"დედამიწიდან ზეცამდე ლექსებით მივდი-მოვდივარ"
"დედამიწიდან ზეცამდე ლექსებით მივდი-მოვდივარ"
"პოეტები სულის სამოსს ვკერავთ და ამ სამოსს შიშველსა და უპოვარს ვაცმევთ... ვკერავთ მათთვის, ვინც ტკივილს, სულიერ შიმშილს განიცდის", - ამბობს ერთგან ქალბატონი მანანა ჩიტიშვილი და თავისი "სისხლად ნანჩქრევი ლექსის" სტრიქონებით ("გულიდან სისხლად სტრიქონი წვეთავს"), ძარღვიანი ქართული სიტყვის მუსიკალურ-ჰარმონიული ქსოვილითა და კიდევ "ჩიტის ბარტყივით მოფართხალე" ცრემლებითაც უცვეთელ სამოსს კერავს და მკითხველს სათნოებით მოსავს, ისევე, როგორც ხილვისა და შემეცნების უნარით. მერე კი:

"გაყინულ ძვლებზე
უნაზესი ბგერების პერანგს
სუდარასავით შემოიხვევ
და გადარჩები".

პოეზია მანანა ჩიტიშვილისთვის, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან დაკისრებული უზენაესი მისიაა:

"არჩვი ვარ, სიტყვებით მობალახე,
ბაგე მზის კოცნით მაქვს ანაცერი.
უფალო, შენა ხარ მოკარნახე,
მე - მხოლოდ ცოდვილი გადამწერი".


სიტყვები მისთვის ღვთაებრივი საუფლოა:

"სიტყვების უკვდავ ტაძარში
დაბადებიდან მონაზონად ვარ აღკვეცილი".


მანანა ჩიტიშვილი ერთგულ და მუხლჩაუხრელ მევენახესავით რუდუნებით ევლება, თავს დასტრიალებს ,,სიტყვის ვენახებს" და სასწაულებრივი ძალით აცოცხლებს სიტყვებს, ,,ღვინოდ აქცევს" მათ:

"შენ შეგიძლია,
დამარხული მტვერში სიტყვები
ლაზარესავით აღადგინო".


"ღვთიური ცეცხლით მკვესავი" ხმით პოეტი ცისა და მიწის საგალობელს აღავლენს:

"ტანი რომ მიწაზე მიდგას,
თმას მივარცხნიან ღრუბლები,
ჟამდაჟამ კარი იღება,
ცად უფალს ვესაუბრები".


მანანა ჩიტიშვილი ქსნის ხეობაში დაიბადა. "ყაყაჩოს ბაგით ამ მიწის ხსენი უწოვია". ამიტომაც მის დიდსა და ლამაზ თვალებში ქართლის მინდორთა სიმწვანე ჩაგუბებულა. მისი ლექსებიდან იმზირებიან "ღვთისმშობლის კაბის კალთასავით დაქარგული ქართლის სერები"; თოვლისფერგვირილებიანი ფერადი მინდვრები, "ლოცვანივით რომ შლის ქარი". პირველქმნილი ჰარმონიის, მარადიულობის ანარეკლი ყველა ქმნილებას ჰფენია. პოეტის თვალი ყველგან უმშვენიერეს ღვთაებრივ ხატებებს ხედავს. სამყარო წიგნია, ღვთაებრივი ხელით დაწერილი ულამაზესი წიგნი. პოეტი ქარს რატომღაც "ბებერ, ბუზღუნა მნათეს ადარებს", მტკვარს - "მთვარით ნაქარგ ოლარს", ნიავს - "ტრფობით დამწვარ მინდვრის მგოსანს"; "ყანისპირზე მოყვავილე სოსანი" ღვთისმშობლის სიმშვიდესა და სათნოებას აგონებს, ცისარტყელა - "ქრისტეს ბილიკს", ნამის ბრწყინვა - "ანგელოზების ტირილს", სამყურა ბალახი - "უფლის ბარათს", ბილიკები - "თამარის ნაწნავებს", ტაძრები კი - "ქრისტეს უბიდან ამოფრენილ ქედნებს" ანდა:

"ტაძრები, როგორც
შორეული ცის მონაზვნები,
ბნელ ღამეებში
ელვის მბრწყინავ
სანთლებს ანთებენ".


მანანა ჩიტიშვილის ლექსები რელიგიურ ჰიმნებს ჰგვანან. ვარსკვლავები თითქოს "ოსანას უგალობენ" შემოქმედს:

"ეს ვარსკვლავები ნაკვერჩხლებია,
ქრისტეს ცეცხლიდან
გადმოფანტული".


მანანა ჩიტიშვილი ცხოვრების გარდაუვალ საიდუმლოებებზე ღრმად ჩაფიქრებული პოეტია, რომელიც ფლობს ადამიანებისათვის სრული აღტაცებისა და აღფრთოვანების მინიჭების ბედნიერ ძალას.

- ქალბატონო მანანა, ერთგან წერთ: "აღარც კი მახსოვს, ეს გრძნეული, ჯადო სიტყვები მარგალიტებად ყელზე ვისმა ხელმა დამკიდა". მაინც, გთხოვთ, გაიხსენოთ, როდის და როგორ დაიწყეთ წერა და საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია, პოეტური სიტყვა?

- ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება ის ბიძგი, რამაც ლექსების წერა დამაწყებინა, რადგან ქსნის ხეობის იმ მაღალმთიან, პატარა სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ეს ისეთივე უცხო და მოულოდნელი იყო, როგორიც ქვიშის დიუნებში წყალმცენარის ხილვა. ლექსს აქ მხოლოდ საქილიკოდ და ერთმანეთის დასაცინად თუ იყენებდნენ. ამიტომ პოეზიისადმი ჩემს ინტერესს და სიყვარულს საგულდაგულოდ ვმალავდი, თუმცა ბევრს ვკითხულობდი და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იოლადაც ვიმახსოვრებდი. თანაც, თუკი რომელიმე სტრიქონი ან სიტყვა დამავიწყდებოდა, თვითონვე ვავსებდი და ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავდი.

მიყვარდა მარტოობა. გაზაფხულისა და შემოდგომის მთელ დღეებს სოფლის ახლომახლო ტყეებსა და ველ-მინდვრებში ხეტიალს, ყვავილებისა და ხის უცნაური ფესვების ან ქვების შეგროვებას ვანდომებდი. კლდეებით მომყუდროებულ ერთ პატარა ადგილას სამალავიც მქონდა, სადაც ჩემს "ნადავლს" საგულდაგულოდ ვინახავდი, ან ვიჯექი და უბრალოდ, ვოცნებობდი, ჩურჩულით ვკითხულობდი ლექსებს, რაც მომწონდა ან რაც მახსენდებოდა.

ასე, რაღაცნაირად ძალიან ჩვეულებრივ მოხდა, რომ 14 წლის მოზარდმა, ტყეში ხეტიალით დაქანცულმა და შთაბეჭდილებებით აღსავსემ, შემოდგომის ერთ მშვენიერ და ქარვისფერი მზით სავსე დღეს ჩემდა უნებურად სტრიქონი სტრიქონს მივაბი, კიდევ... კიდევ... და პირველი ლექსიც დაიწერა, ოღონდ - ზეპირად. თავდაპირველად არც მჯეროდა, რომ მისი ავტორი თვითონ ვიყავი და ოდესღაც წაკითხულ რომელიმე ლექსს არ ვიხსენებდი. უცებ მივხვდი, რომ ეს სტრიქონები ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი და უცნაურმა განცდამ შემიპყრო - აღტაცების, შიშის, მღელვარების... კიდევ შევძლებ? ამ ეჭვითა და მოულოდნელი ბედნიერების განცდით გათანგულმა იმ დღეს სამი ლექსი დავწერე, ორი შემოდგომაზე იყო, მესამე - რომელიღაც ყვავილზე...

დაცინვის შიშით ის ლექსები ვერავის წავუკითხე, ანდა დამიჯერებდა კი ვინმე? ავდექი და რაიონული გაზეთის რედაქციაში გავაგზავნე. იქიდან მოწერილ პასუხს ხომ ჩემს გარდა ვერავინ შეიტყობდა. მოულოდნელად ლექსები დაიბეჭდა, თანაც - სამივე.

ეს არ იყო ბედნიერება, ეს რაღაც სხვა გახლდათ, უფრო მეტი და საოცარი. ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, ამ გაზეთმა კიდევ რამდენჯერმე გამოაქვეყნა ლექსები ჩემი ფოტოებით. მერე იყო 1972 წელი, როცა გაზეთმა "ლიტერატურულმა საქართველომ", ჯერ კიდევ სტუდენტს, რამდენიმე ლექსი დამიბეჭდა. ეს მაშინ არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. ამ ავტორიტეტული გაზეთის ფურცლებზე გამოჩენა დიდ ლიტერატურულ ცხოვრებაში შებიჯებას ნიშნავდა.

შემდეგ - 1979 წელი. პირველი პაწია წიგნი "ქსანზე", როგორც პირველი პირმშო... კეთილი ადამიანების კეთილი სიტყვა, მხარში ამოდგომა, გზის დალოცვა, გამხნევება, ღიმილიანი მზერა...

ასე დავიწყე... ლექსით ცხოვრება, მისით არსებობა, საზრდოობა. ასე იქცა პოეზია ჩემთვის "პურად არსობისა", შვებად და წამლად ყველა ტკივილისა.

ახლა, რაც შეეხება პოეზიასა და პოეტურ სიტყვას...

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სწორედ სულიწმინდისგან მომდინარეობს საერთოდ შემოქმედებითი ნიჭი და მათ შორის, პოეზიაც. ამიტომ სიტყვასთან ჩემი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს, გარდა მოწიწებისა და თაყვანისცემისა - "შენ ხარ ღვთაება, მე - მორჩილი შენი ტაძრისა, ლექსები ჩემი ლოცვებია შენდამი თქმული".

პოეზია ჩემთვის სულის გადმოცემის, შინაგანი სამყაროს სრულად გამჟღავნების საუკეთესო საშუალებაა და ერთგვარი ხიდიც ამქვეყნიური სინამდვილიდან ზეციურ საუფლომდე: "დედამიწიდან ზეცამდე ლექსებით მივდი-მოვდივარ".

ლექსის წერა ჩემთვის იგივე ლოცვაა, საღვთო რიტუალია, თუმცა მათ სრულ იდენტურობას არ ვგულისხმობ, პირიქით, შენდობას ვთხოვ უფალს, თუკი შეჭირვებული ზოგჯერ არჩევანს ლექსზე შევაჩერებ და მისით მოვიბრუნებ სულს:

"ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,
დამბადე მწყემსად ანდა ქვითხუროდ,
გთხოვ, მაპატიო, რომ როცა მიჭირს,
ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ".


ლექსში სიტყვა ცოცხალივით უნდა გრძნობდეს თავს - უნდა სუნთქავდეს, თავისი ფუნქცია და დანიშნულება ჰქონდეს. სტრიქონებში დახოცილი ჩიტებივით ჩაყრილ, არაფრისმთქმელ სიტყვებს საშინელი შურისძიება შეუძლიათ. მათ ხელეწიფებათ, შენი თეთრად გათეული ღამეები, მთელი შენი ნაშრომ-ნაღვაწი მყისიერად უფსკრულს მისცენ. მაგრამ მათ მთელი ნაწარმოების, განსაკუთრებით კი ლექსის ზეცად აფრენაც ძალუძთ.

ახალგაზრდა შემოქმედთა ყველაზე დიდ ნაკლად ლექსიკური სიღარიბე და სიტყვისადმი ზერელე დამოკიდებულება მიმაჩნია. იმ სკაბრეზულ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთაგან ასე უხვადაა გაჯერებული ჩვენი დღევანდელი მწერლობა, არაფერი აქვთ საერთო სიტყვის ღვთაებრივ ბუნებასთან.

ამ ბოლო დროს სიტყვის შიში თითქოს რამდენადმე გამინელდა, მათ გარემოში ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. გავუშინაურდი? არა! მგონი, მათ თვითონ მომიშინაურეს.

- "როცა აფთრისებრ ყეფს ჟამი", რას უპირისპირებთ დროთა სიავეს, ირგვლივ გამეფებულ უხეშობასა და სისასტიკეს?

- ფიზიკურ ტკივილებს ასე თუ ისე ვუძლებ და ვუვლი, უსამართლოდ მოყენებულ სულიერ ჭრილობებს კი იოლად ვერც ვიშუშებ და ვერც ვივიწყებ. გულზე თითქოს ღრმა ნაწიბურები მრჩება, რომლებიც წლების შემდეგაც ღვივიან და ზოგჯერ ნაღვერდლის სიმწვავითაც იფეთქებენ ხოლმე. შურისძიებასა და სამაგიეროს გადახდაზე არასდროს ვფიქრობ, რადგან არსებობს ყველაზე უტყუარი და პირუთვნელი ზეციური სამსჯავრო: "ჩემი არს შურისგება და მე მივაგო" - გვასწავლის უფალი და ამიტომაა, რომ ტყუილ-მართლის გარკვევას და სამაგიეროს "მიგებას" ზეციურ სამართალს ვანდობ.

თავს ვერ მოვიტყუებ და ვერც მკითხველს მოვატყუებ, - "მტრის სიყვარული" არ შემიძლია, მშვენივრად მაქვს შეგნებული, რომ ადამიანურად ცოდვილი ვარ და სრულყოფილებამდეც უშორესი გზაა, მაგრამ გულში ღრმად ჩარჩენილ ტკივილს და წყენას ვერაფერს ვუხერხებ.

ვერანაირი წყენა ან ტკივილი ლექსისკენ სიძულვილით ვერ მიმახედებს, ის არის ჩემი "შინ"; ერთადერთი ადგილი, სადაც წყლულებს ვიამებ, დროის გაუტანლობასა და სისასტიკეს ვემალები, ნუგეშს და მალამოს ვპოულობ. აქ არის სამყარო, სადაც ყველაფერი გასხივოსნებულია, უზენაესის ღვთაებრივ ნებას ემორჩილება, სადაც ყოველი სიტყვა ყვავილივით იფურჩქნება და მხოლოდ სიყვარულით სუნთქავს.

ლექსებმა მასწავლეს, რომ შემოქმედად სიყვარულისთვის ვიშვი და მას სიძულვილით ვერასოდეს ჩავანაცვლებ: "სიძულვილს როგორ მასწავლით სიყვარულისთვის გაჩენილს?"

- თქვენს ლექსებში საპირისპირო განწყობილებები თრთის და ელვის უსწრაფესად მონაცვლეობს. ხან ამაყი ხართ ("ზოგჯერ ისეთი ამაყი ვარ, თითქოს დიდგორიდან მოვდივარ"), ხან კი უმწეო ბავშვივით მწუხარე და "ცრემლთამთოველი" ("ზოგჯერ სული ისე მწუხარეა, თითქოს კრწანისიდან ვბრუნდები")...

- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდმა ქართველმა მწერალმა, ბატონმა ოთარ ჩხეიძემ შენიშნა ამგვარი კონტრასტულობა ჩემს პოეზიაში: "ისევ შემოდგომას მიექცევა თვალები მისი, უფრო ცრემლიანი, ვიდრე მშრალად მოკიაფეი, ხმაც უფრო მთრთოლვარე, ყლორტზე დაკიდულ ერთადერთ ფოთოლს რო მოგაგონებთ, ანთუ ჩურჩულსა იმა ფოთლისა, თრთოლვასა და ჩურჩულსა. და თან უეცრად საოცარი რიხიც მოეევნება იმ მთრთოლავსა, იმა მოცახცახე ხმასა, რიხი, ომახი, შემართებაი გასაკვირველი, ზოგჯერ ვაჟკაცსაც რო შეშურდება; ასე კონტრასტულია ხმაცა პოეტისა, სახეებიცა, განცდაცა, ასე მძაფრია გარდასახვანი იმის მიხედვითა, თუ რას შეეხება; იმის მიხედვითა, თუ რის წინაშე წარმსდგარა, რა საფიქრალისა თუ საშიშროების წინაშე... ამ სიბნელიდან, ამ უკუნიდან გამოხსნისთვის დამდგარა პოეტი, დაჩოქილა, აუწვდია ხელნი უსასონი - უსასონიცა და ძალოვანნიცა, უმწეონიცა და რიხიანნიცა, უიმედონიცა და იმედოვანნიცა. ასე საპირისპიროდა. მონა არ არის ერთი განცდისა. გულს აჰყოლია და იმორჩილებს კიდევაცა. სასოს წარიკვეთს და გაგულადდება კიდევაცა. ლოცვად დგას იგი. ილოცებს და მყის ამხედრდება..."

თვით სამყაროა ამგვარად ცვალებადი და არითმიული და ვერც პოეტის სული იქნება ერთგვაროვანი - აქაც დგება გაზაფხული იებითა და შროშანებით, აქაც მოდის ზამთარი, სუსხიანი, ცივი, დაუნდობელი. უნდა გაუძლო... არ უნდა დაზრეს სიტყვა პოეტური, არ უნდა გაიყინოს. იქნებ შენთვის არც კი მოვიდეს გაზაფხული, მაგრამ რა უფლება გაქვს მისი მოსვლის იმედი მკითხველს წაართვა?

- წერთ: "ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ, მთელ საქართველოს ვეფერები". თქვენ ქსნის ხეობიდან ბრძანდებით და გამორჩეულად გტკივათ, დღეს იქ "მხოლოდ ქარი რომ დაჰქრის მოხეტე" და "არც ქართული იშლებიან ცაში დროშანი". და მაინც, "ტირილით მოსიარულე სულით" "დამარცხებულ სამშობლოში" "გამარჯვებულ სამშობლოს დაეძებთ". ყველა თქვენი ლექსიდან საქართველო ილანდება და "უწმინდეს სანთლად კიაფობს". საიდან იწყება სამშობლოს სიყვარული?

- ასე მგონია, სამშობლოს სიყვარული ადამიანის დაბადებასთან ერთად იწყება და მასთან ერთად მთავრდება. ვაი მას, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვა "მამული" დღეს უკვე გაცვეთილი სიტყვაა, რომ "პატრიოტიზმი" მხოლოდ გულზე მჯიღის ცემას ნიშნავს და კარგა ხანია "მოდიდან გავიდა". დღეს რაც გვჭირს, ამ განწყობილების გამო გვჭირს, რაც დავკარგეთ, ჩვენი უგუნურებით და ცივსისხლიანობით დავკარგეთ. მოთქმით და ტირილით მტერი არ შეგვიშინდება (არც როდის შეშინებულა), თუ სიტყვას ჭეშმარიტი საქმე არ მოვადევნეთ.

მამულის სიყვარული ჩემთვის ქართლიდან, კერძოდ, ჩემი ქსნის ხეობიდან იწყება, მაგრამ მასში მთელი საქართველო მოიაზრება. აგვისტოს ომის შემდეგ ათასჯერ და მეტად ძვირფასი გახდა ეს კუთხე ჩემთვის, ვცდილობ, სიტყვასაც მეტი ფხა და სიმკვეთრე მივცე, რომ მითვლემილი გულები მივძრა-მოვძრა, ტკივილი ვაგრძნობინო, სულიერი დაძაბუნების უფლება არ მივცე...

ქსნის ხეობაში მე გამარჯვებულ სამშობლოს ვერ ვპოულობ, იქ მხოლოდ დამარცხებული საქართველოა - "ტირილით დადის დამარცხებულ საქართველოში სული ჩემი და გამარჯვებულ სამშობლოს ეძებს!"

დიახ, დღეს აფხაზეთშიც, კოდორის ხეობაშიც, შიდა ქართლშიც, ქსნის ხეობაშიც დამარცხებული საქართველოა, ფეხით გათელილი სახელმწიფო ალმებითა და მოფრიალე რუსულ-ოსური თუ რუსულ-აფხაზური დროშებით.

მამაჩემი, ვინც მეორე მსოფლიო ომის ყველა საშინელება პირველი დღიდან ბოლომდე საკუთარ ზურგზე იწვნია, ყოველ 9 მაისს სანთელს უნთებდა ღვთისმშობელს - "გმადლობთ, წმინდა ქალწულო, რომ დედით ნაადრევად დაობლებულს ძვლები უცხო მიწაზე არ დამატოვებინეო". ახლა მამაჩემის საფლავი "რუსეთშია", ჩემი შვილისაც და ათასგვარი სპეციალური ნებართვა მჭირდება იქ მისასვლელად და სანთლის ასანთებად.

ვითომ ეს გამარჯვებაა?! და თუ ვინმეს ასე ჰგონია, მე არ მინდა ამგვარი გამარჯვება და არც ჩემს ხეობელებს არგიათ რამეში. ოდითგან ქართლი საქართველოს ბირთვი იყო, მის გარშემო ერთიანდებოდა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე. ახლა კი თბილისიდან 60 კილომეტრში, იქ, საიდანაც უძველესი და წმიდათაწმიდა ქსნის საერისთავო იწყება, ვეებერთელა ასოებით აწერია - "როსსია". ეს სიტყვა ჩემს გულზეა ამოდაღული, გავარვარებული შანთით ამომწვარი.

შეხედეთ ჩვენს სატელევიზიო გადაცემებს, საკონცერტო დარბაზებს, რადიომაუწყებლობის არხებს, ჩვენს კაფე-ბარებს და რესტორნებშიც შეიხედეთ. ბევრს ახსოვს დღევანდელი ვითარება? არც ეშველება ქვეყანას, ვიდრე ამ ტკივილს ყველა არ გავითავისებთ.

რამდენი ლექსი დავწერე ამ ტკივილზე, მერე რა... გაიგონა ვინმემ რამე? არ მოსწონთ და იმიტომ არ ესმით, თუ არც კითხულობენ და არც უნდათ გაიგონ, არ ვიცი!

"მთვარესთან და მზესთან დავალ, გული ყელთან მოჩრილი, ერთადერთი, ქართლის ყმა ვარ, მისი მონამორჩილი", - მე ასე ვფიქრობ, ასეთი ვიყავი გუშინ, გუშინწინ და ხვალ და ზეგაც ასეთი ვიქნები.

- წერთ: "გზა, რაც მიწაზე დავიწყე, ზეცაში უნდა დასრულდეს". ამ რწმენითა და იმედით არის განათებული თქვენი თითოეული სტრიქონი. რას ნიშნავს თქვენთვის მარადისობის განცდა?

- მაცხოვრის ჯვარცმამ, აღდგომამ და სიკვდილის სიკვდილით დათრგუნვამ ადამიანებს ჩაუსახა რწმენა, რომ მათი არსებობა უსასრულოა, რომ იგი ხორციელი სიკვდილით კი არ მთავრდება, პირიქით, სწორედ მის შემდგომ იწყება ჭეშმარიტი ცხოვრება. ამიერიდან კაცობრიობისთვის იესო ქრისტეს გზა არის პიროვნული თავისუფლებისა და უკვდავების გზა. ამ დროიდანვე ყოველი ქრისტიანისთვის წუთისოფელი მარადიული ცხოვრებისთვის მოსამზადებელ არეალად იქცა.

პოეტი ერთგვარი შუამავალია ხილულ სამყაროსა და ზესოფელს შორის. მისი ხორციელი სამყოფელი დედამიწაა, სულიერი სამშობლო კი - ზესოფელი და იგი ერთდროულად ორივე სამყაროს ბინადარია. შემოქმედებითი პროცესი დღემდე აუხსნელია, რადგან შემოქმედი ამ დროს სხვა განზომილებაში გადადის სულიერად და ისეთ რამეებს ჭვრეტს გონების თვალით, რაც ამგვარ უნარმოკლებულს არც დაესიზმრება.

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ჩემს პოეზიაში ქრისტიანულმა ცნებებმა დიდი ადგილი დაიმკვიდრეს და ჩემთვის ზოგჯერ სრულიად უცნობი და ბოლომდე შეუმეცნებელი ალეგორიულ-სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინეს. ინტუიციურად ხანდახან ისე ვიზიარებ ამ პოეტურ სახეებს, რომ წარმოდგენაც არ მაქვს მათზე. ესაა სულიწმინდის მიერ ის "კარნახი", რაზეც ბატონ გურამ დოჩანაშვილს ხშირად უსაუბრია ჩემთანაც და ფართო აუდიტორიის წინაშეც.

მადლობელი ვარ უფლისა, რომ სიყვარულისა და ლექსის ნიჭით დამაჯილდოვა, რომ სიკვდილის შიშის დათრგუნვა მასწავლა და მარადიული ცხოვრების რწმენის დიდ ნათელს მაზიარა.
ბეჭდვა
1კ1