თუ პიროვნება ზნეობრივად მრთელია, ეროვნული თვალსაზრისითაც მრთელი იქნება და თუ მან ზნეობასაც უღალატა, ერსაც უღალატებს
თუ პიროვნება ზნეობრივად მრთელია, ეროვნული თვალსაზრისითაც მრთელი იქნება და თუ მან ზნეობასაც უღალატა, ერსაც უღალატებს
გულისთქმების თემა ლიტერატურაში
"პარაკლიტონის" საკითხავებში ვკითხულობთ: "მტკიცესა სარწმუნოებისა შენისა კლდესა ზედა დაამტკიცე გულისსიტყვა სულისა ჩემისა, უფალო, რამეთუ შენ მივი სახიერ, შესავედრებელი და სიმტკიცე".

გულისთქმებთან გამკლავების ხელოვნების ფლობა და ზნეობრივი სიმტკიცის შენარჩუნების იდეა ყოველთვის აქტუალური იყო ქართულ მწერლობაში.

ამასთან დაკავშირებით პოეტისა და ლიტერატორის, ანდრო ბუაჩიძის მეტად საინტერესო წერილი გამახსენდა, სათაურით: "ხევისბერის განაჩენი".

"თავისუფლებისაკენ სწრაფვა ზნეობრივ მსოფლმხედველობას ეფუძნება"
არსებობს ცნება - "ქრესტომათიული". ვფიქრობ, ქართველი კაცისთვის ალექსანდრე ყაზბეგი სწორედ ქრესტომათიული მწერალია, რადგან მისი მხატვრული ნააზრევი მთლიანი ეროვნული ორგანიზმის ყველაზე უფრო მტკივანი, სისხლდაწრეტილი ნერვიდან არის ამოზრდილი. მის თხზულებებს, ტრაგიკული ეპოქის ამ ვრცელ მატიანეს, მრავალგზის ნანატრი თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი ასაზრდოებს. ყაზბეგისეული თავისუფლების ნიშნით აღბეჭდილი ვნებათაღელვა ერთი უმთავრესი თავისებურებით არის გამორჩეული: ის ერის ღრმა წიაღში არსებული ზნეობრივი მსოფლმხედველობის უშუალო გაგრძელებაა. თავისუფლებისაკენ სწრაფვა ზნეობრივ მსოფლმხედველობას ეფუძნება. ამ შემთხვევაში მეც სწორედ ეს ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი საფუძვლები მაინტერესებს და მინდა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს შევეხო.

მეშვიდე კლასის ქართული ლიტერატურის სასკოლო ქრესტომათიაში "ხევისბერი გოჩას" ტექსტის ქვეშ ერთი ასეთი კითხვაა დასმული: "როგორ გესმით გოჩას სიტყვები: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი?" ჩემი აზრით, სახელმძღვანელოს ავტორებს კარგი უქნიათ, რომ ეს შეკითხვა საგანგებოდ დაუსვამთ, ვინაიდან თუ ამ მოთხრობის სწორი გაგება გვსურს, უპირველეს ყოვლისა, მოტანილ ფრაზაში ჩატეული აზრი უნდა წარმოვაჩინოთ. ოღონდ, ალბათ აჯობებდა, კითხვის მაგიერ მოსწავლეებისთვის პასუხი მიგვეწოდებინა, რადგან ეს იმ კითხვათაგანია, რომლითაც უმალ მოსწავლემ უნდა მიმართოს მასწავლებელს. ამაზე მეტყველებს ფრაზის აქტუალობა, მისი აზრობრივი სტრუქტურა, ტევადობა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ფრაზის გასაგებად თხზულების მთლიანი კონტექსტია გასათვალისწინებელი.

ორი თეზა: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ" და "კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი"...
ხევისბერი გოჩას ცნობილი სიტყვები: "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ" ღვიძლი ძის, ონისესადმია მიმართული. ამ მიმართვას, მკითხველის მეხსიერებამ რომ შემოინახა და მოარული ფრაზის "უფლებამოსილებაც" მიანიჭა, თავისი გაგრძელება ან, უკეთ, "მეორე ნაწილიც" აქვს; "კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი", მაკავშირებელი სიტყვით შეერთებული, ერთად მოტანილი ეს ორი აზრი, ნაუცბათევად ლოგიკური შეუსაბამობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ფრაზას მხოლოდ ჭარმაგი მამის დამრიგებლური ტონი კრავს და ერთიან სტილურ შეფერილობას ანიჭებს. ისე კი, მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ უნდა იყოს საზიარო კონტექსტში ლაპარაკი გვარის ღირსებასა და კაცის ტანჯვით აღსავსე ხვედრზე. მართლაც, რას ნიშნავს ეს ფრაზა? არის კი ამ ორ აზრს შორის კონტექსტში უკუფენილი მჭიდრო ლოგიკური კავშირი?

ცხადია, მხატვრული ნაწარმოები რთული ორგანული მთლიანობაა, მისი შემადგენელი პლასტების გლუვ, ერთფეროვან სიბრტყეში მოქცევა და მით უმეტეს, ცალკეულ ფრაზამდე, აზრისმიერ თუUსახოვან ერთეულამდე დაყვანა შეუძლებელია. ჩემი მიზანია არა მოთხრობის ერთადერთ ფრაზამდე დაყვანა, არამედ კონტექსტის მოშველიებით ამ ფრაზის გამთლიანება და მის შიგნით ერთი ამოსავალი წერტილის, ნაწარმოების აზრობრივი გასაღების მიგნება.

ყველას კარგად გვახსოვს: ხელისმომკიდედ დანიშნულ ხევისბერის ვაჟს, ონისეს და საპატარძლო ძიძიას თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი ქორწილის დღეს. ხევისბერის გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია შვილის გასაჭირი, სწორედ ამიტომ იყო, რომ მოხევეთა ძნელბედობის ჟამს რამდენჯერმე მიმართა მას დამრიგებლური სიტყვებით. ონისემ ერთხანს კი შეისმინა, მაგრამ საბოლოოდ ვერ აღასრულა ბრძნული დარიგება. ძიძიას სიყვარულით თავდავიწყებულმა ხევს უღალატა, რის გამოც მამამისის ხელითვე დაისაჯა.

მამა-შვილის სჯა-ბაასის ადამიანის ცოდვითდაცემულ არსთან მარადიულად შესისხლხორცებული საგანი
ფაბულის ამ ტრივიალური გადმოცემიდანაც ჩანს, რომ მოთხრობაში ერთმანეთის პირისპირ დგანან მამა და ვაჟიშვილი, ხევისბერი გოჩა და ონისე. მოთხრობის კომპოზიციურ სტრუქტურაში ონისეს ხასიათი უფრო დინამიურად არის გაშლილი, მისი ზნეონრივი სტატუსი მოქმედებაში იხსნება.

ონისე არის მოთხრობის ფსიქოლოგიური "ეპიცენტრი", ის პერსონაჟი, რომელსაც რაღაც შეემთხვა და მომავალშიაც რაღაც უნდა შეემთხვეს, მას უწყობს იღბალი მწარე გამოცდას, ის აკეთებს ცხოვრების უმართებულო და მართებული გზის არჩევანს. ე.ი. მწერლის გულისყური, უპირველეს ყოვლისა, მის ირგვლივ არის კონცენტრირებული, ნაწარმოების ფაბულასაც ონისე წარმართავს.Oონისე დაკვირვების საგანია.

სხვა არის გოჩა. ის დამკვირვებელია, მისი მოქმედების არე (თუ მოთხრობის ფინალურ ნაწილს გამოვთიშავთ) უფრო ვიწროა. გოჩა ღრმა რეფლექსიას მიცემული, თავის თავში განმარტოებული პიროვნებაა. მისი შთაგონებული ფიქრის საგანი ზოგადსაკაცობრიო (ეთიკურ ასპექტში - ბოროტება, სიკეთე) და საერო გასაჭირია (ერთმანეთისაგან განუთიშველად). გოჩასთვის ხევისბერობა, თუUშეიძლება ითქვას, გარედან მინიჭებული პრივილეგია, წოდებრივი უფლებამოსილება კი არ არის, არამედ სულიერი მოვალეობაა, შინაგანი მოწოდებაა. ის თავის ნანახს და განცდილს, საწუხარს და საფიქრალს დამოძღვრით, ლოცვით და დამწყალობნებით ამოთქვამს. გოჩა მოძღვარია, მაგრამ ის ამავე დროს ჯიუტად მოითხოვს თავისი ნამოძღვრალის აღსრულებას, რადგან იმ ზნეობრივი კატეგორიებით ცხოვრობს, რომლითაც ხევის თავდადებული წინაპრები ცხოვრობდნენ. ხევისბერს გამომცდელი მზერა აქვს, ის თითქმის მუდმივად მოითხოვს პასუხს ონისესაგან, ე.ი. ამ კაცის თვალსაზრისი საზოგადოდ ადამიანის შესახებ პროეცირებულია ღვიძლი ძის, ონისეს ცხოვრების წესზე, სწორედ ონისესადმი პირუთვნელ მამობრივ მიმართებაში მჟღავნდება ეს თვალსაზრისი, მოთხრობაც ისე არის აგებული, რომ ყველაზე დამუხტული და მძაფრი ცხოვრებისული პერიპეტიები ერთმანეთისაკენ უბიძგებს მოძღვარ მამას და შეცთომილ შვილს. მათი დიალოგიც საკვირველია, ისინი თითქოს ბოლომდე არ ამბობენ სათქმელს, მამა-შვილის ბჭობა აღსავსეა დაძაბული, უენო, ნერვიული ჟესტიკულაციით. ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ მღელვარე სჯა-ბაასის საგანი და მიზეზი მეტად მნიშვნელოვანია, აუხსნელია, სახელშეურქმეველია, ადამიანის ცოდვითდაცემულ არსთან მარადიულად შესისხლხორცებულია. ხევისბერის წარმოთქმული გამაფრთხილებელი სიტყვებიც ("გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ") საოცრად დახშულ სივრცეს, მაგნიტურ ველს ქმნის ამ ორი პიროვნების ირგვლივ: "ამ სიტყვებზე მოხუცმა კვარს ხელი დაავლო და შვილთან ერთად დერეფანში გავიდა. იქ კიდევ შესდგა, შეხედა შვილს, თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმაამოუღებლივ გაბრუნდა და სამყოფო სახლში შევიდა.

ონისე რამდენსამე ხანს იმავე ადილს დერეფანში იდგა და ანგარიშმიუცემლად ადგილიდან ვერ დაძრულიყო".

რამ გამოიწვია ონისეს ხანგრძლივი დაფიქრება? ეს გაოგნება თუ გაქვავება?
ცხადია, რაღაც ისეთმა კრიზისულმა სიტუაციამ, რომელიც ძალზე ძნელი დასაძლევია.Aაქ საქმე ეხება ონისესთვის რაღაც უაღრესად პიროვნულს, არსებითს, ინტიმურს, სულის ყველაზე უფრო ფაქიზ შრესთან დაკავშირებულს. ამიტომაც არის, გოჩა არ იკვლევს წვრილმანებს ("არ ვიცი და არცა გკითხამ"). შვილის გრძნობებში ხელის ფათური მას უმსგავს მკრეხელობად მიაჩნია.

აქედან გამომდინარე, არჩევანი უნდა გააკეთოს თვითონ ონისემ და სხვამ არავინ. საკუთარ ვნებას და საძრახის აღტკინებას საკუთარივე ზნეობრივი ძალმოსილება უნდა შეუთანადოს.

გოჩასეული დამოძღვრის პირველი და უმთავრესი "ნაწილი" "გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ" ნიშანდობლივია: გოჩა კერძო, კონკრეტულ საწუხარზე კი არ უჩივის შვილს, არამედ ზოგადად, თუ შეიძლება ითქვას, ადამიანის ზნეობრივი დანიშნულების სიმაღლიდან მოძღვრავს მას. მამა საკუთარ ძეში ჩათვლემილ ზნეობრივ თვითშეგნებას აღვიძებს, ერთგვარი სომნამბულური მდგომარეობის აღმოფხვრას ესწრაფვის.Mმაგრამ აქ ისმის კითხვა: რაღა მაინცდამაინც გვარის აღმატებულ ღირსებაზე აკეთებს ის აქცენტს? ვინ იგულისხმება აქ გვარის მიღმა? ვფიქრობ, გვარს ამ შემთხვევაში ფართო, არაკონკრეტული, განვრცობილი მნიშვნელობა ენიჭება. გვარში, უპირველეს ყოვლისა, გოჩას ხევისბერობაა ნაგულისხმევი. ონისეს, ბუნებრივია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მამის რჩეულმა ერისკაცობამ, მან არამცთუ არ უნდა შებილწოს გოჩას სახელი, არამედ ზნეკეთილობის მაგალითი უნდა მისცეს მოხევეთა წრეში აღზრდილ უბრალო ოჯახიშვილებს. ყაზბეგი შენიშნავს: "მოხუცს ჯერ ვერ გამოერკვია, თუმცა ესმოდა, რომ ეს მდგომარეობა მის სახელსაც შეეხებოდა". მაშასადამე, გვარის აღმატებული ღირსების მიღმა აქ უშუალოდ ხევისბერი იგულისხმა მწერალმა.

ხევისბერი ლოცულობს ვაჟიშვილის არა ფიზიკურ, არამედ ზნეობრივ გადარჩენაზე...
მთავარი დამოძღვრის შემდეგ გოჩა თითქმის აღარაფერს ეუბნება ონისეს, ალბათ იგულისხმება, რომ უმთავრესი სათქმელი უკვე ითქვა და ახლა ყველაფერი ონისეს შინაგან მზადყოფნაზეა დამოკიდებული. და მართლაც, ონისე ღრმა სულიერ მეტამორფოზას განიცდის, ის ტოვებს იმ ადგილსამყოფელს, სადაც შეიძლება შეყვარებულის მაცდური სახე შეეჩეხოს და "ცხორში" იხიზნება...

ვერაგი ნუგზარ ერისთავი კი მზაკვრული ხრიკებით კრებს ლაშქარს და მოხევეთა მშვიდობიან არსებობას უდგება კრიჭაში. შინმობრუნებულ ონისეს ძალზე შთამბეჭდავი სანახაობა წარმოუდგება: ხატის წინ წამოჩოქილი ხევისბერი ღვიძლი ძის სახელს ავედრებს ღმერთს - "ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე!.. ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს". ე.ი. ის ლოცულობს ვაჟიშვილის არა ფიზიკურ, არამედ ზნეობრივ გადარჩენაზე.

და სწორედ პირისპირ ამ მეორე შეხვედრისას ზნეობრივი თვითშეგნების გამომაღვიძებელი გოჩა განაგრძობს წამოწყებულ დამოძღვრას, ოღონდ ახლა მის მიერ მოაზრებული გვარის ცნება უკვე მამა-პაპათა მნიშვნელობასაც იტევს. აი, რას ამბობს ხევისბერი გოჩა: "არ დაივიწყო, რომ სადაც შენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, სადაც მათი ძვლებია ჩაფლული, იმას გედავებიან და არ დაანებო... მათაც ცოტა ჭირი არ უნახავათ თავიანთი მიწა-წყლის დაცვის დროს, მათის სისხლის ნაკადულს მიწა ქვესკნელამდის გაუჟღინთავს... ახლა თქვენ იცით, რასაც იქმთ..."

გახსოვდეს, ვისი გორისა ხარო, როცა მიმართავს ჭარმაგი მამა თავის ერთადერთ ძეს, მრავალმნიშვნელოვანი გვარის ცნების მეოხებით, ის ზნეობრივი წინამდგომის პატივისგების იდეას წარმოაჩენს, ხოლო ეს იდეა, თავის მხრივ, დასაბამს მოხევეთა ქრისტიანული მსოფლგაგებიდან იღებს ("პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა").

"მაშ, ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებულო, დედ-მამის საფლავიდან ამომგდებო!"
გოჩამ, როგორც მოხევემ და ხევისბერმა, ქრისტიანული მსოფლგაგებიდან შეწოვილი ზნეობრივი იდეა დაუსახა ონისეს უმაღლეს ფასეულობად, მაგრამ ონისე ვერ გამოდგა იმ შინაგანი მზადყოფნის პიროვნება, ვინც ბოლომდე მიიღებდა იდეას, ამიტომაც უმკაცრეს განაჩენთან ერთად მან გოჩას სასტიკი განქიქებაც დაიმსახურა: "მაშ, ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებულო, დედ-მამის საფლავიდან ამომგდებო!"

მართალია, ონისე ვერ გამოდგა იმ შინაგანი მადყოფნის პიროვნება, რომელიც ბოლომდე მიიღებდა ამ იდეას, მაგრამ მან სცადა ასეთი გამხდარიყო. ეს მცდელობა სწორედ მის ტანჯვიან ცხოვრების წესში აირეკლა. ონისემ, თუ შეიძლება ითქვას, ამოძირკვა თავისი თავი მშობლიური გარემოდან, ის გაიხიზნა, განუდგა საწუთროებას, და ამ განდგომამ ანუ ცხოვრების ახალმა წესმა, რომელიც მსოფლმხედველობის განუყრელ ნაწილად ექცა, გარკვეულწილად ცნობიერი დისტანციის გრძნობა აღუძრა მას სატრფოსადმი. ამიტომაც ერთხანს ეშმაკად წარმოესახა ძიძია ("და ეს საკმარისი იყო, რომ ანგელოზის სახე ონისეს ეშმაკად მოსჩვენებოდა").

ეს არის მსოფლმხედველობრივად უაღრესად საინტერესო მონაკვეთი. მაშასადამე, ონისე ირჩევს ტანჯვიან ცხოვრების წესს, ის თრგუნავს თავის ლტოლვას, დროებით იურვებს თავის ბობოქარ ვნებას და ბუნების უკაცრიელ წიაღში განმარტოებულს, თვითგანკითხვის და აქედან გამომდინარე, თვითგვემის მეტად მტკივნეული ჟინი ეუფლება. ონისე საკუთარ თავს ებრძვის. მართალია, ხანმოკლეა ეს შებრძოლება, მაგრამ თავისთავად უკვე იმის დასტურია, რომ ამ კაცმა არა მხოლოდ თეორიული ნაწილი გაიგო მამის მოძღვრებისა "ვისი გორისა ხარ", არამედ ამ მოძღვრების შესაბამისი პრაქტიკული გზაც ანუ ცხოვრების წესიც ("კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი") გაიზიარა და დაიმკვიდრა თავის გაძნელებულ ყოფაში.

ყაზბეგთან ქალ-ვაჟის სიყვარული არ არის მოკლებული სულიერების ელემენტს, მაგრამ მისი ეთიკური საძირკველი მერყევია და ფუყე...
ლევ ტოლსტოის მოთხრობაში "ეშმაკი" ეშმაკის ეპითეტი ასეთივე ავბედითი სიყვარულის ადეკვატურია. ტოლსტოისთან, ვფიქრობ, სიძვის მოტივია მთავარი, ვინაიდან სიძვა ამოძრავებს მოთხრობის გმირს და გამოუღწეველ ლაბირინთში ხლართავს, ყაზბეგთან კი ქალ-ვაჟის სიყვარული არ არის მოკლებული სულიერების ელემენტს, მაგრამ მისი ეთიკური საძირკველი მერყევია და ფუყე. საქმე ის გახლავთ, რომ ამ სიყვარულს ჩანასახშივე დაჰყვება მკრეხელობა. იგივე ქრისტიანული მსოფლგაგების თანახმად, ქორწინება მეშვიდე საიდუმლოდ არის შერაცხილი, ონისე კი, როგორც ხელისმომკიდე, მონაწილეა ამ საიდუმლო რიტუალის და სწორედ რიტუალისვე აღსრულების ჟამს ისახება მის არსებაში სიყვარული, მერე კი ებრძვის საკუთარ ვნებას.

მაგრამ ხევისბერის დამოძღვრით გამოწვეული შინაგანი მეტამორფოზა, რითაც უაღრესად საინტერესო გახდა ონისეს პიროვნება, მეტად ხანმოკლე გამოდგა. ძლიერმა წადილთა ნებამ საბოლოოდ დათრგუნა მისი ზნეობრივი საწყისი.

ონისემ დაივიწყა რა, ვისი გორისა იყო, ისიც დაავიწყდა, რომ ტანჯვის გზით უნდა ევლო. მან დაივიწყა ხევისბერის ბრძნული დარიგება და ამიტომ ხევისბერისვე უმკაცრეს განაჩენს ემსხვერპლა.

"გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ, კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი". პირველ თეზაში უმაღლესი ზნეობრივი ფასეულობაა დასახული, მეორეში კი ამ ფასეულობის ორიენტირად მქონე ადამიანის შესაბამისი ცხოვრების წესია მინიშნებული.

ეს ფრაზა ერთი მთლიანი, განუთიშველი ეთიკური ფორმულაა, რომლის შემეცნება და ცხოვრებისეული განხორციელება სცადა საცდურში ჩავარდნილმა ონისემ და ვერ შეძლო.

ონისე დამარცხდა.

თუ პიროვნება ზნეობრივად მრთელია, ეროვნული თვალსაზრისითაც მრთელი იქნება და თუ მან ზნეობასაც უღალატა, ერსაც უღალატებს.

დაბოლოს, ერთ მოაზროვნეს მოსწრებულად უთქვამს, ხელოვნება არ უნდა იყოსო "ფიბულა დოცეტ" ("არაკი გვასწავლის"). მართლაც, მხატვრული ნაწარმოები საიმისოდ როდი იწერება, რომ მკითხველმა დასკვნების ჯამი აღნუსხოს ან მორალის გამოტანაზე იმტვრიოს თავი, - ეს მეტად დაამდაბლებდა ყოველი საინტერესო თხზულების მნიშვნელობას, - მაგრამ მოტანილი დებულება იმის უფლებასაც არ გვართმევს, რომ მხატვრულსავე ქმნილებაში დაფარული ლაიტმოტივი წარმოვაჩინოთ. "ხევისბერი გოჩას" ლაიტმოტივი, ალბათ, ამგვარი სიტყვებით შეიძლება გადმოიცეს: თუ პიროვნება ზნეობრივად მრთელია, ეროვნული თვალსაზრისითაც მრთელი იქნება და თუ მან ზნეობასაც უღალატა, ერსაც უღალატებს.

ასე ფიქრობდნენ ისინი, ვისი გორისანიც ჩვენ ვართ და ამიტომაც ტანჯვის ფასად ცდილობდნენ ზნეობრივი სიმტკიცის შენარჩუნებას.

ბეჭდვა
1კ1