"აღდგომის კანონი"
"აღდგომის კანონი"
სააღდგომო მსახურება აღსავსეა საზეიმო განწყობით. იგი განსაკუთრებული ტიპიკონით ტარდება. შუაღამისას იწყება ლიტანიობა. სამღვდელოება და მრევლი ჯვარ-ხატებითა და სანთლებით სამგზის შემოუვლიან ტაძარს და გალობენ: "აღდგომასა შენსა..." შემდეგ ტაძრის დახშული კარის წინაშე წარმოითქმის ცისკრის ასამაღლებელი, იკითხება ფსალმუნიდან გამოკრებილი განსაკუთრებული მუხლები და თითოეულ მუხლზე იგალობება "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით". მათი დასრულების შემდეგ უპირატესი მღვდელმსახური შეკრებილ ხალხს სამგზის ულოცავს ქრისტეს აღდგომას. ეკლესიის კარი იღება, ყველა ტაძარში შედის და ქრისტეს აღდგომის საგალობელს გალობს. ამის შემდეგ მედავითნე კითხულობს აღდგომის კანონს, რომელიც ასე იწყება: "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო, პასქა უფლისა პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნა და ქუეყანით ცად აღმიყვანნა სუფევად ძლევისა მგალობელნი დღეს". ეს საგალობელი ქრისტიანული ეკლესიის უდიდეს ავტორიტეტს, წმინდა იოანე დამასკელს ეკუთვნის და "ოქროს კანონის" ანუ "კანონთა მეფის" სახელწოდებითაა ცნობილი ქრისტიანულ მწერლობაში. სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ "ყოველივე, რაც იმედისა და შვების მომნიჭებელია ცხოვრებაში, იოანე დამასკელმა გააერთიანა და მოიხმო, როგორც დიდებული შტრიხები სასწაულთაგან უდიადესის, როგორც ბრწყინვალე ფერები ქრისტეს ნათელი აღდგომის დასახატად".

"ძველი აღთქმის დაუვიწყარი ეპიზოდები - ხსნა ტყვეობიდან, დავითის როკვა "აჩრდილებრისა" კიდობნისა წინაშე, ბუნების გაღვიძება თუ მზის ამობრწყინება უფერულდება ქრისტეს დიდებული აღდგომის წინაშე - ეს განწყობილება გასდევს მთელ საგალობელს, რომელიც აღსავსეა ღვთაებრივი სიხარულით. ავტორის მზერა თითქოს მთელ სამყაროს სწვდება - მაცხოვრის აღდგომით დაწყებული, "ჯოჯოხეთისა კრულთა" მოხილვით, "ზეცისა წესთა" ხმობით თუ იერუსალიმის, სიონის კურთხევის ჩათვლით.

ეს დიდებული პოეტური ნაწარმოები სრულდებოდა მუსიკის თანხლებით, იგალობებოდა. თითოეულ ოდას (გალობას) ერთვოდა მისამღერი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..." საგალობელი დიდებულია ყველაზე მაჟორულ, ამაღლებულ ხმაზე. "აღდგომის კანონი" ნათლად წარმოაჩენს ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი წარმომადგენლის - წმინდა იოანე დამასკელის შემოქმედების განუმეორებლობას", - გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ლელა ხაჩიძე.

- რომელი საუკუნეებით თარიღდება "აღდგომის კანონის" ძველი ქართული თარგმანები, რითია გამორჩეული და ვის ეკუთვნის?

- ამ საკითხის კვლევამ გვიჩვენა, რომ ამ საგალობელს სათანადო ყურადღება ექცეოდა ჩვენს ეკლესიაში.

"აღდგომის კანონის" ძველი ქართული თარგმანების შესწავლის საშუალება მოგვცა დიდი ქართველი მოღვაწის - წმინდა გიორგი მთაწმინდელის "მარხვანმა", რომელიც პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ეს უნიკალური ხელნაწერი მრავალმხრივ აღმოჩნდა საინტერესო ქართული მწერლობისთვის. სწორედ მასშია შესული იოანე დამასკელის ამ საგალობლის სამი ქართული თარგმანი. მას ემატება საგალობლის უძველესი, პროზაული თარგმანი, რომელიც "უძველეს იადგარშია" დაცული, ე.ი. შესრულებულია ძალიან ადრე. ამრიგად, საგალობელიOოთხჯერ უთარგმნიათ ქართულად, რაც მოწმობს, თუ როგორი განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა იგი ჩვენში.

საგალობლის უძველესი, პროზაული თარგმანი ანონიმურია. ანონიმურია შემდგომი თარგმანიც, რომელიც შესრულებული უნდა იყოს "მეხელთა" წრეში. ეს იყო განსაკუთრებული თაობა ქართულ ჰიმნოგრაფიაში - ისინი ერთდროულად პოეტებიც იყვნენ და კომპოზიტორებიც.

ორივე თარგმანი გამოირჩევა შემოქმედებითი თავისუფლებით. მათი გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ხელთ გვქონდეს ორიგინალური ჰიმნოგრაფიის ნიმუშები:

"მოვედით და ვსუათ
სასუმელი ახალი
არაი კლდისაგან მყარისა,
არამედ წყაროისა,
რომელი აღმოსცენდა
საფლავით ქრისტე უკუდავებაი,
რომლითა განვძლიერდით".


საგალობლის შემდგომი თარგმანი ეკუთვნის თვით გიორგი მთაწმინდელს. როგორც ცნობილია, სწორედ მისი თარგმანები იქცა კანონიკურად ჩვენს ეკლესიაში. გიორგი მთაწმინდელი ამ შემთხვევაშიც ქმნის საგალობლის კლასიკურ თარგმანს, რომელიც ორიგინალსაც მისდევს და ძველი ქართული ენის ნორმებსაც:

"გუშინ შენ თანა ჯუარს ვეცუმოდე და
დღეს შენ თანა აღვდგები, მხსნელო,
გუშინ შენ თანა დავეფლვოდე
და დღეს შენ თანა მადიდე
და ზიარ-მყავ სუფევისა შენისა
აღდგომითა შენითა".


საგალობელი თარგმნა ცნობილმა მოღვაწემ და მთარგმნელმა ეფრემ მცირემ "უსაკუთრესითა სიტყვითა", რაც ნიშნავს ბერძნულ ორიგინალთან ზედმიწევნით სიახლოვეს. ეს თარგმანი დიდ ყურადღებას იმსახურებს როგორც ორიგინალის, ისე ეფრემ მცირის მთარგმელობითი პრინციპების შესასწავლად:

"ვითარცა რაი ტარიგი სულიერი
ჩვენთვის ნეფსით შეიწირა
პასქად განმწმედელად
გვირგვინი და მაკურთხეველი ჩვენი
ქრისტე და კუალად საფლავით
მზე სიმართლისაი შვენიერი მოგვეფინა,
ვითარცა ყოლად ძლიერ არს".


იოანე დამასკელის "აღდგომის კანონის" ძველი ქართული თარგმანები ჩვენს თვალწინ აცოცხლებს წმინდა მამების - დიდი ქართველი მთარგმნელების და შესაბამისი ეპოქების სულისკვეთებას. ისინი ქართული სასულიერო მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენს.

- რა გავლენა მოახდინა ამ თარგმანებმა ქართულ სასულიერო და საერო პოეზიაზე?

- აკაკი წერეთელს აქვს დაწერილი შესანიშნავი ლექსი სათაურით "ქრისტე აღსდგა":

"მაღლა ცაზე მზე თამაშობს
და ქვეყანა ძირს იხარებს:
"ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად!"
- ყველა ასე აღიარებს.
...
ყველა ხარობს, ლიტანიობს,
უსულო და სულიერი..."


ამ სიტყვებს სასულიერო პოეზიაში უამრავი ანალოგი მოეძებნება, მათ შორის დამასკელის "აღდგომის კანონის" ეს ფრაგმენტი:

"ცანი იხარებენ ღირსად და ქუეყანაი იშუებს
და დღესასწაულობენ
ხილულნი და უხილავნი
აღდგომასა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა
და მკვიდრნი სოფლისანი
სიხარულით განსცხრებიან".


- ჰიმნოგრაფიული ტრადიციისაგან განსხვავევით, მაცხოვრის აღდგომისადმი მიძღვნილ არაერთი ქართველი პოეტის ლექსში ჟღერს საქართველოს აღდგომის მოტივი...

- ამის ნიმუშად ისევ აკაკის მოვიხმობ:

"ქრისტე აღდგა" - "ჭეშმარიტად", -
აღიარებს ჩვენი ერი.
იცის, რომ ეს ნიშანია
მკვდრეთით კაცთა აღდგინების
და მით თვისი აღდგომაცა
მომავალი ელხინების".


ქრისტეს დაფლვითა და აღდგომით აღდგა ადამის ძეთა დაცემული ბუნება. მასთან ერთად აღდგება "მდაბალი და დაწუნებული" ერიც. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა განუყოფლადაა დაკავშირებული სასულიერო და საერო იდეალები ქართულ მწერლობაში.
ბეჭდვა
1კ1