"ვიდრე ეკლესიებში საქართველოში დამზადებული ნივთებით არ ჩატარდება წირვა-ლოცვა, მანამდე მადლი ნაკლებად მოგვეცემა"
"ვიდრე ეკლესიებში საქართველოში დამზადებული ნივთებით არ ჩატარდება წირვა-ლოცვა, მანამდე მადლი ნაკლებად მოგვეცემა"
ბატონ პაატა ღონღაძის შემოქმედებას კარგად რომ გავცნობოდი, სახელოსნოში ვესტუმრე. მოჭედილი ხატების სიმრავლე მაშინვე თვალში გხვდება.

- თქვენმა საქმემ დაგაახლოვათ ეკლესიას?

- სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ იქვე 30 წელი პედაგოგად ვიმუშავე. შემოქმედებას ვეღარ შევუთავსე პედაგოგობა და წამოვედი. სამხატვრო აკადემიაში მარტო ჭედურ ხელოვნებას მივდევდი. კანონიკისა არაფერი გამეგებოდა. ყველაფერი ღვთის ნებაა და მერე სახარების მოჭედვის სურვილი გამიჩნდა. ერთხანს თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ვცხოვრობდი. აკადემიის თანამშრომლებს და სტუდენტებს უფრო იოლად გვქონდა ოქროს ფონდში შესვლის უფლება. საათობით ვიდექი და ვაკეთებდი ჩანახატებს. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ფაქტობრივად, ერთი აკადემია იქ დავამთავრე. მიხარია, რომ სამი მეუფე გვყავს სამხატვრო აკადემიადამთვრებული. ერთ-ერთი - შემოქმედელი მღვდელმთავარი იოსები (კიკვაძე) ჩემი ჯგუფელი გახლდათ. მეუფე სერაფიმეს და მეუფე ისაიასაც სამხატვრო აკადემია აქვთ დამთავრებული, პროფესიონალი მხატვრები არიან და მერე დაადგნენ სასულიერო გზას.

ფაქტობრივად, ეკლესიის ნებისმიერ ნივთს, რაც კი გამოიყენება მსახურების დროს, ყველაფერს ვაკეთებ. ქართული ჭედურობა მსოფლიოში განსხვავებულია. ნახევარი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, საქართველოში კუთხე არ დამიტოვებია. შედარებას და ანალიზს რომ ვაკეთებ, ვხვდები, რომ ორნამენტიც უნიკალურია და ქართული სტილიც. თუნდაც ბედიის ბარძიმი, მსოფლიოს ნებისმიერი შედევრის გვერდით რომ დადო, მეტი თუ არა, ნაკლები არაფრითაა.

რომ გითხრათ, ზედმიწევნით ვიცავ იმას, რაც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა დაიცვას-მეთქი, არ ვიქნები მართალი, ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩემი მოძღვრის, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მამა მიქაელის ლოცვა-კურთხევით, ვცდილობ ამის შესრულებას. მამა მიქაელი შემთხვევით აღმოვაჩინე - აფხაზეთში ერთად ვიბრძოდით. მაშინ სასულიერო პირი იყო. საომარ ოპერაციაზე მიმავალთ გვაზიარებდა ხოლმე. მერე აქ რომ ვნახე, თვითონ მიცნო. აბსოლუტურად სხვანაირად წავიდა მერე ჩემი საქმე, ყველა პრობლემა მომეხსნა, თან დამემატა, იმიტომ, რომ რაც მეტი იცი, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. თავიდან, როგორც მხატვარი, ისე ვუყურებდი ჩემს საქმეს და არა სასულიერო მიმართულებით. გამიათმაგდა პასუხისმგებლობა, რადგან ღვთის საქმეს ვაკეთებ. ბედმა გამიღიმა და რამდენჯერმე უწმინდესს შევხვდი. ინტერესით მოვუსმინე და გამაოცა, ამდენი პრობლემის, ამდენი საქმის გადაწყვეტა რომ უხდება. ისეთი მითითებები მომცა, ისე დელიკატურად, წლები რომ მეფიქრა, ვერ მიხვდებოდი. შენიშვნის დროს ასე მომმართავდა, - თქვენ როგორ ფიქრობთ, ასე ხომ არ აჯობებს. მერე ხვდები, რა არის გასასწორებელი და ამით უწმინდესიც ხარობს. ვიდრე ეკლესიებში საქართველოში დამზადებული ნივთებით არ ჩატარდება წირვა-ლოცვა, მანამდე მადლი ნაკლებად მოგვეცემაო, - ბრძანა უწმინდესმა პირად საუბარში.

მას მერე დავიწყე ქართული ნივთების დამზადება. ღვთის წყალობით, ტაძრები შენდება, მრევლი მრავლდება. უწმინდესის კურთხევა გვაქვს, გავაკეთოთ ყველაფერი ქართული. სახარებით დავიწყე და ბარძიმზე გადავედი. მართალი გითხრათ, საცეცხლური არ მიცდია. გავაკეთე ასევე სანაწილე. თავის დროზე ამის ძალიან დიდი კულტურა გვქონდა.

ვაკეთებ ყველაფერს - დაწყებული ჭიშკრით, გუმბათის ჯვრით დამთავრებული. მელითონე მოქანდაკე ვარ.

პირველი ნამუშევარი ოპიზის წყაროსთავის ტრაპეზის სახარების მიხედვით დამზადებული ტრაპეზის სახარება იყო. კარგა ხანს ვიმუშავე. ახლა ტბეთის ვარიანტი მინდა გავაკეთო. ბედიის მსგავსი ბარძიმებია დიდი სამების ტაძრის სამ საკურთხეველში, სამთავროში - ვერცხლისა, სვეტიცხოველშიც. ვიდრე ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს, მანამდეც მომწონდა ბედიის ბარძიმი. რომ ვნახე, ტაძარში არ იყო ქართული ბარძიმები, რამდენიმე ვარიანტის გაკეთება (მათ შორის მინანქარშიც) ვცადე ჩემს მეგობართან - სოსო ზანგალაძესა და სოსო ხონელიძესთან ერთად. მერე ვიფიქრე, რომ გაგვეკეთებინა ბედიის ბარძიმის ასლი და დავიწყეთ გაკეთება. თითქმის იდენტურობას მივაღწიეთ. ბედიის ბარძიმის უკვე ოცამდე ნამუშევარია სხვადასხვა ტაძარში.

ხატებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მაქვს გაკეთებული. ძირითადად სოფელ საჭამიასერში მშენებარე ბარბარეს სახელობის ტაძრისთვის გავაკეთე ყველა ხატი, ყველა ნივთი, დაწყებული ბარბარეს ხატით, კანკელის ხატებით დამთავრებული. ყველაზე მთავარი და საპასუხისმგებლო აღსავლის კარების მოჭედვა გახლდათ, რომელიც დავით კაკაბაძესა და რამდენიმე მეგობართან ერთად გავაკეთე. კარებზე წმინდანების გამოსახულებაა, ოთხი მახარებლით დამშვენებული. მინანქრით გამშვენება უკვე მხატვრის პრეროგატივაა. ეს ვარიანტი მოეწონა პატრიარქს, თავადაც ჩაერია ესკიზის კორექტირებაში, ძველი ქართული ორნამენტით გავაკეთეთ. როგორც თავად ტაძარია ძველი ქართული სტილით აგებული, კარიც ასე მოვარგეთ...

მეუფე დავითის (მახარაძე) რჩევით და ლოცვა-კურთხევით, ვასრულებ თითქმის ყველა ნამუშევარს, ასევე ხელოვნებათმცოდნე ქალბატონ ნანა ბურჭულაძის მითითებებსაც ვითვალისწინებ. მხატვრობაში ყველაფერი გასათვალისწინებელია. ძალიან მინდა, არაქართული გადაპრიალებულ-გადაბრდღვიალებული საეკლესიო ნივთები ნელ-ნელა ქართულით ჩავანაცვლოთ. ძველი თაობის მშვენიერი მხატვრები გვყავს, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც მოდიან. ამ საქმეს რომ მოჰკიდონ ხელი, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ.

- როგორია მუშაობის პროცესი?

- ხატმწერ-ოქრომჭედლები მონასტრებში ლოცულობდნენ, ყველანაირ წესს იცავდნენ, მარხულობდნენ. ბერების შექმნილია, ძირითადად, რაც შემოგვრჩა, ან ეკლესიასთან დაახლოებულებისა. პირადად მე შინ ვერ ვმუშაობ, სახელოსნოს ვარჩევ. ამჯერად ვმუშობ ღვთისმშობლის ხატზე. ნებისმიერ ხატს უხდება შემკობა და შემოსვა, გამშვენება. უწმინდესმა ასე გვითხრა, - თქვენ ხართ ხატების გამამშვენებლებიო.

ნებისმიერი საეკლესიო ნივთი ღვთის წყალობით იქმნება... ზოგი ადრე ხვდება ამას, ზოგი - გვიან. მართლაც ღვთის წყალობაა, რომ შექმნა ისეთი ნივთი, სიწმინდე, რაზეც ხალხი ლოცულობს. დიდი მადლიც არის და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. მადლობა უფალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდობა და ჩემი ნახელავით ამშვენებს ეკლესია-მონასტრებს.
ბეჭდვა
1კ1