მარიამ ქსოვრელი
მარიამ ქსოვრელი
***
დედაო ნინო,
გააღვიძე გულისხმა კვლავაც
ამ სოფლის მკვიდრთა.
გზა ვიწრო არის,
გზა საძნელო, რთულად სავალი,
მაგრამ უფლისგან ის კურთხეულა.
არცოდნის შიში,
მწუხრი სულეთის,
განსრულდა უკვე.

***
ლოცვების შემდეგ ვერნაცვალები
ვჭვრეტ გარდასახვას
ცხოვრებისას ამ სოფლიერის.
სულიერდება ყველაფერი:
მცირდება თხოვა მრავალი სახის;
სად მეოხება ღვთისმშობლისა
გვიძლიერდება,
მშვიდობას გვედრი შენ, უფალო,
ყოვლგნით, ყოველთვის,
უწყვეტელობით.

***
სახე ღვთისმშობლისა,
სახე ნუგეშინის,
ჩვენდა მებრძოლებზე
ძლევისა იმედი,
ნავსაყუდელია
ჭეშმარიტ ცხოვრების.
სულიერ ნისლებით
წამოვა წვიმები,
იდუმალ სიჩუმის
ამ ამონატირით
გამოდის ამინდი,
ამინდი დარების.

***
ურთიერთლტოლვა -
ვისთვის ბიწი,
ვისთვის სიწმინდე...
ზეცა მსწრაფია,
ტოვებ მიწიერს -
თუმც მიწაზეა სხეული შენი სამკვიდრებელად,
სულით შექმნილი ყოველივე
კეთილად ქმნილა.
კაცის ვალია, იგი შეიცნოს,
სულის სიმაღლე მას ხომ თან ახლავს.

***
გამოეტაცე ამა ქვეყნის ძლიერსა ძალებს,
მარტოდენ ხილულს რომ სჯერდება გონება მათი.
გამოეტაცე ამაოს მადლით,
გზა ღვთისკენ ჩნდება,
გზა უძნელესი, გზა უმძიმესი.
ეკლნარში უნდა კრიფო ვარდები,
და ვარდებს -
ცვრიან თაიგულს სულის - უფალს მიართმევ.

***
მოსავს სიმშვიდე,
მადლით ფენილა
სოფელი ესე.
ბინდი მოიწევს,
დაღლილან მკვიდრნი
გარჯით, წვალებით.
ღამეც უმთვარო
შემოიპარა.
ბნელა სულებში.
აქა-იქ ჩნდება
მღვიძარი სული,
ყურის დამგდები
უფლის სიტყვისა.
დედაო ნინო,
კვლავ შენეული
შველის დრო დადგა,
მეოხ გვეყავი
შენეულ ლოცვით,
რომ გაგვინათო
წყვდიადი დიდი.

***
სინანულის დღეებს
მარხულების გულში
შუქი ზეციური
უკვე შემოადგა.
გარეთ გაზაფხული
ქუჩებს სიხარულის
დღეებს უსაჩუქრებს
უხვად, გარინდებით.
ზარი როცა რეკავს,
გული იქით გვიწევს,
ჩვენ შენ დაგენდობით,
შენ მხოლოდ, უფალო.
კაცთა ნამდვილ საქმეთ
ხარ შენ განმკითხველი,
რომ ცხოვრებას ვუძლოთ,
არ მოგვაკლდეს მადლი.

***
გულისწყვეტის თვლები
ზეცის თვლებად იქცა,
არ უბრალო ქვებით,
ფერად-ფერადებით,
მოთმინების ქვებით
სიმარტოვის მხარე
სასოებად იქცა.

***
ლალის თვლებით მოოჭვილ
შინდისფერ სამოსელში
თავს ჩავრგავთ და ვიფარვით,
დედავ და დედოფალო,
ღვთისმშობელო მარიამ,
სიხარულს ნუ მოგვაკლებ
შენკენ სწრაფვის მოსურნეთ.
ბეჭდვა
1კ1