უცხოელის თვალით დანახული საქართველო
უცხოელის თვალით დანახული საქართველო
"ქალის მიერ ნაქადაგები სახარება" - ასე ეწოდება იტალიელი კინორეჟისორის პიჩირილოს მიერ საქართველოს შესახებ გადაღებულ ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც მესამე ათასწლეულის დამდეგს ხშირად უჩვენებდნენ იტალიის ტელევიზიით.

მცხეთა, თბილისი, შიომღვიმე, დავითგარეჯი, იყალთო, ატენი, ვარძია, წრომი, წუნდა, უბისა, ბაგრატი, გელათი, დმანისი... თითქმის არ დარჩენილა წმინდა ადგილი საქართველოში, იტალიელი კინოდოკუმენტალისტების ობიექტივში რომ არ მოხვედრილიყო.

სასიხარულოა, რომ ფილმმა იტალიელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იგი დღემდე საქართველოს არც ერთ ტელეარხს არ უჩვენებია...

შემოგთავაზებთ ფრაგმენტს ფილმიდან, რომელიც მცხეთის ისტორიაზე მოგვითხრობს:

"წმინდა ნინოს დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სცემენ თაყვანს.

ამ მიწას ძველად იბერია ეწოდებოდა და მისი პირველი მოსახლენიც იბერები იყვნენ.

ერის გულისცემა ჯერ კიდევ აქაა, მცხეთაში, მდინარე მტკვრის ნაპირზე, იმ ქვეყნის უძველეს დედაქალაქში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი ქართლს უწოდებდნენ და სადაც მე-4 საუკუნეში მოაღწია ტყვე ქალმა ნინომ.

წმინდანის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ დედოფალ ნანასა და მეფე მირიანის მოქცევის შემდეგ ნინომ ქართლის სამ ბორცვზე ჯვარი აღამართვინა, რათა ახალი, ქრისტიანული ტერიტორია დაესაზღვრა. სამთაგან ერთი ჯვრის ადგილი იყო უძველესი, მკაცრი ეკლესია, ერთგვარი ზარდახშა, კიდობანი მე-6 და მე-7 საუკუნეთა შორის, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ქვის დიდი ნაგებობა, რომელიც იცავდა და ეთაყვანებოდა გოლგოთად აღმართულ დიდ ჯვარს რვაწახნაგოვანი დოლის შუაგულში. იგი თავისთავად იერუსალიმის წმინდა საფლავის ტიპური არქიტექტურის იმიტაციას წარმოადგენს. ეს არის ჯვრის ეკლესია.

ეს ეკლესია ბრწყინვალე გადმოსახედია ქრისტიანული საქართველოს ისტორიის საწყისებისკენ. მის ქვემოთ, ორი მდინარის, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მთებით დაცული ძველი დედაქალაქია - მცხეთა. იგი საკათედრო ტაძრის, სვეტიცხოვლის გალავნის ირგვლივ გაშენდა, რომელიც ქრისტიანული იბერიის გულს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინომ სთხოვა მეფე მირიანს, რომელიც 265-342 წლებში მეფობდა, ეკლესია აეგო მცხეთაში. მეფე დაეთანხმა და მაცხოვარს ტაძარი აუგო. V საუკუნეში ეს ტაძარი ხელმეორედ იკურთხა წმინდა მოციქულთა სახელზე და მას წმინდა სიონი ეწოდა - საქართველოს ყველა ეკლესიის დედა. დღეს ტაძარი სვეტიცხოვლის სახელითაა ცნობილი.

პირველ ისტორიულ ცნობას იბერთა ანუ ქართველთა გაქრისტიანების შესახებ გვაწვდის საეკლესიო მწერალი რუფინუს აკვილელი, რომელიც იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე ცხოვრობდა. მან ეს ამბავი იმპერატორ თეოდოსის დედის სამხედრო სამსახურში მყოფი იბერთა მეფის, ბაკურისგან შეიტყო, რომელიც იერუსალიმში პალესტინის საზღვრის მცველი სამხედრო პირის რანგში იმყოფებოდა. მას უამბო, რომ ეს უდიდესი სიკეთე ერთი ტყვე ქალის დამსახურება იყო. უფრო გვიანდელი ქრონიკა ამ ტყვე ქალის სახელსაც გვამცნობს: ნინო. წარმოშობით კაბადოკიელმა მსახურმა, ომის ტყვემ, იბერიაში, იმავე აღმოსავლეთ საქართველოში, მეზობელი და უკვე გაქრისტიანებული სომხეთიდან მოაღწია. თავისი მისიონერული გულმოდგინებით მან შეძლო მოექცია დედოფალი ნანა და მეფე მირიანი. მირიანმა ნინოს ღმერთი გასაჭირის დროს აღიარა.

კონსტანტინე იმპერატორის დროს, - წერს რუფინუსი, - იბერთა ტომმა, რომელიც შავი ზღვის პონტოს ზონაში სახლობდა, როგორღაც შეითვისა ღვთის სიტყვა და სასუფევლის რწმენა. რუფინუსი ამას ასე გადმოგვცემს:

"ნინო, კაბადოკიელი ტყვე ქალი, იმდენად უბიწო და ღვთისნიერ ცხოვრებას ეწეოდა, რომ ქართველი ქალების გული დაიპყრო და სახელი გაითქვა როგორც წმინდანმა.

ჩვეულებისამებრ, უცნობი სენით დაავადებული ბავშვი მშობლებს კარდაკარ დაჰყავდათ მკურნალის ძიებაში. ერთმა დედამ თავისი სნეული შვილი ნინოს მიუყვანა. ნინომ უთხრა, რომ მან არც ერთი სამკურნალო საშუალება არ იცოდა, მაგრამ მისი ღმერთი ქრისტე თუკი ინებებდა, ყველას განკურნებას შეძლებდა. იგი შეუდგა მხურვალე ლოცვას და დედას განკურნებული შვილი დაუბრუნა.

ამბავმა ამგვარი სასწაულის შესახებ დედოფლის ყურამდეც მიაღწია, რომელსაც სხეულის ძლიერი ტკივილები ტანჯავდა. დედოფალი ეახლა მსახურ ქალს, რომელიც შეევედრა თავის ღმერთს და დაუბრუნა მას სხეულის სიმრთელე. ამის შემდეგ შეუდგა ქადაგებას, რომ ქრისტეა ღმერთი, ერთადერთი, ჭეშმარიტი და უზენაესი.

მეფემ, როდესაც ცოლის სასწაულებრივი განკურნების შესახებ შეიტყო, არ დაიჯერა. არ სურდა ერწმუნა კაბადოკიელი ტყვე ქალის ღმერთის ძალა, მაგრამ ერთხელ ნადირობისას წყვდიადში გზა ვეღარ გაიგნო და შიშით შეპყრობილმა ქრისტედ წოდებულ ღმერთს მიმართა. იფიქრა, თუ ჭეშმარიტი ღმერთი იყო, ამ საფრთხისა და წყვდიადისგან დაიხსნიდა და აღუთქვა, რომ იმ დღიდან განაგდებდა ყველა კერპს და მხოლოდ მას სცემდა თაყვანს. იმავ წამს ირგვლივ ნათელი მოეფინა და მეფემ შეძლო დაბრუნებულიყო თავის ქალაქში მრთელი და უვნებელი.

ამის შემდეგ უხმო მსახურ ქალს და უბრძანა, ესწავლებინა მისთვის ამ ღმერთის მსახურება. აღთქმაც დადო, რომ იმიერიდან არც ერთ ღმერთს აღარ სცემდა თაყვანს, ქრისტეს გარდა.

სამთავროს შუა საუკუნეების ეპოქის ტაძარში საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეთა მირიანისა და ნანას საფლავების მონახულება შეიძლება.

გარეთ მდებარე პატარა სამლოცველო, ქრისტიანული რწმენისა და ხელოვნების აყვავების სათავე, წმინდა ნინოს საცხოვრებელზე მიგვანიშნებს".
ბეჭდვა
1კ1