შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია
შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია

მშობლები, რომელთაც შვილი პირველად მიჰყავთ სკოლაში, დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, შფოთავენ, არჩევენ სკოლას, მასწავლებელს. ეს გასაგებიცაა, რადგანაც სწავლის დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნა და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას მომავალში.


გვესაუბრება ბაგების წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის ფსიქოლოგი მაია კოპალიანი:

- ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიური თავისებურებებით. ეს კი ყველაზე ნათლად სწავლის პროცესში ვლინდება. ამის გამო ზოგიერთი ბავშვი წარმატებულად სწავლობს, ზოგს კი სწავლა უჭირს. სწავლაში წარუმატებლობას, ხშირ შემთხვევაში, სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევათა განუვითარებლობა იწვევს. ამიტომ თავიდანვე გამოკვლეული უნდა იქნეს ბავშვის სასკოლო მზაობა. მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ სკოლაში სწავლის ეფექტიანობა დიდწილადაა დამოკიდებული სკოლაში შესვლისას ბავშვის სასწავლო უნარ-ჩვევებზე, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად შესაბამისად ვითარდება.

 

KARIBCHE

- რა სფეროებს მოიცავს ბავშვის განვითარება?
- ბავშვის განვითარება შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფიზიკურ ზრდას, კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების განვითარებას და ფსიქო–სოციალურ სფეროს. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს უხეშ და ნატიფ მოტორიკას, კოორდინაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარს. კარგია, თუ ბავშვს ვავარჯიშებთ ლაბირინთის გავლაში და მივცემთ ასაწყობად სათამაშოებს, ვახატვინებთ, ვაძერწვინებთ...
სკოლის მზაობისთვის მნიშვნელოვანია მეტყველება, განსაკუთრებით ექსპრესიული მეტყველება, რაც გულისხმობს აზრის თანმიმდევრულად გადმოცემას და გამოთქმას. ექვსი წლის ბავშვმა უნდა იცოდეს დაახლოებით 3000–4000 სიტყვა. ამისთვის სასურველია, ხშირად ვესაუბროთ ან ვალაპარაკოთ, გამოვათქმევინოთ ემოციები, მოსაზრებები და სხვ.


ბავშვი, რომელიც გამართულად მეტყველებს, არ უჭირს კომუნიკაციის დამყარება არც თანატოლებთან და არც უფროსებთან. ხოლო ბავშვებს, რომელთაც მეტყველებაში აღენიშნებათ შეფერხება, უძნელდებათ კონტაქტში შესვლა, რაც შემდეგ იწვევს მათი ფსიქიკური განვითარების შეფერხებასაც. ასეთ დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის როლს. ბავშვს სჭირდება თანადგომა, გამხნევება, არავითარ შემთხვევაში საყვედური ("რა დაგემართა","ამის წარმოთქმას რა უნდა", "შეხედე, სხვა რა კარგად მეტყველებს"). მშობელი უნდა დააკვირდეს, შეუძლია თუ არა ბავშვს თანდებულის სწორი გამოყენება; მარტივი ინსტრუქციების გაგება და გააზრება; სიტუაციის მიხედვით აზრის გადმოცემა; ბგერითი ანალიზი (სიტყვის ბგერებად და მარცვლებად დაშლა); ბგერითი სინთეზი (ბგერებად დაშლილი სიტყვის ამოცნობა).


- რა არის საჭირო, რომ ბავშვმა შემეცნებითი განვითარება მიიღოს?
- ბავშვის შემეცნებით განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას, აღქმის დანაწევრებას (მთელიდან დეტალების გამოყოფა და პირიქით), ყურადღების კონცენტრაციას; ლოგიკურ დამახსოვრებას, სენსომოტორულ კოორდინაციას – კიდურების, ხელის და თვალის შეთანხმებულ მოძრაობას, ნიმუშით ხელმძღვანელობას...


სასკოლო მზაობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ–ემოციურ განვითარებას. მაგალითად, სასკოლო მზაობის მკვლევარი კერნი ემოციურ მზაობაში გულისხმობს იმპულსური რეაქციების შეკავებას და უინტერესო საქმის ხანგრძლივად კეთების უნარს, ხოლო სოციალურ მზაობად მიაჩნია, ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება და მასთან ერთად მოსწავლის როლის შესრულების უნარი.


რაც არ უნდა ვისაუბროთ ბავშვის განვითარებაზე, ერთი რამ უდავოა, უმნიშვნელოვანესი როლი შვილის განვითარებაში ენიჭება მშობელს. მშობელმა თვალი უნდა ადევნოს ბავშვის ქცევას, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ბავშვი რაღაცას ვერ იგებს, რაღაც ავიწყდება, ან სწრაფად იღლება, იოლად ეცვლება გუნება– განწყობილება. ამ დროს მშობელმა შვილს არ უნდა აჩვენოს მღელვარება. მშვიდად, ნელა ესაუბროს, არ გაუკეთოს იგნორირება ბავშვის ჩივილს, მოუსმინოს მას. ბავშვს სჭირდება მორალური და ემოციური მხარდაჭერა.


არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ იგი მხოლოდ საკუთარ თავს (რა შეეძლო გუშინ, რა შეუძლია დღეს). შეფასება არ უნდა ეხებოდეს ბავშვის პიროვნებას (”ზარმაცი ხარ”, ”უყურადღებო ხარ”, ”მოუსვენარი ხარ”). თუ ბავშვს სწავლა უჭირს, უნდა მოიძიოთ ისეთი აქტივობა, სადაც იგი წარმატებულია, ამით შეძლებთ მისი თვითშეფასების ამაღლებას და დაარწმუნებთ, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ საქმეში შესაძლებელია.
დაბოლოს, შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია. ხშირად მოეფერეთ შვილებს და აგრძნობინეთ მათ, რომ ისინი გიყვართ უპირობოდ და არა კარგი სწავლისთვის.

ბეჭდვა
1კ1