"მინდა ვხატო! მინდა ვხატო!"
"მინდა ვხატო! მინდა ვხატო!"
იაპონიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის წვლილი. ქრისტეს სარწმუნოებას იაპონელები აწ უკვე წმინდანად შერაცხულმა მოციქულთასწორმა, ნიკოლოზმა აზიარა (ამის შესახებ "კარიბჭის" მკითხველს წინა ნომრებში ვუამბეთ). სწორედ ამ წმინდა მამის მრევლის ერთ-ერთ წევრზე გვინდა მოგითხროთ, იაპონელ ქალზე, რომელმაც გასაოცარი და საინტერესო ცხოვრება განვლო და მიიცვალა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად.

რინი იამასიტა, "ჩვენი ხატმწერი ირინა პეტროვნა" - ასე უწოდებდა მას თავის დღიურებში მამა ნიკოლოზი, უნიკალური პიროვნება იყო და ამავე დროს ტიპურიც იაპონიისთვის იმ გარდამტეხი პერიოდისთვის, როდესაც იაპონელები პირველად ეცნობოდნენ უცხოურ კულტურას.

რინის შემონახული ფოტოგრაფიიდან მისი ნებისყოფა, გამბედაობა და სულიერი სიძლიერე ანათებს. ეს არც არის გასაკვირი - იგი სამურაის ქალიშვილი იყო.

რინი დიაბადა 1857 წელს, ღარიბ ოჯახში, კასამაში. მან ბავშვობაშივე იგრძნო ხატვისადმი ლტოლვა და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ქალებს არ შეეძლოთ თავისი ბედის გადაწყვეტა, მან თხუთმეტი წლისამ დატოვა სახლი და ფეხით გაემგზავრა ტოკიოში. ეცადნენ მის დაბრუნებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დედის თანხმობით (მამა გარდაეცვალა, როცა იგი 7 წლის იყო) მან დაიწყო იაპონური გრავიურის შესწავლა, შემდეგ კი გადავიდა ევროპულ ფერწერაზე. იმ დროს იაპონიაში ყველაფერი საზღვარგარეთული მოდაში იყო. ის შევიდა ახალჩამოყალიბებულ სამხატვრო სკოლაში "კობე გეიდზიუცუ გაკო". იქ მისი მასწავლებელი იტალიელი ანტონიო ფონტანეზი იყო, ერთ-ერთი პირველი უცხოელთაგანი, რომელიც ჩამოვიდა, რათა იაპონელებისთვის გაეცნო დასავლეთევროპული ხელოვნება. დაახლოებით ამავე დროს რინიმ თავისი მეგობრის მეშვეობით (ისინი ერთად სწავლობდნენ ფონტანეზისთან) გაიგო მართლმადიდებლობის შესახებ. 1878 წელს კი მამა ნიკოლოზმა მონათლა რინი და უწოდა სახელი ირინა.

ერთ-ერთი მისი პირველი ნამუშევარი რელიგიურ თემაზე იყო ესკიზი ჟურნალის "სეიკიუ სიმპოს" ("მართლმადიდებლური მოამბე") გარეკანზე. ამ ჟურნალის გამოცემა მამა ნიკოლოზმა 1879 წელს დაიწყო. მან შეამჩნია ნიჭიერი ქალიშვილი და 1880 წელს გააგზავნა სასწავლებლად პეტერბურგში. მოძღვარი წუხდა იმაზე, თუ როგორ ჩავიდოდა რინი რუსეთის დედაქალაქში, რადგან არ იცოდა რუსული ენა და ევროპული ჩვევები. მან იგი ჩააბარა მამა ანატოლის, რომელიც სამშობლოში მიემგზავრებოდა.

შეიძლება წარმოვიდგინოთ ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობა ზღვებსა და ოკეანეებში და ის, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამან ახალგაზრდა ქალიშვილზე, რომელსაც არასდროს დაუტოვებია იაპონია. სამთვიანი მოგზაურობის შემდეგ გემი ოდესაში შევიდა. აქედან 1881 წლის მარტში იგი პეტერბურგში ჩადის. მაშინ რინი 24 წლის იყო. ის გახლდათ პირველი იაპონელი ქალი, რომელიც სასწავლებლად რუსეთში ჩამოვიდა.

რინი იამასიტა, იგივე ირინა პეტროვნა, ნოვოდევიჩის მონასტერში დასახლდა, სადაც ხატწერის სახელოსნო მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სტუმარი იყო, მას მონასტრის მკაცრი წესების დაცვა მოუწია - ცისკარი დილის სამ საათზე იწყებოდა, ღვთისმსახურება დიდხანს გრძელდებოდა და გვიან საღამოთი მთავრდებოდა. დღის განრიგი მკაცრად რეგლამენტირებული იყო. დასვენება მხოლოდ კვირაობით იყო ნებადართული. რასაკვირველია, მას ძალიან უჭირდა: რუსული არ იცოდა, სამხრეთელისთვის პეტერბურგის კლიმატი მეტისმეტად მკაცრი იყო, საკვები - უჩვეულო, არც მეგობრები, არც ნაცნობები ჰყავდა, გარდა მამა ანატოლისა, რომელიც ხანდახან ნახულობდა მას. დედა აპოლონია რუსულში ამეცადინებმა და ასწავლიდა რინის საყოფაცხოვრებო საქმეებს. მას ხატწერას დედა თეოფანია ასწავლიდა. ხატები იწერებოდა ცაცხვის ხეზე ტემპერათი, რომელსაც კვერცხის გული ემატებოდა. ეს მისთვის სიახლე იყო, იაპონიაში იგი უმეტესად ქაღალდზე ხატავდა. ტექნიკის ათვისება არც ისე ძნელი იყო, რთული გახლდათ მართლმადიდებლობის არსში შეღწევა, ხატის სულის გაგება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთში ჩამოსვლამდე რინის მართლმადიდებლობაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და არც შეიძლებოდა, სხვაგვარი ჰქონოდა. მართლმადიდებლობა, ზოგადად ქრისტიანობა, სამასი წლის განდევნის შემდეგ იაპონიაში სულ ახალი შემოსული იყო - მხოლოდ 1873 წელს დაიწყო მამა ნიკოლოზმა მოღვაწეობა. ქრისტიანობის აკრძალვის კანონი ხუთი წლის გაუქმებული იყო, როცა რინიმ ნათელიღო.

მამა ნიკოლოზმა ხაკოდატეში რვა წლის ცხოვრების განმავლობაში იაპონურ ენაზე თარგმნა ძირითადი საღვთისმსახურო წიგნები, მაგრამ მთავარი წიგნი ქრისტიანობისა - ბიბლია, საიდანაც ამოკრეფილია ძირითადი რელიგიური სიუჟეტები, არ იყო ნათარგმნი.

რინის ჩამოსვლის შემდეგ სულ მალე უფლის ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობდნენ და იაპონელმა გოგონამ პირველად ნახა დიდებული და ბრწყინვალე მართლმადიდებლური ღვთისმსახურების შუქით აბდღვიალებული ტაძარი. მან პირველად დიანახა რუსი მორწმუნეების კრძალვითი დამოკიდებულება რელიგიისადმი. ხედავდა, თუ როგორ თავგამოდებით ლოცულობდნენ ისინი, როგორ ეამბორებოდნენ ხატებს, როგორ ეზიარებოდნენ. ყოველივე ეს ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც იაპონურ ტაძრებში ხდებოდა.

რინი ინტერესით ეცნობოდა მისთვის უჩვეულო სამყაროს, მამაცურად უმკლავდებოდა ბევრ სიძნელეს მისთვის ამ ახალ გზაზე.

იგი დღიურებს წერდა - პატარა წიგნაკში, სადაც მოკლედ შეჰქონდა ყოველდღიური ცხოვრების მოვლენები. რინის პეტერბურგში ყოფნის დროს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, ამის გამო დღიურში არის შეტანილი შემდეგი ჩანაწერი: "მოკლეს იმპერატორი, რა საშინელებაა!"

18 მაისი - ამ დღეს იგი პირველად ეწვია ერმიტაჟს. მისთვის გაიხსნა ახალი სამყარო! ნახა რაფაელის, ტიციანის, რუბენსის, მურილიოს ტილოები. ეს სამყარო მისთვის ცოტათი ნაცნობი იყო: მისი მასწავლებელი, იტალიელი ფონტანეზი, ალბათ აჩვენებდა თავის მოსწავლეებს რენესანსის შედევრების რეპროდუქციებს. თავისუფალ დროს რინი კონკით მიდიოდა ერმიტაჟში, ამას ოცდაათი, ორმოცი წუთი უნდებოდა. იგი დადიოდა დარბაზებში, ითვისებდა ყოველივეს, რაც კი მის წინ იშლებოდა, ასლებს იღებდა. მაგრამ ერმიტაჟმა მას გარკვეულწილად დათვური სამსახურიც კი გაუწია: ღვთისმშობლის მკაცრმა სახემ მის ხატებზე რაფაელის მადონას მომხიბვლელი სირბილე მიიღო. მკაცრი, ასკეტური ბიზანტიური ხატები განსხვავდებოდნენ დასავლეთევროპელ ხელოვანთა ბიბლიური სიუჟეტების გამოსახულებებისგან, რადგან ისინი გამოხატავდნენ ცოცხალ ადამიანებს სხეულის სილამაზითა და ადამიანური ვნებებით. დედა თეოფანია მოუწოდებდა რინის, კანონიკისთვის არ გადაეხვია, ხოლო მკაცრმა იღუმენიამ დედა ევსტოლიამ დროებით აუკრძალა კიდეც ერმიტაჟში სიარული.

რინი დიდი გაჭირვებით იტანდა პეტერბურგის ნოტიო კლიმატს, თანაც მას სულიერი ტკივილი ღრღნიდა - სიყვარული ეწვია. იგი უიღბლო აღმოჩნდა. ამის შემდეგ რინიმ დაიწყო ფიქრი მონაზვნობაზე. ამის შესახებ მან მისწერა მამა ნიკოლოზს. მისმა მოძღვარმა არ მოუწონა - მამა ნიკოლოზს ესმოდა, თუ როგორი ძნელი იყო მონაზვნობა. რინი იამასიტამ მიიღო მამა ნიკოლოზის რჩევა, მაგრამ მთელი სიცოცხლე, როგორც მონაზონი, ისე ცხოვრობდა: შავებში დადიოდა, ბევრს ლოცულობდა, ხატებს ხატავდა, თვლიდა, რომ ეს იყო ღვთივსასურველი საქმე. მან პეტერბურგში ორი წელი დაჰყო ხუთის მაგივრად. იგი დაბრუნდა იაპონიაში, გზად კი გერმანიასა და საფრანგეთში შეიარა.

რინი ტოკიოში ეკლესიაში დასახლდა და მაშინვე დაიწყო მუშაობა ხატწერის სახელოსნოში, რომელიც ქალთა მართლმადიდებლურ სკოლაში მდებარეობდა.

რინი იამასიტა აღიარეს იაპონიის საუკეთესო ხატმწერად. როდესაც 1891 წელს იაპონიაში ვიზიტით ჩავიდა რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზი, მას მისი დაწერილი ხატი მიართვეს. ეს ხატი ჩამოიტანეს რუსეთში და ნიკოლოზ II-ის ოჯახის ეკლესიაში ინახებოდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ იგი გადაიტანეს ერმიტაჟში, სადაც დღესაც იმყოფება.

რინი იამასიტა მრავალი წელი დაუღალავად მუშაობდა, ცდილობდა სრულყოფილებისთვის მიეღწია და აქსოვდა შრომაში თავისი პიროვნების მგზნებარებას. მისი ხატები ამშვენებდა ტოკიოს ქრისტეს აღდგომის ტაძარს და იაპონიის სხვა ქალაქების მართლმადიდებლურ ეკლესიებს. "ჩვენი ნიჭიერი ხატმწერი ირინა პეტროვნა", - ასე წერდა მის შესახებ თავის დღიურში ქვეყნის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი. მაგრამ 1918 წელს, მამა ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ, რინიმ, რომელიც ახალგაზრდობაში წერდა: "მინდა ვხატო! მინდა ვხატო!" - დატოვა ხატწერის სახელოსნო და თავის სამშობლოში, კასამაში დაბრუნდა. მას კატარაქტა განუვითარდა და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მისი, როგორც მხატვრის, დღეები დათვლილი იყო. არც ფუნჯს, არც ფანქარს იგი აღარ გაჰკარებია. კასამაში იგი თავის ნათესავებთან ცხოვრობდა. 1923 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ტოკიოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დაიღუპა მისი საუკეთესო ნამუშევრები. ამის შემდეგ იგი განმარტოებულ ცხოვრებას მიეცა.

რინი იამასიტა 1939 წელს გარდაიცვალა, 83 წლისა. იგი არ დავიწყებიათ, დღესაც ეწყობა მისი ნამუშევრების გამოფენები, მის შესახებ გამოდის წიგნები, სტატიები, ფილმები, ტელეგადაცემები.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1