ესმა
ესმა
ნამდვილების ხეივანში დრო მკვდარია და მუდმივი სიცოცხლე სუფევს
დაკვირვებიხართ? ჩვენ-ჩვენი საქციელით ხანდახან ბუნების რაიმე ქმნილებას დავემსგავსებით ხოლმე, ზოგი - ლამაზს, ზოგი - ულამაზოსაც, მაგრამ მთავარია, რომ ვგავართ - კაცი შემოგვხედავს და ამ ქმნილებას "კითხულობს" ჩვენში.

მხატვარი ესმა ონიანი კი წითელ ყაყაჩოს ჰგავდა - ბრდღვიალებდა სულითაც და ხორცითაც. ძალიან ლამაზი იყო. შემოქმედებაში კი, - ნახატი იქნებოდა, ლექსი თუ უბრალო ამბავი, - "შეციებული ყოფის სიბნელე" თავის ფერთა კოცონით გააჩირაღდნა. ის თბილი ფერების შემოქმედი იყო. რაც უფრო "შედიხარ" მისი ნახატებისა და ნაწერების ფერების ტალღებში, მით უფრო გათბობს, მით უფრო მიჰყავხარ იქ, სადაც იმდენი სილამაზეა, უნებურად ამბობ, - ღმერთო, თუ ეს ყველაფერი მოგვეცი, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ?! იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ მის დასანახად თვალი ძალიან ფაქიზი უნდა გქონდეს. ყველა, ვისაც რეალურად შეუფასებია ესმა ონიანის შემოქმედება, ამბობს, რომ იგი მომავლის შემოქმედია. პლეხანოვზე, ესმას წილი მზით განათებულ სახელოსნოში, ესმას ნახატები ამ დღეს ელიან. მანამდე კი აქ ესმას დასთან, ირინა ონიანთან ერთად შევიდეთ და ვნახოთ, როგორ ინება განგებამ, ესმა ონიანს იმაზე მეტი დაენახა, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავნი ვხედავთ:

***
- ადგილი ცოტაა, ყველა ნახატი კედელზე არ ეტევა, ამიტომ ბევრი იატაკზე მაქვს პირშექცევით დაწყობილი, რათა ავარიდო დაზიანება და ხანდახან - თვალიც, რადგან როცა შემოვატრიალებ და დავხედავ, თითქოს ჩემი და მიყურებს თავისი ჭკვიანი თვალებით. ამ თვალებით ის შორს ხედავდა და იმას ხედავდა, რისი დანახვაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეგვიძლია. მერე, კიდევ უფრო გასაკვირველად, ამ ყველაფერს მატერიალურად აქცევდა: ისეთ სამყაროს ქმნიდა ნახატით თუ ლექსით, ბევრმა ვერც აღიქვა, რასთან ჰქონდა საქმე. არც გაემტყუნებათ - რანაირად უნდა აიძულო ადამიანი დაინახოს ის, რისი დანახავაც არ შეუძლია. მაგრამ ყველას ერთნაირი მზერით ხომ არ გვქმნის განგება. როცა ესმას ლექსები თავადაც ნიჭიერმა ადამიანმა, რევაზ თვარაძემ წაიკითხა, თქვა: - ეს უბრწყინვალესი პოეტია, აუცილებლად უნდა დაიბეჭდოსო. დაბეჭდა კიდეც. ალბათ მართლა ამით დაიწყო, როგორც ესმას მეგობარი კობა იმედაშვილი ამბობს, - ესმას სულიერების "ცხრაკლიტულის" შეღება. იქვე კი იმასაც დასძენს, - მაგრამ ესმა მაინც მომავლის შემოქმედია და რაც დრო გავა, ეს "ცხრაკლიტული" ნელ-ნელა გაიხსნებაო. ამას მეც ვამჩნევ, - ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება მისი შემოქმედების სინათლეზე გამოტანას მივუძღვენი და რაც დრო გადის, მით მეტად მხვდებიან ესმას მხატვრობით აღტაცებული ადამიანები. უცხოელები - მით უფრო. ისეთი ემოცია აქვთ, ძნელია სიტყვებით გადმოვცე. სამაგიეროდ, გიამბობთ, რა გზა გაიარა ესმამ, როგორ იქცა იმად, რადაც უნდა დარჩეს. თავად ასე გამოხატავს ამას: "თუკი ოდესმე ვინმე ჩემს სიტყვებს მიეკარება,\ გაღიმებულს, თვალმიბჯენილს, ურყევ თანმხლებს\ მას, შეუბოჭავს, ჩემს სულს იხილავს.

***
ესმას სული რომ ასე გახსნილიყო და გაფაქიზებულიყო, ალბათ ჩვენი ბავშვობა გაისარჯა თავისი "თბილი თითებით"... როგორც გზის იისფერი დასაწყისი, ჩვენი ბავშვობა ესმას შემოქმედებას სულ თან მისდევს და ანათებს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ბავშვობა თავადაც ულამაზეს ხალხში და ულამაზეს ადგილებში გადიოდა - ძირითადად ხარაგაულში, დედულეთში, სოფელ სარგვეშში. მამის სოფელიც ულამაზესი გვქონდა, - მამა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშიდან იყო, მაგრამ გზის სიშორისა და სიძნელის გამო ზაფხულს უმეტესად ხარაგაულში ვატარებდით. მიუხედავად ამისა, ესმას შემოქმედება სვანეთისა და იმერეთის ფერებით თანაბრად არის სავსე, - თითქოს ამ ადგილების სილამაზე და სევდა აკრეფილა და მის შემოქმედებაში ჩაღვრილა. სევდაც იყო, როგორ არა - ლეჩხუმიდან რუსეთში ასამდე ხატია გატანილი. მათ შორის სასაშის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ერმიტაჟში უდევთ რუსებს - სასაშის ღვთისმშობელი ტახტზე ზის და კალთაში ყრმა იესო ჰყავს დაბრძანებული. დედის სოფელსაც საუკუნეთა მადლი ახლდა - ამ სოფელში აღმოჩენილ ვერცხლის თასს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძთან ერთად პარიზში პატრონობდა.

დედაჩემი აბაშიძე იყო. აბაშიძეების სახლის ეზოს საჯვარე ერქვა. ამაზე არავინ ლაპარაკობდა, რადგან საშიში იყო ასეთი ამბების გამხელა. როცა წამოვიზარდეთ, თავად მივხვდით, რატომ ერქვა ამ ადგილს საჯვარე - აქ უძველესი ჯვარი მდგარა, რომელიც, როგორც ჩანს, ბოლშევიკებმა გააქრეს. სამაგიეროდ, ჯვრის კვარცხლბეკი დარჩა, მიწიდან ოდნავ ამოწეული. რა ვიცოდით, რა იყო და ბავშვები ზედ ავდიოდით ხოლმე. ერთხელ ჩვენი არქეოლოგი ნათესავი მოვიდა, შეხედა და - ამას აქ რა უნდა, ძალიან ძველია, მუზეუმში უნდა წავიღოო. XI საუკუნისა აღმოჩნდა, დღესაც ეროვნულ მუზეუმში ინახება... ამ საჯვარისკენ ბავშვები გიჟებივით გავრბოდით. ესმა ვერ გვეწეოდა, სირბილი არ შეეძლო, ძალიან ნაზი იყო, მაგრამ დიდობაში იმ საჯვარესთან რომ მივიდოდა, ფეხზე გაიხდიდა და დადგებოდა გარინდებული პირით აღმოსავლეთისკენ, როგორც ტაძარში. ასე გარინდებული საათობით იჯდა შინაც. ასეთ დროს მასთან მიკარება არ შეიძლებოდა, გვიშლიდა. ალბათ ამ დროს მიეახლებოდა ის, რაც მერე შემოქმედებაში გადაჰქონდა. თავადაც იტყოდა ხოლმე, - ესმას ესმაო... ხომ თითქოს შეჩვეული ვარ, ბევრჯერ მეც კი მაოგნებს ეს სამყარო, - სამყაროს ხატავს და ამ სამყაროს იქით კიდევ სამყაროა, მის ფერს მიღმა ხანდახან ადამიანის შიშველი კანი ჩანს, გეგონება, ძარღვები ფეთქავენო. ამ კანს იქით კიდევ არის რაღაც, იმის იქით - კიდევ რაღაც და ასე... თითქოს საიდანაც მოვიდა, იშვა, ახსოვდა - მარადისობა, რაღაც პირველადი, ბედნიერი, კეთილი. ლექსებშიც ზუსტად ასეთი აქვს - კითხულობ და ფერების გავლით მიდიხარ რაღაც შორეულისკენ, მშობლიურისკენ, ტკბილისა და ნამდვილისკენ, რაც დასაბამიდან მოგვცა უფალმა, რისთვისაც შეგვქმნა, მერე რომ ადამიანები შევეხეთ და შევცვალეთ, ისეთად ვაქციეთ, როგორადაც ახლა ვცხოვრობთ. იმის თქმა მინდა, რასაც ახლა უკვე სხვები ესმა ონიანის შემოქმედებაში ნელ-ნელა ამჩნევენ: ამ შემოქმედებაში უფალი ჩანს - ყველაფრის საწყისი და ყველაფრის სასრული. ამიტომ ესმასთვის ყველაფერს შვება მოაქვს - სიკვდილსაც, ტკივილსაც, დაბადებასაც და სიხარულს, მით უფრო... თითქოს კი არა, ამბობდა კიდეც: ვისაც აქვს მარადიულის, მთავარის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა, ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას, არ ხარბდება, არ წვრილმანდება, არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზეო...

***
მისი სული ასეთი განცდებით რომ იყო გაჟღენთილი, იმიტომაც იკრებდა ჩვენი სახლი სულიერებით სავსე ადამიანებს. ასეთები იყვნენ მისი მეგობრები: გურამ რჩეულიშვილი, ერლომ ახვლედიანი, დათო ჯავახიშვილი... მათ შორის იყვნენ უცხოელებიც. დაინახავდა თუ არა დედაჩემი ანდრეი ვოლკოვსკის, იტყოდა, - მოვიდა, ახლა იწყება ჩვენი ღამისთევაო. დედა, მამა, ოჯახი ესმას შემოქმედების დიდი და კამკამა წყარო იყო. შეიძლება არც მეგულებოდეს სხვა შვილი, რომელმაც ოჯახი ასეთ სიმაღლეზე აიყვანა. დედის საოცარი პორტრეტები აქვს შექმნილი - რუსული გალერეები იმდენის გადახდას აპირებდნენ ესმას ნახატებში, არცთუ დალხენილ ცხოვრებაში წლები ეყოფოდა, მაგრამ მათი გაყიდვა აზრადაც არ მოსვლია...

KARIBCHEყოველ ღამე, ძილის წინ, ესმა მივიდოდა და დედას საბანს ამოუკეცავდა. მერე, როცა ესმა გარდაიცვალა, დედისთვის საბნის ამოკეცვა მე მოვინდომე. არ მიმიკარა - ესმასავით არ შეგიძლიაო... ჩემი დის უნაპირო სითბო და სიყვარული მხოლოდ ნახატებსა და ლექსებში არ ნაწილდებოდა. ყოველ დილით, როცა სამსახურში მივდიოდი, გადამწერდა პირჯვარს და გზას მილოცავდა, როცა რაიმე მიჭირდა, მშვიდად მეტყოდა, - შენთვის ვილოცებო და განსაცდელიც გადიოდა... ასეთი მოსიყვარულე მხოლოდ ოჯახის წევრების მიმართ არ ყოფილა, მასაც კი, ვინც თავიდან უნდა მოეშორებინა, სიძულვილით კი არა, სიყვარულით იშორებდა. ერთხელ სექტანტებმა მოგვიკაკუნეს, რაღაც ლიტერატურას აჩეჩებდნენ. ესმა ძველი აღთქმის სიტყვებით მშვიდად შეეპასუხა. ისინი უკან დამუნჯებულები გაბრუნდნენ, მე კი გავიფიქრე, - მის ადგილას უსათუოდ ვიჩხუბებდი-მეთქი. ესმას ჩხუბი არ შეეძლო, არც დაცინვა. პირიქით, თუ ვინმეს რაიმე ხინჯი ჰქონდა, გლოვას იწყებდა. ამ გენიოსს, რომლის ერთი ნახატით წლობით იცხოვრებდა მთელი ოჯახი, დილაობით მე ვაძლევდი ხოლმე ორ ლარს. დახედავდა და იტყოდა: მენანება შენი ნაშრომი, ახლა რომ გავივლი და მათხოვარი შემხვდება სადმე, მაინც მას უნდა მივცეო... აი, ასეთი იყო, - სიკეთის მასხივებელი, როგორც მისი შემოქმედება. ახლაც ყურში მიდგას, როგორ წამოიძახა მისი ნახატების გამოფენაზე ერთმა უცხოელმა, - აი, ამ მხატვარს სჯერა ღმერთისო...

***
მაგრამ კიდევ ვამბობ, - გული მტკივა, რომ სამშობლოში ესმას ისე ვერ ხედავენ, როგორც უნდა დაინახონ. ერთხელ ერთმა ცნობილმა პირმა - რა არაკომერციული ნახატებიაო, წამოიძახა. არადა მის წლისთავზე ცისფერ გალერეაში გამოვფინე ესმას ნახატები და უცხოელი ცოლ-ქმარი შემოვიდა. ორი საათი ვერ მოშორდნენ ტილოებს. კაცმა ერთბაშად 7 ნახატი ამოირჩია, - ვიყიდიო და პირველად ხელი სწორედ იმ ტილოს დაადო, რომელიც ხსენებულმა პირმა არაკომერციულად შეაფასა. ვერა, ვერ გავყიდი-მეთქი. მაშინ შინ მაინც წამიყვანეთ და დანარჩენი ნახატები მაჩვენეთო. შინ რომ მივიყვანე - დედამ ტირილი დაიწყო, მივიდა ეს უცხოელი და მიეფერა, - რა გატირებთ, თქვენ ხომ გენიალური შვილი გაგიზრდიათო... ეს იმდენად ცნობილი ცოლ-ქმარი გამოდგა, მერე ყველა მეკითხებოდა - მათ როგორ დაუკავშირდიო. თვითონ შემოვიდნენ-მეთქი, ვპასუხობდი. ესეც განგების ნებაა. განგებამ, რაც ესმას სიცოცხლეში არ ჰქონია, იმქვეყნად წასვლის შემდეგ მიანიჭა.

მისი კატალოგის ამბავი უნდა ვთქვა უცილებალად. ამ კატალოგზე ქართველი სპონსორი შემპირდა, - დაგიფინანსებო. მაგრამ როცა თურქეთიდან უკვე გამოცემული სასიგნალო ეგზემპლარები ჩამოვიტანე, უარი მითხრა, - დაფინანსება ახლა აღარ შემიძლიაო. მაშინ მივხვდი, რა ყოფილა სასოწარკვეთა. ძვირფასი სერვიზი და ვერცხლის კოვზები გვქონდა, იმის გაყიდვა დავაპირე. რას ეყოფოდა. მოკლედ, ამ კატალოგის ფული, 18000 დოლარი საქართველოში პოლონეთის ყოფილმა ელჩმა და მისმა მეუღლემ ისე გადმომირიცხეს, არც ხელწერილი უთხოვიათ ვალის გასტუმრებაზე და არც ნოტარიუსის საბუთები. ამ ხალხმა ჯერ მაღაზიაში ესმას ალბომი ნახა, მერე ნახატები - "კოპალაში" და ისე მოიხიბლნენ, რომ ყველაფერზე თანახმა იყვნენ, რომ ჩემი დის შემოქმედების კატალოგი დაბეჭდილიყო. ის კი არა, თავიანთ გოგონას ესმას პატივსაცემად მეორე სახელად ესმა დაარქვეს. ახლა პოლონეთში 4 წლის მატილდა-ესმა ცხოვრობს და თითქოს ჩემს დას აგრძელებს.

***
ის იქ წავიდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობდა, "პირველი, მშობლიური" იყო. მისთვის სიკვდილიც "სიმსუბუქით გასინათლება" იყო, - როგორც სიცოცხლეში დიდ ტკივილებს "ასინათლებდა სიმსუბუქით"... სულ რაღაც აწუხებდა, ერთხელაც მონატეხი სახსარი ისევ მოსტყდა და ოპერაციისას ლურსმანი ჩააჭედეს ძვალში. განა ვინმე შეიცნობს, ეს რა ტკივილია, თუ, ღმერთმა დაიფაროს და, თავად არ განიცადა? ის კი, იმ დროს, როცა ლურსმანს ურჭობდნენ, თურმე ლექსებს კითხულობდა. გაოგნებულან, ექიმები... შემდეგ ფლებიტი დაემართა - ისედაც ცოტა ეძინა, სულ გამოუძინებელი იყო... ერთ საღამოს ტელევიზიით ერთ წმინდანზე გადიოდა ფილმი. მე ვეღარ გავძელი, წინა საღამოს სტუმარი გვყავდა, მეორე დღესაც საქმე მქონდა და დავიძინე. ძილ-ღვიძილში გავხედე, ისევ ფეხზე იდგა - არ გრცხვენია, როგორ დაიძინეო. მერე დედას ისევ საბანი ამოუკეცა ფეხებთან. მერე ღამის 4 საათი იყო და უცებ გავიგონე - "აჰ". წამოვხტი - გაიღვიძე-მეთქი. ვერ ვაღვიძებ. წყალს ვასხამ... ვხედავ, ცუდადაა საქმე. დედას ვუთხარი, მეზობელს დაუძახე-მეთქი... სანამ თბილი იყო, ჩახუტებული მყავდა... ასე წავიდა "ნამდვილებთან". ნამდვილები კი, როგორც ამბობდა, "რაღაც ზეაღმავალ ხაზს კი არ ქმნიან, არამედ ხეივანს. ნამდვილების ხეივანში დრო მკვდარია და მუდმივი სიცოცხლე სუფევს"...

მოამზადა ეთერ ერაძემ
ბეჭდვა
1კ1