კათოლიკოსის სასახლეში განთავსდება საპატრიარქოს ხელოვნების ცენტრის სრული შემადგენლობა
კათოლიკოსის სასახლეში განთავსდება საპატრიარქოს ხელოვნების ცენტრის სრული შემადგენლობა
ანჩისხატის ტაძარი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერაა. "მარიამ წმიდაი ეკლესიაი", - ასე იხსენიება VI საუკუნის ეს უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი "მოქცევაი ქართლისაის" ქრონიკაში. ის დაჩი უჯარმელის ზეობისას აუგიათ. დომენტი კათოლიკოსმა, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძემ, რომელიც, მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებათა მოძალების ეპოქაში დაუღალავად იღვწოდა ქართული ქრისტიანული ტრადიციების აღსადგენად, 1664 წელს თბილისელი ვაჭრისგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის ხატი და ეკლესიაც განაახლა. 1675 წელს აიგო ახალი სამრეკლო. ერეკლე II-ის მეფობისას ანჩისხატთან აკადემია დაარსდა. აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში ის კვლავ აღადგინეს, 1814 წელს კი ხელმეორედ მოხატეს. აქაური მოღვაწეებიდან ცნობილნი არიან ეზრა ანჩელი, ექვთიმე პალესტინელის სადიდებელ-საგალობლების ავტორი (X ს.), იოანე ანჩელი, ანჩის მაცხოვრის ხატის დამკვეთი (XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე) და სხვანი.

ანჩისხატის ტაძრის სამხრეთით დომენტი კათოლიკოსის სასახლე მდებარეობს. ნახევრად მიწაში ჩაფლული შენობა XVIII-XIX საუკუნეებს განეკუთვნება. როგორც ჩანს, ისტორიულად აქ მძლავრი კულტურული კერა იყო. ჟამთასვლამ მას ეს პატივი წაართვა. საბჭოთა პერიოდში შენობა მაშინდელ ძეგლთა დაცვის სამმართველოს ეკუთვნოდა. დღეს ის ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სწორედ იქ დაიდებს ბინას საპატრიარქოსთან არსებული ხელოვნების ცენტრი, რომელსაც მეუფე დავითი (მახარაძე) ხელმძღვანელობს.

მეუფის კურთხევით, სამუშაოების ხელმძღვანელობა არქიტექტორ მამუკა კიკნაძეს დაეკისრა. ბატონ მამუკასთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ დომენტი კათოლიკოსის სასახლეში განთავსდება საპატრიარქოს ხელოვნების ცენტრის სრული შემადგენლობა - არქიტექტურისა და ფერწერის, გამოყენებითი ხელოვნების, თანამედროვე და ახალი ეკლესიების მშენებლობათა დეპარტამენტები. "იმედი მაქვს, ანჩისხატის მგალობელთა გუნდსაც გამოუყოფენ სარეპეტიციო ოთახს. გარდა იმისა, რომ არქიტექტორი ვარ და ამ შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებსაც ვხელმძღვანელობ, ამ გუნდშიც ვგალობ და ვფიქრობ, ჩვენი საკითხიც დადებითად გადაწყდება, - გვითხრა მან, - ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის დავიწყებთ პრაქტიკულ სამუშაოებს. მანამდე უნდა მოხდეს სარესტავრაციო სამუშაოების დაპროექტება არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ. თავად ანჩისხატის ტაძარი მთლიანად მოსაწესრიგებელია. ტაძრის საძირკველში წყალია ჩამდგარი. კეთილმოსაწყობია გალავანი, სანათლავი. ტაძრის ეზოში ჩასატარებელია არქეოლოგიური სამუშაოები. ეს ყოველივე საკმაოდ შრომატევადია და დიდ დაფინანსებასაც მოითხოვს. ამის შემდეგ კი პრაქტიკულ სამუშაოებს დავიწყებთ".

- მოდით, თქვენს მიერ შესრულებული სხვა სარესტავრაციო სამუშაოებზეც ვისაუბროთ. თქვენ დავითგარეჯის კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ბრძანდებით. როგორც ვიცი, მრავალი უცნობი კლდეში ნაკვეთი ეკლესია და ახალი ქვაბი აღმოაჩინეთ.

- ერთ უცნობ მონასტერსაც მივაკვლიეთ დედოფლისწყაროს მხარეს - სატურგე ჰქვია ამ ადგილს. მოზრდილი, ლავრის ტიპის მონასტერი უნდა ყოფილიყო. მისი ნაშთები ხეობებში, მთებშია მიმოფანტული და მოძიება სჭირდება. არის მიწით დაფარული ეკლესიებიც. რამდენიმე წლის წინ ქოლაგირში ბატონ მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფრესკების გამაგრების სამუშაოები, დავითის ლავრაში აღდგენითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ნათლისმცემლის მონასტერს უკვე სამი წელია რესტავრაციას ვუკეთებთ. საბედნიეროდ, ნათლისმცემელში უკვე განახლდა სამონასტრო ცხოვრება. არიან მორჩილები. მიმსვლელიც ბევრია. ნათლისმცემლის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებს კურირებას უწევს მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (კიკვიძე). შემოწირულობების წყალობით თემურ ბარნაბიშვილის პროექტის მიხედვით აშენდა სასტუმრო სახლი, მომლოცველების დასარჩენი სახლი. ორსართულიანი სასტუმრო სახლის არქიტექტურულ სამუშაოებს თავად ვხელმძღვანელობდი. ამის შემდეგ აღვადგინეთ ნათლისმცემლის მონასტრის ზედა იარუსის (მონასტერი იარუსებად არის დაყოფილი) სენაკები. მისი გვიანდელი ფენა XVIII-XIX საუკუნეებისაა. მონასტრის სახურავი კრამიტით გადაიხურა. სარესტავრაციო სამუშაოები ტრადიციული მასალით შესრულდა. იქვე ახლოს მცირე ტაძარია, რომელიც აღდგენასა და გამაგრებას მოითხოვს. შემდეგ ეტაპზე მთელი დავითგარეჯის კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მეუფე დავითის კურთხევა გვაქვს, ჩიჩხიტურის მონასტერშიც დავიწყოთ აღდგენითი სამუშაოები, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე უძველეს სამონასტრო კომპლექსში სამონასტრო ცხოვრების აღდგენა და სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა ორივე სახელმწიფოს კეთილი ნება.

- თქვენ ჭედური ხელოვნების ტრადიციების გამგრძელებელი ხართ. რა მასალას იყენებთ?

- ძირითადად ბზას, კაკალსა და მაჰაგონს. ბზა წმინდა ხეა, თანაც მკვრივია და ამით არის კარგი. ჭედური ხატების უმრავლესობა ჯერ დაწერილია და შემდეგ - მოჭედილი, ბევრიც მთლიანად მოჭედილია და მომინანქრებული. ზოგიერთი მინიატიურა თავის მინანქარშია ჩასმული. მაგალითად, ანჩისხატის მაცხოვარი მთლიანად ჭედურია, ფერწერულია მხოლოდ მაცხოვრის გამოსახულება. ამ სტილის ანალოგიით, ვცადე ბზისა და სხვა ხის ერთმანეთთან შეხამება. გამოვიყენე ხელოვნური ფირუზი.

- ისევ არქიტექტურას დავუბრუნდეთ. რომელ ფორმებს ამჯობინებთ - ტრადიციულს თუ თანამედროვეს?

- ყველაფერს ქართულ ტრადიციას დავესესხე: ფორმას, სტილს, ტექტონიკას, ჩუქურთმებს, ორნამენტებს, მოკაზმულობას... ახლის შეტანისგან თავს ვიკავებ. თუ ახლის შექმნა გვინდა, ძველი ტრადიციული სკოლაც უნდა შევინარჩუნოთ, რათა ხუროთმოძღვრება სწორი გზით განვითარდეს. ყველაზე ლამაზი ეკლესიები სწორედ XII-XIII საუკუნეებშია აგებული.

ქვის მასალად ბოლნისის ტუფს ვიყენებთ. საკმაოდ მორჩილი ქვაა, თანაც ფერით, ხასიათით გამოირჩევა - არის ოქროსფერიც, ყვითელიც, მწვანეც, შაბიამნისფერიც და ზოგჯერ ვარდისფერიც დაჰკრავს. შუა საუკუნეების ტაძრებში იშვიათად გვხვდება ერთგვაროვანი ქვა. არის სხვადასხვა ქვის კომბინაციები, ტრადიციული სწორხაზოვანი წყობა.

რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ შავრაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესია ჩემი დაპროექტებულია. რაჭის ეპისკოპოსის მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, ტრადიციული ორნამენტებით შევასრულე ნიკორწმინდის ტაძრის კანკელი.

- ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?

- მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, უკვე დავასრულეთ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში სამრეკლოს მშენებლობა. ტუფის ქვით აშენებული ორსართულიანი სამრეკლო ლილვებით და ნიშებით არის გამშვენებული. შარშან ქართლის რაიონის სოფელ ავლევში აღვადგინეთ და რესტავრაცია ჩავუტარეთ ღვთისმშობლის შობის სახელობის დარბაზული ტიპის მცირე ტაძარს. ახლო მომავალში, მამა ზაზას (კირვალიძის) და მამა ფარნავაზის (კობიაშვილის) კურთხევითა და თხოვნით, ლოტკინის დასახლებაში ტაძრის მშენებლობა დაიწყება. ეს იქნება ტრადიციული, სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც ტაო-კლარჯეთის არქიტექტურას, დაახლოებით ოთხთასა და პარხლის სტილს მიუახლოვდება. სამწუხაროდ, ამ საკმაოდ მოზრდილი ტაძრის მშენებლობა დიდ ფინანსებს მოითხოვს, ამიტომაც მშენებლობის დაწყება გვიანდება.
ბეჭდვა
1კ1