"ჯერ ხომ მცხეთის სვეტიხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!"
"ჯერ ხომ მცხეთის სვეტიხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!"
"სვეტიცხოვლის ტაძარი სიმბოლოა სულიერი სვეტიცხოვლისა.
სვეტიცხოველი რწმენის სიმბოლოა, ჩვენი მრწამსია.

სვეტიცხოველი სულიერი ნათლის სვეტია. იგი ნათელსაც კი სულიერად გაგვააზრებინებს... ის სულის საზრდოა, ნათელია სულისა, სულია ეკლესიისა, სიმბოლოა მამა ღმერთისა, ძისა და სულიწმინდისა და სამებისა ერთარსებისა. სვეტიცხოველი შემაერთებელია ცისა და ქართული მიწისა. იგი მთელი ქართული სულიერი ცხოვრების საფუძველთა საფუძველია... ყველას შეიძლება გვქონდეს საკუთარ სულიერ წიაღში საკუთარი სვეტიცხოველი, ხატი და სიმბოლო იმ მთავარი სვეტიცხოვლისა ანუ ღვთაებისა." (რევაზ სირაძე).

სვეტიცხოველი მარად იყო და კვლავაც დარGება შთაგონების წყაროდ პოეტებისა და მწერლებისთვის. მისი ერთხელ ნახვაც კი უGვეულოდ ამაღლებს, განწმენდს და განაცხოველებს ადამიანთა გულებს, ზეცას აზიარებს მათ. სვეტიცხოვლის ეზოში სხვაგვარად ფიქრობენ, ხედავენ, გრძნობენ... სწორედ ამ ფიქრების გამოძახილია ეს ლექსებიც.

შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისა,
სადაც იწვება უკვდავი ღვენთი,
მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,
რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი.


ვაჟა ხორანაული
სვეტიცხოვლის ეზოში
ცა იმახსოვრებს შორეულ კოცონს
და გარდასული დღეების სევდას;
ვინც საქართველოს წარსულით ცოცხლობს,
ის საქართველოს მომავალს ხედავს.
ისმის ტკივილი წაქცეულ გულთა
და გაბზარული თაღების ელდა;
ვინც საქართველოს წარსულით სუნთქავს,
ის საქართველოს მომავალს ხედავს.
კვლავ გათენდება ზღაპრული დილა,
კვლავ იელვარებს ბებერი კითხვა...
თუ საქართველო ძილშიაც გტკივა,
იცოცხლებ, დიდხანს, ძალიან დიდხანს.


გიორგი ლეონიძე
სვეტიცხოველი
ალვის შტო იყავ, სარო, ლამაზი,
მოგკვეთეს თურმე, ზეცას წახველი...
სადა ხარ, მტკვარზე მოჭრილო ხეო,
ნუთუ არ წაგყვა მიწის ნაღველი?
ჩამო, აჰყვავდი... ბრწყინავს მაისი,
ყველა ხეების გამომჩარხველი...
სვეტიცხოველო, დიდო საყდარო...

სვეტიცხოველო,
დიდო საყდარო,
ლომკაცურ მოდგმის,
ოცნებავ ქვისა...
წარსულ ქარების ქროლვით გამხმარო,
ძველო ხომალდო სისხლიან ზღვისა!
შენ ხარ ფრინველი,
წარღვნამდე მფრენი,…
აზიის ტყეში გზაგახირული;
ხარ უკვდავების უკვდავი ფერი,
ერის ხერხემლით ამოკირული.
გუმბათის წვეტით მისჩხვლეტავ ზეცას,
მხარზე დიდების სიმძიმე გხურავს;
ჩამქრალი ცეცხლის ბურჯღლებით მწეწავ,
შენ - ისტორიის ჩამქრალო ქურავ!
თუმცა შენს ირგვლივ
დუღან დღეები,
იხვევა ტალღა, ებრძვის ფრიალოს,
რომ თვისი შექმნილ სიმაღლეებით
ყველა მწვერვალი გადაიაროს!


პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი
შენ და სვეტიცხოველი
ცაღია დღეა,
შუქი დგას სვეტად,
მომწონს და მიყვარს
მზის ქვეშ ყოველი...
მაგრამ ამ დილას
ყველაზე მეტად
მიყვარხართ შენ და სვეტიცხოველი!
სიწმინდე შენი,
სიმაღლე მისი, -
სხვა რა ვიწამო,
განძი რომელი?
ჩაწნულხართ სულში
უკვდავ ჩუქურთმად,
ძვირფასო, -
შენ და სვეტიცხოველი!..


შოთა ნიშნიანიძე
სვეტიცხოველს თუ ააგებ -
უფლისათვის ტარიგია;
დაგიჭერენ, მკლავს მოგჭრიან -
რატომ კარგი აგიგია.
არაერთხელ შეესწრები
ცის გახსნას და მისტერიას,
თვალებს მაინც დაგივსებენ -
რატომ ღვთისთვის გიცქერია.
სიმართლისთვის ოქროპირობ,
საქმეს აქებ საარაკოს,
ენას მაინც ამოგგლეჯენ -
რატომ ტყუილს ლაპარაკობ.
მაფშალიად იწოდები
მთელ კოლხეთს და იბერიას.
აგრემც ყელსაც გამოგჭრიან -
რატომ კარგად გიმღერია.


მცხეთაში
და როცა შუკა
გააშიშვლა მანქანის შუქმა, -
ლიფსიტასავით ასხმარტალდა პატარა შუკა.

ფარების შუქმა აუქშია ხეებს ჩრდილები,
ფოთოლდაფოთოლ ჩიტებივით ჩათვლემილები.

დახლიწა ღამე ყანასავით და გამოჩალა,
საყდრის კრამიტი გამობობღდა, ვით კიბორჩხალა.
ლანდებმა მცხეთა გადატოპეს და გადასერეს,
შუქი თევზივით ჩუმად ხევდა ჩრდილის ფაცერებს.

შუქმა გადაჰკრა სვეტიცხოვლის გუმბათს ზემოდან,
(მორწმუნეს, ალბათ, ანგელოსი ეგონებოდა).
და ქონგურები, ბუებივით გაფუყულები,
ძირს ეცემოდნენ გალავნიდან მოთიბულები.


კონსტანტინე გამსახურდია
დიდოსტატის მარჯვენა
აღმოსავლეთიდან ჯვარის ტაძარი გადმოსცქერის მას, სარკინეთისა და ზედაზენის მთების გვირგვინი, ჩრდილოეთიდან ყაზბეგის მწვერვალიდან ყინვის ბექთარებში ჩაჭედილი მარადჟამობა.

ორი წლის წინად ეს ლოდები, ეს ძელები, ეს აგურები უწესრიგოდ ეყარნენ მიწაზე, დაჰხედა ოსტატის თვალმა, შეეხო ოსტატის ხელი, ქვა ქვაზე შესდგა, აგური აგურს წაეპოტინა, კედლებმა მხარი მისცეს ურთიერთს, თაღებმა კამარა შეჰკრეს, გუმბათმა ნაგებობა დააგვირგვინა. მალე მიეახლება ნაოსტატარს ოსტატი, ქაოსს შემოაცლის სრულყოფილს. ბედნიერი შემოქმედი შესძახებს ქმნილებას: იქმენინ ნათელი!

და ცას მისწვდება ლოდების უცნაური ჰარმონია ცადატყორცნილი და ცაშივე გაყინული სამარადჟამოდ.

"კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.

უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება".

"ხელოვნებაა თავად უკვდავება.

მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...

ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი".

"ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკვარია, დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მრუმე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა".


ლადო ასათიანი
სალაღობო
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
ბეჭდვა
1კ1