"ჩამხედე ლექსში, როგორც თვალებში"
"ჩამხედე ლექსში, როგორც თვალებში"
ზოგიერთი პოეტის გაცნობის შემდეგ ღრმა წუხილი და სინანული გეუფლება, - ნეტავ არ გამეცნოო, რადგან ყველა პოეტი არ ჰგავს თავის ლექსებს. ელა გოჩიაშვილი კი იმ ბედნიერ გამონაკლისთაგანია, რომელთა პიროვნება და შემოქმედება საოცრად ემთხვევა ერთმანეთს. ელა გოჩიაშვილისავე თქმით, "გზა გულიდან სიტყვამდე და სიტყვიდან საქმემდე" პოეტმა ორეულის გარეშე უნდა განვლოს. მახსენდება გალაკტიონი: "ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის". ქალბატონი ელას პოეზია მართლაც ნერვებად დაქსელილ უფაქიზეს ძაფებზეა ასხმული, ღრმა და ფაქიზია მისი მსოფლშეგრძნებაც. გარესამყარო ყოველთვის უფერული და პირობითია პოეტის დიდ შინაგან ქვეყნიერებასთან შედარებით და ეს ზღვარი ელა გოჩიაშვილთან მართლაც განსაკუთრებულია:

"დაბადებამდე დამიდეს ზღვარი...
დაბადებიდან ვაწვალებ სათქმელს".


ქალბატონი ელას შინაგანი ქვეყნიერება "ღამის მთევლებით დასახლებული მთვარის მხარეა", მთვარის ნათელში დაუდევს ბინა "დაფლეთილ ნისლთან მონათესავე" პოეტის სულს, რადგან:

"ღამე სულ სხვაა,
მხოლოდ ღამით ხარობს მისტიკა,
სურნელგაცლილი, შავი ჟასმინი
გულხეთქებით იფოთლება მწუხრის ბაღებში".


"შავ ჟასმინს" ქალბატონი ელას პოეზიაში მართლაც განსაკუთრებული, ღრმად სიმბოლური დატვირთვა აქვს. იგი მხოლოდ იმათ ბაღებში ხარობს, ვისი სულიც "სხვანაირობის იდუმალებითაა გაშუქებული", ვინც იცის "უმცირესობის დიდი სიმართლის" ფასი და არა მხოლოდ იცის, არამედ სუსტი მხრებით ეზიდება კიდეც ამ განსხვავებულობისა თუ "სხვაგვარად ყოფნის ვერშემძლეობის" ტვირთს, რადგან ასეთად ყოფნა არ არის ადვილი ("ასეთად ყოფნას მოაქვს ჩემთვის სასურველზე მეტი ტკივილი"); რადგან სამყარო და, საერთოდ, სიცოცხლე ისეთი ძღვენია, რომელიც:

"ხელიდან ხელში არ მიიღება,
შენია, მაგრამ საძებარია,
ნამცეცებად უნდა აგროვო;
აჰა სამყარო - შენივე თავი".


რადგან სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის რთულ და ძნელად სავალ გზაზე არ არსებობს "კრისტალივით პასუხები". "გაურკვევლობის გაუმჭვირვალე ნისლებითაა" მოცული პოეტისთვის მისივე შინაგანი ქვეყნიერება:

"ბევრი მინახავს, მაგრამ მთავარი
უხილავი დამრჩება მარად -
ჩემი თვალებით ჩემსავ თვალებში
ვერასოდეს ვერ ჩავიხედავ".

ქალბატონი ელასთვის პოეზია, ისევე როგორც სიცოცხლე, "უფლის მოწვდილი თასია", ამიტომაც სიყვარულსა და სიკვდილსაც "ბოლო წვეთამდე ბედავს". პოეტის ვალია, ამოხსნას, მიხვდეს, რა დუღს ამ თასში, შემდეგ კი სტრიქონებად აქციოს "გულში ნამღერი" ("მთელი ცხოვრება გულში ვმღერივარ") და "ერთი გულის წამოსაკრეფად" შორი გზიდან გამობრუნებულ მკითხველს მიართვას: "გული მისართმევი მაქვს სტრიქონების ბაზმით". ელა გოჩიაშვილის "უფლის მზერით შუქდაყრილ" პოეზიას სწორედ ისეთი მკითხველი სჭირდება, ვისაც ხელეწიფება "გული მიატარ-მოატაროს" "თვალებივით გახელილ სტრიქონებს" ("ჩამხედე ლექსში, როგორც თვალებში") და პოეტთან ერთად გაიზიაროს "საერთო ტრაპეზი", რომელსაც:

"...სხვისი სულიც წამოკენკავს;
როგორც საერთო კოცონი,
...სხვისი სულიც მიაპყრობს თითებს".


ელა გოჩიაშვილი "სიყვარულის მრევლი" გახლავთ. "სადაც სიყვარულია, ყველგან ეკლესიაა", - ასეთია მისი მრწამსი. და კიდევ: "ჩამოურიგე პატიება, ვისაც რამდენი ერგება შენგან". იმიტომ რომ ქალბატონი ელასთვის სიყვარულისა და მიტევების ნიჭი ყველაზე დიდი ღირებულებაა:

"როგორ ვიქნები დამნაშავე
ღმერთის წინაშე,
თუ სიყვარულთან მართალი ვარ!"


ერთგან "თმენის ქალსა და სიკვდილის პოეტს" უწოდებს თავის თავს, თუმცა სიკვდილი ქალბატონი ელასთვის მხოლოდ გზაა შინისაკენ, რომელიც თავისი წილი ჯვრის ღირსეული ტარებით უნდა განვლოს ადამიანმა. ზოგჯერ ამ ჯვრის სიმძიმის შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრი ხდება:

"ჩემი წილი, მკლავწითელი,
ჯვარი ჯვარედინა,
გაძლების და ძლივს გაძლების,
ვერგაძლების ბინა".


მაგრამ "დაფლეთილ ნისლთან და ზამთრის მთვარესთან მონათესავე" სულებისთვის არც ზეციური ნუგეშია უცხო:

"ცისკენ ვახელ გამხმარ თვალებს,
ჯვარსა ზედა მზირალს:
კენწეროზე ჩიტი ბარტყობს -
მწყალობელი კვირა".


ელა გოჩიაშვილის პოეზიას მუდამ თან სდევს ბავშვობის მონატრება, მოსაკლისება. პოეტის ხსოვნაში სხვაგვარი ძალითა და სიმძაფრით ცოცხლობს "დახუჭული ფრთებით სავსე ბავშვობის ველი". ბავშვობა, ისევე როგორც დედა და სამშობლო - ეს ის იდუმალი და გასაოცარი ცნებებია, რომლებიც პოეტისთვის განმარტებას არ ექვემდებარება:

"ჩემთვის იდუმალს, გასაოცარს,
მე დღესაც კი ვერ ვიმეტებ განსამარტავად".

რაც უფრო შორდება ადამიანი მშობლიურ წიაღს - დედას, დედამიწას, სამშობლოს, მით უფრო მტკივნეულ მონატრებად წარმოჩნდება ის "მოშორებული":

"მომენატრები? -
ჩემს სამყოფს ყველგან,
ყველაფერში გიპოვი, დედა;
ყველაზე ღრმად და საიმედოდ
ჩემში შენი რძეა დაფლული,
დედის ხსენი -
ყველაზე ბოლოს ამოსანთხევი".


ელა გოჩიაშვილის კიდევ ერთი მთავარი სატკივარი სამშობლოა, პოეტი მას შვილებისგან მიტოვებულ დედას ადარებს, რომელსაც სისხლიან ჭრილობად დააჩნდნენ საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი თანამემამულენი. სასტიკია შვილების უმადურობით გაწამებული დედის გულისწყრომა:

"ბოლო წვეთიც გაიბრუნა,
გაიკრა მკერდი სისხლიანი,
ჩამოგვფერთხა მერე კალთიდან,
წამოკრიფა, ვინც ხელში მოხვდა,
და შიშისაგან დაგორგლილი
ჩემი და-ძმები
კნუტებივით ესროლა წყვდიადს".


ღრმა და მრავალფეროვანია ელა გოჩიაშვილის პოეტურ სახეთა და მეტაფორათა სამყარო. იგი ცხოვრების გარდაუვალ საიდუმლოებებზე მოაზროვნე პოეტია, რომელიც ფლობს ძალას, გარდაქმნას მკითხველი, გაუღვიძოს რაღაც ყველაზე მთავარზე და დიდზე ჩაფიქრების მოთხოვნილება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი იმ ბედნიერ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, "რომელთა ვალს კაცობრიობა ვერასოდეს გადაიხდის, იმიტომ რომ ისინი ყველაზე მეტად უნარჩუნებენ სიცოცხლეს ადამიანთა სულებს, რადგან კი არ გვესაუბრებიან სულიერი ძალმოსილების შესახებ, არამედ ქმნიან ამგვარ სულიერ ძალმოსილებას ჩვენი არსების ხეშეში ნაწილებისაგან" (უოლტერ პასტერი).
ბეჭდვა
1კ1