საბრალო მარიამი, თავისი ნაღვლიანი გამომეტყველებით, ყოველთვის მოღუშული და ჩაფიქრებული ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე.
თანატოლებთან თამაშში მუდმივად მორცხვი და გაუბედავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაჭირვებულ გარემოში ცხოვრობდა და ფაქტობრივად ობლის მდგომარეობაში უწევდა ყოფნა (დედამისი მშობიარობას გადაჰყვა), არასდროს არ ბუზღუნებდა, არც ვინმეს ეჯიბრებოდა და არც განგებაზე არ ბრაზობდა. მის თვალებში საოცარი კეთილკრძალულება და სიფაქიზე შეინიშნებოდა, შეიძლება ითქვას, რომ თავისი თვინიერი ბუნებითა და ხასიათით იგი ყველაფრის მიმართ შველივით ფრთხილი და დაუცველი იყო. ღიმილიც ძალიან სევდიანი ჰქონდა, თუმცა კი ხშირად გამოხატავდა ერთი შეხედვით სიხარულს, მაგრამ ოდნავი დაკვირვებაც კი საკმარისი იყო რომ თავაზიანი აღმაფრენის უკან გაბზარული ხმის ტკივილნარევი ტონალობა დაგეჭირათ და სინდისის ქეჯნით თქვენივე ცხოვრების შემხედვარე პოზაში სირცხვილი არ გეგრძნოთ.
მარიამი, მისმა მხცოვანმა და მზუნველმა ბებიამ საეკლესიო სკოლაში შეიყვანა. ჩვეულებრივ, ისინი ერთად დადიოდნენ ხოლმე ტაძარშიც ღვთისმსახურების მოსასმენად და სკოლაშიც გაკვეთილებზე. პატარა გოგონას ყველაზე მეტად თაკარა ამინდები უყვარდა ხოლმე. მართალია, ძალიან ცოტა რაიმეს თუ შეეძლო მისი ნუგეშინისცემა და გამხნევება, მაგრამ რომ გეკითხად ყველაზე უფრო თავს ბედნიერად როდის გრძნობო, მზიან დღესო - გიპასუხებდათ. ამ უცნაურობის შემხედვარე მარიამის მეგობრებსა და თანაკლასელებს, როცა კი მასთან ერთად თამაში და მოლხენა სურდათ, ხშირად ნახავდით სკოლის პატარა სამლოცველოში, ანთებული სანთლებით ხელში მლოცველთ, რომელნიც თავისებურად, ფურცელზე ჩამოწერილი ტექსტით, მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდნენ ხოლმე უფალს, შემდეგი სიტყვებით: "უფალო, ჩვენო მამიკო, გეხვეწები, დღეს გამოიდაროს და მზემ გაგვათბოს რა... მარიამთან ერთად გვინდა ეზოში ყოფნა და ხომ იცი მოღრუბლული როცაა ის გარეთ არ გამოდის..."
ერთხელ, მაშინ როცა აპრილის მოქუფრული დილა იდგა, წესისამებრ, პარასკევ დილას ბებოსთან ერთად სკოლის ჭიშკარში ანაზდად მოაბიჯებდა თავდახრილი მარიამი. ჩვეულებრივ, რარიბულად და უბრალოდ ეცვა, ხელში პატარა ცელოფანი ეჭირა (ჩანთა უსახსრობის გამო არასდროს ჰქონია), სადაც რამდენიმე რვეული და წიგნი ედო. სულ მალე საზაფხულო არდადეგებიც ახლოვდებოდა და აგერ უკვე მეორე მესამე კლასშიც საზეიმოდ გადადიოდა. იმ ფონზე, როცა მთელი სკოლის მოწაფეები სულმოუთქმელად, წინასწარი მოლოდინით სასიხარულოდ ჟრიამულობდნენ, ის მაინც სხვისი ხათრით იღიმოდა და ნაძალადევად გამოხატავდა "აღტკინებას". დილის ლოცვების შემდეგ, ბავშვებმა შენიშნეს რა, რომ ცა თეთრად მოწყენილიყო, სამლოცველოში დამატებით 5 წუთით დარჩენა ითხოვეს, მხოლოდ მეორე კლასელებმა, რაზედაც დამრიგებელს წინააღმდეგობა არც გაუწევრია, თუმცა კი არ იცოდა მათი შეყოვნების მიზეზი...
ორი გაკვეთილის შემდეგ, მოულოდნელად, ცა ოდნავ გაიხსნა, თითქოს კონკრეტულ ადგილას გაიფანტაო ღრუბელი, იმ მომცრო სივრცეში კი მზის დიდი სვეტი გამოჩნდა, იგი თვალისმომჭრელად გამოსჭვიოდა ზეციდან. უცებ, საღვთო სჯულის გაკვეთილის მიმდინარეობისას ბავშვებმა შენიშნეს, რომ სხივები მათი სკოლის ეზოს აცისკროვნებდნენ და ყველანი ერთიანად ფანჯრებს მიაჭყდნენ. ისინი სულ თორმეტნი იყვნენ, ერთი კი საკლასო მერხიდან თითქოს გაოგნებული იმზირებოდა, კვლავაც მორიდებული და სათუთი ღიმილით, გრძნობდა რომ დღეს მისი ბედნიერების მოწვევის დღე იყო.
შესვენებაზე ყველანი ეზოსკენ გაემართნენ, ერთმანეთს არ აცდიდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ახარებდნენ მარიამს - "მარიამ, ნახე მზე გამოვიდა მზეეე! რა მაგარიააა, როგორ ანათებს შეხედეეე!.." ასეთ სადღესასწაულო ორომტრიალში, ზოგი სასრიალოზე ავიდა, ზოგმაც საქანელაზე დაიწყო რწევა, ზოგი კი წრეში ბურთის თამაშით ცეტობდა... მხოლოდ ერთი არ ინძრეოდა მათ შორის, რომელიც რაღა თქმა უნდა მარიამი იყო, მას ხელში დიდი ცარცი ეჭირა. უცებ, მიწას მკვირცხლად დააშტერდა, იმ ადგილისაკენ სწრაფად გაემართა სადაც მზის სვეტი ენარცხებოდა და ფარანივით მცირეოდენ წრეში მოქცეულად ანათებდა ერთ ადგილს. მარიამმა, განათებული წრის ქვემოთ დიდი ოვალი დახატა, შემდეგ ზედ ორ-ორი კიდურიც მიამატა, აქეთ-იქით შეშინებულმა მიმოიხედა და მის მიერვე ასფალტზე ცარცით მოხაზულ ოვალურ წრეში პირქვე დაწვა... ამასობაში, ყველანი გაჩერდნენ და თამაში შეწყვიტეს, მარიამის გარშემო წრიულად დადგნენ და თავიანთ შეუცნობელ კლასელს დააშტერდნენ... ასე იდგნენ რამდენიმე წამს და აუტანელი მზის სვეტოვანი ნათების გამო მცხუნვარებას ვეღარ გაუძლეს და ელენე მასწავლებლისაკენ გაეშურნენ დასაძახებლად.
მასწვლებელი, არელვებული დაეშვა კიბეებზე და როცა ეზოში ჩავიდა, მიწაზე გართხმული მარიამის შემხედვარემ ყვირილი მორთო, რადგან მის თავთან სისველე შენიშნა, როცა ბავშვს მიუახლოვდა, წამოდგომა დაუწყო, მარიამი დარცხვენილად იყურებოდა მისკენ, თვალებში კი დაგუბებული ცრემლები ედგა, რომლითაც მანამდე მიწას ალტობდა... გულში მხურვალედ ჩაიკრა და ბრაზმორეული სიყვარულით დატუქსვა დაუწყო:"რას აკეთებ შვილო რაას?! ასე რატომ იქცევი, გამაგებინე?! უნდა მეშინოდეს მზის ამოსვლის?! რისთვის კოტრიალობ ამ მიწაზე მიპასუხე ახლავე!!!" - მარიამმა, ცალი ხელით ცრემლი მოიწმინდა, ლაპარაკი დააპირა მაგრამ სრუკუნი დაიწყო და თითით მიწაზე შემოხაზული წრისკენ მიანიშნა... მასწავლებელი ამაზე კიდევ უფრო აღშფოთდა და ისევ საცოდავობით ანერვიულებულმა დაუყვირა:"და რა არის ეს მერე რაა?! ცარცით დაჯღაბნილი წრე, რომელსაც ორ-ორად მიბმული ტოტები აქვს, მერე?!" - მარიამმა ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა აღმოხდა:"ეს დედაჩემია, რომელიც მე არასოდეს არ მინახავს, მომენატრა და მის მუცელში ჩავჯექი!.. მაპატიეთ მასწავლებელო." - "ვაიმე, ჩემო პატარავ, შენ შემოგევლე ჩემო სიცოცხლევ... და თავი რატომ არ მიახატე მერე შვილო?" - "ბებიამ მითხრა რომ ის ისეთი ლამაზი იყო, რომ სახე მზესავით უბრწყინავდაო და სადაც მზე იყო იმას მივახატე დედიკოს ტანიც..." - ელენე მასწავლებელს გულმა ვეღარ გაუძლო, ხელები დარდისგან აუკანკალდა, თვალებზე ნაზად მიიფარა და ცხარე ცრემლებით, თუმცა მაინც უხმოდ ატირდა, რადგან რცხვენოდა თავისი გულისწყრომისა და საკუთარი ბედნიერების გამო...
P.შ. ასეა ხოლმე, ჩვენ არ ვიცით ბავშვი რას, როგორი სიღრმითა და მგრძნობელობით განიცდის, ამიტომ ჩავეხუტოთ, არასოდეს არ წავეჩხუბოთ და ვეცადოთ, რომ ვისაც ენატრება მშობლის უნახავი ალერსი, თუ დედას ვერ გავუცოცხლებთ ჩვენი მოფერებით, იმ ბავშვებივით დაუზარელად მაინც განვმარტოვდეთ დღეში სულ მცირე 5 წუთით მათზე სალოცავად, რათა ოდესმე აქაც, ჩვენს გულებში და ეზოებშიც გამოიდაროს...
გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი