მამა თავმას ჩოხელი
მამა თავმას ჩოხელი
ზამთარი
ზამთარია, დედამიწას
თოვლი თეთრად მოსავს,
ორღობეში ბუხრებიდან
კვამლი ლურჯად მოჩანს.

დათოვლილი ხევები და
დათოვლილი მთები,
მე კი მაინც მენატრება
თეთრი ფანტელები.

და თეთრ ფიფქებს შორი ზეცა
მიწას საბნად აფენს,
ზამთრის ქარი ღრუბლებისგან
ბერავს ზღაპრულ აფრებს.

ცის ტატნობზე სავსე მთვარეს
შეჰყმუიან მგლები,
ტყეს აუსხამს სამკაულად
ყინვის გირლანდები.

საახალწლო ნავის ხეებს
თოვლი თეთრად პენტავს,
ქრისტეშობას მოგვილოცავს
დაბურული ზეცა.

თოვლის ფიფქი გადაიქცა
წვიმის წვეთად თითქოს,
და წაიღებს ზამთრის ყინვას
გაზაფხულის სითბო.


გაზაფხული
გაზაფხულდა და ყვავილთ იამა,
ნაზად ასწია თავი იამა,
აყვავებულა კორდი და მდელო,
ბედნიერ იყავ შენ, საქართველო.

ათოვდა მთას და აწვიმდა ბარსა,
ხარჯიხვი ეძებს შუნ მეგობარსა,
შტონი დალეწეს ხეთა ზვავებმა,
ყინვას მოუწევს გარდაცვალება.

არწივი უვლის ცაში ირაოს,
სითბო სიცივეს შეეცილაო,
მერცხლებმა ერთად შეკრეს კამარა,
მზე დარჩენილა ღრუბელთ ამარა.

მთაში მარტია, ბარში - მაისი,
მიუვალს ხარობს ედელვაისი,
ქარი გრეხავდა ხეთა ლიანებს,
ენძელას სითბო დაუგვიანეს.

ცისარტყელები ზეცას არტყია,
კლდის კეტამს შურთხის თოთო ბარტყია,
ცვალებადია მარტი წვიმაში,
უცნობი სახე მოჩანს მინაში.

ნაკადულები ხევში მღერიან,
ტყე დაბურული ზურმუხტფერია,
პირმზითს სწვევიან ყოჩივარდები,
მამულო, ძლიერ გამიხარდები.


ზაფხული
მიყვარს ზაფხულის ბინდი და
ცად ატყორცნილი ხეები,
ცისარტყელების კალთებთან
უცნობი სიმაღლეები.

ვუსმენდი, როგორ ატკბობდა
შაშვის გალობა თელიანს
და მონადირე თელავდა
შეუბრალებლად ლელიანს.

ნიავი ეფერებოდა
მწიფე თავთუხის თაველებს
და ცასწავალა ეძახდა
თვალშეუწდომელ მთა-ველებს.

მკათათვეს მთაში ნათიბი
ასურნელებდა ველიანს,
ტყის პირას ფურისულები
სიმშვენიერით მღერიან.

მზემ აიფარა პირბადე,
ცას წითლად გადაატარა
და თავდაყირა ღამურა
ღამის სიბნელით ატარა.

კლდის კეტამს მიუვალები
ნადირ-ფრინველმა დალახეს,
მთებში ქორბუდა ირმები
შემოჰბღაოდნენ ქარაფებს.


შემოდგომა
დადგა გიორგობის თვე,
ტყემ იცვალა ფერები,
ქარვის მძივებს აისხამს
ვაზი მონაფერები.

ქვევრში ჩხუბობს მაჭარი,
წითლად იწვის ასკილი,
ბროწეული იცინის,
კისერგადავარდნილი.

მიწას ხმელი ფოთლების
ეფინება საბანი,
შემოდგომა დადგაო,
იხლიჩება ატამი.

მიფრინავენ მერცხლები
თბილ ქვეყნების მხარეში,
წეროების სიმღერა
ისმის არემარეში.

ძაფზე შრება ჩურჩხელა
ამოვლების წუთიდან,
რქაწითელი ჩუხჩუხებს
საწნახელის ტუჩიდან.

და ჰაერში ტრიალებს
საოცარი სურნელი,
ხვავისა და ბარაქის
მადლი გასაკვირველი.

ქროდა თბილი ნიავი
ჩვენს მადლიან მხარეში,
შემოქმედო, გვაშორე
სიღარიბის თარეში.
ბეჭდვა
1კ1