ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ გაღვიძებისთანავე მისი პირველი მოძრაობა პირჯვრის გამოსახვა იყოს
ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ გაღვიძებისთანავე მისი პირველი მოძრაობა პირჯვრის გამოსახვა იყოს
"ძვირფასო ბავშვებო, ჩვენო სულიერო შვილებო, უფალს განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და ლოცავს მათ. თუ თქვენ გექნებათ დიდი სიყვარული და სურვილი მასთან სიახლოვისა, თქვენი გული გახდება ტაძარი სულისა წმიდისა, სავანე ღვთისა", -Eასე მიმართავს ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბავშვებს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში. გადავწყვიტე ჩემი რუბრიკის ფორმატში რამდენიმე, რჩევა და ზოგადი ინფორმაცია მივაწოდო მშობლებს, რომლებსაც სურთ, შვილები ბავშვობიდანვე მიაჩვიონ ცხოვრების ქრისტიანულ წესს.

ეკლესიაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ბავშვი მერვე დღეს მიგვყავს ტაძარში უფალთან. მოგვიანებით ვნათლავთ. ნათლობის საიდუმლოთი უფალი განწმენდს მას პირველქმნილი ცოდვისგან. მირონცხების საიდუმლოთი, რომელიც თან სდევს ნათლობას, უფალი იშვილებს მას და უბოძებს მადლს. ძველ აღთქმაში მირონცხება მხოლოდ მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე სრულდებოდა; ახალ აღთქმაში "სამეფო სამღვდელო" განკუთვნილია ყველა ქრისტიანისათვის.

სიცოცხლეს არსებობისთვის ესაჭიროება კვება. იგი ესაჭიროება ასევე ნათლობისას ჩასახულ სულიერ ცხოვრებას. უფალი ამ საზრდოს გვანიჭებს ზიარების საიდუმლოთი.

რა სიხშირით უნდა ეზიაროს ბავშვი? უფალი ამისკენ მოგვიწოდებს ყოველ ლიტურგიაზე: "მიიღეთ და სჭამეთ"… და თუ ჩვენ, უფროსები, ჩვენი უღირსებისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვკადნიერდებით, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვილთათვის ეს დაბრკოლება არ არსებობს. "რაც შეიძლება ხშირად აზიარეთ ბავშვები ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს", - გვირჩევს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული. ამიტომ ჩვილები უნდა ეზიარონ ყველა იმ წირვაზე, რომელზეც მათ მშობლებს შეეძლებათ დასწრება.

ეკლესიის ტრადიციით, ოთხი წლიდან ბავშვმა არაფერი არ უნდა შეჭამოს და არც დალიოს ზიარების მიღებამდე.

შვიდი წლიდან ბავშვი შედის ყმაწვილობის ასაკში და უკვე პასუხს აგებს თავის საქციელზე. ამ ასაკიდან მისი სულიერი სამოსი ცოდვის ლაქებით იფარება. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მოვამზადოთ, რომ გააცნობიეროს, რა არის ცოდვა. მშობელი უნდა ცდილობდეს, პატარას თანდათანობით გამოუმუშავდეს მოთხოვნილება იმისა, რომ ჩამოირეცხოს ცოდვები სინანულ-აღსარების საიდუმლოთი, რომელიც, ჩვეულებრივ, წინ უსწრებს ზიარებას. ბავშვის ფსიქიკაში ეკლესია დამსჯელი ორგანო არ უნდა იყოს. თუ ბავშვმა რაიმე დააშავა, არ უნდა შევაშინოთ, პირიქით, უნდა ავუხსნათ, რომ ეს არასწორი ქმედებაა. აღსარების თქმა ბავშვის სურვილით უნდა მოხდეს და არა მშობლის დაძალებით.

თუ მოზარდი ბავშვობიდანვე მიეჩვევა შენდობის თხოვნას მშობლებისა და ახლობლებისთვის, ხოლო შვიდი წლის ასაკიდან - აღსარებას, მისი სული მთელი ცხოვრება შეინარჩუნებს სიწმინდეს. ბავშვებმა, ვინც საიდუმლოებებს ღებულობს, უნდა იცოდნენ მათი მნიშვნელობა და მადლის მოქმედება; ამის შესახებ უნდა ვესაუბროთ და ასაკის მომატებასთან ერთად გავუღრმავოთ მათ არსის წვდომა.

ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობით ბავშვები თვით უფალთან ურთიერთობენ. მათში პატარების მონაწილეობის შეზღუდვით ვარღვევთ მაცხოვრის მცნებას: "აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათა" (მკ. 10,14).

ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ 12 წლამდე ბავშვისთვის დიდმარხვის შენახვა შეუძლებელია. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მარხვას ძირითადად ოთხშაბათს და პარასკევს ინახავენ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ.

ცნობიერების გაღვიძებისთანავე, დაახლოებით ორი წლიდან, ბავშვს უნდა ჩავაგონებდეთ, რომ ღმერთი არის წყარო ცხოვრებისა, ყოველგვარი სიკეთისა და სათნოებისა და ასე უნდა დავაწყებინოთ ლოცვა. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ გაღვიძებისთანავე მისი პირველი მოძრაობა იყოს პირჯვრის გამოსახვა; პირველი სიტყვები - ქება შემოქმედისა ("დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა"); პირველი საუბარი - ლოცვა.

ლოცვასთან ერთად ბავშვს პირჯვრის გადაწერაც უნდა ვასწავლოთ.

წმინდა იოანე ოქროპირი ამგვარ დარიგებას აძლევს დედებს: "დედებო, თქვენს პატარებს თავიანთი ხელით გამოასახვინეთ პირჯვარი მანამ, სანამ თვითონ შეძლებენ ამის გაკეთებას. გამოსახეთ ეს ნიშანი მათ შუბლზე თქვენი საკუთარი ხელით. როცა ბავშვები გაიზრდებიან, აუცილებლად თვალი ადევნეთ, რომ პირჯვარი გამოისახონ სრულად, აუჩქარებლად და გულდასმით".

მოზარდობის ასაკში მშობლის დახმარებით ბავშვს უკვე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ლოცვა საუბარია თავად ღმერთთან და ეს არ არის სასწავლო პროგრამა, რომ ლექსივით დაიზეპირო. ლოცვა ბავშვისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ის ამ დროს ღმერთს ესაუბრება.

დაბოლოს, ჩვენი, მშობლების დიდი სურვილი - შვილები სრული სისავსით ვაზიაროთ ქრისტეს, გარეგნული ეკლესიურობით არ მიიღწევა, ეს არის ოჯახის მიზანმიმართული და გააზრებული ზნეობრივი შრომა, რომელიც ორიენტირებულია არა გარეგნული წესების შესრულებაზე, არამედ შინ პატარა ეკლესიის შექმნაზე.
ბეჭდვა
1კ1