ჯვარცმის დროს კრეტსაბმელის ჩახევა მოასწავებდა კაცობრიობისთვის დაკარგული სამოთხის კარის გაღებას
ჯვარცმის დროს კრეტსაბმელის ჩახევა მოასწავებდა კაცობრიობისთვის დაკარგული სამოთხის კარის გაღებას
როგორც ცნობილია, უფლის ჯვარცმის დროს ძველი აღთქმისეული ტაძრის კრეტსაბმელი, რომელიც წმიდათა წმიდა ნაწილს წმიდისაგან ყოფდა, ჩაიხა...
ამ კრეტსაბმელის მიღმა არსებული სამყარო, წმიდათა წმიდა (ანუ სასუფეველი) დაგმანული იყო ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის. იქ მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა, ისიც წელიწადში ერთხელ, და მსხვერპლის აღვლენა საკუთარი და ერის ცოდვების გამოსასყიდად. ჯვარცმის დროს კრეტსაბმელის ჩახევა მოასწავებდა კაცობრიობისთვის დაკარგული სამოთხის კარის გაღებას და დაცემული ადამიანთა მოდგმის ყოვლადმოწყალე ღმერთთან შერიგებას... აქედან გამომდინარე, კრეტსაბმელს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მისი გარღვევა (შუაზე გახევა) უფალსა და კაცობრიობას შორის პირველდაცემით დაკარგული მშვიდობის აღდგენისა და საყოველთაო შერიგების სიმბოლოა... ასევე მნიშვნელოვანია კრეტსაბმელის ფერი და მასზე გამოხატული კომპოზიციები. ამ საკითხებზე გვესაუბრება თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის ასოცირებული პროფესორი მზისთვალა კეცხოველი.

- ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილებაში სამი კრეტსაბმელია დაცული. სამივეზე ამოქარგულია "იესეველთა საგვარტომო ხე", რომელიც თემატურად წინასწარმეტყველთა იკონოგრაფიასა და ღვთისმშობლის პირველსახესთანაა დაკავშირებული. როდიდან შემოდის "იესეველთა ხის" გამოსახულება ქრისტიანულ იკონოგრაფიაში?

- დასავლეთ ევროპაში "იესეს ხე" ცნობილი იყო არა უადრეს XI ს-ისა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული (1169წ.) "იესეს ხის" გამოსახულება ბეთლემის შობის სახელობის ეკლესიაშია და დათარიღებულია ემანუილ კომნენოსის დროით.

"იესეს ხის" მოტივი XIII საუკუნის დასაწყისის ქართულ ძეგლში, ყინწვისის ეკლესიის ერთ-ერთ ფრესკაზეა ასახული. "იესეველთა საგვარტომო ხე" ქართულ ხელოვნებაში ძალიან ცოტაა, ყოველ შემთხვევაში, ასე შეიძლება ვიმსჯელოთ ჩვენამდე მოღწეული მასალის მიხედვით. ყინწვისის გარდა, იგი ოზაანის ამაღლების ეკლესიაშიც (XIII-XIVს.ს.) გვხვდება. ცნობილია აგრეთვე საფარის (XIVს.) ჩრდილოეთის სვეტის სამხრეთ მხარეს გამოსახული "ხე", მოგვიანებით კი ანჩისხატის (XVIIს.) საკურთხევლის თავზე გამოსახული "ხე" და 1644 წლით დათარიღებული მარტვილის ხატის შიდა ნაწილი "იესეს ხით".

- რას გადმოგვცემს და სიმბოლურად რაზე მიგვანიშნებს "იესეველთა საგვარტომო ხე"?

- საქართველოში ძირითადად "იესეველთა საგვარტომო ხის" შემოკლებული ვარიანტებია გავრცელებული (ღვთისმშობელი ყრმით, სოლომონი, დავითი და რვიდან ოცამდე წინასწარმეტყველი). გამონაკლისს წარმოადგენს უბისის ხატის XIV საუკუნის "საგვარტომო ხე", რომელზეც ვრცელი ვარიანტია მოცემული სხვადასხვა ბიბლიური სიუჟეტით (დაბადება, გამოსვლათა, კიბე იაკობისა, რკინება იაკობისა და სხვა) და წინასწარმეტყველები ატრიბუტებით. უბისის "ვარიანტი" ეგზეგეტიკურ ლიტერატურაში (რომელიც ბიბლიას განმარტავს) მარიამის სიმბოლოდ და უბიწოდ ჩასახვის იდეის მანიშნებლადაა მიჩნეული. ეს ხე იესოს გენეალოგიას გადმოგვცემს და, ამდენად, მის ორბუნებოვნებაზე, მის არსებაში ღვთიური და ადამიანური, ზეციური და მიწიერი საწყისების შერწყმაზე მიგვანიშნებს. ამ კომპოზიციასთან ყოველთვის არის დაკავშირებული წინასწარმეტყველ ესაიას გამოსახულება, რომლისგანაც იწყება "იესეველთა საგვარტომო ხე". იუდეის წინასწარმეტყველთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ესაია იყო, როგორც ისრაელის მეფეების ნათესავი, დავითის შთამომავალი. ესაიამ სხვებთან ერთად ნათლად იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე წარმოიშობოდა დავითის მოდგმიდან, რომ მაცხოვარს შობდა ქალწული.

"საგვარტომო ხის" ძირითად იკონოგრაფიულ პროგრამაში, სადაც გამოსახული არიან იესე, ექვსი მეფე, ღვთისმშობელი ყრმით და ქრისტე, წინასწარმეტყველები დიდ როლს თამაშობენ. ისინი ავსებენ გენეალოგიურ მტკიცებას ქრისტეს ადამიანური წარმოშობის შესახებ. ამგვარად, "იესეს ხე" ადასტურებს, რომ მესია უნდა იყოს დავითის შტოდან. ეს არის დემონსტრირება ძველი აღთქმის დაპირებების განხორციელებისა, მაგრამ ამ კომპოზიციაში ძველი აღთქმის სცენები შეცვლილია ახალი აღთქმის სცენებით. რა სახეობისაც არ უნდა იყოს "ხე", იგი არსებითად ამ დოქტრინის განხორციელების მტკიცებაა.

- როგორი (რა ფერის, რა ქსოვილის) უნდა იყოს კრეტსაბმელი და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მის ფერადოვნებას?

- ბიბლიის მიხედვით, კრეტსაბმელი ასეთი უნდა იყოს: "და ჰქმნე კრეტსაბმელი იაკინთისაგან და ძოწეულისა მეწამულისა ზეზისაგან რთულისა, ქმნულად ქსოვილად ჰქმნე იგი ქერუბინად".

შატბერდის კრებულში ამ ფერთა სიმბოლური მნიშვნელობა არის განმარტებული: როგორც ირკვევა, იაკინთის ფერი არის უფლის მიერ მსხვერპლად გაღებული სისხლის ფერი, ხოლო ცეცხლის "ნაკვერცხლის" ფერი - ფერი მეორედ მოსვლისა, ფერი "განმანათლებელ მართალთა" და "დამწველ ცოდვილთა".

- რა კომპოზიციები გამოისახებოდა აღსავლის კარის ფარდაზე?

KARIBCHE- კრეტსაბმელზე გამოისახებოდა სხვადასხვა კომპოზიცია. ადრე შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის აღსავლის ტაძრის ფარდაზე იმ წმინდანთა ცხოვრების სცენები გამოისახებოდა, ვის სახელზეც იყო საკურთხეველი აგებული.

ხილანდრის რუსულ ფარდაზე ჩვეულებრივი თემა - ქრისტე, რომელიც აძლევს პეტრესა და პავლეს კანონს - შეცვლილია "დეისუსით" (ღვთისმშობლის გამოსახულებით) და გარს უვლის მედალიონში ჩასმული 30 წმინდა მამის წელსზევითი გამოსახულება...

- გთხოვთ გვესაუბროთ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული კრეტსაბმელების შესახებ. როგორ აისახა ქრისტიანული სიმბოლიკა წარმოდგენილი ნიმუშების ნაქარგობაში?

- ხელოვნების მუზეუმში საეკლესიო მუზეუმიდანაა შემოსული გაიანესეული ხატის ფარდა. იგი საკმაოდ დიდი ზომისაა (190სმX118სმ). ეს კრეტსაბმელი 1811 წელს გაიანე ბატონიშვილის (გიორგი XII-ის ასული) მიერ არის შეწირული.

კრეტსაბმელი ამოქარგულია ყავისფერ ყანაოზზე, ცენტრში ჩალისფერი ზეზით. დედა არშიაზე გამოსახულია იესე, მოქარგული მოლისფერი აბრეშუმის ძაფით და ლითონის ძაფით დამაგრებული სამოსით. იესეს უკანა მხრიდან ოქრომკედის მაღალი რელიეფით რომბებიანი ნახატით შესრულებული "ხეა", რომლის ორივე მხარეს სამ რიგად ყვავილის გვირგვინებში ჩამსხდარი წმინდანების გამოსახულებებია, თავზე ევროპული გვირგვინებით, ცალ ხელში - კვერთხით, მეორეში - ასომთავრულწარწერიანი გრაგნილებით. ცენტრში მაღალი, დიდი ყვავილის გვირგვინში - ღვთისმშობელი ყრმით. თავისუფალი არე შევსებულია დიდი და პატარა ზომის სიმეტრიულად განლაგებული ვაზის ფოთლებით. ფარდის ოთხივე მხარეს უვლის მაყვლის ყვავილებით, მიხაკებით და ფოთლებით შედგენილი ყვავილოვანი ორნამენტული ზოლი, ფარდას სამივე მხარეს შემოსდევს ფოჩიანი მოსავლები. ყველა ფიგურას ახლავს განმარტებითი წარწერა. ყველა წმინდანი მიმართულია ღვთისმშობლისკენ. წმინდანების სამოსი შესრულებულია შინდისფერი და სალათისფერი ძაფებით. ფერთა მონაცვლეობა სასიამოვნო ჟღერადობას აძლევს ფარდას.

გარსშემოვლებულ ორნამენტში მაყვლის, მიხაკისა და ფოთლების გამოყენება შემთხვევითი არ არის. ეს განპირობებულია სიმბოლური მნიშვნელობით. მაყვალი დაკავშირებულია ღვთისმშობლის პიროვნებასთან, რაც ჰიმნოგრაფიაშიც აისახა: "სამხილმან ბაბილოვანს სამების რიცხვთა მიჰრიდა და ქალწულისა შობასა, რომელი მოსეს მთასა ეჩვენა შეუწველად მაყვლისა, წინა-სახე ექმნა", ხოლო მიხაკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში მოწამეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც მისი თესლის ფორმითაა ნაკარნახევი. მიხაკის თესლი ლურსმანს ჩამოჰგავს. იგი მაცხოვრის ვნების იარაღის - სამსჭვალის მიმანიშნებელია.

- მუზეუმში დაცულია ქეთევანისეული კრეტსაბმელი, რომელიც ადრე სიონის ტაძრის აღსავლის კარის ფარდას წარმოადგენდა. როგორც ვიცი, მას საინტერესო ისტორია აქვს. გთხოვთ გვიამბოთ ამის შესახებ...

- ეს ფარდა შუა აზიაში ერთმა სომეხმა ვაჭარმა იყიდა და თბილისში ჩამოიტანა, მელიქ-აზარიანცის მაღაზიაში დადო გასაყიდად. როგორ მოხვდა ეს ნაქარგობა გერმანიაში, გაურკვეველია. 1937 წელს ეს ფარდა აკაკი პაპავამ გერმანელი დოქტორ ჰოპის დახმარებით და ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით შეიძინა. დღიდან შეძენისა თამარ და აკაკი პაპავები დიდი "სიყვარულითა და ზრუნვით" უვლიდნენ ამ ნაქარგობას. 1939 წელს ეს ფარდა ჰამბურგის ცნობილ ბანკს მიაბარეს შესანახად. 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვის შედეგად ბანკის ნაწილი განადგურდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ფარდა სასწაულებრივად გადარჩა. ამის შემდეგ ეს ფარდა პაპავებს აღარ მოუშორებიათ, ყოველთვის თან ჰქონდათ, ხოლო მათმა შთამომავლებმა, ანდერძის თანახმად, 1987 წელს რეზო თაბუკაშვილის მეშვეობით სიონს დაუბრუნეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კი იგი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს მიაბარა შესანახად.

ფარდის არშიის ზედა და ქვედა მხარეზე ერთი და იგივე წარწერაა, რომელიც სხვადასხვა ხელითაა ამოქარგული. წარწერა გვამცნობს: "შენ ძითურთ იესესით აღყვავებულსა მაგას ქალწულსა დედასა მხსნელისასა ტფილისს სიონსა ღვთისმშობელს გიძღვენ მეცა/ქვრივი ვ(ითარც)ა მწულილსა დედა ქსნის ერისთავის დავითისა ქეთევან/ფარდასა ამას საოხად სულისა მისისა და ძეთა მისთა აღსაზრდელად. აგვისტოს (14) წელსა 1773". წარწერაში მოხსენიებული ქეთევანი არის ერეკლე მეორეს მამიდაშვილი.

- რა არის ნაჩვენები ქეთევანისეულ კრეტსაბმელზე?

- აქაც მოცემულია "იესეველთა საგვარტომო ხის" იკონოგრაფიული ტიპი. ყველა წმინდანს თავზე განსხვავებული გვირგვინი ადგას. არც ერთ წმინდანს წარწერა არ აქვს. სავარაუდოა, რომ ესენი არიან მეფეები - სოლომონი, დავითი... ფარდის გვერდებზე სამ-სამი წმინდანია გამოსახული. წმინდანებს ცალ ხელში სახარება უჭირავთ. მთლიან კომპოზიციას გარს უვლის საკმაოდ განიერი, ცისფერ ატლასზე დაქარგული ყვავილოვანი ორნამენტი, რომელსაც ორივე მხარეს ვიწრო ორნამენტული ზოლი გასდევს მაყვლის ყვავილებით.

ღვთისმშობლის გამოსახვა ყრმით მის სიწმინდეს, ე.ი. უბიწო მუცლადღების საიდუმლოს განასახიერებს, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ღვთის განკაცება-განსხეულების საიდუმლოსთანაც. ამ კრეტსაბმელზე ძველი აღთქმის მამებისა და სამსხვერპლოს გამოსახვით ნაჩვენებია აგრეთვე ის მსხვერპლი, რომელიც მაცხოვარმა გაიღო ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად.
ბეჭდვა
1კ1