ისეთი შვილი რად გინდა, სამშობლო არა სტკიოდეს?!
ისეთი შვილი რად გინდა, სამშობლო არა სტკიოდეს?!
პოეტ თემურ ჩალაბაშვილს 12 ნოემბერს 60 წელი უსრულდება. ჟურნალი "კარიბჭე" ულოცავს მას იუბილეს, დღეგრძელობასა და სულიერ სიმხნევეს უსურვებს.

შეგონება
ათი მცნების მიხედვით
მოდგმავ ადამის, უფლის შვილო,
ჩემო კეთილო,
ჰყავ სიყვარული -
შენივ ღმერთის ხატად შექმნილო!
სძლიე სიკერპეს,
თავსა შენსა ნუ განადიდებ,
სუფევა ღვთისა გიხაროდენ,
იგი ადიდე!
იყავ ნატრული ჩამოღვენთილ
შენი ოფლისა,
წმინდა შაბათი მოიხსენე,
ვით დღე უფლისა...
მიაყურადე სიყვარულზე
მაამბობელთა
და უერთგულე სასოებით
შენთა მშობელთა!
შენივე მოდგმა შეიყვარე, ვითა ღვთაება,
სიმრუშის უღელს განეკრძალე,
შიგ არ გაება.
არა იპარო, ის შეირგე,
რაც შენი არი,
სხვისი სხვისია თუნდ ალმასი,
თუნდა ნაცარი; -
ყველაფერს დრო და ჟამი წაშლის,
რჩება სახელი...
შეხე, ძმობილო,
რა საოცრად დრონი მიჰქრიან,
კაცს ნუ დასწამებ
იმას, რაზეც არ უფიქრია.
ნუ შეგშურდება მოყვასისთვის
ოქროს ზოდები, -
და უფალივით ამაღლდები,
მისებრ ცხონდები...


ამას სჯობია
ისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ.
ისეთი ხმალი რად გინდა,
მტერთან შეყრა არ შიოდეს,
ისეთი შვილი რად გინდა,
სამშობლო არა სტკიოდეს.
ისეთი ცხენი რად გინდა,
ლაქარში არა ხვიოდეს,
ისეთი მეფე რად გინდა,
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა,
სხვის ხელში გადადიოდეს.
ამას სჯობია, ქართველი
სამზეოს არ დადიოდეს...


***
კვლავ ავიარე მე წიწამურთან,
მკერდს შემაფრინდა ეშმა ფრთოსანი,
ღმერთო, გულწრფელი ვიყავ მამულთან,
ვით სიკვდილის წინ დიდი მგოსანი.
მზე გაქცეოდა წვიმებს ღრუბლიდან,
სადღაც ყმუოდა ქარი ტიალი,
ასე მეგონა, დაჭრილ შუბლიდან
ჩამომდიოდა სისხლი თქრიალით.
და საქართველოს სუნთქვა მესმოდა,
როგორც ილიას დინჯი ქართული
და ჩემი მზერა მცხეთას ეკვროდა,
და ვიყავ მცხეთის ჯვარზე გაკრული...


ივანე მაჩაბელი
იქნებ მტკვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის,
როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა,
რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,
არ იცოდა, რა დიდებას კარგავდა?
თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,
რა ყოფილა ბედი ოხერტიალი -
არ აღირსა სამშობლოში საფლავი!
იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდნენ,
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,
რად უყვარდა საქართველო ესოდენ -
გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა...
...და მამულის შეკრთა მიწა მტკივანი,
მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს,
საქართველოს და მთაწმინდის ნიავი
დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...


საუბარი შვილთან
ეს ლექსი გოდერძი ჩოხელს ძალიან
უყვარდა და ვუძღვნი მის ხსოვნას
ლექსების გარდა
რას დაგიტოვებ?
გრჩება ფიქრები
სისხლით ნაწერი,
საფრენი წლები ჩამოვიტოვე,
მთებიდან მიხმობს
მზე - გულდამწველი.
იცოდეს ღმერთმა,
ცასაც ავწევდი,
შენკენ დაქროლილ
ქარს რომ შევბმოდი
და თითქოს, შვილო,
ლექსს კი არ ვწერდი,
ცეცხლწაკიდებულ
სახლში შევრბოდი...
...ნუ გამიწყრები,
თუ შეგაყვარე
მჭკნარი ვარდები,
სველი ძახველი.
მე ვდარდობ,
შენ რო დაგედარდები,
ჯანდაბას ჩემი
გზა და სახელი...


შენი იმედით
მიწყივ უხმლო და
მიწყივ უფარო
შენი იმედით
ვცოცხლობ, უფალო,
უწინდებურად
როგორ ვიგრგვინებ,
როცა მთავაზობ
ეკლის გვირგვინებს...
ყოველ ცისმარე,
განა კირთებით,
სისხლის ცრემლებით
ისევ ვირთვები
და შემდგომ ისევ
ჩვეულ იერით
ვხდები მორჩილი
და თვინიერი.
ვარ შენი მოდგმის
ძველი ქადაგი,
ბევრი ვსვი შხამი,
ბევრიც ბადაგი.
და, ბედნიერო,
შენთან ვინც არი,
ო, რა თქმა უნდა,
მაღლით, ღვთით არი.
ბეჭდვა
1კ1