ჩემი შვილებიც ჩემი დიდი სიმდიდრე და ნუგეშია
ჩემი შვილებიც ჩემი დიდი სიმდიდრე და ნუგეშია
ჩიქოვანების ოჯახის ისტორია ასეთი გახლავთ: გიორგიმ და თამარმა ერთმანეთი ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში გაიცნეს. მოძღვარიც ერთი ჰყავდათ - დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია. თამარი გალობს, გიორგი მედავითნეა და ტაძრის განმგებელი. ეკლესიის მსახურის შემოსავალი, მოგეხსენებათ, არც ისე დიდია, მაგრამ ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების თანადგომით თავი გააქვთ. მათ ექვსი შვილი ჰყავთ: ნინო, მარიამი, იოანე, ლუკა, ანასტასია, ქეთევანი. უმცროსი, ქეთევანი, პატრიარქის ნათლულია. ჩიქოვანების ოჯახი მეშვიდე შვილის მოლოდინშია (თამარი 33 წლისაა, გიორგი - 36-ის).

გიორგი: - ოჯახის შექმნა რომ დავაპირეთ, ყველას გაუკვირდა - არც სახლი მქონდა, არც სამსახური. ჯიბეში 20 თეთრი მედო, მაგრამ კეთილ ხალხს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე. ხან ვინ დაგვითმობდა ბინას დროებით და ხან ვინ. ბოლოს, როგორც იქნა, 2000 დოლარს მოვუყარეთ თავი (იმხანად მედალიონებში ხატების ჩასმა დავიწყეთ. საეკლესიო მაღაზიებში ვაბარებდით და იქიდან შემოსავალი გვქონდა) და ბინა დავიგირავეთ. მაგრამ თურმე ყალბი საბუთები გაუფორმებიათ ჩვენთვის. ამას მოჰყვა ის, რომ 3 წლის შემდეგ იმ ბინიდან გამოგვაძევეს და, რაღა თქმა უნდა, არც თანხა დაუბრუნებიათ. მაშინ მეოთხე შვილს ველოდებოდით. ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოვჩნდით, მაგრამ ღმერთმა გადმოგვხედა. სწორედ ამ დროს მრევლში გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი - გულთან მიიტანა ჩვენი სატკივარი. ერთ დღეს დამირეკა, - დიდ დიღომში ცარიელი ფართი მაქვს. წადი, ნახე, თუ იცხოვრებ, შენთვის მიჩუქნიაო. იმ წუთასვე გავეშურე სანახავად.

ზამთარი იდგა. წყლის მილი გამსკდარიყო და ჭერი და იატაკი ყინულს დაეფარა. იქაურობა ნაგვით იყო სავსე... ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად წარიმართა. ცოტა ფული ვისესხე და შევუდექი საქმეს. მრევლი მხარში გვედგა. გვეხმარებოდნენ ფიზიკურად, მატერიალურად. ხელოსნებიც შეღავათს გვიწევდნენ. ეს იყო ნამდვილი სასწაული. იმ 2000 დოლარის სანაცვლოდ ღმერთმა ამხელა წყალობა მოიღო ჩვენზე. მადლობა ღმერთს, არასოდეს დამიწუწუნია, წირვა-ლოცვას არ ვაცდენდი. მშვიდად ვიყავი, ღმერთს მინდობილი.

- ახლა როგორ არჩენთ ამხელა ოჯახს?

- ღვთის შეწევნით, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან, ვინაობასაც არ გვიმხელენ. ზოგჯერ, ყოფილა შემთხვევა, რომ კართან დაუტოვებიათ სურსათ-სანოვაგე. ტანსაცმლითაც გვამარაგებენ. რამდენს უთქვამს მრევლში, ისე გვიყვარს თქვენი შვილები, ძალიან გვახარებს, ჩვენი შვილების ნაცვამ სამოსში გამოწყობილებს რომ ვხედავთო. გარდა მედავითნეობისა და იკონომოსობისა, მონასტერში მამა თეიმურაზის საეკლესიო წიგნების გამომცემლობას განვაგებ. თუმცა შემოსავალი იმდენად მწირია, რომ კომუნალურ გადასახადებშიც ძლივს გვყოფნის. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვეხმარება, რადგან ჯერ კიდევ არ ვითვლებით მრავალშვილიან ოჯახად (ასეთად ითვლება შვიდი და უფრო მეტშვილიანი ოჯახი, თანაც მეშვიდე შვილი არასრულწლოვანი უნდა იყოს). მე თითქმის მთელი დღე შინიდან გასული ვარ. როდესაც მე არ ვარ სახლში, ჩემს ოჯახს ღმერთი უვლის. ყველა ბავშვს ხომ თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს.

ჩემი ოჯახის სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა წმინდა იოანე ნათლისმცემელს შევავედრე და მივანდე. აღთქმაც დავდე, პირველი ბიჭი რომ მეყოლებოდა, მის პატივსაცემად იოანეს დავარქმევდი. ასეც მოხდა. ყველაფერში ღვთის განგებას ვხედავ. მარიამს წმინდა მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად დავარქვით ეს სახელი, რადგან ჯვრისწერაზე გვაჩუქეს წმინდა მარიამ მაგდალინელის ხატი. ანასტასია იმიტომ ვუწოდეთ, რომ აღდგომის შემდეგ პერიოდში დაიბადა. ლუკას დაბადება ლუკა მახარებლის ხსენების დღეს დაემთხვა. როდესაც ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (რაზმაძე) წმინდა ნაწილები ინდოეთიდან ჩამოაბრძანა, მათ შორის იყო წმინდა ქეთევანის კუბოს ნაწილიც. მამა გიორგიმ მისი ციცქნა ნაწილი მეც მაჩუქა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და ამიტომაც დავარქვით უმცროს შვილს ქეთევანი. პატრიარქის ნათლული რომაა, ეტყობა კიდეც. მეტად მუსიკალური ბავშვია. დედამისი რომ გალობს, უცებ აჰყვება ხოლმე. უფროს გოგონასთან მუსიკის მასწავლებელი დადის გაკვეთილების ჩასატარებლად. ინსტრუმენტის ხმას რომ გაიგონებს, ქეთევანი ჭოჭინათი მისკენ გარბის და თან ხმას აყოლებს. თავისი პაწაწინა ხელებით პიანინოს კლავიშებს დასწვდება ხოლმე და აჟღერებს.

- ჩანს, ბავშვებს თავიდანვე აჩვევთ ეკლესიურ ცხოვრებას, ყოველ შაბათ-კვირას დაგყავთ წირვა-ლოცვაზე...

- ვცდილობთ და ჩვენი დიდი სურვილია, ბავშვები ქრისტიანული პრინციპებით აღვზარდოთ. ყოველ კვირადღეს და დღესასწაულებზე დაგვყავს ეკლესიაში და ვაზიარებთ. დილით ადრე, 7 საათზე ვაღვიძებთ. ამის გამო არც ერთს არასოდეს უთქვამს, მეძინება ან მეზარებაო. უკვე თავიანთი ნებით ამბობენ აღსარებას. ადრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდით. ახლა კი, მადლობა ღმერთს, საკუთარი ავტომანქანაც გვყავს.

ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ჩვენი ცხოვრება სათნო უფლისთვის. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ, დანარჩენი კი უფლის საქმეა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც გარდავიცვლები, თუ კარგს არაფერს გავაკეთებ ქვეყნისთვის, ბევრი მომხსენებელი მაინც მეყოლება-მეთქი. ამით ვინუგეშებ თავს. შვილი ხომ ნუგეშად არგუნა ღმერთმა ადამიანს. ჩემი შვილებიც ჩემი დიდი სიმდიდრე და ნუგეშია.

თამარი: - ჩემი დებიდან ორმა მონასტრული ცხოვრება არჩია (თეოდორა მონაზონია, ნინო - მორჩილი). მე და ჩემმა უფროსმა დამ კი ოჯახები შევქმენით.

ექვსი ბავშვის მოვლა, მით უმეტეს, როცა დამხმარე არავინ გყავს (ჩემი მეუღლე მთელი დღე სამსახურშია), ძალიან ძნელია, მაგრამ, სამაგიეროდ, მათი მოფერება და გაღიმება ყველა ტკივილსა და განსაცდელს მავიწყებს. არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში განსაცდელი, რომ უფალს უფრო დიდი ნუგეში და წყალობა არ გამოეგზავნოს.

სულ ვამბობ, რამდენსაც ღმერთი მომცემს, იმდენ შვილს გავაჩენ-მეთქი. მადლობა ღმერთს, ჩემმა შვილებმა იციან, რომ ქრისტიანები არიან და რასაც ღმერთი გამოიმეტებს ჩვენთვის, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ. ღვთის შეწევნით, ტკბილეული არ აკლიათ - მომსვლელები უხვად ასაჩუქრებენ ხოლმე. ერთმანეთს ეხმარებიან სწავლაში, ჩაცმაში... როგორც კი რამის მოტანას ვთხოვ, ყველა ერთდროულად გარბის დავალების შესასრულებლად. არასოდეს გვიწუწუნია, რატომ არ გვაქვს ესა თუ ისო... მჯერა, როცა ღმერთი ინებებს, მაშინ გვექნება (სხვათა შორის, "ავერსი" დაგვეხმარა და იმ თანხით სარეცხი მანქანა შევიძინეთ).

ხშირად მეკითხებიან: როდემდე უნდა აჩინო შვილები, ნუთუ ამდენი ძალა გაქვსო? - რადგანაც ღმერთი მაძლევს შვილს, ე.ი. ძალაც შემწევს, რომ გავზარდო, მოვუარო. ხანდახან სიმაღლის მიხედვით ჩავამწკრივებ ხოლმე ჩემს ბავშვებს და ვეკითხები მათ: - აბა, რომელს გაიმეტებთ მოსაკლავად-მეთქი. როდესაც აბორტს იკეთებ, ამით ღვთის განგებულებას ეწინააღმდეგები. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, გაუნათლებლობიდან მოდის. განათლება კი მხოლოდ დიპლომის ქონას როდი ნიშნავს.

უწმინდესმა პირველად ნათლიობა რომ შემოგვთავაზა, ორსულად ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი შვილის ნათლია საქართველოს პატრიარქი იქნებოდა. იმედი გვაქვს, უწმინდესის ლოცვით კიდევ უფრო წინ წავიწევთ სულიერად. ეს უდიდესი სტიმულია. ნეტავ მეშვიდე შვილსაც პატრიარქი მოგვინათლავდეს. პატრიარქის ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მისი განუზომლად დიდი როლი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
ბეჭდვა
1კ1