ლოცვა მხატვრობაში
ლოცვა მხატვრობაში
აქ ვხედავთ საოცარ კავშირს ეფრემ ასურისეულ ტრადიციას, იოანე მინჩხის პოეზიასა და ბოჭორმისეულ მოხატულობას შორის
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის დაწყების წინ, ხორციელის კვირის დასასრულს აღნიშნავს უკანასკნელი სამსჯავროს ხსენებას. საღმრთო წერილი გვამცნობს, სიცოცხლის შემოქმედი ღმერთი უკანასკნელ დღეს აღადგენს და განსჯის მთელ კაცობრიობას, ყველას, ვისაც უცხოვრია ადამის დროიდან ვიდრე ქვეყნიერების აღსასრულამდე. ტრადიციულად როგორ გამოისახება უკანასკნელი სამსჯავრო მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში, რომელ თეოლოგიურ და ლიტერატურულ წყაროებს ეყრდნობა ეს გამოსახულება და როგორ არის იგი წარმოდგენილი ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ამ თემაზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი ასმათ ოქროპირიძე:

- ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიას აქვს სპეციფიკური სივრცე. ეს გახლავთ ექვსაფსიდიანი ტაძარი. ტაძარი აგებულია X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში. ხუროთმოძღვრული პლასტიკით იგი წამყვანი ტაძრების გვერდით დგას და ნამდვილად სამეფო აღმშენებლობის ბრწყინვალე ნიმუშია. სავარაუდოდ, ტაძარი უნდა მოეხატვინებინა წმინდა დავით აღმაშენებელს კახეთის შემოერთების შემდეგ, რადგან ის, რაც დღეს ბოჭორმაშია შემორჩენილი, თავისი მრავალი განზომილებით, ნამდვილად სამეფო დაკვეთის ბეჭედს ატარებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოჭორმა XX საუკუნის 20-იან წლებამდე ხელუხლებელი იდგა და ეს იყო იმ მცირე ტაძართაგანი, რომელსაც თავდაპირველი გუმბათი შემორჩენილი ჰქონდა. როგორც ცნობილია, ქართლ-კახეთში შემოსევების დროს მტერი ტაძრებს გუმბათებს ხდიდა. ამიტომაც ქართლ-კახეთის ტაძრებს ძირითადად მოგვიანებით, XV-XVI საუკუნეებში აღდგენილი გუმბათები აქვთ (ამ მხრივ გამორჩეულია ტაო-კლარჯეთის ტაძრები). ბოჭორმა ანტირელიგიური მოძრაობის დროს ბარბაროსულად ააფეთქეს, გუმბათიც სამუდამოდ დაიკარგა, ხოლო ფერწერა - დაზიანდა. მიუხედავად ამისა, ამ ფრაგმენტების მიხედვით შეგვიძლია აღვადგინოთ მთელი მოხატულობის პროგრამა, მათ შორის განკითხვის დღისაც. იმდენად უზადოდაა აგებული ეს კომპოზიცია, რომ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მისი შემდგენელი არის შესანიშნავად მცოდნე განკითხვის დღის თეოლოგიური სიღრმეებისა.

- როგორ არის აგებული ბოჭორმის ტაძრის განკითხვის დღის კომპოზიცია და რა წყაროებს ეყრდნობა იგი?

- მხატვარმა საგანგებოდ აირჩია ისეთი აფსიდა, სადაც სარკმელი არ იყო გაჭრილი (მხოლოდ კარი იყო დაბლა). მიუხედავად იმისა, რომ მოსახატი ფართი ძალიან მცირე ჰქონდა, ვირტუოზულად მოახერხა, ამ მცირე ფართზე გაეშალა რაც შეიძლება დიფერენცირებული თხრობა და მთლიანად გამოეყენებინა მოცემული სივრცის სპეციფიკა განკითხვის დღის თავისებურებათა საჩვენებლად. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეორედ მოსული ქრისტეს გამოსახულების თვისობრიობაზე. აქ არის მოცემული ქრისტე ე. წ. "ძველი დღეთას" სახით, ისევე როგორც "აპოკალიფსშია" აღწერილი (მსაჯული, ჭაღარა). "ძველი დღეთა" ზის ორ ცისარტყელაზე (ესეც ერთ-ერთი ძალიან მისტიკური და ღრმა გამოსახულებაა მეორედ მოსული უფლისა). უფლის გარშემო არის ცეცხლოვანი, ნაკვერცხლისებური დიდება, რომლის გარშემოც ნათლის ფართო ზოლი ევლება. ანუ აქ არის გამოსახული ცეცხლით და ნათლით მოსული უფალი. საგულისხმოა, რომ გარდა "ძველი დღეთასი", ამ დიდებაში შესულნი არიან წინამდგომელნი: დედა ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი. უმეტესად, როდესაც განკითხვის დღე იხატება, უფალი გამოსახულია დიდებით (ეს არის სულიწმინდის ორეული მის გარშემო). საყდარი დამყარებულია ანგელოსთა დასზე და მხოლოდ მათ შემდეგ დგანან ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ბოჭორმაში კი სრულიად ორიგინალურად არის აგებული ეს ცენტრი. კერძოდ, ქრისტე დიდებით, ორ ცისარტყელაზე დაბრძანებული, დამყარებულია ცეცხლოვან ბორბლებზე. ეს ცეცხლოვანი ბორბლები საყდართა დასს გამოსახავს. უფრო ქვემოთ არიან სერაფიმები და ქერუბინები. უფრო სწორად, დახატულია სერაფიმი და ოთხხატედი (ოთხი მახარებლის სიმბოლოები). ბოჭორმის განკითხვის დღეში უფლის გამოსახულება იმით იპყრობს ყურადღებას, რომ იგი დამყარებულია ცეცხლოვან ბორბლებზე, საყდართა დასზე.

KARIBCHE ვინც ღვთისმეტყველებას ღრმად იცნობს, მან იცის, რომ ჩვენ გვაქვს მოცემული ანგელოსთა დასის იერარქიის ორგვარი თანმიმდევრობა: ერთი - წმინდა დიონისე არეოპაგელისეული, რომელიც ანგელოსთა დასის აღწერას ზემოდან ასე იწყებს: სერაფიმები, ქერუბინები და საყდარნი. მეორე გახლავთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლისეული კომენტირება, სადაც ეს ღვთივგანბრძნობილი მამა წმინდა დიონისე არეოპაგელისეულ ჩამონათვალს დიდი მორიდებით ატრიალებს და ახსნასაც აძლევს მას. არსებითად მისი ჩამონათვალი ასეთია: ჯერ საყდარნი, შემდეგ ქერუბინები და ბოლოს სერაფიმები. ბოჭორმისეული ქრისტეს დიდება ავლენს სწორედ წმინდა მაქსიმე აღმსარებლისეული კომენტირების ილუსტრირებას. როგორც ჩანს, ტაძრის მხატვარი ანგელოსთა დასის აღწერის დროს ეფუძნებოდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელს.

- როგორ არიან გამოსახულნი ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი?

- აქ ღვთისმშობელი და წმინდა იოანე ნათლისმცემელი ზეაწეულნი არიან (არ დგანან არანაირ ნიადაგზე) და შესულნი არიან უშუალოდ ქრისტეს დიდების გარე რკალში. ეს არაჩვეულებრივად გაბედული გამოსახულებაა. შეიძლება გაგვიჩნდეს ასეთი კითხვაც: რამდენად შესაძლებელია ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ასეთი მიახლება უფალთან? "ღირს არსის" საგალობელში ღვთისმშობელს ჩვენ ვუწოდებთ: "უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა". ასე რომ, ღვთისმშობელი თვით ანგელოსთა დასსაც აღემატა, როგორც ყოვლადწმინდა, ყოვლადუბიწო, ზედმიწევნით განმახორციელებელი ღვთის მცნებისა და ქრისტეს მიმდევარი, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქმნილება და შემდეგ უკვე - მისი დედა. რამდენად სუფთა და თავისი სიწმინდით განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო მხატვარი, რომ ასეთი უჩვეულოდ დამაჯერებელი და კანონიკურად ღრმა გამოსახულება შეექმნა. მართლაც, ბოჭორმის განკითხვის დღის ცენტრი გვიჩვენებს უდიდეს მხატვრულ ოსტატობას, მონუმენტური აზროვნების ბრწყინვალე ფლობას, ღრმა თეოლოგიურ განსწავლასა და უდიდეს თავისუფლებას. ოღონდ, სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს ცნობიერებასა და, შესაბამისად, მეტყველებაში თავისუფლებისა და თვითნებობის ცნებები დიფერენცირებული არ არის. ჭეშმარიტი ქრისტიანული თავისუფლება კი ნიშნავს ადამიანის განთავისუფლებას ეგოცენტრიზმისაგან და მის არსებაში საღვთო ჭეშმარიტების აღმოცენებას. თავისუფალია ის, ვინც თავის თავში ქრისტესა და მის ხატს იპოვის და იქცევა მტილად ამ ხატის აღმოცენებისათვის. თვითონ უფალი გვეუბნება: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოთ თქვენ". ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ზემოაღწერილ გამოსახულებას, ის უდავოდ არის ხატი ქრისტეს მიერ მოტანილი თავისუფლებისა, როდესაც ადამიანს შეუძლია პირდაპირ, ხილულად განასახიეროს ლოცვა მხატვრობაში.

KARIBCHE- განკითხვის დღის უმთავრესი პირველწყარო არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის "აპოკალიფსი", რომელიც მას თავად უფლისგან განეცხადა. შეიძლება თუ არა განკითხვის დღის გამოსახულებები ჩაითვალოს იოანესეული "გამოცხადების" კომენტირებად და კიდევ რა ტექსტებს ეყრდნობა ბოჭორმის განკითხვის დღის გამოსახულების აგება?

- დიახ, შუა საუკუნეების საეკლესიო მხატვრობა ნამდვილად ამ თვისობრიობისაა. იგი თავად არის ხილული კომენტირება. განკითხვის დღის აგება ბოჭორმაშიც, რა თქმა უნდა, ემყარება ძირითადად "აპოკალიფსს". აქ არის გამოსახული უფალი ანგელოსთა დიდი დასით, რომელსაც ეწოდება ზეციური მხედრიონი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სერაფიმ-ქერუბინებისა და საყდართა, აქ გამოსახულია მთავარანგელოზთა და ანგელოზთა ულევი დასი. საყდარზე დაბრძანებულნი არიან მოციქულები (12 მოციქული) გადაშლილი წიგნებით ხელში. აქეთ-იქით გამოსახულია ანგელოზთაგან ცის წარგრაგნა. მენაღარე (მესაყვირე) ანგელოზები სამყაროსა და კაცობრიობას მკვდრეთით აღდგომისკენ მოუწოდებენ. იქვე არიან გამოსახულნი მკვდრეთით აღმდგარი მართალნი, რომლებიც "აპოკალიფსის" მიხედვით ღვთის სიტყვისათვის მოიკლნენ. ისინი უფალმა სისპეტაკით შემოსა. ცალკეა კიდობანი, სადაც ეს მართალნი დგანან, თეთრებით შემოსილნი, და შეჰღაღადებენ უფალს. მარჯვნივ დგას მართალთა გუნდი. გუნდ-გუნდად არიან წამოსულნი ეკლესიის მამები, წმინდანები, თუმცა ასე მკაფიოდ გამოხატული ატრიბუტიკა არა აქვთ. ყველანი შემოსილნი არიან წითელი ქსოვილით. ისევე, როგორც ქრისტეს დიდებაში, წითელი ფერი აქაც უნივთო ცეცხლის სიმბოლოა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარ მართალთა სხეულებზე გაცხადდება, როგორც მათი მოწამეობა. თუმცა ამ შემთხვევაში მოწამებრიობა არ ნიშნავს აუცილებლად სისხლით მოწამებრიობას, რადგან ყოველი კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით უერთგულებს ღვთის სიტყვას, მარტვილია ანუ მოწამე და ამით ადიდებს უფალს. უფლის დიდება მხოლოდ ენის წვერით კი არა, უპირველესად, ცხოვრების წესითაა შესაძლებელი. ამიტომ ეს წითელი ქსოვილები, რომლებიც მკვდრეთით აღმდგარ მართლებს მოსავთ, მთელი მართლმადიდებლური სახისმეტყველების კონტექსტში გაჟღერდება, როგორც მოწამებრიობის ხატი, სიყვარული ღვთისა და საღმრთო ცეცხლი. თანაც ვიცით, რომ მეორედ მოსვლა - ეს არის სამყაროს ცეცხლოვანი აღსასრული. ბოჭორმის მხატვარიც სწორედ ამ უმთავრესი თეზისის ღრმა მიმდევარი გახლავთ.

- როგორ გამოისახება მართალთა და ცოდვილთა გუნდი?

- საოცარია თვითონ ამ მართალთა გუნდების კომპონირება. რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი უფალს, მით მეტად მატულობს მათში სიმწყობრე და ღვთისაკენ სწრაფვა. ქრისტიანული ესთეტიკით, სიმწყობრე, ჰარმონია, სიმშვიდე, დასრულებულობა - ღვთისგან მომდინარეა. ცოდვილთა რიგიც ამავე კონტექსტშია აგებული. თუკი მართალთა გუნდი უფალთან მიახლების კვალობაზე უფრო ჰარმონიული და შემჭიდროებული ხდება, ამის საპირისპიროდ, რაც უფრო შორდებიან ცოდვილები ცენტრს (უფალს), მით უფრო იქსაქსებიან. მართლებს თავები მკვეთრად აქვთ ზემოთ აწეული, ცოდვილებს კი, პირიქით, სხვადასხვა მხარეს აქვთ მიბრუნებული. ტრადიციის თანახმად, უფლის მარჯვენა ხელისკენ დგანან მართალნი, ხოლო მარცხნივ - ცოდვილნი. მარცხნივ მდგომთა შორის პირველი ადამიანი პროფილშია. ქრისტიანული სახისმეტყველებით, პროფილით გამოსახული ადამიანი არის ნაკლოვანი, დაცემული, ცოდვილი (მაგალითად, პროფილში, როგორც წესი, იხატებიან იუდა, ჯალათები და ა. შ.). ასე რომ, ერთმა პროფილმა და გუნდის დაშლილობამ თვისობრივად, ვიზუალურად გააცხადა ცოდვილთა განდგომა ღვთისაგან და საერთოდ, ცოდვის, როგორც ქაოსის, თვისობრიობა. ვინაიდან ქართულ ენაში მიღებულია წაკითხვა მარცხნიდან მარჯვნივ, ამ სცენის წაკითხვისას ასე გამოდის: მართალთა გუნდი ზეაღმავალია ქრისტესკენ, ცოდვილთა გუნდი კი გაცილებით დაბლა იწყება, დამძიმებულია და ამიტომაც ჩამოწეული. საბოლოოდ კი იგი ეშვება დაბლა და მთავრდება ცეცხლის სკნელში.

- ცოდვილთა გამოსახვის მეტ-ნაკლებად განსხვავებული ტრადიცია არსებობს მართლმადიდებლურ მხატვრობაში. ამ მხრივ რა თავისებურება გამოარჩევს ბოჭორმის ტაძრის "განკითხვის დღის" გამოსახულების ავტორს?

KARIBCHE


- ტრადიციულად ცოდვილები ცვივიან ცეცხლის ალში. სავარაუდოდ, ბოჭორმაშიც ასე უნდა ყოფილიყო: მაცხოვრის ფერხთიდან უნდა გამოსულიყო ცეცხლოვანი მდინარე. ეს მდინარე დღეს აღარ არის შემორჩენილი, მაგრამ იგი მოცემულია ბემაში (ბემა არის აფსიდის განსაკუთრებული ნაწილი, ოდნავ უფრო ჩაღრმავებული და ჩაკვეთილი სივრცე), რომელიც მხატვარმა ბრწყინვალედ გამოიყენა. ეს ბემა მხატვარმა გაიაზრა, როგორც ჯოჯოხეთში ჩამავალი გზა, რომელშიც ცვივიან ცოდვილები. რომ არ იცოდეთ, ისინი ცოდვილები არიან, არანაირი ანტიპათია მათ მიმართ არ გაგიჩნდებათ. აქვე მინდა გავიხსენო იერონიმუს ბოსხის "ჯვრის ტვირთვა". ამ სურათზე ქრისტეს გარდა ყველა ვიზუალურად მახინჯია. ამ ადამიანებს აქვთ ცოდვებისგან დეფორმირებული სახეები. რა თქმა უნდა, ეს სულ სხვა მსოფლმხედველობის მხატვრობა გახლავთ, მაგრამ ისიც ხომ ქრისტიანულ სიუჟეტზეა აგებული. ბოჭორმის ტაძარში კი, ამისგან განსხვავებით, ცოდვილები დიდი სიბრალულითა და სიყვარულით ჰყავს მხატვარს დახატული. აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი მხატვრობა. ეს გახლავთ ფერაპონტოვოს მონასტრის მხატვრობა, რომელიც შესრულებულია დიონისესა და მისი შვილების მიერ. იქ განკითხვის დღეში ჩახატული ცოდვილები აბსოლუტურად ინტერპერსონალურები არიან. მათი სახეები წაშლილია და იმ ერთიან ცეცხლოვან ნაკადში სახის კონტურებიღაა დარჩენილი. ბოჭორმაში ვხედავთ მართლაც საოცარ ხატს, რომელიც ცოდვილების მიმართ უდიდესი სიბრალულით არის დაწერილი. რაღა თქმა უნდა, ამგვარ მიდგომას ნამდვილად დაეძებნება პირველწყარო. მათგან ერთ-ერთი გახლავთ წმინდა ეფრემ ასურისეული განკითხვის დღის აღწერა, სადაც ის უდიდესი თანალმობითა და სიბრალულით აღწერს, თუ რა ემართებათ ცოდვილებს, როდესაც მთავრდება განკითხვის დღე. წმინდა ეფრემ ასური დრამატულად აღწერს, თუ როგორ ცდილობენ ცოდვილები, უკანასკნელად მოიხედონ და უკანასკნელად მოჰკრან თვალი სახილველს, რომელსაც ვეღარ იხილავენ, უფალს, რომელიც მათთვის ჯვარზე ევნო და ვერ დააფასეს, ანგელოზთა დასს და განსაკუთრებით, ღვთისმშობელს. ცოდვილთა სულები შეჰღაღადებენ მას: "მშვიდობით შენ, დედა ღვთისმშობელო!" ყოვლადწმინდა სამუდამოდ მიეფარება მათ თვალს და ისინი სამუდამოდ დაიძირებიან ცეცხლის უფსკრულში. ბოჭორმის განკითხვის დღე ნამდვილად ამ ტექსტის ილუსტრაციაა. ეს ძალიან ცნობილი და ავტორიტეტული ტექსტი სიცოცხლეს პოულობს ისეთი დიდი ჰიმნოგრაფის პოეზიაში, როგორიცაა იოანე მინჩხი. მისი სიტყვებია: "მას ჟამსა შინა უბიწონიცა ცრემლეოდიან მწარეთა მათ წარწყმედასა". აქ ვხედავთ საოცარ კავშირს ეფრემ ასურისეულ ტრადიციას, იოანე მინჩხის პოეზიასა და ბოჭორმისეულ მოხატულობას შორის, რაც ქრისტიანული ტრადიციის უწყვეტობასა და სულიერ მთლიანობაზე მეტყველებს.

- როგორ არის გამოსახული სამოთხე და ჯოჯოხეთი?

- ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, სამოთხე იწყება კარით, რომელშიც უფალმა ადამის გამოდევნის შემდეგ მოტყინარე ქერუბინი დააყენა. ის განკითხვის დღის გამოსახულებაში ყოველთვის გამოისახება მახვილით ხელში. ქერუბინის შემდეგ პირველი, ვინც იხატება სამოთხეში, ეს არის, უფლის აღთქმისამებრ, მართალი ავაზაკი ჯვრით ხელში. სამოთხეში იხატება ასევე აბრაამი ან აბრაამი, ისააკი და იაკობი, მართალთა სულებით კალთაში და გარშემო. თუ თქვენ აბრაამის წიაღში (კალთაში) იხილეთ ერთი მართალი სული, იცოდეთ, რომ ეს არის ლაზარე იგავიდან. ამის საპირისპიროდ, ჯოჯოხეთში იხატება სახარებისეული მდიდარი, რომელიც შიშველია. ამქვეყნიურ ცხოვრებაში მას პორფირი და ბისონი ემოსა, სამოთხეში კი ნაჩვენებია მისი ნამდვილი სახე. მან მადლის შესამოსელი ვერ მოიმუშაკა ამქვეყნიური ცხოვრებით და ამიტომაც განშიშვლდა. ენაზე ხელი უდევს ნიშნად იმისა, რომ სწყურია. რაც შეეხება ჯოჯოხეთის სცენას, ის მეტად მძიმეა. ჯოჯოხეთში იხატება, უმეტესწილად, ორთავა ვეშაპი. მასზე ზის შეკრული სატანა, რომელსაც კალთაში უზის იუდა ისკარიოტელი. ბოჭორმის მოხატულობაში სამოთხის კართან ვხვდებით წმინდა პეტრე მოციქულს. ესეც სახარებისეულ ტექსტს ეფუძნება. როგორც ვიცით, უფალმა პეტრეს მისცა სასუფევლის კლიტენი. ვისაც პეტრე მოციქული, შესაბამისად, ეკლესია გახსნის (ანუ ცოდვებს შეუნდობს), მას გაეხსნება სასუფევლის კარები, და პირიქით, ვისაც შეკრავს, მას სასუფევლის კარები დაეხშობა.

- ბოჭორმის ეკლესიის მოხატულობაში ნიშანდობლივია წმინდა ბარბარეს გამოსახულება. ტაძრის ბევრი წერტილიდან ის კონტექსტურად უერთდება განკითხვის დღეს, რაც, ალბათ არ უნდა იყოს შემთხვევითი...

- ჩვენ ნამდვილად უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და მრევლს ვაუწყოთ ის საკვირველი მეოხება, რომელიც წმინდა ბარბარეს აქვს მიღებული უფლისაგან. საბედნიეროდ, გამოცემულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არსებული X საუკუნის "წმინდა ბარბარეს ცხოვრება". ამ ტექსტის მიხედვით, წმინდა ბარბარე თავის განუზომელ მეოხებას ავლენს მათზე, ვინც მისი სახელით შეევედრება უფალს, რომ განკითხვის დღეს ცხონდეს განკითხვის გარეშე ანუ პირდაპირ; და კიდევ, წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია მათი, ვინც მისი სახელით შესთხოვს უფალს, რომ მის ოჯახზე გადმოვიდეს აბრაამის კურთხევა, ანუ ის დალოცვა, რითაც დალოცა აბრაამი და სარა წმინდა სამებამ. წმინდა ბარბარე ამიტომაც ითვლება ოჯახის მფარველად - მისი მეოხებით აბრაამის კურთხევა გადმოდის ოჯახზე. ბავშვების მფარველიც იმიტომ არის, რომ ამ კურთხევაში შვილიერება იგულისხმება. ამიტომ წმინდა ბარბარეს მეოხება კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია და ეს ცოდნაც ძალიან ფაქიზად არის გამოხატული ბოჭორმაში.
ბეჭდვა
1კ1