ხატწერისას ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წმინდანს ვეხები
ხატწერისას ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წმინდანს ვეხები
გვანცა ნარინდოშვილი 17 წლისაა. უფალმა მას ხატების წერის ნიჭი მისცა.

- ხატების დაწერა ჩემი ხმამაღალი ნატვრა იყო. არ შემეძლო რაიმე, თუნდაც სილუეტი დამეხატა. თავადაც არ ვიცი, როგორ დავიწყე ხატების წერა, - მიამბობს გვანცა, - ჩემი პედაგოგის, ნინო ღლონტის დახმარებით, ალბათ ფსიქოლოგიურად კარგად მოვემზადე. 14 წლის ვიყავი, როცა ოთხი მახარებლის ხატი დავწერე. არც ველოდებოდი, რომ ხატებს დავწერდი, თითქოს გაუაზრებლად მოხდა ყველაფერი. როცა ოჯახში ვახსენე, საღებავები უნდა ვიყიდო-მეთქი, გაუკვირდათ. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო დეკორატიული სტილით გაკეთებული ორი ჯვარი და ხევსურული ორნამენტებით შემკული ხატები.

- როგორ დაიწყე თავიდან ხატების დაწერა?

- პედაგოგმა ნინო ღლონტმა შემოგვთავაზა, ვისაც სურდა, ხატვის გაკვეთილს დასწრებოდა. მივედი. ვნახე - ბიჭი ხატავდა ძალიან ლამაზ წმინდა გიორგის ხატს. მომეწონა და ხმამაღლა ვინატრე, ნეტავ მომეცეს ხატის წერის უნარი-მეთქი. იქიდან დავიწყე ხატწერა. ჩემი გადაწყვეტილება ყველას გაუკვირდა. მეუბნებოდნენ, - არ შეგიძლია არაფრის დახატვა და ხატებს როგორ დაწერო. ახლა რომ ნახულობენ მეგობრები ჩემს ნამუშევრებს, ძალიან უკვირთ.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დღეს სკოლა "ივერიაში" განვაგრძობთ ხატწერას. თავიდან ქალბატონ ნინოს ხატწერის სკოლა აკადემიაში ჰქონდა ჩამოყალიბებული. ახლა აქ არის გახსნილი ხატწერის ჯგუფი. დღე ისე გადის, რომ ვერც ვიგებ. ხატის დაწერის დროს რომ იკეტება ოთახის კარი, საერთოდ ვწყდები გარესამყაროს და სულ სხვა განზომილებაში გადავდივარ. შაბათის მოსვლას განსაკუთრებით ველოდები ხოლმე. გვაქვს შეკვეთები მოძღვრებისგან. ვაწყობთ გამოფენებს. ერთ-ერთი გამოფენა დიდი სამების ტაძარში გავმართეთ,Aასევე ბავშვთა გალერეაში.

- რა საღებავს იყენებ ხატწერის დროს?

KARIBCHE- ძირითადად აკვარელს, ოქროს, ვერცხლს. ემულსიას ვაკეთებთ კვერცხის გულით და წყლით. გონების მიმნიჭებელ ხატს ერთი წელი ვწერდი. თუმცა ზოგ ხატს ძალიან მალე ვამთავრებ, სამ-ოთხ თვეში. ახლა შეკვეთებზე უფრო სისტემატურად ვმუშაობთ. ყველა ხატი იწერება კანონიკის დაცვით.

თავიდან ხატის წერა რთული მეჩვენებოდა, მაგრამ მერე, რომ ვისწავლე, შევეჩვიე.Yხატის დაწერის დროს რაღაც შიშის გრძნობა მეუფლება. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წმინდანს ვეხები. ხატის დაწერა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. თუმცა ჩემი პედაგოგი მეუბნება ხოლმე, შენ ხატწერისთვის მზად ხარო. ხატის დასაწერად თავად უნდა იყო შინაგანად მომზადებული, ხშირად უნდა იარო ტაძარში. პირადად მე ვცდილობ, მქონდეს ეკლესიასთან ურთიერთობა. ვესწრები ღვთისმსახურებას, ვარ აღმსარებელი და მაზიარებელი.

გამოფენებს პერსონალურად ვმართავთ ხოლმე, საკუთარი თანხებით, სამებაში გამოფენებს არ სჭირდება თანხის გადახდა. ჩვენს დაწერილ ნამუშევრებს ვაჩვენებთ საპატრიარქოში და მერე გვაძლევენ გამოფენების მოწყობის უფლებას. სამებაში სამ-ოთხდღიანი გამოფენებია. არადა, მოთხოვნა ძალიან დიდია. ბავშვთა გალერეაში დარბაზს ვქირაობთ. გამოფენებზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის. ვიწვევთ სასულიერო პირებსაც. გამოფენებს ქრისტიანულ დღესასწაულებზე ვმართავთ ხოლმე.

მეორე პროფესიად მინდა ავირჩიო მედიცინა. ღვთის ნებით, სამხატვრო აკადემიაში ვაპირებ ჩაბარებას ხატწერის განხრით.

ჩემი ოჯახი ყველანაირად მიდგას გვერდით. როცა ხატს ვწერ, რაც საერო ცხოვრებაში ხდება, აღარაფერი მაინტერესებს.

ვცდილობ, ისეთი მეგობრები მყავდეს, ვისთვისაც უპირველესია სწავლა და ეკლესიური ცხოვრება.
ბეჭდვა
1კ1