსტ) ცოდნამდე. მისი აზრით, კარგმა მეცნიერმა ეს გულისმიერი, ინტუიციური ცოდნა უნდა მოიპოვოს. პასკალი ამბობდა: - მე ბევრი ვიცი და ამიტომაც მწამს. მაგრამ კიდევ უფრო მეტი რომ ვიცოდე, ისე ვირწმუნებდი, როგორც ბრეტონელი გლეხიო. ამით იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ბრეტონელ გლეხს სულაც არ ჰქონდეს ღრმად განვითარებული მათემატიკური გონება, მაგრამ გულით უფრო მეტად სწვდებოდეს ჭეშმარიტებას.

სხვათა შორის, დასავლეთმა წარმოშვა გრძნობების აზროვნებისგან გამიჯვნის ტენდენცია. მაგალითად, დეკარტთან ადამიანი არის მხოლოდ მოაზროვნე სუბსტანცია. აღმოსავლეთში კი გრძნობები და აზროვნება ჰოლისტურად (მთლიანობაში) არის წარმოდგენილი. აღმოსავლური აზროვნება არ ანაწევრებს ადამიანს: "გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა ერთი წავა, სხვანიცა წავლენ და მისკენ მიდიან", - ამბობს რუსთაველი. არც მხოლოდ გონება და არც მხოლოდ გული არ არის სრულყოფილება, არამედ, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: "სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული" (იგავნ. 14,33).

- შენი აზრით, მაინც რა იყო დახვეწილ ანტიკურ ფილოსოფიურ სისტემებზე ქრისტიანული მოძღვრების გამარჯვების ყველაზე მძლავრი იარაღი?

- პლატონიზმის ფილოსოფია ძალიან ამაღლებული და საინტერესოა, მაგრამ იგი ელიტურია. პლატონის აზრით, მისი ფილოსოფიის დაუფლება და გაგება მხოლოდ მათ ხელეწიფებათ, ვისაც მომადლებული აქვს იდეების გონიერი ჭვრეტის უნარი. ქრისტიანობა კი უარყოფს ელიტარიზმს. მასში მთავარი თავმდაბლობაა. აქ ადამიანის სულიერი სიმაღლე არაა დამოკიდებული ელიტარულ განათლებაზე. თუმცაღა, განათლება ძალიან დაფასებულია ქრისტიანობაში (ქრისტიანობა განათლებული რელიგიაა) და ოდნავადაც არ არის დამცირებული მისი მნიშვნელობა. ყველას აქვს საშუალება, მისწვდეს ღმერთს იმიტომ, რომ თვითონ ღმერთი განკაცდა და მისწვდა ყველას, რაც მისი კაცთმოყვარეობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამოხატულებაა. თუნდაც იმით, რომ უფალმა გამოარჩია მებადურები და არა ფილოსოფოსები, ჩანს, რომ ქრისტიანობა ყველასთვის არის და არა მხოლოდ ელიტური საზოგადოებისთვის.

უამრავი განსწავლული ადამიანია დღევანდელ საზოგადოებაში, რომელთა შორის ბევრი არ არის მორწმუნე და დიდი პრობლემაა, როგორ მოხდეს ხიდის გადება განსწავლულ საზოგადოებასა და ეკლესიას შორის. წმინდა მამებმა, აპოლოგეტებმა, კაბადოკიელებმა კარგად იცოდნენ ფილოსოფია და შეეძლოთ, მაშინდელი ელიტარული საზოგადოების ენაზე დაესაბუთებინათ ქრისტიანული მოძღვრების არგუმენტები. სხვანაირად არც მოუსმენდნენ მათ. წმინდა მამები ანტიკურობიდან სწავლობდნენ მჭევრმეტყველების (ორატორობის) ხელოვნებას, რადგან იმ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნდათ. აუდიტორიის გათვალისწინება დღესაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.

- ამერიკულ აკადემიაზეც ვისაუბროთ. ვხედავ, რომ აქ ახალი, სრულიად განსხვავებული მეთოდებია დანერგილი მასწავლებლის ბავშვებთან ურთიერთობის, ამა თუ იმ საგნის შესწავლის, ცოდნის შეფასებისა და ა.შ. რამდენად ეფექტიანია ასეთი სწავლება და რისკენ არის იგი მიმართული?

- ამერიკული აკადემია თბილისში დააარსა ბატონმა გივი ზალდასტანიშვილმა. მე ვასწავლი ქართულ ლიტერატურას V საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით. ყოველ გაკვეთილზე გვაქვს მსჯელობა ზნეობრივ, ფილოსოფიურ, რელიგიურ საკითხებზე. ამ მეთოდის უპირატესობა, პირველ რიგში, მდგომარეობს იმაში, რომ ჰარკნესის მაგიდის გარშემო ზის 12-13 ბავშვი. ჰარკნესი იყო პიროვნება, რომელმაც გამოიგონა ეს მაგიდა და ეს მეთოდი. ვინც ამ მაგიდის გარშემო ჯდება, მას გაკვეთილი აუცილებლად მომზადებული უნდა ჰქონდეს. არის ასეთი ანდაზა: "ჰარკნესის მაგიდის გარშემო ვერ დაიმალებიო". აქ გაძახება არ ხდება. გაკვეთილი იწყება მსჯელობით. ერთი ერთს იტყვის, მეორე - მეორეს. თავიანთ მსჯელობებს აგებენ ამა თუ იმ ნაწარმოების მიხედვით, თავიანთ აღმოჩენებს აკეთებენ. თვითონ ბავშვები ქმნიან გაკვეთილს. მათი მონაწილეობა, შემოქმედებითობა გაცილებით მეტია. მასწავლებლის როლი იმაში მდგომარეობს, რომ დიალოგს მიმართულება მისცეს. თუ დისკუსია მიინავლა, მასწავლებელი ახალ ასპექტს ანახებს. ამას დიალოგური, ინტერაქტიული მეთოდი ჰქვია. მასწავლებელი არის ბიძგის მიმცემიც და ინფორმაციის მიმწოდებელიც. ხანდახან ისეც ხდება, რომ ახსნას არ მაცლიან, იმდენად აინტერესებთ ამ საკითხების გარჩევა. ვცდილობთ, ბავშვებს ვასწავლოთ თემების წერა იმ სტრუქტურით, თუ როგორ დააწყოს, როგორ გაუკეთოს შესავალი, სწორი არგუმენტაცია, კონტრარგუმენტაცია, დასკვნა. ფორმასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და, რა თქმა უნდა, შინაარსსაც. ბავშვები სწავლობენ, როგორ გამოყონ ნაწარმოებიდან მთავარი იდეები, დაინახონ ლაიტმოტივი; გამოიცნონ, თუ რატომ დაარქვა მწერალმა ესა თუ ის სათაური ნაწარმოებს; იმსჯელონ ამა თუ იმ გმირის ქმედების მოტივაციაზე, გამოყონ მათგან მნიშვნელოვანი მოტივი და ა.შ. ვცდილობთ, ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის ფონზე განვიხილოთ. მეცხრეკლასელთა სახელმძღვანელო დავყავით რუბრიკებად, ვმსჯელობთ თემებზე: სიყვარული და ვნება, პატიება და შურისძიება, პატრიოტიზმი, გონიერი და უგუნური გმირობა, სად არის ზღვარი გმირობასა და ფანატიზმს შორის. მოგვყავს ნაწარმოებები (ქართველი თუ უცხოელი მწერლებისა), რომლებიც ამ თემატიკას ეხმიანება. ამ ნაწარმოებთა შედარების საშუალება ეძლევათ ბავშვებს. შედარება ბიძგს აძლევს ფიქრს, აზროვნებას. საფიქრალი ბევრი გვაქვს. გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამებზე ბავშვები ანალიზს აკეთებენ, გამოაქვთ დასკვნები. ლიტერატურა ადამიანის სულის ყველა სფეროს მოიცავს: ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, ზნეობრივ, სულიერ პრინციპებს. მაგალითად, ერთ-ერთი რუბრიკაა: "კაი ყმის" ფენომენი. ვმსჯელობთ იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა "კაი ყმასა" და დღევანდელი მენტალიტეტით "კაი ბიჭს" შორის, ეს ორი ფენომენი რით უპირისპირდება ერთმანეთს. სასამართლოებსაც ვმართავთ. ვცდილობთ, კრიტიკული მსჯელობის უნარი გავუღვივოთ ახალგაზრდებს. ამ სკოლაში პლურალიზმი საკმაოდ მისაღებია. საკუთარი აზრი არ ითრგუნება. შეიძლება მასწავლებელი იდეოლოგიურად არ ეთანხმებოდეს ბავშვის აზრს, მაგრამ ნიშანს არ აკლებს მას.

დღეს ხშირად გაიგონებთ, კომპიუტერმა და ტელევიზორმა ჩაანაცვლა წიგნი, თანამედროვე ბავშვები ნაკლებად კითხულობენ წიგნებსო. მე ვიტყოდი, რომ მთლად ასე არ არის საქმე. ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ვეკითხები ბავშვებს, რა წაიკითხეს ზაფხულში და ვრწმუნდები, რომ მათ საკმაოდ ფართო თვალსაწიერი აქვთ, რაც ძალიან მახარებს.

- ქართულ ლიტერატურასთან ზიარება თავისთავად გულისხმობს იმ მარადიულ ღირებულებებთან ზიარებას, რაც გადამრჩენელია და უკვდავმყოფელია ერის სულისა...

- ქართული ლიტერატურა სულიერ-ზნეობრივი და დიდაქტიკური ლიტერატურაა. საქართველოში ლიტერატურისადმი მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო: ლიტერატორი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ დამოუკიდებელი მწერალი, მხოლოდ თავისთვის რომ უნდა ეწერა ("ხელოვნება ხელოვნებისათვის"), არამედ ლიტერატორები გარკვეულწილად კისრულობდნენ ერის მედროშეობას. ლიტერატურა, თავისთავად, უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე ხელოვნება: "არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა". ილიასთან, აკაკისთან... სულ არის ეს მომენტი - ერის მედროშეობის, წინამძღოლობისა. ეგზარქოსობის დროს, როდესაც ქართულ ეკლესიებში რუსულად ქადაგებდნენ, მქადაგებლის როლი ფაქტობრივად ქართულმა მწერლობამ იკისრა. ზოგადსაკაცობრიო თემები, რაც ასე მნიშვნელოვანია ლიტერატურისათვის, გარკვეულწილად დაჩრდილა პატრიოტულმა თემებმა. სამშობლოს თემამ XX საუკუნეში ლამის ჩაანაცვლა რელიგიური, მისი ადგილი დაიკავა. ეს ეპოქის რეალობამაც მოიტანა. ქართული ლიტერატურა სულ უბრუნდება მარადიულ თემებს. თუნდაც ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" ავიღოთ, რომელიც ასახავს გმირის ზნეობრივ განვითარებას. შურისძიების გზა თურმე არ არის გამოსავალი, რადგან ერთ წაწყვეტილ თავზე ექვსი თავი ამოდის... მიმტევებლობის იდეამდე მიდის ბოლოს. ისევ ქრისტიანული ხაზი გრძელდება. ოთარ ჭილაძის ნაწარმოების გმირებიც მიზნისკენ მიმართულ ხაზს ატარებენ. ეს მიზანი - ადამიანის განვითარება და სულიერი აღმასვლაა. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველიც" რა არის, თუ არა ბიბლიური პარადიგმა (უძღები შვილის იგავის მხატვრული ინტერპრეტაცია). ჩვენი ლიტერატურა ძალიან ტრადიციულია და მისი განხილვის დროს სულ ვუბრუნდებით ბიბლიას, ქრისტიანობას, მარადიულ თემებს. ეს თემები სხვადასხვა მწერალთან სხვადასხვანაირი ასპექტით არის წარმოჩენილი და არასოდეს გბეზრდება.

- რა სტიმულს გაძლევს რწმენა? როგორ გეხმარება ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვაში, ბავშვებთან ურთიერთობაში?

- სოლოვიოვი ამბობს: "ქრისტიანობა არის არა მოცემულობა, არამედ ამოცანა", ის მუდმივად საბრძოლო ფენომენია. ის, რომ მეტაფიზიკურად მწამს ღმერთის არსებობის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მორწმუნედ ყოფნას. მორწმუნეობა, უპირველესად, მცნებების შესაბამისად ცხოვრებას გულისხმობს. ვცდილობ, რომ მეც ასე ვიცხოვრო. ხან გამომდის, ხან კი არა. არის ასეთი იაპონური ანდაზა: "შვიდჯერ დაეცი და რვაჯერ ადექიო". მეც ასეთი მიდგომა მაქვს, რომ რაც არ უნდა ხელი მოგეცაროს, მაინც უნდა ადგე და ისევ შეუდგე ამ მცნებების გზას. ვცდილობ, ქრისტიანობა გახდეს ჩემი ცხოვრების ღერძი. რწმენა უამრავ რამეში მეხმარება. მაძლევს ცხოვრების აზრს, იმედს, მარადისობის განცდას. შეგრძნება იმისა, რომ მარადიულია ადამიანის არსება და ყველაფერი, რასაც მარადისობისთვის აკეთებს, არ ეკარგება, უდიდესი სტიმულია. ვცდილობ, ჩემი სკოლაში მოღვაწეობაც ამ განცდასთან დავაკავშირო. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე თვითონვე მწყინდება ყველაფერი. სკოლაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ პირადი ურთიერთობებიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვასწავლი, მაგრამ სკოლაში ყოველდღიურად მიხდება მოსწავლეებთან ურთიერთობა და, ამდენად, აქ ოჯახური გარემო იქმნება. ამ ურთიერთობებში ხანდახან ჩნდება პრობლემებიც, გაუგებრობებიც. ქრისტიანობა მეხმარება გადავლახო ყოველგვარი წინააღმდეგობა, თუნდაც გაბრაზება. როგორ გადაიტანო ბრაზი პიროვნებიდან მის ქმედებაზე, ესაა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მასწავლებლისთვის. თუ მასწავლებელი ბრაზდება პიროვნებაზე, ეს უკვე მისი მარცხია. ბავშვები ამას ადვილად გრძნობენ.

ქრისტიანობა არის თავისუფლების რელიგია. იგი ათავისუფლებს ადამიანს. მინდა ამ თავისუფლებაში მეც მივიღო მონაწილეობა ჩემი ძალების შესაბამისად, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა განსაზღვრო შენი შესაძლებლობები და იმდენი ტვირთი არ წამოიკიდო, რამდენის ტარებაც არ შეგიძლია.
ბეჭდვა
1კ1