ქართულში გვაქვს სამი დიდებული სიტყვა: "მოყვასი", "მეგობარი" და "ამხანაგი"
ქართულში გვაქვს სამი დიდებული სიტყვა: "მოყვასი", "მეგობარი" და "ამხანაგი"
სულხან-საბა ორბელიანი სიტყვა "მეგობარს" ასე განმარტავს: "სამუდამოდ გაუყარი საყვარელი, სათანადო მოყვასი, მარადის მას თანა მყოფი". როგორც ვიცით, ქართული სულიერი კულტურა, მხატვრული სამყარო ქრისტიანულია. 2000 წლის მანძილზე ჩვენი ერის მენტალიტეტი ყალიბდებოდა ქრისტიანული მწერლობის, ქრისტიანული კულტურის არეალში და, ცხადია, ამან ქართული ენის განვითარებაზეც უდიდესი გავლენა მოახდინა. ამიტომაც ვამბობთ, რომ "ქართულმა სიტყვამ ქრისტე შეიმოსა". სიტყვა "მეგობრის" ეტიმოლოგიაც ქრისტიანული აზროვნებისა და ხედვის გამომხატველია. ამის შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო (მარიამ) ღლონტი:

- ქართულში გვაქვს სამი დიდებული სიტყვა: "მოყვასი", "მეგობარი" და "ამხანაგი". ქართული სიტყვა "მოყვასი", სალექსიკონო განმარტებით, არის "მოძმე, ახლობელი, ამხანაგი". გურულ დიალექტში "მოყვასი" ალერსიან, მოსიყვარულე ადამიანს ჰქვია. სულხან-საბასთვის "მოყვასი" ამხანაგია, როგორც ეს ბიბლიაშიც ფიქსირდება, რა თქმა უნდა, "მოყვასის" მადლიანი გაგებით. "მოყვასი" თავდაპირველად უაღრესად ფართო ცნება იყო და გულისხმობდა არა მარტო თვისტომს ან სისხლით ნათესავს, რომელთა მიმართაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, არამედ უცხოტომელს და თვით მტერსაც კი. ამას გვიმოწმებს ძველი აღთქმა. მოსეს რჯულის წიგნებში უმთავრესად ის ვალდებულებებია გამოკვეთილი, რომლებიც სწორედ მოყვასის მიმართ უნდა ჰქონოდა იუდეველს: "არა ავნო მოყვასსა შენსა და არცაღა მო-რა-სტაცო...", "არა ხვიდოდი ზაკვით ნათესავსა შორის შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა...", "არა გძულდეს ძმა შენი გონებითა შენითა, მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთვის ცოდვა და არცა შური იძიოს ხელმან შენმან და არცა ძვირი იხსენო ძეთათვის ერისა შენისა, და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" - ყოველივე ამას ლევიტელთა წიგნში ვკითხულობთ (19,13-18). თუმცა რჯულის დამცველი იუდეველი ასევე ვალდებული იყო, უცხოს მიმართაც გამოეხატა სიყვარული: "უკუეთუ ვინმე მოგიხდეს თქვენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას. არამედ ვითარცა მკვიდრი თქუენ შორის იყოს მწირი იგი, რომელი მოვიდეს თქუენდა და შეიყუაროთ იგი, ვითარცა თავი თვისი, რამეთუ მწირ იყვენით თქუენცა ქუეყანასა ეგვიპტისასა" (ლევიტ. 19,33-34). მაგრამ ცოდვამ, ცოდვისმიერმა ცხოვრების წესმა, დაავიწროვა "მოყვასის" თავდაპირველი, მადლიანი მნიშვნელობა და იუდეველთათვის იგი მხოლოდ ახლობლის, სანათესაოს აღმნიშვნელად დარჩა.

სიტყვა "მოყვასის" ქრისტიანული მნიშვნელობა "მოწყალე სამარიტელის" იგავთან დაკავშირებით განიმარტება. უფალი იესო ქრისტე ამ იგავით იმას გვასწავლის, თუ ვინ არის ადამიანისათვის სინამდვილეში მოყვასი, ვინ უნდა მივიჩნიო ჩემს მოყვასად, და თვითონ მეც - ვისთვის და როდის ვარ (ან უნდა ვიყო) მოყვასი. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვით რომ ვთქვათ, "უბრალო მსოფლიო ანგარიშით" დაშორებული ანტონიმური წყვილი - "მტერი" და "მოყვასი" - ერთი სახარებისეული ზნეობრივი კატეგორიის ფარგლებში ექცევა. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის "მტერი" და "მოყვასი" უკვე იმგვარად შეწყვილებული ცნებებია, სადაც ანტაგონიზმი განელებული კი არ არის, არამედ მთლიანად წაშლილი და გამქრალიცაა. იმ სასწაულმოქმედ ძალას, რომლითაც ყოველ ქრისტიანს შეუძლია, დაძლიოს ეს ანტაგონიზმი და უარი თქვას გარშემო მყოფთა მტერ-მოყვრად დახარისხებაზე, ჰქვია ქრისტესმიერი სიყვარული: "იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოანე 13,34), რამეთუ "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოანე 4,8). რჯულისმცოდნის მიერ "მოწყალე სამარიტელის" იგავის თხრობამდე დასმულ შეკითხვაში - "ვინ არს მოყვასი ჩემდა?" - ამოიკითხება მისი უკუფენილი ლოგიკური გაგრძელება: ვინ არ არის მოყვასი ჩემთვის? რჯულისმცოდნე უთუოდ ის ადამიანია, რომელსაც გარშემო მყოფნი მტერ-მოყვრად ჰყავს დაყოფილი. ვინც ამგვარად სვამს შეკითხვას - ვინ არის მოყვასი ჩემთვის? - ცხადია, იმას გვიდასტურებს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ყველა არ არის მოყვასი, მოძმე და ახლობელი. სამწუხაროდ, ჩვენ, ქრისტიანები, იმ სახარებისეული რჯულისმეცნიერივით, ხანდახან ვაკნინებთ და ვავიწროებთ "მოყვასის" ნამდვილ, ქრისტეს რჯულისმიერ მნიშვნელობას და მოყვასისადმი სიყვარულის აღსასრულებლადაც ასევე ვიწრო სარბიელს ვიტოვებთ...

ძველ ქართულში სიტყვა "მოყუასი" უკავშირდება "ყუარებას" და თავისი ამგვარი ამოსავალი მნიშვნელობით იგი "მოყვასის" ნამდვილ, ღვთივსათნო შინაარსს შეგვახსენებს: მოყვასი ჩემთვის არის ის, ვინც უნდა მიყვარდეს; უწინარესად კი მოყვასი იგია, ვისაც ჩემგან ხელის გამართვა სჭირდება; და არა ის, ვინც მე გამიმართავს ხელს - ასე გვასწავლიან ჩვენი წმინდა მამები. თუკი მოყვასი უნდა იყოს ყველა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი, მეგობართა რიცხვი გარკვეულწილად შემოსაზღვრულია. ქართული სიტყვა "მეგობარი" ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია უძველეს საოჯახო სუფრასთან, ტრაპეზთან: მეგობარი არის ადამიანი, ვისთან ერთადაც ერთი გობიდან პური ამოგვიწია, ანუ საერთო ტრაპეზი გაგვიზიარებია (ბესარიონ ჯორბენაძე). ტრაპეზის გამზიარებლის და, მაშასადამე, მეგობრის ღალატი კი არ ეგების. საერთო ტრაპეზის გაზიარებას განსაკუთრებული საღვთისმეტყველო შინაარსი ენიჭება წმინდა წერილში. მაგალითად, ფსალმუნებში ხშირად ესმება ხაზი იმას, თუ ვისთან ჭამ, ვისთან იზიარებ ტრაპეზს: "რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი..."; "ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა..."; ან კიდევ: "რომელი შჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი". ტრაპეზზე შეპატიჟება, ტრაპეზის გაზიარება არის უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. ასეა ქართულ სინამდვილეშიც - სუფრის უძველესი ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები თუ წესები ამაზე მეტყველებენ. ჭამა-სმის ქრისტიანული საღვთისმეტყველო ალეგორია უშუალოდ უკავშირდება ზიარების წმიდა საიდუმლოს, რომლის მიღებით, ანუ ქრისტეს წმიდა ხორცის ჭამითა და ქრისტეს პატიოსანი სისხლის სმით, ჩვენ ვიწმინდებით ცოდვებისაგან და ვიწინდებით მარადისობასთან. უფალი ამბობს: ჩემი მეგობარია იგი, რომელმან "მიცის მე", ანუ ვინც მე მეძიებს და გამიცნობს. წმიდა მამათა განმარტებით, ქრისტეს რჯულის აღსრულებასთან ერთად აქ მაცხოვრის ცხოველმყოფელი ხორცისა და სისხლის მიღება იგულისხმება, და სწორედ ეს არის ყველაზე მაღალი - ღვთაებრივი და უზენაესი სულიერი მეგობრობა. სიტყვა "ამხანაგიც" ძველ ლექსიკურ ფონდს ეკუთვნის (დავით ჩუბინაშვილი თავის ლექსიკონში მიუთითებს, რომ ეს სიტყვა სპარსული წარმომავლობისაა). გავიხსენოთ ისევ სულხან-საბა, რომლის იდეალი ერთგული, თავდადებული და გამტანი ამხანაგი იყო: "კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია. ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა. ამხანაგი მარტოსათვის ხმის გამცემია, ჯართათვის მარგებელია და ცოტას კაცთა შემაქცეველია. ამხანაგი ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია". როგორც ვხედავთ, კაცთა ურთიერთობის ამ მშვენიერ სახოტბო ჰიმნში "ამხანაგი" ერთდროულად იტევს "მეგობრისა" და "მოყვასის" ფუნქციებს, რითაც სულხან-საბა რუსთველური მოყვასობისა და მეგობრობის დიდებულ იდეას ეხმაურება. სამწუხაროდ, კომუნისტურ-სოციალისტურმა ხანამ დააზიანა სიტყვა "ამხანაგის" პირვანდელი შინაარსი და მას ერთი ფუნქციაღა შემორჩა: "ამხანაგს" მხოლოდ ნომენკლატურის, ასევე მუშა-მოსამსახურეთა და პარტიულ მუშაკთა მიმართვისას იყენებდნენ (ამხანაგო მოსამართლე! და სხვა). ჩვენს თანამედროვეობაში ამ სიტყვამ უფრო "ბიზნეს-პარტნიორობის" (ამხანაგობების და სხვა) მნიშვნელობა შეიძინა: ამხანაგი არის ადამიანი, ვისთანაც გარკვეული საქმე მაკავშირებს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, არც ამხანაგის ღალატი გვმართებს.

ასე რომ, "მოყვასი", "მეგობარი", "ამხანაგი" და მათთან დაკავშირებული ინსტიტუტები იერარქიულად შემდეგნაირად განლაგდება: ამხანაგობის ინსტიტუტმა უფრო სოციალური ინსტიტუტის საფეხური დაიკავა, მეგობრობისამ - ზნეობრივი, ხოლო მოყვასობის ინსტიტუტი უმაღლესი, ღვთაებრივ რანგში ამაღლებული ქრისტიანული ინსტიტუტია.
ბეჭდვა
1კ1