"სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება კუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა"
"სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება კუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა"
"სიმღერა გულისთქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს", - ამბობდა წმინდა ილია მართალი. ქართველთა გულისთქმა სიყვარულია, ამიტომაც არის ქართული სიმღერა ასე თბილი და მრავალხმიანი. ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი მრავალ საგალობელში, შრომის, საბრძოლო თუ საქორწინო სიმღერაში. ერის სარკეა "მრავალჟამიერი", "ურმული, "ნადური", "ლილეო", "ოროველა", "ჩელა", "ძაბრა", "ოდოია"... სიმღერაში, როგორც "ქართლის ცხოვრებაში", ისე იკითხება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი და მრავალწახნაგოვანი ისტორიის ტკივილიანი ფურცლები. ათასწლეულებს ითვლის საგუნდო საშემსრულებლო მუსიკალური კულტურის ტრადიცია. ქართული სასიმღერო ფოლკლორის დაცვასა და აღორძინებას წლების განმავლობაში ემსახურებოდა მაღალპროფესიონალური ანსამბლი "ფაზისი".

ამ ანსამბლის მომღერალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ ქართული სიმღერის დიდი მოჭირნახულე, ნიჭიერი ლოტბარი და უზადო მომღერალი, ბატონი რეზო ჭკადუა. ბატონი რეზო ახლაც ნაყოფიერად იღვწის პედაგოგიურ სარბიელზე და წინაპართა მემკვიდრეობას ამჟამად 26-ე ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს გადასცემს. ჩამოაყალიბა ვოკალისა და ფოლკლორის განყოფილება (სკოლის დირექტორი ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ჟანა თეთრაშვილი გახლავთ). ახლა უკვე მომავალი თაობა ოსტატდება წინაპართა სიმღერების შესრულებაში.

- ბატონო რეზო, რომელ ანსამბლში დაიწყეთ სასიმღერო მოღვაწეობა?

- საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც ბატონი ანზორ კავსაძე ხელმძღვანელობდა. 18 წლის ვიყავი, როცა აქ მოვედი.Aახლა ამ ანსამბლს "ერისიონი" ჰქვია. "გორდელაშიც" ვიყავი. შემდეგ იყო "კოლხეთი", რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. არსებობდა ასევე ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი, რომელსაც ამჟამად "თბილისი" ჰქვია.

- ყველაზე დიდი დრო "ფაზისში" გაატარეთ. გვიამბეთ აქ თქვენი მოღვაწეობის შესახებ.

- 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "ფაზისი". ახალგაზრდა მეცნიერები ჩვენი ერის სულიერი საგანძურის შესწავლით ვიყავით დაინტერესებულნი. გასამრჯელოს არ ვიღებდით, არც გასტროლებზე სიარული იყო ჩვენი მიზანი. უბრალოდ, სიმღერა დიდ ბედნიერებას გვანიჭებდა. ვმონაწილეობდით ფესტივალებში, კონკურსებში და სადაც კი მივდიოდით, ყველგან ვიმარჯვებდით. 15 წელი ვიმუშავე მეცნიერებათა აკადემიაში... ბოლოს ზვიად გამსახურდიას მომხრეობის საბაბით გამომისტუმრეს.

- უამრავი კონცერტი გაქვთ ჩატარებული საქართველოში და საზღვარგარეთ... რამდენად საშური საქმე იყო იმ პერიოდისთვის ქართული ფოლკლორის საზღვარგარეთ გატანა?

- საქართველოს კულტურის საზღვარგარეთ გატანა იყო გასაოცარი მოვლენა. პირველი ჩვენი გასვლა შედგა გერმანიაში, რომელიც შემდეგ პოლონეთში გაგრძელდა. ეს იყო 2-თვიანი გასტროლები. 80-კაციანი ანსამბლი იყო. სულ ახალგაზრდა, 18-19 წლის ბიჭი ვიყავი. მაშინ საზღვარგარეთ არცერთი ანსამბლი არ დადიოდა "სუხიშვილების" გარდა.

ბავშვობიდან სულ თავისუფლებას ველტვოდი... საქართველოს ისტორიას რომ ვკითხულობდი, მეტირებოდა და ლეონიძის უკვდავი სიტყვები მახსენდებოდა: "შეხედე, ყველა ფურცელი გულზე ნაწოლი ლოდია... დოლბანდიანი ჯარები სიკვდილის პირით მოდიან".

- საგასტროლო მოგზაურობებიდან განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?

- პოლონეთიდან მომავლებმა როგორც კი საზღვარი გადმოვლახეთ და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოვჩნდით, ვაგონის გამცილებელმა გამოგვიცხადა, - ამხანაგებო, თქვენ უკვე თქვენს სამშობლოში ხართო. ანსამბლის წევრები აჯანყდნენ, ეს ჩვენი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლო საქართველოა და კავკასიიდან იწყებაო. გავოგნდი. მეგონა, მარტო მე ვიყავი პატრიოტი. საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა. მაშინაც თითქმის ყველა ქართველს შეგნებული ჰქონდა, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა. ქართველის სისხლში ოდითგანვე იდო თავისუფლებისა და ღირსების კოდი...

შემდეგ ინგლისში ჩავედით, შექსპირის ქალაქში. ყველგან გაკრული იყო ჩვენი აფიშები, რომ ანსამბლი "ფაზისი" გამოდიოდა სცენაზე "სუხიშვილების" სტუდიის მოცეკვავეებთან ერთად. აფიშაზე კი ასე ეწერა: "რუსული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი". სადაც კი ჩავდიოდით, ყველგან ინტერესდებოდნენ ქართული კულტურით. დარბაზები ყოველთვის სავსე იყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ სანამ შეცდომას არ გამოასწორებდნენ, მანამ კონცერტს არ გავმართავდით. მოიყვანეს იმ ქალაქის რადიო და იქაც დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ რუსები არ ვიყავით, არამედ წარმოვადგენდით მრავალსაუკუნოვან და თვითმყოფად ქართულ კულტურას. ანსამბლში გვყავდა ინგლისურის კარგი მცოდნე მეცნიერი, გვარად შურღაია. მან განუმარტა კორესპონდენტებს, რომ ჩვენი და რუსების კულტურა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.Qქალაქის მოსახლეობასაც გავაგებინეთ ეს და მაყურებელსაც. თუმცაAამას, რაღა თქმა უნდა, დრო დასჭირდა, რის გამოც კონცერტიც გადაიდო.

- როგორც ვიცი, განსაკუთრებული იყო თქვენი გასტროლები ნორვეგიაში...

- სამჯერ ვიყავით ამ ქვეყანაში. გავიხსენებდი, როგორ ჩავიტანეთ ქართული დროშა, რომელიც მაშინ კუსტარულად იკერებოდა. დროშა ჩვენ თვითონ შევკერეთ. იმხანად ეროვნული ხელისუფლება ახალი მოსული იყო სათავეში. ჩვენ გვინდოდა, გაგვეგებინებინა იქაურებისთვის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები ვიყავით. რუსეთის საელჩომ არაფრის დიდებით არ მოგვცა უფლება, ჩვენი დროშა გამოგვეფინა ნორვეგიაში. არადა ჩვენი დროშის ადგილი ცარიელი იყო. 20 სახელმწიფოს წარმომადგენლობა იყო ჩამოსული და ყველას დროშა ფრიალებდა. იმდენი ვქენით, რომ მათ უზარმაზარ დროშებს შორის ჩვენი პატარა ალამიც ავაფრიალეთ. რაც შეგვეძლო, ის მაინც გავაკეთეთ. ასე რომ, იქაც დავამარცხეთ რუსები.

ნორვეგიაში, ერთ-ერთ ფესტივალზე, ვიმღერეთ მეგრული სიმღერა "მახარია". სხვათა შორის, ეს სიმღერა პირველად ჩვენ დავნერგეთ, ჩავწერეთ და გავიტანეთ სცენაზე. ამ სიმღერის შესრულებას დარბაზში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ხალხი ტიროდა. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ევროპელები ამბობდნენ, - ჩვენ გვეგონა, რომ თითქმის უგრძნობნი გავხდით და თქვენ ადამიანური გრძნობები გაგვიღვიძეთო. გაზეთებშიც დაიწერა ეს ამბავი.

ამა თუ იმ ქვეყანაში, კონცერტის დასასრულს, იმ ქვეყნის სიმღერასაც ვმღეროდით. მოგეხსენებათ, ქართული ბუნება ერთხმიანობას ვერ ეგუება. ამიტომაც ერთ-ერთი ნორვეგიული სიმღერა ოთხხმიანად გადავაკეთეთ და ასე შევთავაზეთ იქაურ მსმენელს, რომელსაც იმდენად მოეწონა ხმებში გაშლილი მათივე ნაციონალური სიმღერა, რომ მაშინვე ჩაწერეს რადიოში. მერე კი, ფესტივალის საიუბილეო თარიღზე, გამორჩეულ სიმღერად აღიარეს და 10 წლის შემდეგაც მიგვიწვიეს ამავე ფესტივალზე. ერთ-ერთ ეკლესიაში ჩავატარეთ დიდი კონცერტი, რომელიც ღამის სამ საათამდე გაგრძელდა. დარბაზიდან აღარ გვიშვებდნენ.

იქვე ჩავწერეთ საგალობლების დისკი, რომელიც, სხვათა შორის, პირველად გამოვიდა საქართველოში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ დღეში ჩაიწერა ეს დისკი - 18 სიმღერა. იმდენად ძლიერი და ენერგიული იყო "ფაზისის" კოლექტივი, რომ ეს გახლდათ მართლაც უპრეცედენტო მოვლენა. იმავე საღამოს კონცერტიც გვქონდა.

- ქართული კოლექტივები არასოდეს გადიოდნენ საგასტროლოდ მხოლოდ სიმღერით, მიჰყავდათ ინსტრუმენტული და ქორეოგრაფიული ანსამბლებიც...

- გამონაკლისი იყო ანსამბლი "ფაზისი", რომელიც საფრანგეთში გავიდა მხოლოდ სიმღერით, 10-კაციანი შემადგენლობით. ჩვენი პროგრამის პირველ ნაწილს შეადგენდა ქართული მართლმადიდებლური საგალობლები და საწესჩვეულებო სიმღერები.

მომღერლებიდან მხოლოდ მე მქონდა დამთავრებული კონსერვატორია და აქედან გამომდინარე, მე მიხდებოდა დავა ისეთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ქართული პოლიფონიური სიმღერა და გალობა. მოსკოვში გვედავებოდნენ, ეს ბიზანტიური საგალობლებია, ასეთ პატარა ქვეყანას სად ექნება ასეთი ჩინებული საგალობლებიო. მიწევდა ახსნა, რომ ბიზანტიური საგალობლები, ქართულისგან განსხვავებით, ერთხმიანია.

- ბატონო რეზო, რამდენად მისაბაძი და მისასალმებელია "ფაზისის" მსგავსი ფოლკლორული ანსამბლების მომრავლება, მეტადრე დღეს, როდესაც მასობრივი კულტურის მოძალების ფონზე ქვეითდება ჭეშმარიტი კულტურული ღირებულებები?

- ერის სულიერი საგანძურის მოვლა-პატრონობა საუკეთესო საშუალებაა მომავალი თაობის პატრიოტული და ესთეტიკური აღზრდისათვის. რაც მეტი ასეთი ანსამბლი გვეყოლება, უკეთესია, რადგან უკვდავია ხალხი, რომელიც თავის მრავალსაუკუნოვან მდიდარ ფოლკლორულ შემოქმედებას არ ივიწყებს, მოწიწებით ეპყრობა ერის სულის გადამრჩენელ და უკვდავმყოფელ წინაპართა ქმნილებებს.

ხალხის ხსოვნაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი უამრავი სიმღერა. საჭიროა მათი ნოტებზე გადატანა...

- საუკუნეთა მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება გვქონია, მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი არასოდეს განელებულა...

- ნათქვამია: სიმღერა ყველა ტკივილს აქარვებსო. "სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება კუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა", - ამბობდა ილია. სიმღერა ცრემლია და საქართველოს ვაჟკაცური ისტორიაც ასეთი ცრემლია.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხური შემოქმედება ერის ისტორიის შესწავლისათვის?

- სიმღერაში გადმოცემულია ჩვენი წინაპრების შეხედულება სიკეთეზე, ბოროტებაზე, მფარველ ძალებზე. ქართულ სიმღერაში გამოხატულია საოცრად ნაზი, უღრმესი სევდა (თვით ომახიან სიმღერებშიც კი) - ქართველი კაცი არასოდეს ყოფილა დალხენილი. ქეიფობდა თუ შრომობდა, მაინც მტერზე ფიქრობდა და ღმერთს ლოცულობდა.

სანამ ამა თუ იმ სიმღერას შევასწავლიდე ჩემს მოსწავლეებს, ჯერ ვაცნობ მათი შექმნის ისტორიას. ეს უქმნით ამ სიმღერის შესაფერის განწყობას და ბგერაც უფრო თამამად, ძალდაუტანებლად მოდის. ასე ცოცხლდება წარსული.

ჩვენი წინაპრები თავდაუზოგავად შრომობდნენ ამ მიმართულებით. მათ ხმებში იკვეთებოდა ქართული მიწის სურნელი და მზის სითბო. საუკენეების მანძილზე მათ წრფელი გულითა და რომანტიკული გატაცებით ატარეს ქართული სიმღერის ჰანგი.

- ქართულ გალობას რამდენად უთმობთ ყურადღებას?

- ქართული მრავალხმიანი გალობა ჩვენი ერის სულიერი და მუსიკალური კულტურის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს. სიმღერა გალობიდან იწყება. თუ კარგად გალობს ადამიანი, სიმღერა აღარ გაუჭირდება. ქართულ გალობაში განსხეულებულია ადამიანის ყველაზე მაღალი და ნატიფი გრძნობები, რელიგიური მრწამსი. ეს რომ უზადოდ შეძლო, სუფთა სინდისი და წრფელი გული უნდა გქონდეს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ცხადად გიგრძნიათ ღვთის დახმარება?

- ღვთის დახმარებას ყოველთვის ვგრძნობდი. ყოველი კონცერტის დაწყების წინ გულში ვლოცულობდი, ღმერთს შემწეობას ვთხოვდი. რაც უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, თავდაჯერებული მაინც ვერ იქნები, გარდა ამისა, არ იცი, როგორ იმღერებ. ხანდახან ხმაც არ გემორჩილება და შეგრძნება გაქვს იმისა, რომ ღმერთის ხელში ხარ. უფლის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. ყველა სასიკეთო საქმეში მისი ხელია ჩარეული.

- რა მნიშვნელობა აქვს სიმღერის დროს ჩვენი ეროვნული სამოსის ჩაცმას?

- მომღერალს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ჩოხა, ქამარ-ხანჯალი. ჯერ ერთი, როცა ჩოხაზე ქამარი გაქვს შემორტყმული, უფრო გამართულიც ხარ წელში. ქართული სიმღერის წარმატების დიდი ნაწილი სამოსის დამსახურებაა. განსაკუთრებით ეს საზღვარგარეთ მოსწონთ. მხნეობა და ვაჟკაცური თვისებები, რაც ოდითგანვე ჩვენს ერს ახასიათებდა, თავს იჩენს ფოლკლორშიც და სამოსშიც. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის საქართველოს განუმეორებელ კოლორიტს.

- რას გვეტყოდით საუბრის დასასრულს?

- ადამიანი წინ, მომავლისკენ უნდა მიდიოდეს, მე კი სულ უკან ვიხედები, წარსულისკენ. ჩემი "წინ" იქ არის, წარსულში. ვცდილობ, იმ გზის პოვნას, რომელიც სიმღერის ფუძესთან მიმიყვანს, ძველთან დამაბრუნებს. ახლანდელი ბგერა მკვეთრად განსხვავდება ძველი, თუნდაც საუკუნის წინანდელი ბგერისაგან.Aახლანდელი ბგერა ცოტა მკვახეა, თითქოს ჟღრიალებს. ძველი კი რბილი იყო და ნარნარი. სხვათა შორის, ეს მეცნიერებმაც დაასაბუთეს: მანქანურმა ცივილიზაციამ, გამონაბოლქვმა ხმის იოგები გააუხეშა.Bბგერაც შეიცვალა. ადრე უფრო ჯანსაღი და სუფთა ჰაერი იყო და მაშინდელი სიმღერა - თბილი, დახვეწილი. ჩვენი წინაპრების აზროვნება, ქცევა, ცხოვრებაც სულიერებით იყო აღბეჭდილი. ამიტომაც განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული იგრძნობა წინაპრების სიმღერაში.

ვაზის ლერწის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის, ლამის მარად ღვივის. ოღონდ მას ხშირი ჩხრეკა და თვალყურის მიდევნება სჭირდება.

მრავალჟამიერ ენთოს ის ცეცხლი, მრავალჟამიერ ისმოდეს ქართული სიმღერა "საკვირველი და შეურყვნელი"...

ბეჭდვა
1კ1