აი ია
აი ია
ენა ის ღვთაებრივი ორგანიზმია, რომლის სიყვარული ღმერთთან აახლოებს ადამიანს
"ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,

ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული".
გიორგი ლეონიძე

რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობა ჩვენი უხილავი, ყველაზე სასურველი თანამგზავრია. ცხოვრება წარმავალი გრძნობების ხეივნებით მიედინება. ამბობენ, დრო მოგონებებს ახუნებსო, მაგრამ ჩვენში ისეთი სანუკვარი მოგონებებიც მარხია, რომელთა წინაშე დრო უძლურია. ცელქი შაქარას, ამპარტავანი კატოს, ჯიუტი ვანოს, ზარმაცი გიგოს, ბეჯითი ნუცას და კიდევ უამრავი დაუვიწყარი სახის გახსენებაზე მართლაც რომ "ოქროსხმიანი სიმები" ირხევა სულში. ეს ყველაზე მგრძნობიარე და სათუთი სიმებია, რომელთა შეხებაც ბავშვობის იდუმალ ხმებს გამოსცემს. "დედაენა" წმინდა წიგნია, დედასავით მშობლიური და ერთადერთი. მისი შუქი და სითბო შორეული ბავშვობიდან გვინათებს, გვათბობს, გვეფერება, გვმოძღვრავს და მარადიულად გვიხმობს თავის უსპეტაკეს წიაღში. ირაკლი აბაშიძემ "დედაენას" ასეთი საოცარი სიტყვებით მიმართა: "შენ, მწარე ლხინო და ტკბილო სევდავ!" მართლაც, იგი ტკბილია, როგორც "აი ია"-ს სურნელი, ხოლო სევდანარევია, როგორც უკან დარჩენილი ბავშვობის მონატრება. ეს მადლმოსილი წიგნი მრავალი შემოქმედის შთაგონების წყარო გახდა. ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის ძეგლი "დედაენა" სწორედ ამ წიგნის სადიდებელია. გვესაუბრება მისი მეუღლე, პოეტი ლია სტურუა:

- ელგუჯამ "დედაენის" ძეგლის შექმნა თვითონ მოიფიქრა. მას ძალიან უყვარდა წერა. ენას კარგად ფლობდა, სიტყვებს თავის ჭკუაზე დაატარებდა, ეკამათებოდა, ეთამაშებოდა. სიტყვის ხელოვნება ხომ მძივებით თამაშს ჰგავს. მაშინ ასე შებღალული არ იყო ქართული ენა. ახლა მისი სიყვარული გაგვიძლიერდა კიდეც, როგორც ავადმყოფი შვილისა. მე მგონია, რომ ეს ძეგლი სიმბოლოა არა მარტო "დედაენისა", არამედ მისი გაფრთხილების, შვილებისთვის გადაცემის, მარადიული შენარჩუნებისა.

ბავშვს, რომელიც თითქოს მიფრინავს, ფეხებთან იის ბუჩქი ეზრდება, მის თავზე ზარია ჩამოკიდებული (ასოციაცია სკოლის ზართან და ეკლესიის სამრეკლოსთანაც). ენა ის ღვთაებრივი ორგანიზმია, რომლის სიყვარული, რომლის სტიქიასთან ურთიერთობა ღმერთთან აახლოებს ადამიანს.

გაჭირვების დროს ის ია ამოგლიჯა ვიღაცამ და ბრინჯაოს ჯართად გაყიდა. ეს რომ ვნახეთ, ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქოს იაკობ გოგებაშვილის იას სული ამოართვეს, პირველი წიგნის პირველი სიტყვები - "აი ია" - წაართვეს ბავშვებს.

როდესაც ელგუჯა მემედ აბაშიძის ძეგლზე მუშაობდა, მისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ამ პიროვნების ბრძოლა ქართული ენის დასაცავად. მემედ აბაშიძე, რომელიც მთელი სიცოცხლე საქართველოს გაერთიანებისა და ქართული ენის სიწმინდისთვის იღვწოდა, თავის მეგობრებს, თანამებრძოლებს ერთი საოცარი, მისივე მოგონილი სიტყვით მიმართავდა: "ჩემო თანამოდარდენო". პოეტი თუ იტყოდა ასე. და მით უფრო პატივისცემის ღირსია ადამიანი, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც პოეტივით ფიქრობს.

- როდის გაიხსნა "დედაენის" ძეგლი, საზოგადოება როგორ შეხვდა მას?

- ძეგლის გახსნას უამრავი ხალხი დაესწრო. მაშინ რუსეთიდან ხშირად მოდიოდა ბრძანებები სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც ქართული ენის სწავლების შეზღუდვის შესახებ. ქართველები კი მსგავს დადგენილებებს დედაენის ძეგლითა და 14 აპრილის გამოსვლებით ხვდებოდნენ.

ამიტომ ამ ძეგლის გახსნას ეროვნული ზეიმის ხასიათი ჰქონდა. მახსოვს, ერთმა თანამდებობის პირმა გაიკვირვა: - ეს ჩამოკიდებული ბიჭი რას ნიშნავსო. მე ეს გავიგონე და ვუპასუხე: - ეს ბიჭი მიფრინავს, კი არ კიდია; მას ოცნება და პოეზია უბიძგებს, მაგრამ ზოგს მარტო ფორთხვის უნარი უბოძა ღმერთმა-მეთქი. გარშემო ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს რაღაც მკრეხელობა წამომცდა.

- "დედაენასთან" არის დაკავშირებული ჩვენი სანატრელი ბავშვობის ყველაზე სანუკვარი მოგონებები. რას ნიშნავს ეს წიგნი თქვენთვის?

- ეს მხოლოდ კონკრეტული წიგნის, "დედაენის", ძეგლი არ არის, ზოგადად - მშობლიური ენის ძეგლიცაა, რომელსაც ძალიან უპატივცემულოდ ვეპყრობით ახლა. ინგლისური დიდებული ენაა, დიდი ლიტერატურის ენა, მაგრამ როცა მთავარი სიტყვებია: "ჩეინჯი", "მარკეტინგი", "მენეჯმენტი" და ა.შ., - შექსპირი, დიკენსი თუ უიტმენი არავის ახსენდება. უფრო მეტიც არ იციან, არ სჭირდებათ და რაღას გაიხსენებენ?

წიგნი "დედაენა" მართლაც ყველაზე ბედნიერ ხანას - ბავშვობას გახსენებს და მადლობელი უნდა იყოს ყველა ქართველი იაკობ გოგებაშვილისა, რომ ამ ენის სწავლა პოეზიით იწყება (მისი წვეთებით, მისი მარცვლებით). "აი ია" - ქართველი ბავშვის პირველი მწიგნობრული გამოთქმა - პოეზიაა, რომელსაც მერე მოჰყვება უფრო დიდი და მაღალი პოეზია:

"იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
ეგრე მოლხენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო".


- "დედაენის" მიმართ დამოკიდებულება თქვენ ერთი პატარა ლექსით, სონეტითაც გამოხატეთ...

- თუ ნებას მომცემთ, მთლიანად მოვიყვან მას:

"ჯერ კიდევ მაშინ, "დედაენას" რომ კითხულობდი
და მელნისფერი სახეები თავს გევლებოდნენ,
მაშინაც პირში ჩიტი გყავდა გამოვლებული
და ანბანთქება მოდიოდა გაზაფხულივით.
თითქოს რვეულში კი არ წერდი სიტყვას უცაბედს,
პირდაპირ ტანზე იხატავდი, როგორც ქსოვილზე
და იების სუნს ინახავდა ბოლო თოვლივით
ბიბლიოთეკის დაფურცლული თბილი მუცელი.
მან შეგაჩვია მარტოობას, სიტყვებით თამაშს;
უთოს და თუთას ერთმანეთი უყვართ უთუოდ
უფრო ტკბილად და უკამათოდ, ვიდრე დედ-მამას.
რა ბნელში მოხვდი, ვეღარ გწვდება მათი აურა,
კიდეც რომ მოკვდე, იებს მაინც გვერდს ვერ აუვლი
და დედაენას გაყინული სახე უთბება..."


- მახსოვს, ჩვენს ბავშვობაში მასწავლებლებს მივყავდით ამ ძეგლთან. 14 აპრილს იმართებოდა კულტურული ღონისძიებები, ზეიმები, რაც ემსახურებოდა ბავშვში დედაენისადმი სიყვარულისა და მოწიწების გრძნობის აღზრდას. რამდენად არის დღეს ეს ტრადიცია შენარჩუნებული და რამდენად სასარგებლოა იგი?

- დღეს ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, შეცვალა საკუთარი ენის მიმართ უდიერმა (აგდებულმა!) დამოკიდებულებამ. ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: "ენის დამახინჯება შეურაცხყოფს არა მარტო გრამატიკას, არამედ ადამიანის სულსაც".

14 აპრილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, რადგან ამ დღეს ქართველებმა არ გააბედვინეს რუს ჩინოსანს თავიანთი ენის ხელყოფა. ღმერთმა ქნას, რომ სულ ასე ვიყოთ განწყობილნი ყველა ეროვნების ჩინოსნების და ჩვენი მშობლიური ენის მიმართ. გავიხსენოთ ხოლმე გალაკტიონი:

"მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე,
მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით,
ილაპარაკეთ, გევედრებით, ოღონდ ქართულად,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!"

ბეჭდვა
1კ1