ეკლესიის შემდეგ ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა
ეკლესიის შემდეგ ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა
პირველი წყვილი, რომელმაც ღალიის ქართულ მონასტერში დაიწერა ჯვარი
ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახი ურთიერთსიყვარულით და პატივისცემით რომ უნდა ვეზიდებოდეთ ჭაპანს, ეს თეორიულად თითქოს კარგად ვიცით, მაგრამ რეალურად ხშირად ამის გაკეთება გვიჭირს. ოჯახი ხომ მეორე ეკლესიაა, წმინდა ლამპარივით ანთებული. თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლებად ტრადიციული ოჯახებიდან მოვდივართ. ტრადიციულობა კი მართლმადიდებლობასთანაა გაიგივებული.

ერთ მრავალშვილიან ქრისტიანულ ოჯახზე მინდა გიამბოთ. გიორგი გაბიდაური და ქეთევან ნაცვლიშვილი საკმაოდ ახალგაზრდები არიან და უკვე მრავალშვილიანები. პატარა ტიმოთე ახლახან უწმინდესმა მონათლა. გიორგი ფეხბურთელია და ხანგრძლივად უწევს ოჯახთან ერთად უცხოეთში ცხოვრება. მართლმადიდებლურ თუ არამართლმადიდებლურ ქვეყნებში ცხოვრებას სრულებითაც არ შეუცვლია მათი ცნობიერება, მეტიც, რწმენაში გაძლიერდნენ და თავიანთი ცხოვრების წესით სხვებიც მოაქციეს. კვიპროსში ყოფნის დროს მამა ზაქარია ფერაძესთან ხშირმა ურთიერთობამ მათ უფრო აგრძნობინა უფლის სიყვარული. ქეთევანი და გიორგი პირველი წყვილი იყო, რომელმაც თანამედროვე ეპოქაში ღალიის ქართულ მონასტერში დაიწერა ჯვარი. ჯვრისწერა თავად მამა ზაქარიამ აღასრულა. მეორე შვილის, ლაზარეს ნათლობაც მამა ზაქარიამ შეასრულა წმინდა ლაზარეს საფლავზე. ქართული წესითა და გალობით პირველად შესრულდა ქართველი ჩვილის ნათლობის საიდუმლო. ღვთის წყალობას ქეთევანი და გიორგი მუდამ გრძნობენ და ამის გამო მადლობენ კიდეც უფალს.

გაბიდაურების ოჯახში სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა. როგორც კი შევაღე სახლის კარი, წინ ლუკა და ლაზარე შემომეგებნენ. ტიმოთე ჯერ პატარაა და ჩვენს საუბარს ყურს შორიდან უგდებედა.

- ქართველი კაცისთვის ეკლესიის შემდეგ ყველაზე დიდ სიწმინდედ მუდამ ოჯახი ითვლებოდა. ვცდილობთ, მამა-პაპათა ტრადიციებს არ ვუღალატოთ და ჩემი ოჯახი ქრისტიანულად წარვმართო. ვიდრე ადამიანები ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ, ალბათ აუცილებელია, კარგად გაითავისონ ოჯახის უღელი. პირადად მე საკმაოდ ახალგაზრდა დავოჯახდი. მართალია, ეკლესიურად ვცხოვრობდი, მოძღვარიც მყავდა - მამა დავით ქვლივიძე, მაგრამ არ ვიცოდი, რა ვალდებულებას მაკისრებდა ოჯახის ტვირთი. მეორე ქორწინების შემდეგ ოჯახის ტვირთი და სიყვარული უფრო მეტად შევიგრძენი, - მიყვება გიორგი, - ოცი წლის ასაკში "დინამოში" ვთამაშობდი და მეტი ყურადღება გართობისკენ მქონდა მიპყრობილი. ალბათ ყველაფერს დრო სჭირდება. დროთა განმავლობაში გაუფერულდა ყოველგვარი ამქვეყნიური. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, ვიცხოვრო ქრისტიანულად და ღმერთმა შემაძლებინოს შვილების აღზრდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად.

როცა კვიპროსში წავედით, იქ მამა ზაქარიას მივეკედლე. მისი ლოცვა-კურთხევით ვცხოვრობდი. საქართველოში ყოფნის დროს მამა დავითმა ჩემში მადლის მარცვალი ჩადო, მამა ზაქარიამ კი მისი გაღვივების საშუალება მომცა.

ქეთევანი:
- მამა ზაქარია ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა, ამან დიდად იმოქმედა ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე. საკუთარი ცხოვრების წესით გვასწავლიდა სწორ ქრისტიანულ ცხოვრებას. მოძღვართან ურთიერთობა მხოლოდ აღსარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მასთან ხშირი საუბრით უფრო მეტად მიუახლოვდები უფალს და გასწავლის, როგორ უნდა იცხოვრო ქრისტიანულად. ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა ჩვენს დაოჯახებაში. ვცდილობთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც უფალს სურს. სირთულე შეგვხვედრია, მაგრამ უფლის და ერთმანეთის სიყვარულმა გადაგვალახვინა ყოველივე. თავად მამა ზაქარიას მეუღლე ქეთევანი ჩემთვის სამაგალითოა. მოძღვარს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავთ, მაგრამ იმდენი ადამიანი, თანაც სასულიერო პირი აღზარდეს, რომ გაკვირვებას ვერ ვფარავ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ტიმოთე სასულიერო პირი გახდეს.

გიორგი: - ქრისტიანის ცხოვრება ხომ მუდამ დაბრკოლებებითა და განსაცდელებითაა სავსე. მჯერა, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. როცა ჩემს ოჯახთან ერთად უცხოეთში მარტო აღმოვჩნდი, მაშინ ვიგრძენი, რამხელა პასუხისმგებლობა ყოფილა ოჯახი. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან გვიპატრონა თემურ ქეცბაიამ. მერე მამა ზაქარია გავიცანით. უცხოეთში დიდი გამოცდილება მივიღეთ და სიძნელეების დაძლევაც გვიადვილდებოდა. კიპროსში, ქალაქ ლარნაკაში წმინდა ლაზარეს ტაძარში დავდიოდი. იქვეა წმინდა ლაზარეს საფლავი და მისი წმინდა ნაწილები. წმინდა ლაზარეს ვთხოვდი, თუ ვაჟი შემეძინება, ლაზარეს დავარქმევ-მეთქი. ასეც მოხდა. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო და მეუღლე სამშობიაროდ სამშობლოში გამოვგზავნე. მერე კვლავ კვიპროსში ჩამოვიდა. კვიპროსის წმინდა ლაზარეს ტაძრის წინამძღვარს, მამა ლაზარეს ვთხოვეთ ლოცვა-კურთხევა და მამა ზაქარიამ ჩემი ლაზარე წმინდა ლაზარეს ტაძარში ქართული წესით და ქართული გალობით მონათლა. მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი ქართველი - ლაზარე მოინათლა იმ ტაძარში.

ცოტა ხნის შემდეგ ოჯახით საბერძნეთის ქალაქ პატრაში გადავედი. იქ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში დავდიოდით. ამ ტაძარშია დაბრძანებული წმინდანის თავის ქალა. მერე საბერძნეთის ქალაქ კერკირაში მომიწია წასვლა. ამ ქალაქშია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი, სადაც ამავე წმინდანის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული. ტაძარში მამა ზაქარიასთან ერთად წირვას დავესწარი. როცა იქაურმა მოძღვარმა გაიგო, ქართველები ვიყავით, წმინდა სპირიდონის საფლავი გაგვიხსნა და წმინდანის ფაჩუჩის ნაწილიც გვაჩუქა.

ქეთევანი: - წმინდა სპირიდონის სასწაული საკუთარ თავზე გამოვცადე. რამდენიმე დღე ხელები მტკიოდა. მართალია, სიზმრების არ მჯერა, მაგრამ სრულიად გაუცნობიერებლად ვნახე წმინდა სპირიდონის ტაძარი. თანაც რაღაც ხმა მკარნახობდა, შევხებოდი წმინდანის უხრწნელ სხეულს და ამით განვიკურნებოდი. გიორგიმ ჩემი სიზმარი არასერიოზულად მიიღო. მერე, როცა მივედით წმინდა სპირიდონის ტაძარში, მაშინვე თვალწინ წარმომიდგა ჩემი სიზმარი. მართლაც, წმინდანის უხრწნელ სხეულს შევეხე და მაშინვე გამივიდა სნეულება.

ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მამა ზაქარიას ლოცვა-კურთხევით, მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი ღალიის მონასტერში დავიწერეთ. მაშინ ეს მონასტერი არ იყო გაწმენდილი. საძირკველი მიწით იყო დაფარული. როგორც მერე აღმოჩნდა, ჯვარი ტაძრის გუმბათზე დაგვიწერია. ჯვრისწერა მამა ზაქარიასთან ერთად ჩაატარა მამა გრიგოლ აბულაძემ, ახლა უკვე მეუფე სპირიდონმა. როგორც მამა ზაქარიამ გვითხრა, თანამედროვეობაში ეს პირველი ქართული ჯვრისწერა იყო ღალიის მონასტერში.

გიორგი: - სადაც კი წავედით, ყველგან სიწმინდეებთან გვქონდა შეხება. მერე ყაზახეთში, ყარაღანდაში მოვხვდით, იმ ქალაქშია წმინდა სებასტიელ ყარაღანდელის სახელობის ტაძარი. იქვეა ამ წმინდანის საფლავი და წმინდა ნაწილები. აზერბაიჯანში ყოფნის დროს კი სულ სხვა ცხოვრება გავიარე. ოჯახთან ერთად მუსლიმანურ ქვეყანაში ქრისტიანულად ვცხოვრობდით. ვლოცულობდით, პირჯვარს ვიწერდით. მართლაცდა, მნიშვნელობა არა აქვს, სად იცხოვრებ. მთავარია, ქრისტიანულად ვიცხოვროთ. ამაში კი ხელს ნამდვილად არავინ შეგვიშლის.

საკმაოდ დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში.Aახლა შეგვეძინა მეოთხე ვაჟი, ტიმოთე. გვიხარია, რომ ტიმოთე უწმინდესმა, მეუფე სტეფანემ და მამა ზაქარიამ მონათლეს.

ქართველებს მართლაც გვჭირება გამრავლება. ვისურვებდი, რომ უწმინდესის ნათლულები უფრო გამრავლდნენ. ღმერთმა შეგვაძლებინოს, უფლისმიერი ჯვარი ღირსეულად გვეტარებინოს.
ბეჭდვა
1კ1