ხატმწერი ყველა ვერ გახდება, ქრისტიანობა და უფალთან მისვლა კი ყველას ვალია
ხატმწერი ყველა ვერ გახდება, ქრისტიანობა და უფალთან მისვლა კი ყველას ვალია
სულიერ კიბეზე ასვლა ადამიანმა საკუთარი თავის შეცნობით უნდა დაიწყოს, გონებით გულს ჩასწვდეს, უფალი იპოვოს და გაიგოს, რას კარნახობს მისი კეთილი ნება. მერე მოძებნოს ის კოდრატი, რომელიც მასში შემოქმედმა დაფლა, დაუღალავი შრომით გარეთ გამოიტანოს და მოყვასსაც არგოს და უფალიც ადიდოს.

ხატმწერ ქეთევან ხაჟომიას კარგად იცნობს "კარიბჭის" მკითხველი. იცის მის მიერ დაწერილი ქეთევან წამებულის ხატების შესახებაც, რომლებიც ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობისა და სიონის ტაძრებში დედოფლის წმინდა ნაწილებთან ერთად ასვენია. ისიც იცის, სინას მთაზე როგორი რუდუნებით დაწერა მოსე წინასწარმეტყველის ხატის ასლი, ჰამბურგის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკურთხეველი რომ მოხატა... ჰამბურგის ქართველ მრევლს იმ ეკლესიაში დღესაც ნუგეშად ხვდება ქეთევანის შესრულებული წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ხატი.

ქეთევან ხაჟომიას ცხოვრების მაგალითმა იქნებ ბევრი ადამიანი დააბრუნოს გონებით საკუთარ გულში და აპოვნინოს ყველაზე მთავარი.

- ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა ბავშვობიდან ხატვა იყო, მაგრამ ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ჩემი ძირითადი პროფესია. ეტყობა, მორჩილი ბავშვი ვიყავი და გადავწყვიტე, ფილოლოგიურზე ჩამებარებინა. დიპლომი დიონისე არეოპაგელზე დავიცავი. არეოპაგელის ქრისტიანულმა ფილოსოფიამ გარკვეულწილად გავლენა იქონია ჩემს ცნობიერებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და სერიოზული ფიქრი იმაზე, ხომ არ მქონდა უფლისგან ბოძებული კოდრატი, რომელიც მიწაში არ უნდა დამეფლა და უნდა გამემრავლებინა.

ეს პერიოდი დაემთხვა სამოქალაქო ომს, აფხაზეთის დაცემას... ჩემში ჩემი ქვეყნის საშინელი რეალობა იხარშებოდა, ამიტომ განცდა იმისა, რომ მეპოვა უფლის მოწოდება, გამეგო, რა სარგებლობის მოტანა შემეძლო ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, მიმძაფრდებოდა.

ღვთის განგებით, ჩემი ფიქრი იმაზე შეჩერდა, რომ ხატვის ნიჭი ასე თუ ისე მქონდა. გარდა ამისა, სიყვარულით, შრომით, წიგნებზე დათენებული ღამეებით გატარებული ხუთი წელიც არ უნდა დამეკარგა. მადლობა ღმერთს, ხატწერა აღმოჩნდა ისეთი პროფესია, რომელმაც ეს ორი რაღაც გააერთიანა და ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად შეკრიბა. მერე და მერე კიდევ ბევრჯერ დამანახა ღმერთმა, რომ ხატწერა ღვთისა და ხალხის მსახურების, ცხონების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

როგორც კი გადაწყვეტილება მივიღე, თავისით გამოჩნდა გზაც, მისი განხორციელების საშუალებაც. იმხანად პატრიარქი ამერიკას სტუმრობდა. მამებმა, რომლებიც მას თან ახლდნენ, ამერიკიდან ჩამოიტანეს კატალოგები ხატწერის შესახებ. ერთ-ერთ კატალოგში აღმოვაჩინე რუსი ემიგრანტის განცხადება, რომელიც ამერიკაში იწვევდა ხატწერის შესწავლის მსურველებს. რადგან საქართველოში ხატწერის სკოლა არ არსებობდა, დავუკავშირდი ამ ადამიანს და ვთხოვე, ხატწერის შესახებ ლიტერატურით დამხმარებოდა. ამერიკიდან კი იქ ჩასვლის შემოთაზავება მივიღე.

ამერიკაში მასწავლებლის ოჯახში ვცხოვრობდი და დღესაც არ მინელდება იმ ადამიანისადმი მადლიერების გრძნობა. ამერიკაშივე გავიგე იმის შესახებ, რომ რუსეთში, ცნობილ "სერგეევო პოსადის" აკადემიაში, შესაძლებელი იყო ხატწერის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება. იქიდან პატრიარქს დავუკავშირდი და ვთხოვე კურთხევა, სწავლა ამ აკადემიაში გამეგრძელებინა. კურთხევა მივიღე. ასე აღმოვჩნდი, ღვთის განგებით, ამერიკის გავლით რუსეთში - "სერგეევო პოსადის" აკადემიაში. ეს ყოფილი ზაგორსკია, სადაც ჩვენი უწმინდესი სწავლობდა და მუდამ სიყვარულით იხსენებს იქ გატარებულ წლებს. ერთხელ ინტერვიუც კი ჩამოვართვით აკადემიის ჟურნალისთვის. საოცარია, პატრიარქს დღემდე ახსოვს ყველა პედაგოგის სახელი და, როგორც აღნიშნა, ყველას იხსენიებს ლოცვაში. ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს ის, რომ მიუხედავად რუსეთთან არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობისა, ომებისა, ამ ადამიანს შეუძლია, ასეთი სიყვარული ჰქონდეს თავისი ქრისტიანი ძმების მიმართ.

"სერგეევო პოსადში" ჩასვლისთანავე წმინდა სერგი რადონეჟელს ვთხოვე, სიყვარულით დავებრუნებინე სამშობლოში. ეს მართლაც შესრულდა. დღემდე ვმეგობრობ საკმაოდ ბევრ ადამიანთან. ისინი ხშირად სტუმრობენ საქართველოს და უყვართ ჩვენი ქვეყანა.

რუსეთში სამწელიწად-ნახევარი თითქმის მონასტრულად ვიცხოვრე. ჩვენი სასწავლებელი მამათა მონასტერში იყო. ფაქტობრივად, მამათა მონასტერში ვცხოვრობდით და ესეც გარკვეული სულიერი გამოცდა იყო.

აკადემიაში ასამდე სტუდენტი სწავლობდა, მაგრამ ხატწერის ფაკულტეტის სტუდენტები მკვეთრად გამოირჩეოდნენ სხვებისგან - მათ განსაკუთრებული სამყარო ჰქონდათ. საძინებელში დასასვენებლად შესულებიც ვაგრძელებდით ხატწერაზე საუბარს. ოცი-ოცდაორი წლის ახალგაზრდები დილიდან საღამომდე ისხდნენ და ხატებს წერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნები არ იყვნენ, მონასტრის ტიპიკონს ემორჩილებოდნენ და იღვწოდნენ.

ღვთის საჩუქარი იყო ისიც, რომ გვქონდა უფლება, ერმიტაჟში დაცულ ხატებზე გვემუშავა. წარმოიდგინეთ, საათობით დგახარ საუკუნეების წინანდელ შედევრთან, ხილვითა და უდიდესი ლოცვებით შესრულებულ ხატებთან!.. მყარდება საოცარი სულიერი კავშირი იმ ოსტატთან, რომელმაც ხატი დაწერა, წმინდანთან, რომელიც ხატმწერმა დაგანახა და ადამიანებთან, რომლებსაც მასზე ულოციათ. შენს თვალწინ ცოცხლდება ასეულობით მლოცველი სული. ოსტატიც და მლოცველებიც ერთად ადიდებთ იმას, ვინც ხატზეა გამოსახული. ეს საუკეთესო საშუალებაა ხატწერის შესასწავლად. როცა ნაბიჯს დგამ უფლისკენ, ღმერთიც ბევრ რამეს გიხსნის... მერე მიეჯაჭვები უფლის ნებას და სურვილი გეუფლება, კიდევ უფრო ღრმად შეხვიდე შენთვის გახსნილ სივრცეში. ეს ძალიან კარგი მდგომარეობაა, მაგრამ, ცხადია, არ არის მუდმივი - სანამ ამქვეყნად ვართ, იგი დაიკარგება და ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ.

იმ პერიოდში ბედნიერი იმითაც ვიყავი, რომ პატრიარქთან უშუალო ურთიერთობის საშუალება მქონდა.

"სერგეევო პოსადის" ხატწერის სკოლის მიმართ საღვთო შური აღმეძრა, რადგან ეს იყო ერთი ოჯახი, სადაც ხატწერის საშუალებით ერთობით იდიდებოდა უფალი. მინდოდა, საქართველოშიც ყოფილიყო სკოლა, სადაც ძველი ხატწერის პრინციპების გათვალისწინებით შეისწავლებოდა ხატწერა. პატრიარქისგან მივიღე კურთხევა, გამეხსნა ასეთი სკოლა. ღვთის შეწევნით, 2007 წელს, ქეთევანობას, დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელი კურთხევის შესრულება.

- ეპოქის სული შეიცვალა, მასთან ერთად შეიცვალა ხატმწერი, ხატი...

- თუ ხატწერის ისტორიას თვალს გადავავლებთ, სხვადასხვა ეპოქის სახეებს გავარჩევთ. შეიძლება ეპოქის სულის ამოკითხვაც, რომელიც ხატზე სარკესავით არის ასახული. ხატმწერი მაქსიმალურად წოვს თავის სულიერ ენერგიას და ხატში დებს. ხატიც ეპოქის შვილია და მისი სულის სახე. რაც უნდა ლოცვითა და რუდუნებით შევქმნათ, ის მაინც გვიჩვენებს თანამედროვე ხატმწერის სულს. ამიტომ ხატმწერობა ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასია. ხატმწერმა სწორი, საღვთო გზა უნდა აირჩიოს. ოდნავი სულიერი დაცემა თუ ზედმეტი აღტაცება, ეგზალტირებული მდგომარეობა პირდაპირ აისახება ხატზე. ხატმწერი დაძაბული სულიერი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, არა სიმშვიდის დაკარგვის, არამედ შემართებულობის თვალსაზრისით. შესაძლოა, ბევრი დაბრკოლდეს არასწორი სულიერი მდგომარეობით შექმნილი ხატით.

თუმცაღა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა ხატებისადმი დამოკიდებულება - მლოცველთათვის ერთნაირად ახლობელია ნებისმიერი ეპოქის ხატი, თუ ის დიდი სულიერი სიმაღლის გამოძახილია.

მაგალითად, XII საუკუნე მთელი ქრისტიანული სამყაროს შემკვრელია. ერმიტაჟში, სინას მთაზე, საქართველოში არსებულ ამ ეპოქის ხატებს ერთი რამ აერთიანებს - ეს თითქოს ერთი სამყაროა, მათზე გამოსახული ადამიანებიც ერთნაირად სუნთქავენ. მათი გამაერთიანებელი, ალბათ, მაშინდელი ხატმწერების სულიერი სრულყოფილებაა. შესაძლოა ყველაზე მეტად ამიტომაც აინტერესებს დღეს შემკვეთს ამ ეპოქის ხატების ასლები.

KARIBCHE- ხატწერა პროფესიონალიზმისა და სულიერების სინთეზია...

- ხატწერა, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება სულიერებას. ვთვლი, რომ ეს არის ლოცვის სახე - კარგად დაწერილი ხატი კარგად აღვლენილი ლოცვაა. პროფესიონალიზმიც აუცილებელია, მაგრამ თუ მხატვარი, რაც მეტს ხატავს, მხატვრობაში მეტად ოსტატდება, ხატწერაში საშიშროებაც კი არსებობს, რომ პროფესიონალიზმი სულიერ ცხოვრებას არ გარდაემეტოს - მარტო ხელმა არ უნდა დაიწყოს ხატვა. როცა მხატვარი კარგი ოსტატია, მისი ხელი იწყებს ნახატის შესრულებას. სულიერება კი იმისთვისაა საჭირო, რომ ნახატის გაცოცხლება შეგეძლოს. ის უნდა გახდეს სარკმელი იმ წმინდანის დასანახად, ვისაც ჭვრეტ ლოცვისას. გაცოცხლება კი ის არის, ხატში მარადისობა იყოს დაჭერილი. ჩვენ სამოთხეს ვხატავთ, ამის გამო ადამიანური ემოციები, განცდები არ უნდა აღვბეჭდოთ. ეს საშიშიც კია, რადგან ამქვეყნიური ადამიანი ხატავ იმას, რაც თვალით არასოდეს გინახავს, ასახავ იმას, რასაც სულიერად შესწვდი, სულიერად დაინახე. ამიტომ, რაც უფრო ნათელია ხატმწერის სული, მით უკეთესია მისი სულიერი ხედვა. სვანურ ხატებს ვინც ნახავს, შესაძლოა ეჭვიც გაუჩნდეს, მათმა ავტორებმა ხატვა არ იცოდნენო. ამ შემთხვევაში ხატმწერის სულიერების ხარჯზე ხდება ხატი სრულყოფილი. მლოცველისთვის ასეთი ხატი უფრო ახლობელია. იმ დროს კი, როცა პროფესიონალიზმი აჭარბებს, ხატი პომპეზურია. ეს კარგად ჩანს ბიზანტიურ ხატებზე, რომლებიც იმპერატორისთვის შეიქმნა.

- რომელი სკოლის გავლენა იგრძნობა თქვენს ხატებზე?

- ჩემი საყვარელი ხატმწერი XI-XII საუკუნეებში მოღვაწე თეოდორე მხატვარია. სვანეთში შემორჩენილია მის მიერ მოხატული სამი ტაძარი. "სვანური სკოლა" ყველაზე ახლოსაა ჩემს სულთან და ყველაზე სამაგალითოც.

ძალიან მიყვარს სინური ხატები. შარშან გახლდით სინას მთაზე და წმინდა ეკატერინეს მუზეუმში სამი კვირის განმავლობაში ვამზადებდი მოსე წინასწარმეტყველის ხატის ასლს. განსაკუთრებით მიყვარს სინას წმინდა ეკატერინესა და მთავარანგელოზის ხატები. ვფიქრობ, ეს ორი ხატი ერთი ადამიანის მიერაა დაწერილი და ეჭვი მაქვს, რომ მათი ავტორი ქართველია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა საცავში ამერიკელი ხელოვნებათმცოდნის შევჩენკოს იმავე ვარაუდის შესახებ ამოვიკითხე. მე მხოლოდ შინაგანი განცდით ვიგრძენი წმინდა ეკატერინეს ხატის ავტორთან ნათესაობა. როგორც უცხოეთში შეგხვედრია ქართველი და გიცვნია, გიგრძნია მისი ქართველობა, ასევეა ხატთან მიმართებითაც, ის ხომ ცოცხალია.

სინას მთა ცნობილია ძლიერი ქართული სამონასტრო კოლონიებით, მაგრამ ნაკლები ვიცით X საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შესახებ. ჩემი იქ ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ რაღაც ახლისთვის მიმეგნო, მაგრამ იქაური საცავები შეუვალი აღმოჩნდა სტუმრებისთვის. მჯერა, დადგება დრო, როცა ქართველები გავიგებთ სინაზე მოღვაწე ქართველი ხატმწერების შესახებ.

ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ჩემი ხატები ზემოაღნიშნული სკოლების გავლენას განიცდიან.

- როგორ ცხოვრობს თქვენი ხატწერის სკოლა? რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობით მოსწავლეებთან მუშაობისას?

- სკოლაში 17-18 მოსწავლეა. მათ შორის ისეთებით არიან, რომელთაც საერთოდ არ იცოდნენ ხატვა. მოსწავლეებს მაქსიმალურად ვუზიარებ ცოდნას. თავმოყრილი მაქვს ფოტომასალა და კვიპროსის, რუსეთის, სინას მთის თითქმის ყველა სკოლის ნიმუშების გათვალისწინებით ვასწავლი. თუ ხატმწერმა მხოლოდ საკუთარი თავიდან გამოწოვილი წარმოსახვით სცადა ხატის შექმნა, არაფერი გამოვა. ძველი ხატების ყურებით კი თითქოს გეხსნება ის ვიწრო გზა, რომელზეც უნდა იარო, ყველაფერი დანარჩენი ჩრდილში ექცევა.

ყოველი წლის ბოლოს გამოფენებს ვაწყობთ, სადაც თვალსაჩინო ხდება მათი სწავლის შედეგები.

სკოლის საყვარელი საქმიანობა წმინდა ადგილების მოლოცვაა.

მშობლებმა არაერთხელ მითხრეს, რომ ამ სკოლაში სიარულით მათი შვილები უკეთესობისკენ შეიცვალნენ, გაუჩნდათ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რადგან არც ხატწერა, არც სკოლა ჩემი თვითმიზანი არ არის, ხოლო თუ ჩემი საქმიანობა ვინმეს ცხონების გზაზე დაეხმარება, გამართლებულად ჩაითვლება ჩემი ხატმწერობაც და პედაგოგობაც. ხატმწერი ყველა ვერ გახდება, ქრისტიანობა და უფალთან მისვლა კი ყველას ვალია. ამიტომ ვცდილობ, ჩვენი სკოლა იყოს არა მარტო ხატწერის შესასწავლი ადგილი, არამედ ქრისტიანული ერთობის საშუალება.

ბელა ბარკალაია
ბეჭდვა
1კ1