გრძნობდა, რომ არ ძალუძდა მთელი სისავსით გამოეხატა იდეალური ქრისტიანის ხატი, რომელიც მის სულში ცხოვრობდა
გრძნობდა, რომ არ ძალუძდა მთელი სისავსით გამოეხატა იდეალური ქრისტიანის ხატი, რომელიც მის სულში ცხოვრობდა
ნიკოლოზ გოგოლი სწორედ მაშინ გამოაცხადა ამ სოფელმა გიჟად, როცა ის სასურველი უფლისკენ შებრუნდა. ერთხელ ესტუმრა პაგოდინს, სადაც იმდროინდელი მოსკოველები იკრიბებოდნენ. გოგოლი ჩვეული ეგზალტაციით საუბრობდა თავის სულიერ ძიებაზე - ჩემნაირად ცხოვრებაარ შეიძლება, მაგრამ როგორ ვიცხოვრო, არ ვიციო. სახარებას თუ კითხულობო, - ჰკითხა პაგოდინმა.
ვკითხულობ და სწორედ მან მითხრა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ როგორ შევცვალო და წმინდა გავხადო, არ ვიციო, - მიუგო.
წმინდანთა ცხოვრების წაკითხვა ურჩიეს.
- მე წავიკითხე ეს ცხოვრებები. წმინდანები ყველანი ღმერთისკენ ისწრაფოდნენ, მაგრამ ერთი თავმდაბლობით ცხონდებოდა, მეორე - მოთმინებით, მესამე - განსჯით, ყველანი სხვადასხვა გზით მივიდნენ ღმერთთან. მეც მინდა ღმერთთან მისვლა, მაგრამ მისკენ სავალ გზასაც ვერ ვპოულობ და არც "კაცი არა მაქუს" (იოანე 5,7), - გოგოლმა სილოამის საბანელთან მყოფი განრღვეულის სიტყვები გაიხსენა. "ამისათვის მონასტერში უნდა წახვიდეთ, იქ არის ასეთი კაცი", - უთხრა პაგოდინმა.
- მონასტერში? რა უნდა ვნახო იქ? ვიყავი იტალიაში კათოლიკე მონაზვნებთან, მაგრამ არ დამაკმაყოფილეს.
პაგოდინმა მას კალუჟის გუბერნიაში ოპტის უდაბნო მიასწავლა, სადაც იმ დროს მამა მაკარი მოღვაწეობდა. გოგოლი მამა მაკართან გაემგზავრა. ამბობენ, რომ მამა მაკარმა იგრძნო გოგოლის მისვლა, სწრაფად სცემდა ბოლთას და თავისთან მყოფ ბერს ეუბნებოდა: - გული მიღელავს, თითქოს რაღაც არაჩვეულებრივი რამ უნდა მოხდეს, თითქოს ვიღაცას ველიო. ამ დროს გოგოლის მოსვლა შეატყობინეს. "სთხოვეთ, შემობრძანდეს". მათ საუბარს არავინ შესწრებია, მაგრამ შედეგით ვხვდებით, თუ რაოდენი გავლენა უნდა მოეხდინა მამა მაკარის სიტყვებს გოგოლის სულზე. ბერის კელიიდან გამოსულმა თქვა: - დიახ, მართალი უთქვამთ! იგი ერთადერთია, ვისაც აქვს ხელმწიფება და ძალა, წყაროცხოველისკენ წაიყვანოს ადამიანი.
გოგოლი ხელახლა იშვა. თვითონაც ამბობდა: "ბერთან ერთი შევედი და სხვანაირი გამოვედიო".
გოგოლმა "მკვდარი სულების" პირველი ნაწილი დაწერა. მაგრამ იქ წარმოდგენილმა სულისშემძვრელმა გარემოებამ თვითონ მწერალიც შეაშინა. იმედოვნებდა, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებისეული ზღვის ქაფი იყო. წიგნის მეორე ნაწილის დაწერას აპირებდა, სადაც მას მართლმადიდებელი რუსი კაცი უნდა გამოესახა მთელი თავისი რწმენითა და მშვენიერებით. მაგრამ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, არ იცოდა. სწორედ ამ დროს შეხვდა მამა მაკარს.
განახლებული სულით გაემგზავრა გოგოლი ოპტიდან. მუშაობდა "მკვდარი სულების" მეორე ნაწილზე, მაგრამ გრძნობდა, რომ არ ძალუძდა მთელი სისავსით გამოეხატა იდეალური ქრისტიანის ხატი, რომელიც მის სულში ცხოვრობდა და ამიტომაც იმედგაცრუებულმა დაწვა "მკვდარი სულების" მეორე ნაწილი. მეგობრებმა და მისმა თანამედროვეებმა ვერ გაუგეს, რა დაემართა. თვით ბრძენმა ბელინსკიმაც კი გამოლანძღა. გოგოლი გაგიჟდაო, - იძახდა მთელი რუსეთი. ნიკოლოზ გოგოლი ჭეშმარიტ ქრისტიანად გარდაიცვალა. მხოლოდ ერთზე წუხდა სიკვდილის წინ ახლო მეგობრების წინაშე: - ეჰ, რა ბევრი დავკარგე, რა საშინლად ბევრი დავკარგეო. რა დაკარგეო, - ჰკითხეს. ის, რომ ბერი არ გავხდი, რომ მამა მაკარმა არ დამტოვა თავისთან სკიტშიო.

ბეჭდვა
1კ1