ქართველი პოეტი ქართულად ხედავს სამყაროს
ქართველი პოეტი ქართულად ხედავს სამყაროს
პოეტური სიტყვის ძალასა და, საერთოდ, პოეტური ნიჭიერების საიდუმლოებაზე ბევრი რამ დაწერილა და კვლავაც დაიწერება. ილია წერდა: "პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაცია. პოეზია ღმრთეებრივი ღონეა, გულის სიღრმიდან ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა, ერთი სიტყვით - ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა..." "პოეზია რაღაც უცნაური სუბსტანციაა, შეუვალი ნივთიერებაა, რომელიც არავითარ ალქიმიურ ჩარევას არ ექვემდებარება. მეექვსე გრძნობა უნდა გქონდეს მომადლებული, თუ არადა, ვერაფერს გახდები, როგორც არ უნდა დაანაწევრო ლექსი, მისი ზემოქმედების საიდუმლოს ვერ მიაგნებ... პოეტობა ქვეყნიერების ხედვის სავსებით თავისებური ნიჭია. ეს ნიჭი ღრმა პიროვნებისეულ პლასტებს ამჟღავნებს. ამ ნიჭის მქონე ადამიანი შეიძლება წერდეს ან არ წერდეს ლექსებს, მაგრამ არ შეიძლება თავისებურად არ ხედავდეს სამყაროს და გარკვეულწილად თვითონაც არ იყოს თავისებური," - ასე განმარტავს პოეზიის არსს ჩვენი დროის პოეტი და კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე. ბატონ ანდროს გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული. 2005 წელს პოეზიაში მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა". დღეს იგი ჩვენი სტუმარია.

- ნამდვილი შემოქმედება შთაგონების მეშვეობით იკრებს ძალას, რაც ემოციური სტიმულის გარეშე შეუძლებელია. ერთგან წერთ, რომ ნიკო სამადაშვილმა თავისი პიროვნების წიაღში პირველად ავარდნილ ცეცხლის ალს, პირველად ამეტყველებულ შთაგონებას "საყდრის ჩიტი" უწოდა ("შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი"). და მაინც, რაში მდგომარეობს პოეტური ნიჭიერების თვისობრივი უნიკალობა, განუმეორებელი თვითმყოფადობა, მკაფიო გამოსხივება? როგორ იხელთებს პოეტი სამყაროს ღრმა ლირიკულ შეგრძნებას, რომლის საფუძველზეც აღმოცენდებიან სწორედ ლექსები?


- ნამდვილი პოეზია, ჩემი აზრით, არის ლირიკული პოეზია. რა ნიშნები აქვს ლირიკას, ლირიკოს პოეტს? - ლირიკა არის წინასწარგანუჭვრეტელი რამ. წარმოუდგენელია, რომ პოეტმა წინასწარ ააგოს რაღაც კონსტრუქცია ან დასახოს გეგმა და ა.შ. რა თქმა უნდა, ლირიკოს პოეტს აქვს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება, წიგნიერება, ჩვევები; ამავე დროს, თავისი ლაბორატორიაც გააჩნია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ პროფესიული მზადყოფნაა. არსებითად კი ლირიკოსი პოეტი დამოკიდებულია რაღაც წამიერ შთაგონებაზე და არა პირიქით. ეს არის განწყობა, რომელიც პოეტს უნდა დაეუფლოს მოულოდნელად. შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არც კი დაეუფლოს. ეს არ არის დამოკიდებული თვითონ პოეტის ნება-სურვილზე. ეს შთაგონება, განწყობა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა ანდა მარტოობამ, ანდა გარკვეულმა ემოციურმა ბიძგებმა. თვითონ პოეტმა კი იმ მომენტში არ იცის, თუ რაზე დაწერს ლექსს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს შთაგონება, გნებავთ მუზა, არის წინასწარგანუჭვრეტელი, მოულოდნელი, მოუხელთებელი რამ. როდესაც მუზა მოუკაკუნებს კარზე, ლირიკოსი პოეტი ცდილობს ეს განწყობა მოიხელთოს, მისი ვერბალიზაცია მოახდინოს, ენობრივად დააფიქსიროს ეს განწყობა. სიტყვა და განწყობა, ჩემი აზრით, ერთად მოდის. პოეტს შეიძლება აეკვიატოს სიტყვა, ინტონაცია ან აზრი. ყოველივე ამას, მაგალითად, ალექსანდრე ბლოკი ეძახდა მუსიკას. გარე მოვლენებს იგი აღიქვამდა როგორც რაღაც ტონალობებს, ინტონაციებს, ჟღერადობებს, მუსიკას არქმევდა ყოველივე ამას და წერდა ლექსებს. ასე მოდიოდა მასთან შთაგონება. ასე რომ, პოეტმა წინასწარ არ იცის, რა განწყობა მოვა ანდა როდის მოვა, ხოლო როცა მოიხელთებს ამ განწყობას, ნელ-ნელა მასში რაღაცნაირად ენობრივად ისახება სათქმელი და იქცევა ლექსად. სხვათა შორის, ამ შემოქმედებით პროცესზე, განწყობის გაელვებაზე, მოხელთებაზე ბევრი ლექსი დაწერილა. ტიციან ტაბიძესაც აქვს:

"მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლეც ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს".


ეს ლექსი, მე თუ მკითხავთ, თავად არის "მოვარდნილი მეწყერი". მართლაც, თვითონ ლექსი წერს პოეტს; ლექსი მიდის პოეტთან მისი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად და ეუფლება მას. პოეტმა კი მას სახე უნდა მისცეს. ლირიკოსი პოეტი, მთელი თავისი არსებით, უნდა იყოს მომლოდინე იმ წუთებისა, როდესაც მას დაეუფლება შთაგონება. მაგალითად, პუშკინს ერთ-ერთ ლექსში გამოთქმული აქვს აზრი, რომ პოეტი შესაძლოა სხვა ადამიანებს შორის ყველაზე უმწეოც კი იყოს, უიღბლო, შეუმჩნეველი, ჩამქრალი, მაგრამ როდესაც მას ეუფლება მუზა, ანუ რაღაც განსაკუთრებული ჭვრეტა, ნათელხილვა, ამ მომენტში იგი ინთება და ხდება აღმატებული, გამორჩეული სხვა ადამიანებს შორის.

- პოეტური შედევრების წაკითხვისას აღფრთოვანებასთან ერთად ფარული სევდაც გვეუფლება იმის გამო, რომ რასაც ინტუიციურად გრძნობდით, სხვამ უმარტივესი სიტყვებით გამოთქვა. პოეტს აქვს რაღაც გრძნეული ნიჭი ფოტოფირივით გაამჟღავნოს ადამიანის შინაგანი ქვეყნიერება; სიტყვიერ ფენომენში გაასაგნოს, განფინოს აზრი, წარმოდგენა. რამდენად ძნელია "სიღრმისეული განცდისა და მისი გარეგნული რეალიზაციის ზუსტი თანხვედრის" მოხელთება და რამდენად დიდი ნიჭია აზრის ნატიფად, ნათლად გამოთქმა, ნათლად აზროვნება, რთული სათქმელის მკაფიოდ გამოხატვა, "ფოკუსის გასწორება"?

- საერთოდ პოეტი და არა მხოლოდ პოეტი, პროზაიკოსი იქნება ეს, კრიტიკოსი თუ მოაზროვნე, მაქსიმალურად ნათლად უნდა აზროვნებდეს. ესე იგი, მას უნდა შეეძლოს თავისი სათქმელის იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ იგი გასაგები გახდეს სხვა ადამიანისთვის. ხშირად იტყვიან ხოლმე, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისთვის ვწერთო. ჩემი აზრით, ასეთი რამ არ არსებობს. ყოველი ნაწერი აუცილებლად გულისხმობს მეორე ადამიანსაც - გამგებს, მკითხველს, მსმენელს. სხვა შემთხვევაში საკუთარი სათქმელის გამოხატვის, აღსარების ასეთი ფორმა უაზრობა იქნებოდა. ასე რომ, ზოგადად, როდესაც პოეტი ლექსს წერს, იგი ყოველთვის გულისხმობს მკითხველს. ამიტომ ის ნათლად უნდა აზროვნებდეს. ხანდახან გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს რთული, მაგრამ ეს სირთულე უნდა იყოს არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი. რთული სათქმელი რთულად ითქმება. სხვადასხვა ეპოქებში განსხვავებულია პოეზიის ენაც. მაგალითად, სიმბოლისტმა პოეტებმა პრიორიტეტი მიანიჭეს მუსიკას, მუსიკალურ ჟღერადობას. აქ ლაპარაკია ენის მუსიკაზე. ამიტომ მათი პოეზია აღსაქმელად უფრო რთულია და გულისხმობს მკითხველისგან პოეზიის გაგების განსაკუთრებულ უნარს. საერთოდ, რა თქმა უნდა, პოეტმა ნათლად უნდა წეროს, მაგრამ ყოველთვის ვერ მოვთხოვთ მას, რომ იმდენად ნათელი იყოს მისი ნათქვამი, რომ ბავშვმაც გაიგოს. ზოგჯერ პოეტი ამბობს თავის რთულ ფილოსოფიურ სათქმელს. მაგალითად ვაჟას პოეზია ავიღოთ. ლექსში "კაი ყმა" ვაჟა ჩამოთვლის "კაი ყმისთვის" დამახასიათებელ თვისებებს. აქ ნაგულისხმევია რაღაც ისეთი ზნეობრივი იმპერატივი, რომელსაც თვითონ ადამიანი უნდა იყოს ნაზიარები. ეს ლექსი თავისი სათქმელით რთული ლექსია და მკითხველისაგან მოითხოვს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და აქედან გამომდინარე ვაჟას სათქმელის გაგებასაც. ჯეროვნად რომ შეაფასოს და გაიგოს ეს ლექსი, მკითხველი კარგად უნდა ერკვეოდეს ზნეობრივ ღირებულებებში, სწორი ზნეობრივი ორიენტირები უნდა ჰქონდეს მას. ისე კი თავად ლექსი მაქსიმალურად ნათლად არის დაწერილი.

- ალბათ, მკითხველსაც უნდა ჰქონდეს მომადლებული საკუთარ სულში ჩაღრმავების, საკუთარი "მე"-ს შეცნობის, რეფლექსიის უნარი. ღირებულებათა, იგივე პოეზიის აღქმა-გაგების უნარიც ხომ თავისებური ნიჭია, რაც ერთეულთა ხვედრია...

- დიახ, ლექსის გასაგებად მკითხველს ცხორებისეულ გამოცდილებასა და ზნეობრივ სიმაღლესთან ერთად უნდა ჰქონდეს პოეზიის გაგების უნარიც, რომელიც, ცოტა არ იყოს, რთული განსასაზღვრია. მკითხველს უნდა ჰქონდეს გარკვეული ესთეტიკური, ლიტერატურული სმენა. ჩემი აზრით, ესეც თვითნაბადი ნიჭია. მეტ-ნაკლებად, ალბათ გარკვეულწილად შეიძლება ამის აღძვრა და გამომუშავება, მაგრამ ეს მაინც ნიჭია, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ყველას არა აქვს. მკითხველი თვითონაც რამდენადმე ლირიკოსი უნდა იყოს ბუნებით, რომ გაიგოს ლირიკული პოეზია. ამასთან დაკავშირებით ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, მუსიკის გაგებაზე პრეტენზია ნაკლებად აქვთ, რადგან იქ ნოტების ცოდნაა საჭირო და უფრო რთული სამყაროა, პოეზიის გაგებაზე კი რატომღაც ყველას აქვს პრეტენზია, იმიტომ რომ წერა-კითხვა ყველამ იცისო. რაღა თქმა უნდა, მარტო წერა-კითხვის ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანმა გაიგოს პოეზია. ეს არის მართლაც განსაკუთრებული უნარი. თვით კრიტიკოსთა შორისაც არიან ისეთები, რომელთაც არ ესმით პოეზია. მაგალითად, ახალგამოჩენილ პოეტს ხშირად არაადეკვატურად აფასებენ ხოლმე. ძნელი არაა იმის შეფასება, რაც უკვე აპრობირებულია. ნამდვილი კრიტიკოსი არის ის, ვინც ახალ მოვლენას სწორად შეაფასებს. მაგალითად, თავის დროზე ნიკოლოზ ბარათაშვილი სათანადოდ ვერ შეაფასეს მისმა თანამედროვეებმა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეტად კულტურული და განათლებული ადამიანების წრეში ტრიალებდა. მეგობრებიც ძალზე განათლებული ჰყავდა. ის თავის ლექსებს არ მალავდა და უკითხავდა თავის ბიძას – გრ. ორბელიანს, რომელიც თავადაც შესანიშნავი პოეტი გახლდათ. ნ. ბარათაშვილს თვლიდნენ ნიჭიერ ადამიანად, მაგრამ, როგორც ფაქტოგრაფიული მასალებიდან ირკვევა, განსაკუთრებულ პოეტად მას არ აღიარებდნენ. ისეთ შედევრსაც კი, როგორიც არის მისი ლექსი "მერანი", თავის დროზე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს არის სწორედ არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ რამდენად რთულია პოეზიის გაგება. ბარათაშვილის ბიოგრაფი - იონა მეუნარგია წერს, რომ ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა შეძლეს გარკვეული თანხის შეგროვება მისი ლექსების კრებულის გამოსაცემად და ეს თანხა პოეტის მამას - მელიტონ ბარათაშვილს გადასცეს. გაჭირვების გამო მელიტონს ფული შემოეხარჯა. აქ ჩანს, რომ მამას თავის შვილზე არ ჰქონდა სათანადო წარმოდგენა. ის არ ფიქრობდა, რომ მისი შვილი იყო რაღაც განსაკუთრებული პოეტი და არც მისი მეგობრები ფიქრობდნენ ასე. პირველი ადამიანი, ვინც ეს ლექსები წაიკითხა და აღფრთოვანდა, იყო ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, მართლაც რომ ბრძენკაცი, გამგები პოეზიისა და არა მარტო პოეზიისა, არამედ უნივერსალური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება – ილია ჭავჭავაძე. ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ბარათაშვილის პოეზიამ, რომ მთელი ღამე არ უძინია, ბოდავდა. ილიამ აღმოაჩინა თავის დროზე ასევე ვაჟა-ფშაველაც. სოლომონ ყუბანეიშვილი თავის მოგონებების წიგნში წერს, რომ ვაჟას ერთ-ერთ ჟურნალში მიუტანია თავისი მოთხრობები, იქ კი არ დაუბეჭდავთ. ილიას უთქვამს, მომიტანე და წამაკითხეო. ამ მოთხრობებს შორის იყო, სხვათა შორის, მართლაც რომ შედევრი: "შვლის ნუკრის ნაამბობი". ამის მერე უთქვამს ილიას: "ახლა დროა, ჩვენ, ძველებმა, კალამი დავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთო". ილია თვითონაც შესანიშნავი შემოქმედი იყო და ბუნებრივია მას ჰქონდა მიმადლებული ნიჭი სიტყვაკაზმული მწერლობის სათანადოდ აღქმა-გაგებისა. ხოლო რაც შეეხება ჩვეულებრივ მკითხველს, მასაც უნდა ჰქონდეს პოეზიის გაგების ნიჭი, რაც გულისხმობს იმას, რომ მკითხველი მგრძნობიარე უნდა იყოს სულიერი ფასეულობების მიმართ. პოეზიის მიმართ გაფაქიზებული სმენა, ლირიკული ალღო მასაც უნდა ჰქონდეს. სწორედ ასე მოხდება გაგება ანუ ჰერმენევტიკული აქტი.

- ჩვენ, ცოტა არ იყოს, არაპოეტურ დროში ვცხოვრობთ, ღირებულებათა გაუფასურების, პრაგმატული სულისკვეთების, ე.წ. კომპიუტერის ხანაში. დროს, ეპოქას რამდენად უნდა გამოხატავდეს პოეტი თავისი ფორმითაც და სათქმელითაც?

- რა თქმა უნდა, პოეტი უნდა იყოს თანამედროვე, თავისი დროის კარნახით უნდა ცხოვრობდეს. ლიტერატურის ისტორია გვიჩვენებს, რომ ნამდვილი პოეტი თავისი დროის სტერეოტიპებსა და ტრაფარეტებს ყოველთვის რაღაცნაირად გადალახავს, გადის ამის მიღმა. პოეტი ლაპარაკობს თავისი დროის ენაზე და აქედან გამომდინარე, მისი მხატვრული ენა შეიძლება იყოს გარკვეულწილად შემოფარგლული რაღაც ხერხებითა და ლექსთწერის იმ ნიშნებით, რომლებიც მის დროში არსებობს, მაგრამ პოეტი უნდა ასხივებდეს ისეთ შინაგან სინათლეს, რომელიც გაარღვევს კონკრეტულ დროს და გადავა მარადისობაში.

- ერთგან წერთ: "სიცარიელეში არაფერი იბადება, ყოველივეს აქვს თავისი თავდაპირველი დასაბამიერი წიაღი". ჩვენი პოეტები ძველ ქართულ კულტურაში ეძებდნენ ეთიკურ და ესთეტიკურ საყრდენებს. ტრადიცია ყოველთვის არსებობდა და არსებობს. მაინც რა იდუმალი არხებით ამყარებს პოეტი კავშირს ტრადიციასთან და რამდენად ახდენს დრო ტრადიციასთან კავშირზე ზეგავლენას? როგორ განისაზღვრება პოეტისთვის სამშობლოს ფენომენი და როგორ ენიჭება პოეტური გემოვნებით აღბეჭდილ სიტყვას ეროვნული ელფერი?

- სამშობლოს ფენომენის შესახებაც შეიძლება იგივე ითქვას. შესაძლოა პოეტი თავის ლექსში უშუალოდ არ ლაპარაკობდეს სამშობლოზე, პატრიოტული თემატიკა არ იყოს მის ლექსში წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ პოეტი და პოეზია წარმოუდგენელია ეროვნული ღირებულებების შეგრძნების გარეშე. კულტურა ყოველთვის ეროვნულია და პოეტიც თავისი ეროვნული სამყაროს შიგნით არსებობს ყოველთვის. პოეტისთვის უპირველესი არის ენა. სამყაროს ადამიანი ხომ ენის მეშვეობით ხედავს. ასე რომ, ქართველი პოეტი ქართულად ხედავს სამყაროს. გალაკტიონი ამბობს: "ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს". ქართულ კულტურაში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: ჩუქურთმა, ენა, პოეზია... აქაც ჩანს, თუ რამდენად ქართველი პოეტია გალაკტიონი.

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პოეტის ნიჭიერებაზე, მის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე - ზებუნებრივ შთაგონებაზე, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ზეშთაგონება, ღვთისგან ნაბოძები ფუფუნება არაა. მაგალითად, თომას ვულფი ამბობდა: "მწერალი შთაგონებას არ უნდა დაელოდოს, ვინაიდან მწერლობა ყოველდღიური ჭაპანწყვეტააო". როგორ უნდა იშრომოს პოეტმა, როგორ უნდა მოუაროს და უპატრონოს ღვთისგან ნაბოძებ ნიჭიერებას?

- ალბათ, ყველა პოეტი ფიქრობს ამაზე. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ უფრთხილდებიან, დაუდევრად ეპყრობიან თავიანთ ნიჭს. პოეტი ბევრს უნდა კითხულობდეს, ინტენსიურად უნდა ცხოვრობდეს, წერდეს, იღვწოდეს, შრომობდეს. ცხოვრებისეულმა წინააღმდეგობებმა იგი არ უნდა დააბრკოლოს, არ უნდა მოსწყვიტოს თავის საქმეს. პოეტმა უნდა გააცნობიეროს ამ ნიჭის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, უნდა გაუფრთხილდეს მას, არ უნდა ჩათვალოს იგი მეორეხარისხოვნად. ალბათ, გარკვეულწილად თავის თავსაც უნდა გაუფრთხილდეს პოეტი, ზედმეტად ბოჰემური არ იყოს, არ მოსწყდეს თავის განცდებს, გრძნობებს, არ დაკარგოს თავი, არ გაიფანტოს. ვფიქრობ, აქაც რაღაც კონცენტრირებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოეტი მხოლოდ შიშველ ნიჭზე და შთაგონებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გარკვეული სახით შრომა აქაც არსებობს. აქ ხელოსნური მომენტიც არის. ენას უნდა ჩაუღრმავდეს მეტად, ბევრი იკითხოს, ცოდნა და გამოცდილება გაიფართოვოს, სხვა ხელოვნებებსაც ეზიაროს და ა.შ. მაგალითად, ძალიან ბევრი პოეტისთვის შთაგონების წყარო იყო მუსიკა. იყვნენ პოეტები, რომლებიც ამავე დროს გატაცებულნი იყვნენ ფერწერით, ქანდაკებით. პოეტი კარგად უნდა იცნობდეს ბიბლიას, მითოლოგიას. ეს ცოდნა რაღაცნაირად მასში უნდა გადაიხარშოს და მისი არსების ნაწილად იქცეს. პოეტი უნდა იყოს სიახლის მომტანი. მან ისეთი რამე უნდა დაინახოს სამყაროში, რაც მანამდე სხვას არ დაუნახავს. და შემდეგ ამ თავის ხედვას აზიაროს მკითხველი, უფრო მძაფრად განაცდევინოს მას საკუთარი არსებობა.
ბეჭდვა
1კ1