წმინდა წერილი მას უდაბნოს ანგელოზს უწოდებს
წმინდა წერილი მას უდაბნოს ანგელოზს უწოდებს
იოანე ნათლისმცემელი, უფლის წინამორბედი და უდიდესი წინასწარმეტყველი, ქვეყნიერებას მოევლინა, რათა მისთვის გაეცხადებინა უდიდესი საიდუმლო დედამიწაზე მესიის, მხსნელის მოვლინებისა. წმინდა წერილი მას უდაბნოს ანგელოზს უწოდებს. იგი ითვლება ბერ-მონაზონთა მფარველად და სამონასტრო ცხოვრების ფუძემდებლად. რა ტრადიცია არსებობს მართლმადიდებლურ მხატვრობაში წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და მისი ცხოვრების ეპიზოდების გამოსახვისა, რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს გამოსახულებები და როგორ იცვლება საუკუნეების მიხედვით, რა გამოიკვეთება მათი გადმოცემისას, რა განასხვავებს ქრისტიანულ ხელოვნებასა და რეალისტურ ხელოვნებას, თუნდაც ამ გამოსახულებათა შექმნის თვალსაზრისით, გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელოვნების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ნანა ბურჭულაძე:

- წმინდა იოანე დიდად არის დაფასებული ეკლესიის მიერ. იერარქიულად იგი მეორე ადგილს იკავებს ეკლესიაში ღვთისმშობლის შემდეგ და ეს კარგად ჩანს ვედრების ხატზე, სადაც უფლის მარჯვნივ გამოისახება ღვთისმშობელი, ხოლო მარცხნივ - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ისინი ავედრებენ უფალს კაცთა მოდგმას. წმინდა იოანემ ცხოვრების დიდი ნაწილი უდაბნოში გაატარა და ამიტომაც ის იწოდება უდაბნოს ანგელოზად. იგი არის პირველი ასკეტი, პირველი ,,მღაღადებელი უდაბნოსა შინა". მისი მეტად მკაცრი ასკეტური ცხოვრების წესი, უდიდესი მორჩილება ღვთის მიმართ, მხილება, ბრძოლა ბოროტებასთან, უფლის განდიდება, სწრაფვა სულიერებისაკენ და იმისაკენ, რომ მის გარშემო მყოფი იუდეველები ყოფილიყვნენ ღვთის სათნონი, საფუძვლად დაედო შემდგომში სამონასტრო ცხოვრებასა და ბერმონაზვნური ყოფა-ცხოვრების წესს. ამიტომაც საუკუნეების მანძილზე და ბოლო პერიოდშიც ბევრი მონასტერი აიგო იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

- სად გვხვდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის უძველესი ხატები, რომელი საუკუნეებით თარიღდება და რა თავისებურებებით გამოირჩევა ისინი?

- წმინდა იოანე ნათლისმცემლის უძველესი ხატი ინახებოდა სინას მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დაიწერა. ამჟამად ეს ხატი დაცულია კიევში. როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნეში რუსმა მოგზაურმა და ღვთისმსახურმა, ეპისკოპოსმა პორფირე უსპენსკიმ სინას მთიდან წამოიღო ხატებისა და ხელნაწერების გარკვეული ნაწილი. ეს ხატიც ამ კოლექციაში მოხვდა. ეს გახლავთ ენკაუსტიკის ტექნიკით დაწერილი ხატი. ამ ხატზე წმინდა იოანეს გამოსახულებაში კარგად ჩანს აღმოსავლური ტიპი და მისი გამოსახულებებისთვის ნიშანდობლივი იკონოგრაფიული დეტალები. აქ არის გარკვეული მინიშნება მის უდაბნოში ცხოვრებაზე, ანუ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან გამომდინარე მისი სახე ძირითადად არის გამხდარი და ასკეტური, თმა - გაწეწილი, დაუვარცხნელი. მართალია, ეს გამოსახულებები სხვადასხვა პერიოდისა და დარგის ხელოვნების ნიმუშებში განსხვავებულია, მაგრამ საუკეთესო ხატებში, რომლებიც სამონასტრო გარემოში იქმნებოდა ღვთივგანბრძნობილ ხატმწერთა მიერ, უმეტესად გამოიკვეთება წმინდანის განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცე და შინაგანი შემართება, ამავდროულად, გარკვეული სირბილე და მორჩილება.

ამ ხატის გარდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებები გვხვდება უფრო ადრეც კი. ეს გახლავთ კატაკომბების მოხატულობებში. ძირითადად რომის კატაკომბებია ცნობილი მრავალრიცხოვანი გამოსახულებებით, რომლებზეც გვხვდება ნათლობის სცენები. მათ შორისაა იმ ადამიანთა ნათლობის სცენები, რომლებიც იმ აკლდამებში არიან დასაფლავებულნი და გარდა ამისა, გამოსახულია, რა თქმა უნდა, უფლის ნათლობის სცენებიც. ამ მოხატულობების მიხედვით წმინდა იოანეს გამოსახულებები უკვე III საუკუნიდან გვხვდება, სინას ხატი კი VI საუკუნისა გახლავთ. ამავე საუკუნით თარიღდება ნათლისღების სცენები რავენის სანათლავებში. სწორედ გუმბათებშია გამოსახული უფლის ნათლისღება წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ. აქ გვხვდება ძირითადად სამფიგურიანი ნათლისღების გამოსახულებები (თუ არ ჩავთვლით მტრედის გამოსახულებას, რომელიც გადმოდის ზეციდან): ერთია - მაცხოვარი, რომელიც დგას მდინარე იორდანეში; მეორეა - წყლის ნაპირზე მდგარი იოანე ნათლისმცემელი და მესამე - პერსონიფიკაცია იორდანესი. ეს არის ბრგე შესახედაობის მამაკაცი, რომელიც ერთი შეხედვით გვახსენებს ანტიკური პერიოდის წყლის ღმერთის – პოსეიდონის გამოსახულებას.

- წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებები ხშირად გვხვდება კანკელზეც, რაც უთუოდ ღრმა სიმბოლურ მნიშვნელობას უნდა შეიცავდეს...

- დიახ, წმინდა იოანეს ხატები ჩვენ გვხვდება კანკელის არქიტრავებზე. წმინდა სოფიას ტაძრის კანკელის არქიტრავზე ამოკვეთილი იყო წმინდანთა გამოსახულებები ვედრების რიგით. ცენტრში იყო მაცხოვარი, ერთ მხარეს - ღვთისმშობელი, მეორე მხარეს - იოანე ნათლისმცემელი, შემდეგ - მთავარანგელოზები და დანარჩენი წმინდანები. ასეთი გამოსახულებები ვედრების რიგით უფრო ხატმებრძოლობის შემდგომი ეპოქის ეკლესიათა ინტერიერთათვის არის დამახასიათებელი და კანკელზე იკავებს ადგილს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან უფალი და მასთან იერარქიულად ყველაზე ახლოს მყოფი წმინდანები კარგად სახილველნი უნდა ყოფილიყვნენ. კანკელი კი არის ის ადგილი, რომელსაც ტაძარში მყოფი პირდაპირ უყურებს. იგი ხომ სიმბოლურად ერთგვარად მიჯნავს კიდეც და ამავე დროს აერთებს სამოთხესა და დედამიწას ტაძარში.

KARIBCHE


- რასთან არის დაკავშირებული ვედრების კომპოზიციის გამოსახვა საკურთხევლის კონქში?

- საერთოდ, ვედრების სცენა, როგორც ვიცით, დაკავშირებულია ესქატოლოგიურ (მეორედ მოსვლის შესახებ) სწავლებასთან. ამ სცენაში მაცხოვარი, უპირველეს ყოვლისა, გვევლინება, როგორც პანტოკრატორი (ყოვლისმპყრობელი) მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში კი უპყრია წიგნი ან გრაგნილი. უმთავრესი ამ იკონოგრაფიულ გამოსახულებაში მაინც გახლავთ ის, რომ მეორედ მოსვლისა და განკითხვის ჟამს მაცხოვარი წარმოგვიდგება, როგორც მსაჯული, რომელსაც ერთი მხრიდან ღვთისმშობელი ავედრებს კაცთა მოდგმას, ხოლო მეორე მხრიდან - იოანე ნათლისმცემელი. სწორედ ამ შინაარსს შეიცავს ვედრების გამოსახულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ხსნის დოგმატთან. ეს დოგმატი ღვთისმეტყველებაში დამაგვირგვინებელია ყველა სხვა დანარჩენი დოგმატისა და ცხადია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და შინაარსით ყველაზე მიმზიდველია. ეს არის აღთქმა ადამიანისათვის სულის ხსნის, სულის ცხონების შესაძლებლობისა, თუკი, რაღა თქმა უნდა, იგი ეკლესიას მიუგდებს ყურს და ეკლესიური გზით ივლის.

- როდის იქმნება წმინდა იოანე ნათლისმცემლის ე.წ. ცხოვრებიანი ხატები და როგორი კომპოზიციებია მათზე გამოსახული?

- იოანე ნათლისმცემლის ხატების ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XI საუკუნე. სწორედ ამ დროიდან იწყება ე. წ. ცხოვრებიანი ხატების შექმნა, რომლებზეც ცენტრალურ ადგილს იკავებს თავად წმინდანის გამოსახულება, ხოლო ხატის ჩარჩოზე არის მოთავსებული რამდენიმე სცენა. სინას მთის საკმაოდ მოზრდილი ზომის ხატზე, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება, ვხვდებით წმინდა იოანე ნათლისმცემლის ფეხზე მდგარ გამოსახულებას, ჩარჩოზე კი გამოსახულია 16 სცენა მისი ცხოვრებიდან. წმინდანის ფეხებთან არის ამ ხატის დამკვეთის გამოსახულება, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სინას მთაზე მოღვაწე ბერი უნდა იყოს. სინას მთაზევე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი ხატი, რომელზეც გამოსახულია სამფიგურიანი ჯვარცმა. ხატის ჩარჩოზე მოცემულია მედალიონებში ჩასმული წმინდანთა პორტრეტები და ჩარჩოს ზედა ველის ცენტრალურ ნაწილში მთავარანგელოზებს შორის წმინდა იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. საერთოდ, ამ ადგილს ყოველთვის იკავებს მაცხოვარი. ხატის ზედა ნაწილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის აღმატებულია. ამიტომაც მისი ცენტრალური ნაწილი განკუთვნილია უფლის გამოსახულებისათვის. ამ შემთხვევაში ჩანაცვლება იოანე ნათლისმცემლით ხდება სწორედ იმიტომ, რომ ეს ხატი არის დაწერილი სინას უდაბნოს მონასტრისთვის. რადგანაც იოანე გახლავთ მეუდაბნოე და მონასტრული ცხოვრების მფარველი, ამიტომაც მის გამოსახულებას წამყვან ადგილს უთმობენ ამ ხატზე.

- ტრადიციულად როგორი სახით გამოისახებოდა უფლის წინამორბედი?

- მაგალითად, სინას მთის ხატზე წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოსახულია აქლემის ბეწვის შესამოსლით. აქლემი უდაბნოს ცხოველია. ამაში დევს გარკვეულწილად ამქვეყნიური რეალიზმიც და სიმბოლური დატვირთვაც. აქლემი გახლავთ სანახევროდ წმინდა, სანახევროდ უწმინდური ცხოველი და მისი ბეწვით შემოსილობა მინიშნებაა სწორედ იმაზე, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის უდაბნოს მქადაგებელი, "ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა". წმინდა იოანეს გამოსახულებები გვხვდება სხვადასხვა იკონოგრაფიულ ვარიანტში. მათ შორის გამოსახულია ფრთებით, როგორც უდაბნოს ანგელოზი. საგალობლებში მას უწოდებენ ,,თანამზრახველს ანგელოზთა". ფრთები არის მინიშნება მის არაამქვეყნიურ ბუნებაზეც. ძალიან ხშირად წმინდა იოანეს ხელთ უპყრია ჯვრით დაბოლოებული კვერთხი, არის ისეთი ხატებიც, სადაც მას ხელთ აქვს ლანგარი, რომელზეც მისი მოკვეთილი თავია დასვენებული. ხატები მოკვეთილთავიანი გამოსახულებებით შედარებით გვიან, დაახლოებით XIII საუკუნიდან ჩნდება, რაც დაკავშირებულია მისი აღსრულების ისტორიასთან. მოკვეთილი თავის გამოსახულებებს ვხვდებით ასევე სცენებში, რომლებშიც არის სალომეა მოკვეთილთავიანი ლანგრით და იქვე, გვერდზე წარმოდგენილია თავის კვეთის სცენაც. ანუ ასეთ გამოსახულებებში ჩნდება ხატისთვის დამახასიათებელი თვისებები. შესაძლებელია უკვე ერთ ხატში გაერთიანდეს, ერთ სიბრტყეზე წარმოდგეს არაერთდროული მოვლენები და ეპიზოდები.

- დაბოლოს, ქართულ ხელოვნებაში როდიდან იღებს სათავეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებების შექმნის ტრადიცია და რომელი გამოსახულებებია შემორჩენილი?

- ისევე როგორც, ზოგადად, ქრისტიანულ ხელოვნებაში, ქართულ ხელოვნებაშიც წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებები გვხვდება იმ დროიდან, რა დროიდანაც დაიწყო ჩვენში წმინდა გამოსახულებების შექმნა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი სამეფო მონასტერი, როგორიცაა დავითგარეჯა, ასევე ნათლისმცემლის მონასტერი, მე-10 საუკუნით დათარიღებული ოშკის ტაძარი ტაო-კლარჯეთში. ეს მოწმობს იმას, რომ ქართველებიც დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელს. დადგენილია, რომ ქართული ტაძრების უმრავლესობაში საკურთხევლის კონქში, სიმბოლური თვალსაზრისით ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას (გუმბათის შემდეგ), ხშირად გვხვდება ვედრების გამოსახულება. უხვად გვაქვს ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატებიც, მისი სხვადასხვანაირი გამოსახულება.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც "უზეშთაესი წმინდანთა შორის", წელიწადში ყველაზე ხშირად იხსენიება. ჯერ მარტო სამჯერ არის დაწესებული მისი პატიოსანი თავის პოვნის დღე. შევთხოვოთ ამ უდიდეს წმინდანს, როგორც ეს მისი უმთავრესი მისიაა, უფლის წინაშე იყოს შემწე და მფარველი ადამის მოდგმისა და ჩვენი ერისა.
ბეჭდვა
1კ1