"სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა"
"სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა"
ილია ამბობდა: "სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა". დიახ, სიმღერა ცრემლია, ისევე როგორც საქართველოს ვაჟკაცური ისტორია. ქართველ კაცს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება ჰქონია, მაგრამ ჩანგი არასოდეს დაუდუმებია, ქართველი ერის შემოქმედებითი ნიჭის ელვარება არასოდეს განელებულა.

"სიმღერა გულისთქმაა". იგი განუყრელი მეგობარი და თანამგზავრია ჭირსა თუ ლხინში. ოდითგანვე სიმღერა მიუძღოდა წინ ომში მიმავალ ლაშქარს. სიმღერით ერეოდა იგი დუშმანს და გამარჯვებული სიმღერითვე ბრუნდებოდა შინ. სიმღერებში იზრდებოდა მეომარი, ქვეყნის მარჩენალი, მხვნელ-მთესველი... სიმღერა ამხნევებდა ბედისაგან ჩაგრულთ, რწმენასა და გამარჯვების იმედს უბრუნებდა. დედა "იავნანათი" ხვდებოდა ამქვეყნად მოვლენილ სიცოცხლეს. სიმღერა მალამოდ ესალბუნებოდა შეყვარებული ახალგაზრდის სულს. აკაკი ამბობდა: "სიყვარულის ნაშობია მუსიკა და პოეზია".

ქართველი კაცის გულია ჩაქსოვილი: "მრავალჟამიერში," "ურმულში", "ნადურში", "ლილეოში", "ოროველაში", "აბა ულაში", "ოდოიაში"...

თუმც ყოველთვის არ ემღერებოდა, მაგრამ მწუხარებისა თუ სიხარულის ჟამს მაინც მღეროდა:

"განა ლაღი ვარ, რომ ვმღერი,
გულისა დარდსა ვიქარვი,
ვინც ჩემზე იტყვის: "ლაღია",
ჩემსავით ლაღიმც ის არი..."


ყოველთვის ასე იყო და ასეა დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ნამღერი აქვს, კვლავაც ჩვეული შემართებით ფანდურს ხელში იღებს, ცერით ააჩხაკუნებს სიმს, ერთს შეისუნთქავს და, თითქოს რიტუალი იყოს, ჟრჟოლისმომგვრელი, ღრმა სევდის გამომხატველი ხმით თავდავიწყებით ეფლობა სიმღერაში:

"შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა...
ცაზედ მოდიან წერონი,
მწკრივადა, ჯარის ჯარადა,
ვერა ხედავთა, ტივლებო,
ცრემლი ჩამამდის ღვარადა..."

გიორგი ბასილაშვილი 17 წლის "თვითნასწავლი" მომღერალი გახლავთ - მას არ მიუღია მუსიკალური განათლება. თუმცა ვინც მის ნამღერს მოუსმენს, მუსიკოსიც რომ არ იყოს, იგრძნობს, რომ უებრო ნიჭთან გვაქვს საქმე. არის სიმღერაში რაღაც, რისი სწავლაც ალბათ არ შეიძლება. განა ჩიტს ვინმემ ასწავლა გალობა?! გიორგი ბასილაშვილიც ბუნების ისეთივე თავისთავადი მოვლენაა, როგორც ფერდობზე მოლივლივე ნაკადული. მას პირნათლად, რაინდული შემართებითა და გატაცებით უყვარს ქართული ხალხური სიმღერა და შესრულების საკუთარი, განსხვავებული მანერა აქვს. განსაკუთრებით თავისი მხარის სიმღერები მოსწონს და მთიულთათვის დამახასიათებელი გულჯავრიანობით სიმღერაში აქსოვს გენებში ჩაწურულ სულიერ ენერგიას, ულამაზეს თვისებებს: გაუტეხლობას, ღირსება-პატიოსნებას.

მისი სიმღერებიდან სიხარულიც იფრქვევა და დარდიც. გიორგიმ მე-5 კლასში დაკარგა თვალისჩინი და მას შემდეგ თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონში განაგრძო სწავლა. გულისხმიერი პედაგოგების დავით ქავთარაძისა და ნანა კაპანაძის თანადგომით, გიორგის ნიჭმა და ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულმა რეალიზება პოვა. აქტიურად მონაწილეობდა სკოლის გუნდის მიერ გამართულ სხვადასხვა კონცერტში. შემდეგ იგი სტუმრად მიიწვიეს პირველი არხის გადაცემაში "ცხოვრება მშვენიერია". ამ გადაცემის შემდეგ მისი სიმღერით "ერისიონი" დაინტერესდა. დღესდღეობით გიორგი ამ ანსამბლში სხვა მომღერლებთან ერთად ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. როგორც თავად ამბობს, თავიდან მორცხვობდა სკოლის სცენაზე გამართულ კონცერტებზე გასვლის წინ, ახლა კი თითქმის გადალახა სიმორცხვის ბარიერი და უკვე დიდ სცენებსაც შეუთამამდა. არაერთხელ გამოსულა ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის თეატრების სცენებზე. თუმცა ყოველთვის გრძნობს რიდსა და მოწიწებას მსმენელის მიმართ.

სამი წელია, რაც მღერის. სიმღერა მისთვის სასიამოვნო რიტუალია. ამიტომაც მის ხმაში სიყალბის ნატამალიც კი არ იგრძნობა. ქართული ხალხური მუსიკის სამყაროსთან ზიარებამ გიორგის ცხოვრება არსებითად შეცვალა. დილით, როცა იღვიძებს, თუმცა გარიჟრაჟის ვარდისფერ ნისლს ვერ ხედავს, ვერც აისის ნათელს მიაპყრობს სხივჩამქრალ მზერას ან ლაჟვარდში მოცურავე ღრუბლებს, მაგრამ მერე რა?! მაინც ბედნიერია, რადგან ფერებით თუ არა, სამაგიეროდ ხმით, სურნელით, შეხებით ითვისებს და ეხმიანება მისი ნორჩი სული სამყაროს სიმღერას, შეიგრძნობს სიცოცხლის ჩქროლასა და ფეთქვას. სიცოცხლის ვეება საიდუმლოს ხომ ფოთლების შრიალიც, წყვდიადის ჩურჩულიც, ნაკადულის დუდუნიც, გრიგალის ხმოვანებაც... გვიმჟღავნებს. ასე მგონია, რომ ამქვეყნიურ ნათელთან გაყრის ტკივილი, მისი მონატრება გიორგის გულში ტკბილხმოვან სიმღერად ქცეულა. მოწყინების ჟამს ლერწმისაგან გამოთლილ სალამურს თითებს ნაზად შეახებს და იმ ნათელთან შეხებას იგრძნობს, გულს სათნო ღიმილით რომ ეალერსება და სხვაგვარი იმედით მოსავს. ამ ნუგეშისცემის ნათლითაა დამტკბარი და გაჟღენთილი მისი ცხოვრება. ეს ალბათ ის ნათელია, ბარათაშვილი რომ ამბობდა: "რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული". ანუ ეს ის ძალაა, რომელსაც ყველაფერში შეაქვს მშვენიერება. ღირსმა ანტონი დიდმა ადამიანს, რომელიც ბავშვობიდანვე ბრმა იყო, ასეთი რამ უთხრა: "ნუ დამწუხრდები, თვალისჩინი რომ არ გაქვს, სანაცვლოდ გულის თვალები გაქვსო". სიმღერაც გულის სარკეა. გულიდან უნდა ამოუშვა ხმა. თუ "არა ვარ ხმაზე", ანუ განწყობა არ მაქვს, ვერ ვიმღერებო. ეს ნამღერს შეეტყობაო, - მეუბნება გიორგი. ეს არ არის უბრალოდ წუწუნი. ეს ძალზე კრიტიკული მიდგომაა საკუთარი თავისადმი და რიდი მსმენელისადმი, რომლის წინაშეც მას უხდება წარდგომა.

ორშაბათობით გიორგი დედას პანსიონში მიჰყავს. პარასკევამდე იქ რჩება. ბრაილის შრიფტით წერს და კითხულობს. კომპიუტერითაც თავისუფლად სარგებლობს. გიორგი გულთბილი ბიჭია და მეგობარიც ბევრი ჰყავს. ყველგან სითბოთი და სიყვარულით არის გარემოცული. არასდროს კარგავს იმედს და მომავლის რწმენას. მისი გაცნობისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" (იოანე 1,5).

გიორგი ოპტიმისტია. როდესაც ვკითხე, როგორ გაამხნევებ მათ, ვისაც რაიმე სნეულება ან განსაცდელი აქვს-მეთქი, მიპასუხა: "ჩათვალონ, რომ მათი სნეულება არც არსებობს. მე არასოდეს შევუწუხებივარ ჩემს უსინათლობას. ყველაფერი ღვთისგანაა - სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმერთის იმედი არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი ცხონებისთვის გვეძლევა. ჩვენც ასე უნდა მივიღოთ სნეულება და ვმადლობდეთ ღმერთს, რომ ჩვენი ცხონებისათვის ზრუნავს. ჩაღრმავება და გამოძიება იმისა, თუ რით შეეწევა ღმერთისგან მოცემული სნეულება ჩვენს ცხონებას, არაა საჭირო. ალბათ ვერც გავიგებთ ამას. მთავარია გვჯეროდეს და დავინახოთ, რომ ღმერთმა რაც წაართვა კაცს, სამაგიეროდ ბევრჯერ უფრო მეტი მისცა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობა, რომელიც ღვთისგან ბოძებული ერთ-ერთი ტალანტია, მაგრამ ვერ გამოიყენოს იგი ღვთის სასიკეთოდ. დავფიქრდეთ, სნეულებას ზოგჯერ უფალი გვიგზავნის უბედურებისაგან გადასარჩენადაც, რომელშიც ჩავვარდებოდით, ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით. მაგალითად, რაც ღმერთმა წამართვა, იმაზე ორჯერ მეტი მომცა. ხომ შეიძლებოდა მხედველობა მქონოდა, მაგრამ მომღერალი არ ვყოფილიყავი. ვინ იცის, როგორ წარმართულიყო ჩემი ცხოვრება. ღმერთს ვმადლობ იმ წარმატებებისთვის, რისი ღირსიც გავხდი".

ასეთი რწმენით აღვსილი, ხან მარტო, ხანაც დედასთან, ქალბატონ ეკა ღარიბაშვილთან ერთად, ხელკავით, უღელივით ფანდურგადაკიდებული მიუყვება ბინდისფერი წუთისოფლის დამქანცველ შარაგზას, თითქოს ტვირთმძიმეთა და დამაშვრალთა მეუფის ნაკვალევს მიუყვებოდნენ. სავალი ჯერაც გრძელია, ღვაწლი – აღსასრულებელი. ჩვენი ცხოვრება ხომ გამოცდაა. "ნუცა მოინადირები თვალთაგან შენთა" (იგავ. 6,20). "თუკი მხედველობა დავკარგეთ, - წერს ეპისკოპოსი პეტრე, - თვალებს ვეღარ აღვაპყრობთ მედიდურად, რადგან წაგვერთვა აღზევების იარაღი (ამავე დროს - მიზეზიც სხვადასხვა საგნის მიმოხილვით გამოწვეული გონებაგაფანტულობისა) და შინაგანი თვალით ვიხილავთ უფალს". ასე რომ, არანაირ მწუხარებას არ ძალუძს ადამიანის ძლევა, რადგან: "კმა არს ჩვენთვის მადლი მისი ყოველსა ჟამსა".

გიორგი ბასილაშვილს ჭეშმარიტი სიხარულის განცდას სიმღერის ხელოვნება ანიჭებს, რადგან სწორედ ხელოვნება აყალიბებს სამყაროს ხედვის წესს, ის ქმნის თვალს, რომელიც აღიქვამს ზეცით მოსულ ნათელს - მშვენიერებას, ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას. სწორედ ეს განზომილება შეიძინა გიორგიმ ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებასთან ზიარებით. ამიტომაც არასოდეს ეძლევა პირქუშ აზრებს, მოწყენილობის გარეშე ისწრაფვის სინათლისაკენ და საკუთარი მაგალითით გვამხნევებს, გვეხმარება ვეძიოთ ის უსაზღვრო, იდუმალი ქვეყანა, სადაც მეფობს მარადიული, ზეციური ნათელი.
ბეჭდვა
1კ1