შვილების "ტაძრად მიყვანება"
შვილების "ტაძრად მიყვანება"
უფალს განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და ლოცავს მათ. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ერთხელ, როდესაც მაცხოვარი ხალხს ასწავლიდა , მიუყვანეს ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი. მოწაფეები გაბრაზდნენ. იესომ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი. და დაადო ხელი და დალოცა.

მშობლებს გვსურს, შვილები ბავშვობიდანვე ვაზიაროთ ტაძარს, ქრისტიანულ ცხოვრებას, სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობა ყოველთვის ნაყოფიერი არ გამოდის. იქნებ იმიტომ, რომ ჯერ თვითონაც ბოლომდე ვერ ვეზიარეთ ეკლესიური ცხოვრების არსს.

ეკლესიაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ბავშვი მერვე დღეს მიგვყავს ტაძარში უფალთან. მოგვიანებით ვნათლავთ. ნათლობის საიდუმლოთი უფალი განწმენდს მას პირველქმნილი ცოდვისგან მირონცხების საიდუმლოთი, რომელიც თანსდევს ნათლობას, უფალი იშვილებს მას და უბოძებს მადლს. ძველ აღთქმაში მირონცხება მხოლოდ მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე სრულდებოდა; ახალ აღთქმაში "სამეფო სამღვდელო" განკუთვნილია ყველა ქრისტიანისათვის. ნათლობისას ჩასახულ სულიერ ცხოვრებას სჭირდება საზრდო. ეს საზრდო წმინდა ზიარების საიდუმლოა.

რა სიხშირით უნდა ეზიაროს ბავშვი? უფალი ამისკენ მოგვიწოდებს ყოველ ლიტურგიაზე: "მიიღეთ და სჭამეთ" და თუ ჩვენ, უფროსები, ჩვენი უღირსებისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვკადნიერდებით, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვილთათვის ეს დაბრკოლება არ არსებობს. "რაც შეიძლება ხშირად აზიარეთ ბავშვები ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს", - გვირჩევს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული. ამიტომ ჩვილები უნდა ეზიარონ ყველა იმ წირვაზე, რომელზეც მათ მშობლებს შეეძლებათ დასწრება, არანაკლებ ყოველი დღესასწაულისა და კვირისა.

ეკლესიის ტრადიციით, ოთხი წლიდან ბავშვმა არაფერი უნდა შეჭამოს და არც დალიოს ზიარების მიღებამდე.

შვიდი წლიდან ბავშვი შედის ყმაწვილობის ასაკში და უკვე პასუხს აგებს თავის საქციელზე. ამ ასაკიდან მისი სულიერი სამოსი ცოდვის ლაქებით იფარება. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მოვამზადოთ, რომ გააცნობიეროს, რა არის ცოდვა. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი აღსარების ჩაბარებას, მით უკეთესია, ეკლესიაში კი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს აღსარების გარეშე აზიარებენ.

7 წლიდან ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება, ის სკოლაში მიდის, ხვდება ახალ გარემოში, ეკისრება ახალი მოვალეობანი, ერთი სიტყვით, იწყება მისი პირადი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. ეს ასაკი ბავშვისთვის ახალი დაბადებაა. მთელი სამყარო მას ახლებურად წარმოუდგება. მან იცის, რომ მის საქციელსა და ცოდნას ამიერიდან აფასებენ.

ამ ასაკის ბავშვები ტაძარშიც სხვაგვარი პასუხისმგებლობით მიდიან. ეკლესია ხომ იგივე სკოლაა, ცხოვრების ნამდვილი სკოლა, სადაც მასწავლებელი ღმერთია. ამ ასაკში იწყება სულიერი ცხოვრება, სულიერი ბრძოლები. ამ დროს აღსარების მნიშვნელობაც ბავშვს გაცილებით უკეთ ესმის. ცოდვასთან ბრძოლა ისეთი აქტიური ვერ იქნება, როგორიც მოწიფულ ასაკში, მაგრამ ის მაინც გამოიღებს შედეგს. ამ ბრძოლაში ყალიბდება ბავშვის ხასიათიც.

8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მარხვას ძირითადად ოთხშაბათს და პარასკევს ინახავენ, თუ ჯანმრთელობასთან არ აქვთ პრობლემა.

ჩვენი, მშობლების, დიდი სურვილი - შვილები სრული სისავსით ვაზიაროთ ქრისტეს, გარეგნული ეკლესიურობით არ მიიღწევა, ეს არის ოჯახის მიზანმიმართული და გააზრებული ზნეობრივი შრომა, რომელიც ორიენტირებულია არა გარეგნული წესების შესრულებაზე, არამედ შინ პატარა ეკლესიის შექმნაზე. შვილის ეკლესიური აღზრდისას მშობლები ორი ძირითად შეცდომას ვუშვებთ: ბავშვის შინაგან რელიგიურ განვითარებას გარეგნულით ვანაცვლებთ და ზნეობრივ და სარწმუნოებრივ აღზრდას მთლიანად ეკლესიას გადავაბარებთ ხოლმე. ვცდებით, როდესაც ქრისტიანულ ცხოვრებასა და ტაძარში ღვთისმსახურებას ერთსა და იმავე მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეკლესიური ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მაგრამ არა - უმთავრესი. უმთავრესი არის ადამიანის გულში არსებული კრძალვა უფლისა და საკუთარ სულში ღმერთის აღმოჩენა. ყველა გარეგანი წესი მხოლოდ საშუალებაა ამის მისაღწევად. არ შეიძლება, მთელი ეკლესიური ცხოვრება კონცენტრირებული იყოს მხოლოდ "ტაძარში სიარულზე". მით უფრო არ გამოდის ეს ბავშვებთან.

ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ მათ ბავშვებს ღვთის შეცნობა მხოლოდ ტაძარში შეუძლიათ; არადა, ზოგჯერ ასე სულაც არ არის. ბავშვების რელიგიური აღზრდა არსობრივად განსხვავდება უფროსებისაგან. შემთხვევით არ უთქვამს უფალს: "თუ არ მოიქცევით და არ იქნებთ, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მათ. 18,3). ეს ნიშნავს, რომ ბავშვები მიემსგავსებიან უფალს. ბავშვებს შეუძლიათ უფლის ცხოველმყოფელობის აღქმა შუამავლის გარეშე, ისინი მას ყველგან გრძნობენ, გარშემო არსებულ მშვენიერ და საოცარ სამყაროში. მაგრამ ყველაზე ახლოს ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ. ასეთი ატმოსფერო კი უპირველესად მათ ოჯახში უნდა ჰქონდეთ. დედ-მამას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და შვილები ამას უნდა გრძნობდნენ. ბავშვი ჰგავს სარკეს. ის უფრო ირეკლავს სიყვარულს, ვიდრე ასხივებს. თუ მას მიეცა სიყვარული, ის მას აბრუნებს. თუ ის სიყვარულს არ გრძნობს, მაშინ საპასუხოდ არაფრის, ან თითქმის არაფრის მოცემა არ შეუძლია.

თუ მშობელი სიყვარულს გასცემს არა მუდმივად, არამედ მხოლოდ რაღაცა პირობების შესრულების შემთხვევაში, მაშინ ბავშვს შფოთვისა და საკუთარ ძალებში ურწმუნობის გრძნობა ეუფლება. მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე ძირითადად ყალიბდება ოჯახის წევრების დამოკიდებულებით, რომელსაც ისინი გამოხატავენ სახის გამომეტყველებით, ხმის ტონით და საქციელით. მშობლებს აქვთ უდიდესი პრივილეგია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა: საფუძველი ჩაუყარონ ბავშვის მართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.

მშობლებმა ოჯახში სიყვარულითა და მშვიდობიანი თანაცხოვრებით უნდა შექმნან პირობები იმისათვის, რომ ბავშვები უფლისა და სულიერი ცხოვრების შეცნობისას არ დაბრკოლდნენ. ჭეშმარიტად მორწმუნე მშობლები შვილის სარწმუნოებრივად აღზრდის საუკეთესო მაგალითები არიან.

მშობლები ხშირად შვილების სულიერ აღზრდას მთლიანად ეკლესიას გადავაბარებთ ხოლმე. ამ დროს, ჩვენი წარმოდგენით, ეკლესიურობაში მხოლოდ გარეგნული ქცევები, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება, საკვირაო სკოლებში სიარული იგულისხმება. რასაკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. გვინდა, ჩვენმა შვილებმა სიკეთე აკეთონ, მაგრამ ოჯახში თუ ვერ ხედავენ ამის მაგალითს და ძალით მიგვყავს მოძღვართან, ვაჩეჩებთ მას, რომ აზიაროს, ამ დროს ჩვენ არც აღმსარებლები ვართ, არც მაზიარებლები და ეკლესია მხოლოდ იმისთვის გვინდა, რომ გაგვიგონია, კარგია და გვსმენია, ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის იქ მისვლა აუცილებელია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როცა მშობლები მორწმუნეობით არ გამოირჩევიან და ეკლესიურად არ ცხოვრობენ, ამ დროს კი შვილს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას აიძულებენ, ეს პატარისათვის გაუგებარია და სამართლიანად ეწინააღმდეგება ამას. ოჯახი მთელი ძალისხმევით უნდა შეეცადოს, მიაღწიოს, რომ უფალი ბავშვებისთვის იყოს ცოცხალი ღმერთი, ის, ვინც ოჯახური ცხოვრების ცენტრია.

ბეჭდვა
1კ1