ვხედავ, მაცხოვარი დგას, შუქის სხეული აქვს და მიყურებს
ვხედავ, მაცხოვარი დგას, შუქის სხეული აქვს და მიყურებს
ქრისტიანული ხელოვნება ხელოვნებათა სინთეზის უმაღლესი ფორმაა. მასში გადმოცემულია ქრისტიანული მსოფლმხედველობა, რომელიც საღმრთო წერილს ეფუძნება. ტაძარი აერთიანებს ხუროთმოძღვრებას, მხატვრობასა და მუსიკას. ტაძრის თითოეულ ნაწილს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. გუმბათი ზეცას განასახიერებს, სარკმლები - ზეციური ნათლის წყაროს. ტაძრის სივრცე სამოთხის სიმბოლოა. ფრესკებზე გამოსახულნი არიან სამოთხის მკვიდრნი. არსებობს გარკვეული იერარქიულობა გამოსახვისა, რომელიც მკაცრად არის დაცული მთელ მართლმადიდებლურ მხატვრობაში. გუმბათში გამოისახება ან ქრისტეს ამაღლება, ან ტახტზე მჯდომარე მაცხოვარი (პანტოკრატორი), ან ჯვარი. გუმბათი სიმბოლურად არის მამის სამყოფელი და მასში ღვთისმშობელსაც კი არ გამოსახავენ. სარკმელი ტაძარში ვიწროა, რათა გარედან მქრქალი ნათელი შემოვიდეს. სარკმლებს შორის გამოისახებიან მოციქულები ან წინასწარმეტყველნი, აფრებში - მახარებლები, ხოლო ბურჯებზე - წმინდანები. მნიშვნელობის მიხედვით გუმბათის მერე არის საკურთხეველი, რომელიც სამოთხედ გაიაზრება. სამოთხეში (აბრაამის წიაღში) ღვთისმშობელი არის დავანებული. ამიტომაც საკურთხეველში ხშირად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული. ტაძრის კედლები და თაღები წმინდა მიწას განასახიერებს, ამიტომ მათზე გამოსახულია ქრისტეს ცხოვრების სცენები. კედლის მხატვრობა არა მარტო ამბებს გვიყვება, არამედ სიმბოლურად გარკვეულ იდეოლოგიურ და აზრობრივ მახვილებს სვამს. იგი ტაძარში შესულ თითოეულ ადამიანს მიმართავს უფლისკენ.

ჩვენი სტუმარია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი. იგი თითქმის ოცი წელიწადია ვარძიაში მუშაობს, მისი ტაძრების მოხატულობას სწავლობს.

- ქალბატონო ანა, თქვენ ქართველი სასულიერო მოღვაწეების, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული ადამიანების (მამის მხრიდან - წმინდა ამბროსი ხელაიას, ხოლო დედის მხრიდან - წმინდა სიმონ მჭედლიძის) შთამომავალი ბრძანდებით. ბავშვობაში რას გიყვებოდნენ მათზე, შეეხოთ თუ არა რეპრესიები მათ მემკვიდრეებს და რაიმე სიწმინდე ან რელიკვია ხომ არ გაქვთ შემონახული ოჯახში?

- წმინდა ამბროსი ხელაია - მამაჩემის ბაბუა, ხოლო წმინდა სიმონ მჭედლიძე დედაჩემის ბებიის ძმა გახლდათ. მათ შესახებ ოჯახში არ ლაპარაკობდნენ, შეშინებულები იყვნენ. 13-14 წლის ვიქნებოდი, მათი ამბავი რომ მიამბო დედაჩემმა. იგი რეპრესირებულის ოჯახიდან იყო (მამამისი 10 წელი გახლდათ პატიმრობაში). რაც კონფისკაციას გადაურჩა, სოხუმში, წმინდა ამბროსი ხელაიას ვაჟის ოჯახში ინახებოდა. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი ვიცოდით, რომ თურმე შინ გვქონდა წმინდა ამბროსი ხელაიას დოკუმენტები, სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვის ხელნაწერი, ფოტოები, არტურ ლაისტის წერილი, მეტეხიდან გამოგზავნილი ფურცლების საჭრელი დანა წარწერით. უზარმაზარი, მწვანემაუდგადაკრული ძველებური საწერი მაგიდა გვქონდა. ერთხელ, ბავშვობაში, მე და ჩემი თანატოლი ბიძაშვილები ამ მაგიდაზე ვხტოდით და ჩატყდა. სწორედ მაშინ იპოვეს ეს საგანგებოდ გადამალული ნივთები - დედაჩემს შეუნახავს. მაშინ არაფერი იბეჭდებოდა, შეუძლებელი იყო რაიმე მასალის ნახვა. მახსოვს, სიონის ეზოში ცხოვრობდა ამბროსი ხელაიას მეორე შვილიშვილი თამარ დუნდუა (ჩემი მამიდა). ბიბლიოგრაფი გახლდათ. ვეკითხებოდი ამბროსი ხელაიას შესახებ, რადგან მამაჩემი 7 წლის იყო, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა და არაფერი ახსოვდა. თამარ დუნდუა სიონის უკან, პატარა ეზოში ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, რადგან ჩამოართვეს ბინაც, უნიკალური ბიბლიოთეკაც, რომელიც დიდხანს ეძება სოხუმში, ამბროსი ხელაიას უფროს ვაჟთან. მას შთამომავლობა არ დარჩენია.

ჩვენ გვაქვს ამბროსი ხელაიას მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვის ხელნაწერი, რომელსაც აკლია ფინალი. ჩანს, ის მან ზეპირად წარმოთქვა: სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული ჩემი ეკუთვნის საქართველოს, ხოლო სხეულს რაც გინდათ ის უყავითო... როდესაც ეს სიტყვები გავიგე, გარდატეხის ასაკში ვიყავი. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. მყავდა შესანიშნავი ქართულის მასწავლებელი (მამუკა ოჩიგავა). პირველად მას გავანდე საიდუმლო. ცხადია, აღფრთოვანდა.

ჩვენს ოჯახში აღდგომას, შობას ჩვეულებისამებრ დღესასწაულობდნენ, კვერცხებიც იღებებოდა, სანთლებიც ინთებოდა. დედაჩემი ეკლესიაში ხშირად დადიოდა. რა თქმა უნდა, ოჯახის ყველა წევრი ქედს იხრიდა ამბროსი ხელაიას ხსოვნის წინაშე. მისი ცხოვრება მისაბაძად გვესახებოდა. 1988 წელს უნივერსიტეტში მოეწყო გამოფენა. ჩემმა მეუღლემ, გია ბუღაძემ, მთელი სერია მიუძღვნა ამბროსი ხელაიას. პატრიარქიც ბრძანდებოდა გამოფენაზე. მამაჩემისთვის სიტყვით გამოსვლა უთხოვიათ. მას ბურთი გაეჩხირა ყელში. მისთვის წარმოუდგენელი იყო, თუ ოდესმე საქვეყნოდ გამოფენდნენ ამბროსი ხელაიას სურათებს, "ცისკარში" დაბეჭდავდნენ მასალებს და ა.შ. ეს მისთვის და ყველასთვის უდიდესი ბედნიერება გახლდათ.

- თქვენ საგანგებო გამოკვლევა მიუძღვენით საყოველთაოდ ცნობილ ვარძიის "პირი ღმრთისას" ხატს, ტაძრის რომელ ადგილას არის გამოსახული ეს ხატი და რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს ამას?

KARIBCHE

- ხელთუქმნელი ხატი ქართული ტაძრების უმეტესობაში საკურთხევლის აფსიდის მოხატულობის ქვედა რეგისტრში ტრაპეზის თავზეა წარმოდგენილი და ტრაპეზზე დასვენებული ხატის ასოციაციას იწვეს. ბიზანტიაში "პირი ღვთისა", როგორც წესი, გამოისახებოდა გუმბათის ქვედა ნაწილში. ვარძიის მოხატულობა "პირი ღმრთისას" ადგილმდებარეობის მიხედვით განცალკევებით დგას. ეს არის ერთგვარი გაბედული ნაბიჯი.

ტაძრიდან სტოაში გასვლისას კარისკენ მიმავალ ადამიანს მაცხოვრის სახე თითქოს ნელ-ნელა უახლოვდება, თითქოს ნელ-ნელა სწორდება გამოსახულების ფოკუსი და თანდათანობით იკვეთება დეტალები: სახე, თვალები, გამომეტყველება (გახსნილი, პირდაპირი, სულში ჩამწვდომი მზერით იგი თითქოს მიმართავს მლოცველს და ეს "მიმართვა" თანაგრძნობით, სითბოთი და ლმობიერებითაა აღსავსე). კარი ვიწროა, მასში მხოლოდ ერთი ადამიანი თუ გაივლის. ამიტომაც დგება წამი, როდესაც ადამიანი პირისპირ აღმოჩნდება მის წინაშე და მთელი სისრულით აღიქვამს ამ უღრმეს გამოსახულებას. თავად განკაცებული უფალი ანუგეშებს, სითბოსა და თანადგომას აგებებს ადამიანს. იბადება ურთიერთკონტაქტის ძალზე ინტიმური განცდა და ასოციაცია კეთილ მწყემსთან. მზერა თითქოს ამბობს, - "მე ვარ მწყემსი კეთილი" (იოანე 10:10).

- ხარაჩოზე მუშაობისას საინტერესო რამ აღმოაჩინეთ...

- ვარძიის "პირი ღმრთისა" რომ განსაკუთრებული გამოსახულება იყო, ამას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ერთხელ ხარაჩოზე ავდიოდი. ამ დროს შუქი ჩაქრა. ის დრო იყო, მზე ჩადიოდა, ბინდდებოდა. დაბნელებამდე წასვლას ვჩქარობდი. დაბლა ჩამოვედი. კარში გასვლა რომ დავაპირე, უცებ შევნიშნე - გარედან რბილი, რძისფერი შუქი შემოდის და ვხედავ, რომ მაცხოვარი დგას, უბრალოდ, შუქის სხეული აქვს და მიყურებს. ამ კარში ვერაფრით გავედი. "გახსნილი" შარავანდით გამოსახული მაცხოვრის სახე და კარიდან შემოსული შუქი ერთ მთელად აღიქმება და მნახველის თვალწინ რეალური კარი მაცხოვრის სხეულად გარდაისახება, ოღონდ - უხორცო სინათლის სხეულად. აქ არ შეიძლება არ ამოტივტივდეს მაცხოვრის სიტყვები - "მე ვარ ნათელი სოფლისაი" (იოანე 8:12). ფაქტობრივად, ჩვენს წინაშე აღიმართება ადამიანის ნატურალურ ზომაზე მოზრდილი მაცხოვრის გამოსახულება დახატული სახითა და სინათლის სხეულით, ანუ ეს ერთდროულად კარიცაა და მაცხოვარიც. აქ კი უნებლიედ ცხადდება იოანეს სახარებისეული სიტყვები - "მე ვარ კარი" (იოანე 10:9) და მართლაც, რეალური, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კარი ჩვენს თვალწინ სულიერ კარად იქცევა. მასში გავლა კი ქრისტეს სხეულის განმსჭვალვას, მასში თუნდაც წამიერად შენივთებას გულისხმობს და მორწმუნეც, რომელიც ამ ფაქტს მთელი სიგრძე-სიგანით აღიქვამს, უსაკრალურეს აქტში, მაცხოვართან უშუალო, თითქმის ფიზიკურად შეხების მისტერიაში მონაწილეობს და, აქედან გამომდინარე, გასაოცარი მოწიწებისა და განწმენდის განცდა ებადება. კარში გასვლის აქტი რომ მაცხოვართან თანაზიარობას გულისხმობს, ამაზე აშკარად მიგვანიშნებს კარის სოფიტში წარმოდგენილი მარიამ მეგვიპტელის ზიარების სცენა, რომელიც ზიარების პურად წარმოაჩენს ქრისტეს ჩვენს წინაშე და აქ უნებლიეთ გვახსენდება: "მე ვარ პური" (იოანე 6:35).

ამრიგად, ვარძიის ტაძარში მლოცველის თვალწინაა ცხოვრების ჭეშმარიტი გზა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა გაიაროს და ეს გზა აუცილებლად ქრისტეზე გადის. სწორედ ამ გზის საკვანძო მომენტია ორი სათავსის შესაყარზე გამოსახული "პირი ღმრთისა", რომელიც ასევე ღაღადებს - "მე ვარ გზა" (იოანე 14:6).

- ქალბატონო ანა, მაინც რა მიგაჩნიათ ჩვენი საზოგადოების მთავარ პრობლემად, რის დეფიციტს განვიცდით ყველაზე მეტად და როგორ გესახებათ გამოსავალი?

- ჩვენს დროში საყოველთაო სინდრომია ემოციების დაჩლუნგება. ფაქტია, რომ დღევანდელი ადამიანი ძალადობაზე არ რეაგირებს. დახვეწილი და მაღალი ხელოვნების მოთხოვნილება ძალიან ცოტას აქვს. საბაზრო ეკონომიკა აბსოლუტურად სხვას ითხოვს. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, თუ რას ავირჩევთ. თუ არ ავირჩიეთ ჭეშმარიტი ღირებულებები, ამის გამო პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე. უნდა გავაცნობიეროთ, რა გვევალება და რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი დეფიციტი პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ესეც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული პრობლემებით არის გამოწვეული. საჭიროა გვქონდეს ერთ სახელმწიფოში ცხოვრების განცდა, განცდა იმისა, რომ საქართველო ჩვენი სახელმწიფოა და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი პროფესიონალიზმის კვალობაზე ემსახუროს მას. გარდა ამისა, გვჭირდება იმის განცდაც, რომ სახელმწიფო ჩვენზე ზრუნავს. როდესაც ეს ორი მიმართება გადაეჯაჭვება ერთმანეთს, მაშინ ალბათ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
ბეჭდვა
1კ1