ჩემი ალექსი შუშანია
ჩემი ალექსი შუშანია
მთებში აზვირთული პატარა კუნძული
მოხუცს სადად ემოსა - ძაძის ანაფორა უფარვიდა ტანმორჩილ სხეულს, თეთრი წვერი აჩნდა სახეზე, ქათქათა კულულები მკერდზე დასცემდა, ოქროსფერი შარავანდედი ადგა საბურველად. თავიდან ნიკოლოზ სასწაულმოქმედს მიამგვანა, მერე სერაფიმ საროველთან სცადა დაეძებნა ხილულის საერთო. უმტყუნა თვალისჩინმა და სარწმუნოებაში ნაწრთობმა თვალთახედვამ. სიზმრეულ ხილვას ავსებდა ხის ჭილოფგადაფარებული ტახტი, მცირე მაგიდა უზურგო სკამებით გარემოსილი და პატარა კარადა, რომელზეც ათონის მთიდან წამოღებული ივერიის ღვთისმშობლის ხატი ესვენა.

ნანი თოლორდავამ, უბრალო, პრიმიტიული ნაკეთობებისგან გაბეზრებულმა, ერთხელაც ხატის მოქარგვა ჩაითქვა გუნებაში და გატაცებად კი არა, სულის საქმედ დაისახა ქარგვის შრომატევადი რუდუნება. ნებამ თავისი მოიტანა - გველეშაპთან მებრძოლი, ყოველ უკეთურთა მძლევარი წმიდა გიორგი ამოჰყვა შთაგონებას, რაინდობის სიმბოლო და ერის საკულტო ფრესკა. მოიტანა რწმენაში განმტკიცებაც, ქრისტესთან დაახლოება...

მთავარანგელოზთა სავანეს მანამდეც ხშირად აკითხავდა და გულის სალბუნიც მიუღია სანათე-ნავსაყუდელიდან, მთებში აზვირთული პატარა კუნძული ძალაუნებურად განაწყობდა მორჩილებისკენ. ხან ხელსაქმეში შეეშველებოდა დედებს, თანდათან გალობაშიც გაიწაფა, იდგა წირვაზე და ბეჯითად ახმოვანებდა ღვთის სიტყვას. ტაძრის შემოქმედიც შეიყვარა - ბერი ალექსი შუშანია, რომელსაც, ქველმოქმედ ქრისტიანთა შემწეობით, მთავარანგელოზთა კუნძულზე აეშენებინა წითელი აგურით ნაგები გუმბათოვანი ეკლესია.

ალექსი ბერი ჭაბუკობიდან შესდგომოდა ფიცხელ სარწმუნოებრივ მოღვაწეობას, ეწეოდა სალოსურ ცხოვრებას, სოფლიდან სოფელში დაიარებოდა ფეხშიშველი, ქვრივ-გაჭირვებულთ შეეწეოდა, აქიმობდა უკურნებელი სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ავადმყოფებს. მიმდევრებიც გაეჩინა და გულშემატკივრებიც... იტანდა ყოფიერების ტაბლაზე ჩამორიგებულ სიდუხჭირეებს, ბოროტ მოდგომილებას ებრძოდა ცათა უვრცელესი უფლის სახელით. მისი მიბაძვით, ბევრმა გაცვალა სოფლის ცხოვრება მონაზვნობაზე, ბევრგან დაფუძნდა თავისუფალი საძმოები, რომლებიც ფონს საკუთარი შრომით გადიოდნენ და მთავრობისგან აღარ ითხოვდნენ დახმარებას.

მონაზვნად შედგნენ მისი ოჯახის წევრები: დედა, ძმა და დები. ყველას აოცებდა ალექსის ასკეტური ღვაწლი, ხორციელი ტანჯვა: ზამთარ-ზაფხულ ჭილოფდაგებულ საწოლზე ეძინა ჯდომითა და მიყრდნობით, შეშას უზიდავდა სახარბედიოს დედათა მონასტერს, დიდთოვლობისას, უსაზომო გაჭირვების ფასად, ქალაქიდან ამოჰქონდა ფქვილი და აპურებდა მშიერ-მწყურვალს.

ოთხ კედელში გამოკეტილი დაუზოგავად ებრძოდა ვნებებს, იცილებდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ შემოჩენილ ჩვეულებებს. აღიკვეთა ფეხის გადადებით ჯდომა, განუტევა ძილი და მცირედ ჩამოყვინთვას სჯერდებოდა. მოსპო, ყურძნის გარდა, ყველა ხილეულის ჭამა...

თავმდაბლობა შველოდა ღმერთთან დასარჩენად. პირნათლად იღვწოდა მიწიერ ქონებას დაუხარბებელი. უბრალო, მღვდლის სამკერდე ჯვარიც არასდროს უტარებია.

"ბერი პოეტი" - დუტუ მეგრელის მიგნებული შეფასება ახალი შტრიხით ავსებს ალექსი შუშანიას პორტრეტს. შინაგანცდაზე ამოზრდილი მლოცველის სიტყვიერება და ღაღადისი ყალიბია საყოველთაო აღსარებისთვის, ყოველ კაცთაგანს რომ მოუწევს და მოეთხოვება. მაშინ ღვთისმშობლის სავედრებელიც არ დარჩება ერთი ბერის პოეზიად, არამედ მორწმუნეთა ყოველდღიურ აგიოგრაფიაში მიიჩენს ადგილს:

"ღვთისა დედა, მომეხმარე!
ნუ დამარჩენ კარსა გარე,
ბრძენთა თანა დამიბარე,
ტანჯვისაგან დამიფარე!.."


წარსულის ქრონიკას, ალექსი ბერის ლექსებთან ერთად, მისი საგანმანათლებლო საქმიანობაც შემოუნახავს. გელათისა და მარტვილის მონასტერთა წიგნთსაცავებში ხშირად ნახულობდნენ თანამედროვენი, ძველ ხელნაწერებს ჩაჰკირკიტებდა, მტვერს შემოაცლიდა, მთელ არსებაში დაუვლიდა სიძველის ხმიანობა. ცნობილი მწიგნობარი ეგულებოდა სოფელ ბეთლემში, ნიკო დადიანი, მდიდარი ბიბლიოთეკითა და საინტერესო საუბრებით, ხშირად ეწვეოდა ოჯახში. თვითონაც, მონაზვნურ ცხოვრებაში განმარტოებულს, ხშირად მიუღია სხვადასხვა ჯურის, მრწამსისა და შეხედულების მოწაფეები, კამათობდნენ, არიგებდა და უშურველად აწვდიდა საზოგადო ყოფისთვის საჭირო რჩევებს.

ჩვეულებად ჰქონია თურმე - ლოცვად დამდგარი, ხის დიდ ჯვარს იტვირთავდა და რწმენის ჯავშანს შემოისხამდა მხარზე, მტრის განსადევნად და ქრისტეში საზიაროდ.

შინაგანი ფერები
"ფოფოდიობა მძიმე ჯვარია", - ამ სიტყვებზე მადლის უჩვეულო ციაგი გაუკრთება ქალბატონ ნანის, მაგრამ უფლის განაწესი, "ურთიერთის ჯვარი იტვირთეთ და ცხოვრება ისე აღასრულეთო" - არ ანებებს ნახევარგზაზე შეყოვნებას და დიდი განსაცდელის, უკიდურესი გაჭირვების პასუხად (ეშმაკის შუადღეზე, როცა ქაოსს მონატრული გაშმაგებით დაძრწის ბნელის მოღვაწება, თვითმკვლელობას ჩაგჩურჩულებს სიტყვა განსაკრთომელი), საკუთარ საზიდს თავად შესდგომია, იმედადაა, უფლის სახელით სუნთქავს, რომ გაძლიერდეს.

მოგონების ძაფი ისევ ალექსი ბერთან და შუშანიების სავანეში წყდება. ჩვენც წირვას მივაყურადოთ მცირე ხანს და წარმოდგენებს მივცეთ თავი.

"რომელი ქერუბიმთა" - როცა საგალობელი ერთბაშად მოიცავს რწმენით გამთბარ კედლებს, პოხიერი მიწის მწიფე თავთავებად ამოიმართება ახლად აღყუავებული ვენახი, დაიტოტება, სიფრიფანა ფოთლები და კვირტები დაასხდება კლერტოებზე, იხარებს ჭეშმარიტი ხარებით და გამომწვევად დაენახვება გლეხის მარჯვენას, - აქა ვარ, სიმწიფისგან დამიხსენი, მოსავლად და სამომავლოდ დამაბინავეო.

გლეხი მოიგონებს, რომ პირველი მარჯვენა მას ჰქონდა - უდიდებულესს, დამბადებელს ჩვენსას, დაუსაბამოს და წმიდა სულს...

მერე იმ პირველმა და უნეტარესმა მარჯვენამ თრთოლით, ფიქრითაA და აღუწერელი სიყვარულით გადმოადნო მეორე - კაცის სხეულში გამოკერილი... მანაც, სხეულ და სულბოძებულმა, ორგნით დამკვიდრებულმა, მესამე მარჯვენისკენ გაიმეტა სურვილი - ქალი...

შემდეგ ეს კინკილა ადამიანები დაუზოგავად აღმოაცენებენ ერთურთის მომაკვდინებელ, ცოდვილ არსობას - წუთისოფელს - ბოროტების მტევნებს და ყვავილებს მრისხანებისა...

განრისხება არ სჩვეოდა, მაგრამ სიბრაზე იოლად შეეტყობა სახეზე, როცა მარტო სეირნობას შეთვისებული მასუკან დარხეულ ნაბიჯებთა ჩქამს გაიგონებს. იცნობენ ერთმანეთს: ერთი ეკლესიაშია მედავითნედ, თვითონ გალობით ადიდებს უფალს, თუმცა შუშანიების სავანეში შემოდგომა, სიტყვის საუკეთესო გაგებით, მამა მელქისედეკის (მიქავა) წადილს უკავშირდება, გაეცნო და შეეფასებინა მისი რჩეული ნაქარგობა.

ნანი თოლორდავას ალბათ არასოდეს დაავიწყდება მამაოს განცვიფრებული სახე, სათუთად რომ ეფერებოდა ნაქარგზე დატანილ ყვავილებს, ეჩურჩულებოდა, ეხმიანებოდა კეთილმითვალვით, ბედნიერი ხარ, რომ შეგიძლია, სხვასაც მიმადლო მშვენიერების სიხარული, სითბო გაუწილადოო. ბოლოს სთხოვა, ბარძიმ-ფეშხუმის გადასაფარებელი მოექარგა ტაძრისთვის.

ქარგვისას, ლოცვა-გალობაში გართულს, ნაწყვეტებად ჩაესმოდა კაკუნი და მოძახილი გულის კარებზე: "ჩქარა, ჩქარა!" უკეთურთა კრებული ჩამოშორებოდა თვალსაწიერიდან, ჩია ბერის სახე ედგა წინ, აგულიანებდა შემოქმედებისკენ.

დიდი სიყვარული და ნანახით აღტაცება გჭირდება, სულის შიგნიდან ამოწურო ფერები და ძაფებში გამოაბა სამყარო. ლექსივითაა, ჩაგდებულ სტრიქონს ვერ ჰგუობს, გულს აფორიაქებს და უსასრულოდ ბრუნდები გაპარული დაუდევრობის ამოსავსებად, სანამ სინათლე გამოჩნდებოდეს.

მამა მელქისედეკი ქებას არ დაიშურებს და ყველას მოუყვება მისი ბეჯითობის ამბავს. ეტყობა, საჯარო ყურს განსხვავებულად ხვდება მოყვასის წარმატება და ზოგს თუ მოშურნეობის ალი სდაგავს, ზოგი - პირიქით, შესაშური პირუთვნელობით ცდილობს, შენთან ერთად გაიზიაროს გამარჯვება.

უეცრად აეწყობა მათი ურთიერთობები და წლების შემდგომ, გორმაღალში, როცა მამა დავით თოლორაიას ბერძნისწყაროს ეკლესიაში მოუწევს ღვთისმსახურება, გურულების საყვედურს, არ გიყვარვართ, ქალბატონი ნანი, მიგვატოვე და სენაკში ირჩიე ყოფნაო, გაეპასუხება დაუფიქრებლად: "ერთი ქმარი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს და ისიც თქვენ გაჩუქეთო".

გორმაღალში ხალხმრავლობა იქნება ილიაობაზე, მომლოცველებთა წყება მოაწყდება ყოველი კუთხიდან. "ამ დროს ვართ მე და ღმერთი, მე და ილია თეზბიტელი... და ჩემი ალექსი შუშანია..." ტრაპეზობას ურიცხვი სტუმარი დაესწრება და ყველას ეყოფა მწირი ულუფა, სულიწმიდის მადლისგან გაბევრებული. სუფრის ნამუსრევს სოფელში გაიტანენ ქალები და ოჯახებს ჩამოურიგებენ კარდაკარ - სასწაულები ხდება!

დიდმარხვა მოაწევს და ქველი ხელობის ქრისტიანთათვის დადგება ნაკურთხი ჟამი. ერთნი წმინდა ოთხთავის უძველეს ხელნაწერებს დაიგულებენ გულმოდგინედ, ძირისძირობამდე ჩასდევენ აშიებს და კითხულობენ ფერმკრთალ სტრიქონებს; მეორენი ხატქმნის სტიქიას მიანდობენ თავს და ტაძრის კედლებზე გამოჰყავთ ანგელოზებრი სხეულები, წმიდა მამათა მშვიდი გარეგნობა; ზოგი ხატის ხეზე გამოჭრას დაეშურება და ჩანასახს დაწინწკლავს იშვიათი საღებავებით, ზოგიც...

ქარგვას თვალებიდან შეუდგება...

თავიდან ფსალმუნის სიტყვები ჩამოიმარცვლება კრიალოსანზე ("უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა") და გამოჩნდებიან მეხსიერების უკუნეთში მიმალული შინაგანი ფერები, საკუთარ თავთან დასარჩენად რომ გეძალება და საფიქრალად განგაწყობს. მერე ძალიან სადად, ფაქიზად წაეწყობა ძაფები ერთმანეთს, თითქო ფუნჯი გეჭიროს ხელში და აფერადებდე უფლისგან მოცემულ კონტურებს, გონებაში ჩაღვრილი სიკეთის ნაკეთობას.

ფონად ცისფერი შეირჩევა, სახებად - წმიდა ალექსი შუშანია, ამეტყველდება თვალი. თვალიდან მოდის ყველაფერი, თვალი გეუბნება, გელაპარაკება, შენთან არის. ამ დროს კი - "ეს მე ვარ" - გიმეორებს უეცარი ხმა გონებაში, "ეს მე ვარ" და გახსენდება ოდესღაც სიზმრად ნანახი ჩია მოხუცი, ძაძის ანაფორა, თეთრი წვერი სახეზე, მკერდზე ქათქათა კულულები და ოქროსფერი შარავანდი საბურველად...
ზვიად კვარაცხელია
ბეჭდვა
1კ1