დიდება უფალს
დიდება უფალს
ჭეშმარიტს, ნათელს, მადლის მფენს უხვად,
დიდება უფალს!
ნუგეშს რომ აძლევს ღარიბს და მწუხარს,
დიდება უფალს!
რომ გვაგალობებს და გვალხენს, თუ ხამს,
დიდება უფალს!
ცოდვათა შემნდობს და მეოხს გულთა,
დიდება უფალს!
ყოველთა შემქმნელს, მწყალობელს სულთა,
რომელსაც სიბრძნე იგავით უთქვამს,
დიდება უფალს!
ყოვლის შემძლებელს და ყოვლის მპყრობელს,
გულით და სულით ცასავით სუფთას,
დიდება უფალს!



შემაგებე ხმა - შემოსვლად ღირს ხარ
ავივლი აღმართს მე სულის კვარით,
მწადის გიხილო სულისა თვალით.
ნუ უკუმაგდებ დაქანცულს, დაღლილს,
მომეც საუნჯედ მე შენი სახლი.
ვამღერებ შენთვის ქნარსა და ებანს,
ნუ, ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან.
ხარ ჩემი ბურჯი, შევძრწუნდე ვისგან?
შემაგებე ხმა - შემოსვლად ღირს ხარ!


***
უფალო, შეგთხოვ, ჩუმი, კრძალული
მხედე, მომაგე მადლი ფარული.
მხედე უპოვარს, უმწეოს, ღარიბს,
მხედე რწმენისა ერთგულს და ტარიგს.
მხედე უფალო, შენს შვილს, მონანულს,
შენს მადიდებელს და შენს მოყვარულს.
მარიდე ცოდვას, უნათე ამ სულს,
შემაძლებინე ვაკეთო რაც გსურს.


მახათას მთასთან
აქ შეუცნობი ტრიალებს მადლი.
მოწამეობის ზეობს სურვილი,
მახათას ზედა სინათლე დასდის,
მთა იდუმალით არის ბურვილი.
ღვთისმშობლის გული ასხივებს სითბოს
მთლად საქართველოს - მაცხოვრის ყვავილს
და ხელაპყრობილ მლოცველთა ფიქრში
ქრისტესთან ყოფნის ნატვრები ჰყვავის...


***
მეგულვი ჩემთან, ჩემს მარჯვნივ დგახარ,
მოწყალე თვალით და სახით მშვიდი,
მაუწყებ სათქმელს, აზრს მაწვდი ახალს,
ბედნიერი ვარ... ვარ შენი შვილი.
მახარებ, მალხენ, სიტყვებით ფერმწერს,
მავსებ სიკეთით, როგორც შემფერის.
მამაო ჩემო, გთხოვ მეყავ შემწედ,
შენს გზას არ აცდეს ჩემი ტერფები.

სინაის მთაზე
დაუკოცნია მთა ანგელოზებს
და ვარდისფერად განათდა თხემი.
აქ, უსათუოდ ამოვა მოსე,
აქ, უმაღლესთან შეხვედრა ელის
და გიხაროდენ, მთაო, სინაის.
შენ გერგო ბედად შეხება ფერხთა
დიადის, ვინაც ისურვა ესე
და მასთან მოსეს შეხვედრა შედგა.


***
კეთილმოსურნე ამაღლდება ცამდე დიდებით,
სიკეთის ძალა სინათლეა მარადიული.
ღმერთს მინდობილი მტერს არასდროს შეუშინდება,
მას განაბრწყინებს მისი ქმნილი საქმე ღვთიური.
უმწეოთათვის გულის სითბო იმედნეული,
შერჩება ხსოვნას, ვით ვარსკვლავის გასხივოსნება.
გაალღობს ყინვას სიკეთის მზე - უფლის რჩეულის
და შერცხვენილი ბოროტება წარიხოცება.


***
ჰა, ჩემი შუბლი, წმიდა ზეთსთვის
გავმზადებულვარ... მინდა კურნება,
ინებე, ჩემო უზენაესო.
რომ შენი შვილი გყავდე უვნებლად.
ო, მეუფეო, შიშით დ კრძალვით
ვდგავარ შენს ხატთან... შენს სახლში ვხარობ...
შეგთხოვ, ინებე, დამტვირთე მადლით,
რომ არ დამიშრეს სიწმინდის წყარო.


***
რად კვნესი სულო... მიენდე უფალს.
მე ჩემს რწმენაში ურყევად ვდგავარ.
მიენდე უფალს, სულო ნუ წუხარ,
ის წმინდა მთამდე მიგიყვანს თავად.
ვაწვიმოთ უხვად სიკეთე - ბროლი.
ავუნთოთ კვარი ჭეშარიტებას
და ვიგალობოთ მოყვასთა შორის -
"მზეს, მაცოცხლებელს, უფალს დიდება"!

ზოია ვაშაკიძე
ბეჭდვა
1კ1