როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ბავშვები
როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ბავშვები
გარდამავალ პერიოდში მყოფი ნებისმიერი ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი ქვეყნის მომავალ თაობას აწვება, ანუ ბავშვებსა და მოზარდებს.

ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ბავშვის ფსიქიკა ადვილად ემორჩილება ნებისმიერ ზეწოლას. უარყოფითი ზემოქმედების მიმართ საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია.

დროთა განმავლობაში ასეთი ვითარების ამოძირკვა ძნელდება, ვინაიდან საზოგადოება ეჩვევა ვითომ თანამედროვე ახალგაზრდობას. საუბედუროდ, ასეთი მოზარდის ნიღაბქვეშ არის დამალული ძლიერი, აგრესიული ფონი, მტრული განწყობა ირგვლივ მყოფთა მიმართ, დაუნდობლობა, ნარკომანია, ტოქსიკომანია, პროსტიტუცია და საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა გამოვლინებები.

ერთ-ერთი უპირველესი ფარი ბავშვის ფსიქიკის დაცვისა არის მისი ოჯახი. ქვეყნის გარდამავალი პერიოდი სახეს უცვლის ამ ფარს და მას აქვს მხოლოდ მატერიალური დაცვის ფენომენი. ის კარგავს ემოციურ დატვირთვას და ბავშვი ან მოზარდი საზოგადოების წინაშე დაუცველი რჩება. ფსიქიკის გადასარჩენად ის უნდა შეიარაღდეს საზოგადოებისთვის მისაღები იარაღით, ანუ აგრესიით, მტრობით, დაუნდობლობით.

დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვები ხდებიან ლიდერები თავიანთ წრეში. მათ ბაძავენ უფრო სუსტნი, თავდასაცავად ცდილობენ მათ გვერდით ყოფნას. საინტერესოა, რომ ყოველ ავტორიტეტს დროთა განმავლობაში ვეჩვევით. ლიდერული პოზიციის გასაგრძელებლად საჭიროა პერიოდულად რაიმე ახლის, ე.წ. მოდურის, საინტერესოს შემოტანა. საინტერესო კი შესაძლოა მივიღოთ განათლების საშუალებით, რასაც შრომა ესაჭიროება და ძნელია; ან ავიღოთ გამზადებული მასალა, რომელშიც აღინიშნება აგრესიის, მტრობის, გარყვნილების ელემენტები. მათი ათვისება ბევრად ადვილია და გონების შეწუხებას არ მოითხოვს.

უარყოფითი ლიდერისთვის გამზადებულ აგრესიულ, ეროტიკულ და სხვა უარყოფით მასალას კი თვით საზოგადოება აწვდის სხვადასხვა წყაროდან. ასეთებია სხვადასხვა პროფესიული საინფორმაციო წყარო და სათამაშოები (დატვირთული აგრესიით, დაუნდობლობით, ეროტიკული ელემენტებით და ა.შ.)

შესაძლოა მოვიყვანოთ ყველაზე მარტივი ყოველდღიური მაგალითი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის: სკოლამდე ასაკის ბავშვები ამჟამად თამაშობენ ისეთ თამაშს, სადაც საჭიროა მოატეხო ხელი, ფეხი, თავი, დაასახიჩრო, ატკინო და ა.შ. უფრო დიდი ასაკისთვის საუბრის თემა და თამაშის სპეციფიკა მიმართულია აზარტულობისკენ (ცუდი გაგებით). გარდატეხის ასაკის მოზარდები ცდილობენ, სხეული მოისვირინგონ და ის აუცილებლად უნდა ჩანდეს. აგრეთვე, ისახიჩრებენ სხეულს (განსაკუთრებით ხელებს), რათა აჩვენონ სხვას, რომ ტკივილზე უფრო ძლიერები არიან. თვითდამკვიდრების ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარულია. მან შეიძლება მოზარდი დაღუპვამდე მიიყვანოს, ხოლო საზოგადოების ვალია, იფიქროს, სად შეცდა, როდის დაიკარგა პატივისცემა უფროსი თაობის, განსაკუთრებით მშობლების მიმართ, რის გამოსწორებაა შესაძლებელი ფინანსების გარეშე და რა არის ამისთვის საჭირო.

ჩვენი აზრით, საზოგადოების ნაწილი ვერ გრძნობს, ვერ ხედავს ამ საშიშროებას, ან არ სცალია დასაფიქრებლად. იმედია, დროთა განმავლობაში დაიხვეწება ისეთი საკითხები, როგორიცაა პრესის, ტელევიზიის, ლიტერატურის ასაკისამებრ ხელმისაწვდომობა, გააქტიურდება ინტელექტუალური, სპორტული და სხვა ინტერესები, დაიხვეწება ტელე და რადიომაუწყებლობა, მათი ლექსიკონი. რაც უფრო მალე დაიწყება ამ პრობლემის გამოაშკარავება და საზოგადოების გაცნობიერება ამ საკითხში, მით უფრო მალე მიიღწევა დადებითი შედეგები.

მოზარდის ფსიქიკა იმდენად ლაბილურია, რომ ხანგრძლივ ნევროზულ მდგომარეობაში ყოფნისას ღებულობს ხასიათობრივ თავისებურებას, რომლის შეცვლა საკმაოდ ძნელი და ხშირად უშედეგოცაა. მშობლებო, იქნებ დროა, მივხედოთ შვილებს და მიხედვა დავიწყოთ საკუთარი სულიერი ცხოვრების მოწესრიგებით...

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1