როგორც საკუთარ სახლს იცავენ, ისე უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყანა
როგორც საკუთარ სახლს იცავენ, ისე უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყანა
მარგიანების მრავალშვილიან ოჯახში ყოველთვის ჟრიამულია. აქ ერთმანეთის სიყვარულით ცხოვრობენ და ერთობით ადიდებენ გამჩენ ღმერთს. ოჯახის უფროსი ლევან მარგიანი ხატმწერია, მისი მეუღლე ნინო ერისთავიც ხელოვანია, ამჟამად დიასახლისი და მრავალი შვილის დედაა.

- სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ზაფხულობით დავდიოდი ექსპედიციებში და ეს უკვე იწვევდა გარკვეულ შეხებას ტაძართან. სარესტავრაციო სამუშაოები შევასრულე მოქვის საკათედრო ტაძარში, გელათში, ვარძიაში. პრაქტიკულად ეს იყო პირველი შეხება საეკლესიო ხელოვნებასთან. მაშინ ამ ყველაფერს ვუყურებდით როგორც სიძველეებს, შემდეგ მივედით ეკლესიაში, - მიამბობს ლევანი, - როცა მხატვრის სახლი დაიწვა, ჩვენი ნახატებიც შიგ მოჰყვა. იქ რამდენიმე ახალგაზრდა მხატვარი შემოქმედებითად ვმუშაობდით, გამოფენები გვქონდა. პირველი თაობა ვიყავით - მერაბ აბრამიშვილი, შალვა პატუაშვილი... თბილისის ომმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე. ქვეყნის ტრაგედია პირად ტკივილად გვექცა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე ასეთი ხელოვნება, როგორიც არის მინიატურა. ძირითადად სიუჟეტებზე ვმუშაობ. ეს არ არის ხატი ლიტურგიკული გაგებით, დასურათებაა სახარებისეული იგავებისა. შესაბამისად, მკაცრიც არ არის, გარდა იმ თემებისა, სადაც იკონოგრაფიული სცენებია, წმინდანები და მაცხოვარია გამოსახული. ყველამ ვიცით სახარებისეული გონიერი და უგუნური მშენებლის იგავი. ეს არ გამოიყენება ღვთისმსახურებაში, მაგრამ მთელი იმპულსები მოდის სახარებიდან.

უწმინდესი კვიპროსზე რომ ბრძანდებოდა, მე და მერაბ აბრამიშვილს გამოფენაზე გვესტუმრა. მაშინ მაკურთხა, სამების ტაძარში დიდი სახარება მომეხატა. რამდენიმე გვერდი მოვხატე. ძირითადი სამუშაოები რუსუდან ფეტვიაშვილმა შეასრულა.

ოჯახი ოცი წლის წინ შევქმენი. ჩემი მეუღლე, მხატვარი ნინო ერისთავი სამხატვრო აკადემიაში გავიცანი. მას შემდეგ ერთად მოვდივართ. გვყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი: გიორგი, ტყუპი იოანე და ლუკა, ალექსანდრე, მარიამი და სოფიო. ბედინიერი ვარ, რომ ჩემი უმცროსი ქალიშვილი სოფიო უწმინდესმა მონათლა.

რა თქმა უნდა, ჭირს ხელოვანისთვის ცხოვრება, რადგან ხელოვნება აღარ არის პირველი მოთხოვნილების საგანი. საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია გართულდა. შესაბამისად, პროდუქტს უჭირს არსებობა. ღვთის წყალობით, ოჯახს არ შია. თავზე არ გადაგვდის, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ვაკეთებ საყვარელ საქმეს, რომელიც ოჯახის შენახვის საშუალებას მაძლევს.

ვცდილობთ, ბავშვები ისე აღვზარდოთ, როგორც შეეფერება ტრადიციულ, ქართულ ოჯახს. სადაც ბავშვია, იქ სიყვარულია. ყველაზე მთავარი მაინც პირადი მაგალითია. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მათ ნიჭი განვუვითაროთ. ამ თაობაში წიგნის კითხვის პრობლემაა. უმეტესობას ელექტრონული, გასართობი საშუალებები ურჩევნია. დიდი ოჯახი - დიდი მხიარულებაა. სიხარულთან ერთად უფრო მეტი პრობლემებიცაა. უკვე რამდენი წელია ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მამა ბესარიონ მენაბდის მრევლი ვართ. ვცდილობთ, ვიცხოვროთ ეკლესიურად. ბავშვები სწავლობენ დიდ დიღომში მდებარე წმინდა გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების სახელობის სკოლაში. უფროსი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია, არის რაგბის ნაკრების წევრი. ორი რაგბისტი გვყავს ოჯახში. გოგონები პატარები არიან.

ნინო ერისთავი: - მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისობა ადვილი ნამდვილად არ არის. ბევრნი რომ არიან, ყურადღება ყველას სჭირდება. ვცდილობთ, აღვზარდოთ ქრისტიანული ოჯახის შესაფერისები. დადიან ეკლესიაში, ეზიარებიან. თავიდან ნამდვილად არ ვფიქრობდი მრავალშვილიან დედობას. ძალიან შევეჩვიე. როცა ბავშვები შინ არ არიან, მოწყენილები ვართ. ჟრიამულის გარეშე ვეღარ ვძლებთ. თვითონ იმდენი არიან სახლში, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობაც უადვილდებათ. ძალიან უყვართ კონტაქტი. არ არიან ჩაკეტილები.

პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ ქართველები, მოქალაქეები, შეეძლოთ სამშობლოს დაცვა, თუკი საჭირო გახდება. ჩვენ სულ ვამბობთ, როგორც საკუთარ სახლს იცავენ, ისე უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყანა.

ხელოვანთა უმრავლესობა, უპირველესად, წინ აყენებს თავის საქმეს, ხელოვნებას. ლევანი ერთ-ერთი გამონაკლისია. მისთვის წინა პლანზე ოჯახია. ყველა საქმეს ძირითადად ლევანი აგვარებს. მე ხშირად ვერ გავდივარ გარეთ. არასოდეს თაკილობს, ჩემს საკეთებელშიც წამომაშველოს ხელი. ცხოვრობს იმიტომ, რომ ჰყავს ოჯახი. ამასთან ერთად არის ძალიან კარგი ხელოვანი.

მე ამჟამად არ ვმუშაობ. უმცროსი, სოფიო, უწმინდესის ნათლულია. უფროსები ამბობდნენ ხოლმე, - იმიტომ გვიხარია მისი დაბადება, რომ მისი ნათლია პატრიარქი იქნებაო. ეს მთელი ოჯახისთვისაც ძალიან დიდი მადლია. გაგვიხარდება, თუ ჩვენი შვილებიც ასე გამრავლდებიან. ოჯახში ყველაფერი დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე. სხვა წვრილმანებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ.
ბეჭდვა
1კ1