ცოლ-ქმარი დიდხანს ნუ განეშორებით ერთმანეთს, ცოდვა რომ არ ჩაიდინოთ
ცოლ-ქმარი დიდხანს ნუ განეშორებით ერთმანეთს, ცოდვა რომ არ ჩაიდინოთ
ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოვრებაში - ირჩევ ადამიანს, ვისთანაც უნდა გაატარო დარჩენილი ცხოვრება და გაინაწილო ოჯახის სიმძიმე. ამ მოვლენას სულიერად და ხორციელად შემზადებული უნდა შეხვდე.

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.

- ქორწინება ღვთის დიდი განგებულების ნაწილია. როდესაც უფალმა ადამი შექმნა სამოთხეში, თქვა, რომ არ იყო კარგი მისი მარტო ყოფნა, ამიტომ შეუქმნიდა შემწეს, დამხმარეს. უფალმა ადამს გვერდიდან გამოუღო ნეკნი და მისგან შექმნა დედაკაცი - ადამს შეუქმნა ქალი, რასაც ძალიან დიდი სულიერი დატვირთვა აქვს.

- არის თუ არა გამრავლება ქორწინების ერთადერთი მიზანი?

- გამრავლება ქორწინების ერთ-ერთი მიზანია - უფალმა გამრავლებაზე აკურთხა ადამიანები, თუმცა, ცხადია, მხოლოდ ესეც არ არის. არსებობენ ინდიფერენტული ადამიანები, რომლებსაც, მონასტერში რომც არ წავიდნენ და შინ იცხოვრონ, ხორციელი ურთიერთობის მოთხოვნილება არ ექნებათ. მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებშიც ვნებები მძლავრობს და დათმენა უჭირთ; ახალგაზრდებს ჭარბად აქვთ ჰორმონები და ვნებებს ვერ უმკლავდებიან. სჯობს, ასეთებმა ოჯახი შექმნან, ვიდრეEმრუშობასა და სხვა ცოდვებში ჩავარდნენ. ამიტომაც წერდა პავლე მოციქული, ცოლ-ქმარი დიდხანს ნუ განეშორებით ერთმანეთს, ცოდვა რომ არ ჩაიდინოთო.

- რომელი ასაკი ითვლება საუკეთესოდ ოჯახის შესაქმნელად?

- ძველად 14-15 წლის გოგონებს ათხოვებდნენ. ქალს მეუღლის სახლში ხვდებოდა სულიერად გამართული ოჯახი თავისი ტრადიციებითა და ზნე-ჩვეულებებით. დიდი პაპა და დიდი ბებია, პაპა და ბებია და ქმრის მშობლები - ყველანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. ასეთ ოჯახში ახალბედა ცოლ-ქმრის გამოზრდა და გამობრძმედა ხდებოდა. დღეს კი ახალდაქორწინებულებს მარტო ურჩევნიათ ცხოვრება. შეუღლდებიან სულ ნორჩი, გამოუცდელი ბავშვები და სურთ, თავიანთი ძალებით გაუმკლავდნენ ბობოქარ წუთისოფელს. ამიტომაც ხშირად მარცხდებიან და მათი ქორწინებაც განქორწინებით ანუ ღვთის საიდუმლოს დარღვევით მთავრდება. დღეს, თანამედროვე სინამდვილეში, ქორწინება ალბათ მაინც სრულწლოვანების ასაკს უნდა ემთხვეოდეს. ამ დროს საჭიროა არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სულიერი და ფსიქოლოგიური მომზადებაც.

- ნაადრევ ქორწინებასაც და ნაგვიანევსაც თავ-თავისი უარყოფითი მხარეები აქვს...

- ვიმეორებ, დღეს სხვა დროა და ქალიც და მამაკაციც უფრო მომზადებული უნდა შეხვდნენ ოჯახის შექმნას, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რამეთუ უმეტესად მარტოებს უწევთ სოციუმთან გამკლავება. ადრეულ ასაკში დაქორწინება იმით არის კარგი, რომ ახალგაზრდების გენეტიკა უფრო ჯანსაღია და ბავშვებიც უფრო ჯანმრთელები იბადებიან, თანაც, რაც უფრო ახალგაზრდაა დედა, მით მეტი შვილის გაჩენა შეუძლია და დროც და ენერგიაც მეტი აქვს მათ გასაზრდელად.

- რა მნიშვნელობა აქვს უბიწოების დაცვას ქორწინებამდე?

- ქალწულება არ არის მხოლოდ ანატომიური წარმონაქმნი, იგი ხორციელზე მეტად სულიერი ბეჭედია და ამ ბეჭდის ახსნა ჯვრისწერის - უფლის კურთხევის გარეშე არ შეიძლება.

სამწუხაროდ, დღეს სხვაგვარად ხდება. ხშირად წყვილები ჯვრისწერის გარეშე ქორწინდებიან, ილხენენ, მხიარულობენ, მაგრამ ასეთი ლხინი უგემურია. სულიერი თვალთახედვით, ეს ლხინი ქორწილად არ ითვლება.

გაჩნდა ახალი, "თანამედროვე" მიდგომაც - მამაკაცი და ქალი ჯერ ერთდებიან, ცდიან ერთმანეთის ხასიათს, ერთად ცხოვრების სხვა მხარეებს და თუ მოეწონათ ერთად ყოფნა, სულიერადაც და ხორციელადაც თუ შეეწყვნენ ერთმანეთს, მაშინღა იწერენ ჯვარს. ასეთი საქციელი უფლის გამოცდაა, მის წინააღმდეგ სვლაა. როგორ შეიძლება სულიერად შეეწყონ ერთმანეთს, თუ სულიერებას თავიდანვე არღვევენ?

გარდა სულიერი მხარისა, ამ ქმედებას ხორციელი შედეგებიც აქვს: სულიერი ცოდვა ხორციელ დაავადებებს იწვევს. ასეთი კავშირი მრუშობაა, ეს ცოდვა კი ხორცსაც ალპობს და სულსაც.

- ჩვენთან რატომღაც მამაკაცებს ნაკლებად მოეთხოვებათ ქორწინებამდე უბიწოების დაცვა. ის კი არადა, საერო ცხოვრებაში ეს კაცის სირცხვილადაც ითვლება...

- უბიწოების დაცვა, ცხადია, მამაკაცსაც მოეთხოვება, ჩვენი საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კი არ არის ჯანსაღი. თუმცა ქალს მაინც უფრო მეტი მოეთხოვება. მრუშობისთვის მისთვის უფრო მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე მამაკაცისთვის.

- არსებობს შეხედულება, რომ უბიწოების დამცველ მამაკაცს ქორწინების შემდეგ ურთიერთობის პრობლემები ექმნება...

- ეს ბოროტის მანქანებაა. პირველ ადამიანებს საერთოდ არ ჰქონიათ მრუშობის გამოცდილება, თუმცა თაობების გაჩენას ჩაუყარეს საფუძველი. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და ბუნებრივად ხდება. ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ასეთი პრობლემა არ აქვს, ეს ბოროტის შთაგონებით ხდება, რომელიც აშინებს და აბრკოლებს ადამიანს.

- ზოგჯერ ახალგაზრდები უბიწოდ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთთან შეთამამებულნი არიან - ეხებიან, ეფერებიან, კოცნიან ერთმანეთს...

- ჩვენი წინაპრები კდემამოსილებით გამოირჩეოდნენ, ეს კი მათი ბედნიერების საწინდარი იყო. გვახსოვდეს, უბიწოების დაცვა მხოლოდ ქალწულობის დაცვას არ ნიშნავს.

- ოჯახის შექმნამდე წყვილს გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ურჩევენ ხოლმე. რამდენად საჭიროა ამის გაკეთება?

- სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე გამოკვლევა რეკომენდებულია მაშინ, თუ ისინი ქალწულებაში არ არიან. კაცი ცოლის მოყვანამდე თავს იკვლევს, ხომ არ აქვს რომელიმე ვენერული დაავადება. უბიწოდ მცხოვრებს კი ამგვარი კვლევები არ სჭირდება. თუმცა დღეს ისეთი დროა, ადამიანებს ჯანმრთელობის მხრივ უამრავი პრობლემა გვაქვს. ამიტომ, ექიმის რეკომენდაციით, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუღლებამდე სჯობს.

წყვილმა სულიერი მხარეც უნდა მოიწესრიგოს - აღსარება ჩააბაროს, ეზიაროს და მერე შეუღლდეს.

- ზოგიერთნი დღესაც მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით უღლდებიან...

- მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას ეკლესია მრუშობად თვლის, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. პავლე მოციქული ამბობს, თუ წარმართ მეუღლეთაგან ერთ-ერთი მოექცევა - მართლმადიდებელი გახდება, მეორეს კი ეს არ სურს, მათი ქორწინება კურხეულ კავშირად ითვლება და არა მრუშობად. მათ შეუძლიათ გასცილდნენ ერთმანეთს, მაგრამ ინიციატივა მართლმადიდებელი მეუღლისგან არ უნდა მოდიოდეს. მოციქული გვირჩევს, რომ სჯობს, ასეთი ოჯახი არ დაინგრეს, რადგან ქმარი ცოლით განიწმინდება, ცოლი კი ქმრით. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჯვარდაუწერლად შეუძლიათ თანაცხოვრება. თუ მეუღლეც მოექცევა, ჯვარსაც დაიწერენ.

- დღეს ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში ქმნის ოჯახს არამართლმადიდებელთან... ასეთ შემთხვევაში ალბათ საუკეთესო გამოსავალია, მომავალი მეუღლეც მოექცეს და შემდეგ მართლმადიდებლურად შეუღლდნენ...

- დიახ, ამ შემთხვევაში მათ ჯვრისწერას არაფერი დააბრკოლებს და ოჯახს საფუძვლად უფლის კურთხევა დაედება.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვა
1კ1