ყველასთვის საყვარელ მწერლებს შავ-თეთრის ნაცვლად სხვადსხვა მომინანქრებულ ფერებშიც ვნახავთ
ყველასთვის საყვარელ მწერლებს შავ-თეთრის ნაცვლად სხვადსხვა მომინანქრებულ ფერებშიც ვნახავთ
-საათივით აწყობილ სამყაროში ყოველთვის მეტის დანახვა მინდოდა, ვიდრე ამას საკუთარი თვალებით ვახერხებდი. ბავშვობიდან ასე ვცხოვრობ, ვხატავ, ვწერ ლექსებს , ჩანახატებს. ბუნებაში სეირნობა და ტყეში გვირილების, კენკრის კრეფვა პატარა მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის,- მიამბობს ახალგაზრდა ხელოვანი, თამარ ბენდელიანი.
მაშინ, როცა ჩავირიცხე სასწავლებელში და ფრანგული ფილოლოგიის სრულყოფილად შესწავლა გახდა ჩემი ცხოვრების მიზანი, ჯერ კიდევ ძიებაში ვიყავი ახლის, კარგის, კეთილის -რასაც მთელს ჩემს გულს დავუთმობდი.. რაც მომცემდა თვითგამოხატვის, სიყვარულის გამოხატვის საშუალებას. ვფიქრობდი, ადამიანი როგორი დიდების მწვერვალზც უნდა იდგეს აქ, ამ მიწაზე, მას მაინც მეტი სჭირდება, ვიდრე ეს კარიერა და მატერიალური მდგომარეობაა.
ჩემი ეს ინტერესი ხელოვნებისადმი , შეამჩნია კეთილშობილმა ადამიანმა ორთუბნის ღვთისმშობლის კვართის სახელობის დედათა მონასტერში ყოფნის დროს და მიმაბარა ტიხრული მინანქრის სასწავლად (ამ ამბავს კიდევ ცალკე ლამაზი ისტორია აქვს მონასტრზე და მის ხელოვან, ქველმოქმედ იღუმენია მარიამზე (ჩხაიძე), რომელიც არასდროს დამავიწყდება). მას შემდეგ შეიცვალა ჩემი ყოველდღიურობა, ლექციებიდან გამოსული სახელოსნოში დიდი ნაბიჯებით მივდიოდი. ყოველი ახალი დღე, ახალი გაკვეთილი, ამ ხელსაქმის განსაკუთრებულობაში მარწმუნებდა, მახარებდა. თავდაპირველად მთავარ საქმიანობად არ ამირჩევია ტიხრული მინანქარი, თუმცა სწავლასთან ერთად ვფიქრობდი თუ როგორი კავშირი შეიძლებოდა მქონოდა მე, დამწყებს ამ სფეროში და ჩემი წინაპრების დატოვებულ უდიდეს მემკვიდრეობას.

KARIBCHE

პირველი ნაბიჯები

მას შემდეგ, რაც გარკვეული ცოდნა მივიღე ტიხრული მინანქრის და ოქრომჭედლობის შესახებ მოვხვდი ფოკანში, სადაც გავიცანი ნიჭიერი ხელოვანი ადამიანები. მათთან მცირე ხნით მომიწია ურთიერობა, რადგან საკუთარი სახელოსნოს შექმნა, თვითგანვითარება გადავწყვიტე დავითთან (ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე ახალბედაა ამ საქმიანობაში) ერთად . ბევრი სირთულის მიუხედავად მოვახერხეთ საჭირო ნივთების, ხელსაწყოების შეძენა და მუშაობის დაწყება. ნამუშევრების ფოტო გადაღება მოსალოდნელზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა, შევიძინეთ პროფესიონალი აპარატი და თავად დავიწყე ჩემი ნამუშევრების დასურათებაც.

KARIBCHE

მინანქართან ურთიერთობა

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვა, ჩემთვის მინანქართან ურთიერთობა სისავსეა. ინსპირაცია, ფორმის შერჩევა, გამოსახულების გადატანა ფურცელზე, ტიხართან მუშაობა, ფერების ღუმელში გამოწვა... უამრავი პროცესია საჭირო საბოლოო ნაკეთობის მისაღებად. მინანქართან ურთიერთობას სიმშვიდე მოაქვს. ეს მეტია, ვიდრე ხელსაქმე, მეტი ვიდრე ფერი, ეს უფრო ამბავს ჰგავს, ყოველი ნამუშევრით შექმნილს და გაცოცხლებულს... ჩვენი მუშაობის პროცესი ტიხრული მინანქრის მრავალმხრივობამ უფრო საინტერესო გახადა. ხელოვნების ეს დარგი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებშიც. სიახლე ისაა, რომ მოვინდომეთ ნამუშევრებში გაგვეცოცხლებინა ყველასთვის საყვარელი თხზულებები, მოთხრობის გმირები და ეს გამოგვივიდა. "წიფლისჩიტა" გულწითელა-ღაბუა, გავაცოცხლეთ ტიხრულ მინანქარში (ვაჟა-ფშაველას თხზულების "წიფლისჩიტას" მიხედვით) . შევქმენით მინიატურული ნაკეთობები. მინანქარში გადმოვიტანეთ დისნეის ანიმაციური ფილმების გმირები; მძინარე მზეთუნახავი, ფიფქია, კონკია, რასაც ძალიან დადებითი განწყობა მოჰყვა. მშობლები პატარებს ყიდულობენ საჩუქრად და ჩვენთვის დიდი სტიმულია როცა გვიყვებიან მათ ემოციებს საჩუქრის ნახვისას. ვიცი, რომ ერთი პატარა გოგონა სახელად ვერიკო მძინარე მზეთუნახავის კულონს სულ თან ატარებს, როგორც საყვარელ ნივთს, ასეთი რამ ყველას ჰქონია და აქვს ბავშვობაში (თოჯინა, დათუნა, მანქანა და ა. შ) ჰოდა, ჩვენც ვფიქრობთ, რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი როცა იცი, რომ შენი საქმიანობით ბევრ ადამიანს ახარებ. სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობთ გარშემომყოფებისგან. მადლობელი ვართ ყველა იმ კეთილი სიტყვისთვის, შეფასებისა თუ კრიტიკისთვის რაც ჩვენამდე მოდის. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების ინტერესი ტიხრული მინანქრის მიმართ. ჩვენ როგორც შეგვიძლია ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ახალბედებს, მაგრამ სახელოსნოს სიმცირე და ხელსაწყების რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ ამ საქმიანობით დაინტერესებულებს. მსურველთა შორის ბევრი სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ბევრი უბრალოდ ვერ ახერხებს დამატებით გადაიხადოს ამ საქმის შესწავლის საფასური, ამისთვისაც ვცდილობთ მე და დავითი განვითარებას, დაფინანსების მოპოვებას, სრულყოფილი სახელოსნოს გახსნას, რომ ამ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ უსასყიდლოდ, ისევე როგორც ჩვენ ვისწავლეთ კეთილი ადამიანის დახმარებთ.
ძვირფას ლითონს, ქვებს, ფერებს და სხვა საჭირო მასალას ჩვენი საერთო შემოსავლით ვიძენთ.

KARIBCHE

თავდაპირველად სოციალურ ქსელში დავიწყეთ აქტიურობა (ფეისბუქი Lაფრეეო), სადაც გამოგვეხმაურა ბევრი ადამიანი, ამ დრომდე ვიღებთ მათგან შეკვეთებს. ინსტაგრამზე უცხოელი დიზაინერები გვწერენ ინტერესით, ასევე ტურისტები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ჩვენი საქმიანობისადმი. ვაპირებთ ვებ-გვერდის შექმნას. დროდადრო მოსწავლეებთან ერთდ, ნამუშევრებს ყველაზე ერთგულ, აქტიურ გულშემატკივრებს უსასყიდლოდ ვუმზადებთ და ვჩუქნით, ეს ჩვენი ინიციატივაა. .. უბრალოდ შეფასებისთვის, დიალოგისთვის, ღიმილისთვის, რომ გაგვიცნონ.

ახლა მე და დავითი ამ საქმიანობას ერთობლივად ვაგრძელებთ, ვაპირებთ განვითარებას, როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსით და ნამუშევართა მრავალფეროვნებით.
დავითი ხეზე კვეთას სწავლობს და პარალელურად ვმუშაობთ ახალ ნაკეთობებზე, სახელწოდებით "მწერალთა სახეები", რომელიც დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. ყველასთვის საყვარელი მწერლები შავ თეთრის ნაცვლად იქნებიან სხვადსხვა ფერებში. მინანქრის ჩასასმელად ხის არშიებს ერთად დავამზადებთ. ვფიქრობ საინტერესო გამოვა. ჩვენ ხომ მხოლოდ მინანქრით არ შემოვიფარგლებით, ნამუშევრებით ვცდილობთ გავაკეთოთ კეთილი საქმე, შინაარსიანი და ჩვენი წარმატებით გავახაროთ სხვებიც. წინ ბევრი საინტერესო ქართველი მწერალია, ბევრი ანიმაციური ფილმი და მრავალი იდეა.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1