კაპანელი საქართველოში სიცოცხლის ფილოსოფიის ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია
კაპანელი საქართველოში სიცოცხლის ფილოსოფიის ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია. შალვა ნუცუბიძის, მოსე გოგიბერიძის, სერგი დანელიას, კოტე ბაქრაძისა და სავლე წერეთლის დარად, კაპანელის სახელიც ყოველი წიგნიერი ქართველის მეხსიერებაში უკავშირდება, ევროპულ ფილოსოფიურ იდეებთან ზიარების გზით, ქართული ფილოსოფიური სკოლის შექმნის ღირსეულ საქმეს. კ. კაპანელმა ქართული ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნება გაამდიდრა ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციით (ე.წ. "ორგანოტროპიზმით").

კონსტანტინე კაპანელს ფილოსოფიური განათლება ნანსის, სორბონისა და გრენობლის საუნივერსიტეტო ცენტრებში ჰქონდა მიღებული. ფართო იყო მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები: ფილოსოფია, სოციოლოგია, ესთეტიკა, ევროპული და ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია.

კაპანელის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ნიცშეს, ბერგსონის, ბერდიაევის ცალკეულმა იდეებმა. ეს განსაკუთრებით ითქმის მისი ფილოსოფიური შემოქმედების ადრეულ პერიოდზე, როდესაც იწერება ნაშრომები: "ნიცშეანელობის ლაიტმოტივი", "შემოქმედება და ტანჯვა", "სული და იდეა". უნდა ითქვას, რომ კაპანელი საქართველოში სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. ქართულ კულტურულ ტრადიციასთან სიცოცხლის ფილოსოფიის იდეების მორგებით მან საკუთარი ფილოსოფიური თეორიის შექმნა სცადა. გასაბჭოების შემდეგ ჩვენს სამშობლოში გამეფებული რეპრესიული რეჟიმის პირობებში კაპანელს, სამწუხაროდ, საშუალება არ მიეცა, რომ უფრო გაეღრმავებინა და განევითარებინა საკუთარი ორიგინალური ფილოსოფიური თეორია. ამ დროიდან მოყოლებული, კაპანელი იძულებული გახდა საკუთარი კონცეფცია მარქსისტული სოციოლოგიის ზოგიერთი იდეით შეევსო. ამის დასტურია 1925-31 წლებში გამოქვეყნებული შრომები: "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები, ორგანოტროპიზმი", "ქართული სული ესთეტიკურ სახეებში", "ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი". კაპანელის მიერ ამ ნაშრომებში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს - ქართული ხასიათის, ქართველი ქალის ისტორიული ბედისა და ქართული ინტელიგენციის ნაკლოვანებების შესახებ - დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. სიცოცხლის ბოლო წლებში კაპანელი კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ დაწყებული საბჭოური კამპანიის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. ამის დასტურია მის არქივში შემონახული წერილები საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის კანდიდ ჩარკვიანისადმი. ეს წერილები 40-იანი წლების ბოლოსაა დაწერილი. მათი შინაარსიდან ირკვევა, რომ უმუშევრად დარჩენილი ფილოსოფოსი, რომელსაც გამომცემლობები აღარაფერს უბეჭდავდნენ, იძულებული იყო, 1924 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო, 20 წლის შემდეგაც კი ემართლებინა თავი. ეს წერილები იმ ტრაგიკული ეპოქის საშინელი დოკუმენტებია, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ რის ფასად უჯდებოდათ ქართველ ინტელექტუალებს საკუთარი სიცოცხლისა და ნააზრევის გადარჩენა.

მკაცრი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებშიც კი კაპანელი ცდილობდა შეენარჩუნებინა ინტელექტუალური პატიოსნება, შეძლებისდაგვარად სწორად შეეფასებინა ქართული კულტურის ღირებული მხარეები. სულ ახლახან გამოქვეყნდა პროფესორ გურამ თევზაძის საინტერესო ნარკვევი ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის შესახებ. ავტორი სამართლიანად შენიშნავს, რომ გასული საუკუნის ოციან წლებში, როდესაც მიზანმიმართულად ილახებოდა ილია ჭავჭავაძის დამსახურება ქართველი ერის წინაშე, კაპანელი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, ვინც, იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, ობიექტურად აფასებდა ილიას სოციალურ ნააზრევს. ასეთივე ობიექტურობით გამოირჩეოდა კაპანელის ნარკვევები მისი დროის ქართული ლიტერატურის, კერძოდ კი მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის შემოქმედების შესახებ.

როცა კაპანელის ლიტერატურათმცოდნეობით საქმიანობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული მეცნიერული ინტერესი რუსთველის შემოქმედებისადმი. რუსთველის მსოფლმხედველობას იგი შუა საუკუნეების ქართული კულტურისა და რენესანსის ეპოქის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში იკვლევდა (ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კაპანელის არქივში დაცულ, ჯერაც გამოუქვეყნებელ ნაშრომში "რენესანსი ლიტერატურაში").

მრავალმხრივი სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად, კაპანელი აქტიურ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასევე მოსკოვის სამხატვრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფოსები მადლიერების ნიშნად აპირებენ, რომ ერთ-ერთ აუდიტორიას მისი სახელი უწოდონ.
კაპანელის ფილოსოფიური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ ედუარდ კოდუას, რომელმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ფილოსოფოსის მიერ საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ნაშრომებს რედაქტირება გაუკეთა და ორ ტომად ხელახლა გამოსცა. ბოლო წლების მანძილზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დისერტაცია იქნა დაცული კაპანელის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შესახებ.

ბეჭდვა
1კ1