მამა სერაფიმე (ფილია)
 მამა სერაფიმე (ფილია)
ატირებული თუ უნახავს ვინმეს მთაწმინდა?
აგვისტომ ზღვარი სექტემბერთან
მკაცრად გამიჯნა,
გულში კი ნელა, ფრთხილად, მაგრამ
მაინც გაწვიმდა.
ახალშობილმა შემოდგომამ
ფეხი აიდგა
და ხეთა მწკრივი სოლოლაკში
ყვითლად გაცვითა.
ატირებული თუ უნახავს
ვინმეს მთაწმინდა?
არა - არ მინდა დავიჯერო,
არა - არ მინდა!
რაღაც სხვაგვარად, უცნაურად
მწარედ აცივდა.
ვიღაც ახლიდან დაიბადა,
ვიღაც მოკვდა.
ვიღაც ახლიდან
დათვრა, გაბრუვდა
და კვლავ სამშობლო გაიხადა
ისევ საფიცად.
შური, პატივი, სიამაყე
ყველანაირ საზღვარს გასცილდა,
ვნებათა აღლუმს ჩაიბარებს
დღეს არაწმინდა.
ვის რას ვუშავებთ?
როგორ? რისთვის?
ანდა რა გვინდა?
მოდიდან ყველა ჭეშმარიტი
ცნება გადვიდა.
დავთვრეთ! გავბრუვდეთ!
რომ გვახსოვდეს კვლავ და მალიმალ,
ისევ აბელი უნდა მოკვდეს
ძმობის საწინდრად.
ატირებული თუ უნახავს
ვინმეს მთაწმინდა?
ტრაფარეტები, ლოზუნგები
ვბეჭდოთ აკვნიდან
- რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,
- ოღონდ ხვალიდან.
როდემდე ჰქონდეს ძმას ძმის გული
მუდმივ სამიზნედ,
გინდა, არ გინდა,
მოლოდინში კი ჩემს ძარღვებში
სისხლი გაცივდა.
დავთვრეთ! გავბრუვდეთ!
რომ აბელი მოვკლათ თავიდან
ისევ აბელი...
ოღონდ არა ძველებურად, არა,
- ახლიდან.
აგვისტომ ზღვარი სექტემბერთან
მკაცრად გამიჯნა,
გულში კი ნელა, ფრთხილად, მაგრამ
მაინც გაწვიმდა.
ახალშობილმა შემოდგომამ
ფეხი აიდგა
და ხეთა მწკრივი სოლოლაკში
ყვითლად გაცვითა.
ატირებული თუ უნახავს
ვინმეს მთაწმინდა?


თავისუფალი ნება
დაგვიანებით, მაგრამ
მაინც იყოფა გზები,
ცხოვრების ტკბობით მთვრალი
გზაჯვარედინზე ხვდები.
მარცხნივ - ფართოა ველი,
მარჯვნივ - ვიწროა ხევი.
საით წავიდე? - ისმის
და მარტოდმარტო რჩები.

ღმერთო, მომეცი ძალა!
აზრთა და ფიქრთა ძლევის,
ვნებათ საშიში ღელვის,
გველის ქველის და ბრძენის.
პატივის მოყვარების -
ვითომდა ჩემი ხვედრის.
ღმერთო, მომეცი ძალა!
შენი დიდების ხედვის.

ყველა სიმართლე ქვეყნად
მხოლოდ სიყვარულს ერწყმის.
სიყვარულია ზეცა,
მიწა - სამშობლო ძველი.
სიყვარულია ყველას
ერთად იმედის ხედი,
ელის ამ დიად ზეცას
მთელი ერიც და ბერიც.
მაგრამ რატომღაც მაინც
ვთვრებით და კიდევ ვთვრებით.
მოგებულია ბრძოლა,
როდესაც მართლა ხვდები,
თუ როგორ იძირება
ფიქრთა და აზრთა გენი.
გრძნობ, ისევ მარტო რჩები
მაგრამ - სულაც არ კვდები.

ღმერთო, მომეცი კიბე,
რომ ამოვიდე ზევით.
დავტკბე კიდევ და კიდევ
ჭეშმარიტების ცქერით.
იქნება მითხრას ვინმემ,
რომ გამოვჭერი ყელი,
ვერ მოვასწარი მეთქვა
ვრცელი სათქმელი ჩემი.
მხოლოდ ერთსა გთხოვ, ღმერთო:
გამომიწოდე ხელი.
შენდობასა და შველას
მე მხოლოდ შენგან ველი.

დაგვიანებით, მაგრამ
მაინც იყოფა გზები.
ცხოვრების ტკბობით მთვრალი
გზაჯვარედინზე ხვდები.
მარცხნივ - ფართოა ველი,
მარჯვნივ - ვიწროა ხევი.
საით წავიდე? - ისმის
და მარტოდმარტო რჩები.


***

სიტყვა არ ებმის სიტყვას,
კვლავ არ გამომდის რითმა.
არ გაჩერდეო, მითხრა
ერთმა ცნობილმა გიჟმა.

მცდელობით ცხონდა კაცი, -
დიდი ხნის წინათ ითქვა.
მინდა გაჩუქოთ გული,
ვერას დამაკლებს ძვირ-თქმა.

ჰა! გამახვია ალში
მე სიყვარულის ჟინმა.
გონება ჩადოს გულში,
მგონი, გამომდის სიტყვა.

მოჭამა დრო და ჟამი
ჭკუათხელმა და ვირმა,
მაგრამ სათქმელი მაინც
ბოლომდე ჯერ არ ითქვა.

რითმა დაბადა ძვირმა
გულში ჩაფლულმა შიშმა.
სიმართლე - არის ლექსი,
სხვა დანარჩენი - შირმა.


ნოსტალგია
ბნელი გაიყო და კვლავ აინთო
გარდასულ დღეთა მკრთალი სანთელი,
მეფეთა ლანდებს, წმინდა დედოფლებს
პატივისცემით ვეთაყვანები.

ო! როგორ მინდა, რომ აფრიალდეს
ბაგრატოვანთა ძველი ალმები,
ისევ და ისევ რომ გაილესოს
ქართველთ ხოტბაში მწერალთ კალმები.

ჩემო ქვეყანავ, ჩემო სამშობლოვ,
შენს წარსულ დღეებს ვეალერსები,
ძველი დიდების ცეცხლში ნაჭედ ხმალს,
შენს ხვალინდელ დღეს მივესალმები.

ნეტავ მომასწრო, რომ კვლავ გაბრწყინდეს
გარდასულ დღეთა შარავანდები
და მერე თუ გინდ უძირო ზღვაში,
თუ გინდ უფსკრულში გადავვარდები.
ბეჭდვა
1კ1