"მართვეს" კიდევ ერთი ერქომაიშვილი სჭირდება
"მართვეს" კიდევ ერთი ერქომაიშვილი სჭირდება
ბიჭუნათა ანსამბლი "მართვე" 1976 წლის ნოემბრის ერთ მზიან დღეს დაიბადა. "არტოს ბაღში" შედგა პირველი შეკრებაც და პირველი რეპეტიციაც. თითქოს ეს 29 წელი არც კი გასულა; "მართვე" ისევ ძველ ბუდეში ცხოვრობს და ქართული სიმღერით ძველებურად ათბობს მსმენელთა გულს. მხოლოდ, ბარტყები იზრდებიან და ფრთიანდებიან, წამოზრდილებს ნორჩები ცვლიან, წარმატებას კი წარმატება მოსდევს.

ახლახან ანსამბლი გერმანიაში იყო მიწვეული, სადაც ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. "მართვეს" ბიჭებმა გერმანელი მაყურებელი მონუსხეს. მეტიც - ქართული სიმღერით შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება "ბარტყებს" თითქმის მთელ ევროპაში მოუხდენიათ. ფესტივალზე მოპოვებული წარმატებებით გალაღებულები სამშობლოსკენ ავტობუსით რომ მოუყვებოდნენ გზას, იტალიაში, მილანში შეჩერებულან ლასკალის თეატრთან, საოპერო ხელოვნების სამჭედლოსთან. ერთი გადაუვლიათ თვალი თეატრში ოპერის მოსასმენად მიმავალი ადამიანებისთვის და ქართული მრავალჟამიერი მამაპაპურად დაუჭექავთ. შეცბუნებულა ხალხი, ვეღარ გაუგიათ, საით აეღოთ გეზი - ოპერისკენ თუ იმ ბიჭებისკენ მიბრუნებულიყვნენ, რომელთაგანაც ბევრი მათგანისათვის უცხო, მაგრამ ძალიან ლამაზი მუსიკა მოდიოდა. ქართული სიმღერის ძალას თავისი უქნია. წამში მილეთის ხალხი შეგროვილა თეატრთან. მხრებს იჩეჩავდნენ თურმე უცხოელი ტურისტები - მილანში აქამდეც ვყოფილვართ, ლასკალასაც ვწვევივართ, მაგრამ მსგავსი არაფერი გვინახავს, ეს რა სიურპრიზიაო. ჩვენი ბიჭები ტაშითა და მხიარული ოვაციებით გამოუცილებიათ როგორც მუსიკალური ხელოვნების ღირსეულ შემფასებელ იტალიელებს, ისე მათ სტუმრებს. შემდეგ ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში ბორნით გადასვლისას მოწყენილი მგზავრები წამში გამოუფხიზლებია "მართვეს". ერთი წაუმღერებიათ ჩვენს ბიჭებს და სანამ ხმელეთზე გადავიდოდნენ, ვეღარ გაჩუმებულან. შეწყვეტდნენ თუ არა სიმღერას, მთელი ბორანი ბისსა და ბრავოს გაჰყვიროდა თურმე.

ამას წინათ "მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის მოგონებებს ვკითხულობდი ანსამბლის წარსულზე. ახალი "მართვეს" წარმატებებმა ერქომაიშვილის მოგონებებიდან ერთი საგასტროლო ამბავი გამახსენა. "მართვე" ავსტრიაში გასტროლიდან რომ ბრუნდებოდა, აეროპორტში პაატა ბურჭულაძეს შეხვედრია. დიდი საოპერო მომღერალი ქართული ფოლკლორის ნორჩ მოამაგეებს მოფერებია და უთხოვია - ერთი ქართული სიმღერა იმღერეთო. დღეს უკვე ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელს, მაშინ კი "მართვეს" სოლისტს, გიორგი უშიკიშვილს წამოუწყია "წინწყარო". მელოდია ნელ-ნელა მოფენია დარბაზს. ხალხი ჩერდებოდა თურმე და უსმენდნენ "უცნაურ ბავშვებს". ერთ სიმღერას მეორე მოფენია, მეორეს - მესამე. პაატა ბურჭულაძე ბანებში ჩამდგარა და ნორჩ მომღერლებს სიმღერაში აჰყოლია. საკმაოდ ბევრ მაყურებელს მოუყრია თავი "უფასო კონცერტზე". პაატას უცხოელი ნაცნობები გამოსჩენია. გაოცებულები კითხულობდნენ თურმე ბიჭების ვინაობასა და სიმღერების წარმოშობის შესახებ. ოპერის ვარსკვლავი კი გატაცებით უამბობდა ყველას საკუთარი სამშობლოს, მისი კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ასეთი ტრადიციული წარმატებების მიუხედავად, "მართვე" მისი ღირსებისათვის შეუფერებელ გარემოში ცხოვრობს. "არტოს ბაღში" იმ კლუბის შენობა, რომელშიც 29 წლის წინ დაბინავდნენ, ნახევრად დანგრეულია. "ბარტყები" მუდმივად იმის მოლოდინში არიან, რომ მრავალი მხრიდან მოსმენილი დაპირებები ერთ დღესაც ასრულდება და ბიჭები ზამთრობით იძულებით არ წავლენ ხოლმე ორთვიან არდადეგებზე. იმის გამო, რომ ფარღალალა შენობაში ზამთრის სუსხსა და დარბაზში მოთარეშე ქარს პალტოებში და ქურთუკებში შეფუთულებიც ვერ უმკლავდებიან, ზამთრის ყველაზე ცივ პერიოდში რეპეტიციებს წყვეტენ, რაც ძალიან მავნებელია მომღერლისათვის. შარშან ზამთარში იაპონელები წვევიან "მართვეს" ბუდეს. ვერ დაუჯერებიათ საკუთარი თვალით ნანახი - აქ როგორ ამღერებთ ამ ბავშვებსო... ანსამბლი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩინეთში ძალიან ცნობილ ფოლკლორულ ფესტივალზე არის მიწვეული. ბიჭები ოცნებობენ, რომ ვინმე მადლიანი გამოუჩნდეთ და მათი გასტროლი დააფინანსოს.

"სიმღერა ერის სულიერი სარკეა, ეს არის ხმოვანი ქრონიკა, რომელშიაც აღბეჭდილია ერის მრავალსაუკუნოვანი განვითარების ისტორიული პროცესი, ამიტომ არაფერი ინახავს ისე მამაპაპურ ტრადიციებსა და ქართულ სულს, როგორც სიმღერა. სიმღერა მარადიულია, როცა იგი თაობებს მიჰყვება, ხოლო კვდება, თუ მას ახალგაზრდობა ივიწყებს. თუ გინდა ხალხური სიმღერა შეინახო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო. თუ ბავშვი პატარაობიდანვე შეისწავლის და შეიყვარებს ხალხურ სიმღერას, მერე იგი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება, ამით ძველი ტრადიციებიც გადარჩება", - ასე ქართული ხალხური სიმღერის ბედი ანზორ ერქომაიშვილს აწუხებდა 29 წლის წინ და ერის ხმოვანი ქრონიკა რომ გადაერჩინა, მრავალ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად ბიჭუნათა ანსამბლი "მართვეც" დააარსა. ქართულ ხალხურ სიმღერას მივიწყების საფრთხე თუნდაც იმიტომ აღარ ემუქრება, რომ ანზორ ერქომაიშვილის და მისი თანამოაზრეების წყალობით ჩვენებურ სიმღერებს მთელი მსოფლიო მღერის. ცოტა ხანში სარეპეტიციო ადგილისა და სახსრების უქონლობის გამო ქართული სიმღერა შეიძლება ქართველების გარდა ყველამ იმღეროს. ახლა "მართვეს" და არა მარტო მას კიდევ ერთი ანზორ ერქომაიშვილი სჭირდება - შოუბიზნესის ავან-ჩავანის კარგი მცოდნე.

მოამზადა
ეკა ლომიძემ
ბეჭდვა
1კ1