დედობრივი სიყვარული ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი იარაღია
დედობრივი სიყვარული ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი იარაღია
წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ქალის ყველაზე არსებითი მოვალეობა არის დედობა: "უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა" (დაბ. 3, 20). იმისათვის, რომ ზე აღიმართოს კაცობრიობა, ქალებმა სამყაროს უნდა მოუვლინონ ბავშვები იმ გზით, რომელსაც ჩვენ ღმრთის სიტყვა გვასწავლის. თუმცა, არსებობს დაბადების ორი სახე, ერთი ხორციელი, ხოლო მეორე სულიერი. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ უთხრა ნიკოდიმოსს: "შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი" (იოანე 3, 6-7). სწორედ იმ მიზეზით, რომ თანამედროვე ქალებმა დაკარგეს ეს უმაღლესი შეგნება, დაიწყეს, უპირველეს ყოვლისა, შვილების ხორციელად შობა, ჩვენი ბავშვები რწმენისათვის უუნაროები გახდნენ. ისინი ხშირად უძლურები არიან იმ რწმენისათვისაც კი, რომ საუკუნოვანი ღმერთის ხატად არიან შექმნილნი.

ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა სწორედ ის არის, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი და უკვე აღარ სწამთ აღდგომისა. ადამიანის გარდაცვალებას აღიქვამენ საბოლოო სიკვდილად, განადგურებად, მაშინ, როდესაც იგი მიჩნეული უნდა იყოს ჩვენი ყოფიერების ფორმის შეცვლის დროდ. იქნებ "ეს ახალი ურწმუნოება" ფართო განათლების შედეგია, რადგან ის, რასაც წმინდა წერილი გვამცნობს, მითად და აუხდენელ ოცნებადაა აღქმული? რწმენა, უნარი იმისა, რომ გვწამდეს, არ არის დამოკიდებული ადამიანის განათლების დონეზე. რეალურად ვხედავთ, რომ თანამედროვე ყოფაში განათლება ფართოდ ვრცელდება, რწმენა იკლებს, მაშინ როდესაც, სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს. რაც უფრო ფართოვდება ადამიანის ცოდნა, მით მეტი ხელსაყრელი შემთხვევა აქვს მას, შეიცნოს სამყაროს შექმნის დიდი სიბრძნე. მაშ, რა არის ურწმუნოების ფესვი? ეს საკითხი, უწინარესად, მშობლების, მამებისა და დედების მოვალეობაა. თუკი მშობლები ახალი ადამიანის დაბადების მოვლენას მთელი სერიოზულობით უდგებიან, იმ შეგნებით, რომ ახალდაბადებული ჩვილი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად ღვთის ხატად შექმნილი, მაშინ წინასწარ მოემზადებიან ამ მოვლენისთვის და არა ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. აღზრდისას იზრუნებენ მის სულიერ განვითარებაზე, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ აზიარებენ ღვთის სიტყვას, პირადი მაგალითით აჩვენებენ რწმენის ძალას. თანამედროვე დედებს მუდმივად დრო არ გვრჩება შვილებისთვის. თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, ყველაზე მთავარი, მათი სულიერი აღზრდა კი გვავიწყდება. როდესაც პრობლემები იჩენს თავს, საყვედურით ვკითხულობთ, რა დავაკელით შვილებს, ჩვენ ხომ მათ გამო დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, ვაჭმევთ, ვასმევთ, განათლებას ვაძლევთ. ჩვენს სულიერად დაზიანებულ დროში დედის მიერ შვილის სწორად აღზრდა ჭეშმარიტად ქრისტიანული ღვაწლია.

წმინდა მამები წერენ, რომ შვილის აღზრდისას გადასალახი სიძნელეები ის მაცხოვნებელი ჯვარია, რომლითაც გამოისყიდება დედის პირადი ცოდვები. შვილი უფლის საჩუქარია, არა მარტო სიხარულის თვალსაზრისით, არამედ ჭმუნვისაც. დამეთანხმებით, ძნელია, გაიზიარო ასეთი შეხედულება განსაკუთრებით, თუ დედა ხარ და შვილის აღზრდისას პრობლემებს ეჯახები. ამიტომ იმის გასაცნობიერებლად, რომ შვილის ცოდვები, ჩვენი, მშობლების ცოდვებისა და სისუსტეების ანარეკლია, აუცილებელია განსჯის განსაკუთრებული უნარი, თავმდაბლობა და მორჩილება. დედის ჯვარი ხშირად ისიცაა, რომ აღზრდის შედეგები ყოველთვის არ შეესაბამება მის ძალისხმევას. და მაინც, დედობრივი სიყვარული ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი იარაღია. სიყვარული ხომ ზრდის და ამწიფებს ადამიანს. - ის, რომ უბრალოდ გიყვარდეთ ვინმე, ძალიან ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვარო. დედას საკუთარ თავზე მეტად უყვარს შვილები. ბერი პაისი ამბობს, დედას შეუძლია მშიერიც კი დარჩეს იმისათვის, რომ შვილები გამოკვებოს, მაგრამ ამ დროს განცდილი სიხარული იმ სიხარულზე მეტია, მისი შვილები რომ გრძნობენ. ბავშვი ხორციელად იკვებება, დედა კი სულიერად. ის საკვების გემოს მხოლოდ ხორციელად შეიგრძნობს მაშინ, როდესაც დედა სულიერად ხარობს. მამა პაისის თქმით, ზოგიერთ გოგონას შეუძლია, დილის ათ საათამდე იძინოს და ამასთან, იმის იმედიც ჰქონდეს, რომ საუზმისთვის დედა გაუცხელებს რძეს. რაიმენაირი საქმის გაკეთება ამ გოგონას ძალიან ეზარება. უნდა, რომ ყველაფერი მზამზარეულად ჰქონდეს და ისე იცხოვროს. უნდა, ყველა მას ემსახურებოდეს. დედასთან პრეტენზიები აქვს, მამასთან პრეტენზიები აქვს, თვითონ კი უსაქმურობით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ მის ქალურ ბუნებაში იფარება სიყვარული, ის არ ვითარდება იმიტომ, რომ გამუდმებით იღებს შეწევნასა და კურთხევას, დედის, მამის, დებისა და ძმებისაგან. მაგრამ როგორც კი დედა ხდება, თანდათანობით იმ თვითდამტენ მოწყობილობას ემსგავსება, რომელიც რაც მეტს მუშაობს, მით მეტად იტვირთება ძალებით, რადგანაც მასში უკვე გაუჩერებლად მუშაობს სიყვარული. ადრე, როდესაც აღვიძებდნენ, ბუზღუნებდა. ახლა, როდესაც მისი ბავშვი ტირის მთელი ღამის განმავლობაში არ იძინებს და ეს სულაც არ უჭირს. ის ზრუნავს თავის ჩვილზე და ხარობს იმიტომ, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის, მასში თავგანწირვა და სიყვარული გაჩნდა. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს, როცა მას საფრთხე ემუქრება; როცა შვილი განსაცდელშია, იგი ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს.

წმინდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული. სამწუხაროდ, დღეს დედებმა შვილების აღზრდა ძირითადად ბებიებსა და ძიძებს გადავაბარეთ. ბავშვი დედის მაგივრად სხვის სახეს ხედავს დაძინებისას და გაღვიძებისას, სხვისი ხმა ესმის, სხვა აჭმევს, უცვლის, ბანს; სხვა არის პირველი კბილის ამოსვლის მოწმე, პირველი ნაბიჯის, პირველი სიტყვისა; სხვის მაგალითზე სწავლობს ცხოვრებას, სხვის თვალწინ ყალიბდება მისი ხასიათი, ინტერესები; სხვა არის მისი წუხილისა და სიხარულის მოწმე. სამწუხაროდ, ეს სხვაც ხშირად შემთხვევითი, დროებითი ადამიანია. ბავშვმა არ იცის, ვის მიეკედლოს და მიუსაფრობის გრძნობა უჩნდება. ძალაუნებურად აღარც მშობლებსა აქვთ ისეთი მძაფრი გრძნობა შვილების მიმართ. მართალია, მშობლებსა და შვილებს შორის ბიოლოგიური სიყვარული და მიზიდულობა მაშინაც არსებობს, როცა რაიმე მიზეზის გამო ერთმანეთისგან მოწყვეტილნი არიან, მაგრამ როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, სიყვარული გაწეული ამაგითაც განისაზღვრება. შეიძლება ბევრი შემეკამათოს და არცთუ უსაფუძვლოდ, იქნებ გადავაჭარბე კიდეც, მაგრამ მაინც მგონია, რომ უმჯობესია შვილი გარკვეულ ასაკამდე მშობელმა დედამ გაზარდოს. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე დიდი სიამოვნება, ალბათ, ამქვეყნად არ არსებობს.

ბეჭდვა
1კ1