"გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია..."
"გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია..."
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უძველესი დროიდან უგალობდნენ ჰიმნოგრაფთა თასობები: იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე-დამიანე...

ყოვლადწმინდას განადიდებდნენ საერო მწერლობაშიც. შეწევნას ევედრებოდნენ პირადი, ეროვნული თუ ზოგადადამიანური ტკივილისა და ცოდვა-მადლის დამტევი და მატარებელი ქართველი მწერლები: ილია, აკაკი, გალაკტიონი, ნიკო სამადაშვილი, გიორგი ლეონიძე...

საიდან იღებს დასაბამს ქართულ მწერლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდების ტრადიცია და როგორ გრძელდება ახალ დროში?

გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლალი დათაშვილი.

- ქართული ლიტერატურა, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიერ შექმნილი კულტურის ნაწილი, გამოირჩევა ყოვლადწმინდა დედის განსაკუთრებული სიყვარულითა და მისდამი მიძღვნილი ლოცვა-საგალობლების სიუხვით...

- ევას ცოდვის გამოსყიდვა, ახალი ადამის განკაცება, ცისა და მიწის შეერთება, დაცემულის სასუფეველში დაბრუნება - ეს ყოველივე დედა-ქალწულის დამსახურებაა კაცობრიობის წინაშე, რასაც ჰიმნოგრაფები წარმოაჩენენ.

პოეტი-მგალობელი დემეტრე-დამიანე ცნობილ საგალობელში, "შენ ხარ ვენახი", შეფრფინვით აქებს წმინდა მარიამს - ედემში დანერგილ მორჩს, სამოთხიდან გამოსულ ალვას, ღვთისაგან შემკულს, გაბრწყინებულ მზეს, მშვენიერ შროშანს.

წმინდა მარიამის განსაკუთრებული სიყვარულითა და თავისი სასოების წყაროდ ყოვლადუბიწო ქალწულის მიჩნევით დავით გურამიშვილი აშკარად გამოირჩევა. ის თითქოს ერთმანეთს უთავსებს საერო და სასულიერო პოეზიას, პოეტიცაა და ჰიმნოგრაფიც. მეცნიერთა აზრით, იგი წმინდა მარიამს 56 სახელით მოიხსენიებს. მაგალითისთვის რამდენიმეს დავიმოწმებთ:

"კვლავ კლდეო, წყლისა მომცემო, ისრაელთ ცრემლთა მშრობელო,
სახით აბრამის კარაო, ღვთის ტევნით გულთა მყრდნობელო,
ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-განუქრობელო..."


დავითი ღვთისმშობელს შესთხოვს, დაიფაროს განსაცდელთაგან. მკითხველი გულგრილად ვერ წაიკითხავს მის მხურვალე ვედრებას:

"მოწყალების კარო, შენს ზღურბლს მოვეკარო,
უსახლკარო ვარო, ვითხოვ, შემიფარო,
ვით მოწყალე ხარო, ცოდვილთ მეოხარო!
რაც მე მოგითხარო, შენ მით განმახარო".


- ღვთისმშობლის სახე და სადიდებელი არაიშვიათია თანამედროვე ქართულ საერო ლიტერატურაშიც...

- გალაკტიონ ტაბიძე ღვთისმშობელს ულამაზეს მანდილოსნად წარმოადგენს, რომლისაც თვით ანგელოზებსაც კი "შურთ", მათაც კი არ უნახავთ მსგავსად მომხიბლავი არსება:

"ჯვართან მისული სურო -
მარტოობაა ქნარის...
თვალთა ანგელოზთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!"

("საღამო")

პოეტი ღვთისმშობელს "მზეს" უწოდებს, რითაც გამოკვეთს წმინდა დედის პიროვნულ სითბოსა და სილამაზეს (მის მზეობას), მთელ კაცობრობას რომ გადასწვდება მზის ნათელივით: "დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!" ("სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში").

ხშირად სიმბოლურ-ალეგორიულადაა გადმოცემული ის აღფრთოვანება და თაყვანისცემა, მწერალი რომ განიცდის ღვთისმშობლის მიმართ.

ანა კალანდაძე ხარებას სიმბოლურად გადმოსცემს, რაც 25 მარტს - ადრე გაზაფხულზე მოხდა, წმინდა მარიამს მომავალი დედობის ბედნიერება ეუწყა, ანუ ქალწული "მარტში აყვავდა":

"აყვავდებოდი ადრე გაზაფხულს
ქვეყანას ზედა და ცათა შინა..."


კაცთა შორის უმაღლესის, ცაში "აციმციმებულის" - წმინდა დედა მარიამის წიაღმა ნათელი, ანუ იესო ქრისტე, დაიტია:

"იყო მაღალი შენი ციმციმი,
იყო ნათელი წიაღთა შენთა..."
- ამბობს პოეტი.

ხოლო ლექსი, "შენ, სინათლის მეფევ", ჩვენი აზრით, ალუზიაა საგალობლისა "ღირს არს ჭეშმარიტად". პოეტი ბრჭყალებით წერს სიტყვებს: "ღირს ხარ, ღირს ხარ, ღირს ხარ!" და მიმართავს მას, ვინც არს სასოების მფენი, ცისა, ვისი ხელებიც "ცის თაღს მზის სხივებით ჰკრავენ". რადგან ღვთისმშობელმა "იტვირთა" მაცხოვრის განკაცება, ვფიქრობთ, წმინდა მარიამის სახე ყველაზე ნათლად ჩანს სიტყვებში:

"დიდებული შენ ხარ, -
საყოფელი ღვთისა.
ქებათ ქების შენაც
"ღირს ხარ, ღირს ხარ, ღირს ხარ!"


- განსაკუთრებით ხშირია წმინდა მარიამისადმი, როგორც მცველისა და მფარველისადმი, აღვლენილი ვედრება. ზოგიერთი ქართველი პოეტის ლექსი ღვთისმშობლისადმი აღსარებაა, ცოდვისა და დანაშაულის განცდით გაჯერებული...

- ღვთისმშობლის ხსენება ხშირია ისეთი მარტოსული, მეოცნებე, საოცარი ხილვების მქონე პოეტის შემოქმედებაში, როგორიც გახლავთ ნიკო სამადაშვილი. პოეტი გამოირჩევა წმინდა დედის სიყვარულით. მისი რწმენით, უღრუბლო ბავშვობა ღვთისმშობლის წყალობაა, წმინდა მარიამი მზრუნველობასა და სითბოს არ აკლებს, აკვნიდანვე თავს დასტრიალებს ბავშვებს, განსაკუთრებით კი პოეტური ნიჭით დაჯილდოებულთ, რომელთაც ისეთი გულები აქვთ, "ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი". ლექსში, "ნიკო სამადაშვილს", ავტორი საკუთარ თავს ასე მიმართავს:

"იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა".

ნიკო სამადაშვილის აზრით, ღვთისმშობელს ვერავინ დაასწრებს ლოცვას, იგი ისე მიისწრაფვის ტაძრისკენ სალიტანიო ზარების ხმაზე, ფეხშიშველს ქოშები ავიწყდება:

"გამოქვაბულთან ზარის რეკა დაიგუგუნებს,
ღვთისმშობელს ცაცხვის ქვეშ დარჩება თეთრი ქოშები".


გიორგი ლეონიძის მარიტასაც მზრუნველ და მოსიყვარულე დედასავით ხვდება წმინდა მარიამი:

"საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარო!" ("ნატვრის ხე").

- ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის თემას...

- ქართველ მწერალთა რწმენით, უმძიმესი ისტორიული პირობების მიუხედავად, ჩვენი სამშობლო წმინდა მარიამის მადლით გადარჩა და არსებობს, იგი თავის წილხვედრ ქვეყანას დიდი სიყვარულით იცავს და მფარველობს.

წმინდა ილია მართლის "აჩრდილში" პოემის ლირიკული გმირი წმინდა მარიამს შესთხოვს საქართველოს დახსნას განადგურებისა და გადაშენებისაგან, შეახსენებს ჩვენი ერის ერთგულებასა და თავდადებას ჯვარცმული მაცხოვრისადმი, რის გამოც თვითონაც ჯვარს ეცვა და ეწამა საუკუნეების განმავლობაში:

"დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია,
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა,
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!"

აკაკი წერეთელიც "თორნიკე ერისთავში" წმინდა დედებს: ნინოს, ქეთევანსა და თამარს - ღვთისმშობლისადმი აღავლენინებს ლოცვას, რათა მან მკვდრეთით აღადგინოს წილხვედრი ქვეყანა:

"დედაო ღვთისავ, შენი ხვედრია
ეს საქართველო, დიდჭირნახული,
შეუნდევ ცოდვა, ნუ ააღებ ხელს,
ლმობიერებით იბრუნე გული,
რომ აღადგინო ქართველთა ერი,
დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი".


ლექსში "ჩემი თბილისი" პოეტი ნიკო სამადაშვილი საქართველოს საუკეთესო მცველად და მფარველად ღვთისმშობელს მიიჩნევს, სწორედ წმინდა დედას გადმოუფარებია კალთა, "ხელში აუყვანია" თბილისი:

"ჩემ საქართველოს მკერდის თრთოლვას რა შეედრება,
ღვთისმშობლის დარად რომ უჭირავს ხელში თბილისი".


- განუზომელია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლი საქართველოს გაქრისტიანების საქმეში. მან თავის წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად ჯერ ანდრია პირველწოდებული, შემდეგ კი წმინდა ნინო წარმოაგზავნა....

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში წარმოგზავნა ასევე წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები, რათა ჩვენს ქვეყანაში სამონასტრო ცენტრების შექმნით განემტკიცებინათ ქრისტიანობა.

მანვე აკურთხა წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი, ქრისტეს მადლითა და ბიბლიისა თუ დიდი ქრისტიანი მამების მიერ დაწერილი ძვირფასი წიგნების თარგმნით გაენათლებინა და გაებრწყინებინა ქართველთა ენა და ქვეყანა.

მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს წმინდა მარიამის ყოველი გამოჩენა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, იგრძნობა დიდი დედის საოცარი სითბო და მზრუნველობა. წმინდა ნინოს იგი ჯვარს აძლევს თანადგომის დასტურად, წმინდა იოანეს იმ მოღვაწეთა სიას გადასცემს, ვისი საქართველოში წარმოგზავნაც სათნოდ მიაჩნია; წმინდა ექვთიმეს ხელს ჰკიდებს და სრულიად გამოაჯანმრთელებს. მომაკვდავი ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენის ეს სცენა, პატარა ექვთიმეს ღაღადისი: "მოვკვდები, დედოფალო!" და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარულით სავსე სიტყვები: "ნუ გეშინინ" - ემოციურად დამუხტული და მხატვრული თვალსაზრისით დაუვიწყარია.

ეს შთამბეჭდავი და მარად ცოცხალი თემები თანამედროვე ქართულ მწერლობაშიც აისახება. ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი "მოდიოდა ნინო მთებით" მოციქულთასწორის საქართველოში შემოსვლასა და იმ განცდებს გადმოგვცემს, პოეტის რწმენით, მთებსა და ტყეებში მარტო მომავალი ქალწულის გულს რომ ავსებდა: ძრწოდა, ბღაოდა, ღრუბლებს მოჰკიოდა ქარი, მაგრამ სანატრელი ვაზის ჯვარი აძლიერებდა წმინდანს და მხნეობას მატებდა, რომ სევდას, შიშსა თუ დაღლილობას რწმენის ძალით გამკლავებოდა. საგულისხმოა, რომ მაცხოვარმა გაამხნევა წმინდა ნინო;

"ეს ვინ არი - გამოცხადდა მგზავრის წინა?
"ნუ გეშინინ!" - მიუგებდა იესო".
შემდეგ კი მცხეთისკენ მიმავალი გზა მწყემსმა მიასწავლა:
"მწყემსსა ჰკითხა: - რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: - საქართველო არის ესე!"


ამით "კეთილი მწყემსის" - იესო ქრისტეს ნება აღსრულდა და ისიც წარმოჩნდა, რომ წმინდა ნინო სამოციქულო ღვაწლს უნდა შესჭიდებოდა - ის, მოციქულთა მსგავსად, იმ ქვეყნის ენაზე ამეტყველდა, რომელშიც უნდა ექადაგა ქრისტიანობა.

გრიგოლ რობაქიძეც უთბილეს სტრიქონებს უძღვნის წმინდა ნინოს - ღვთისმშობლის დობილს და მისგან ელის წყალობას თავისი სამშობლოსთვის.

"დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე მონდობილი,
და შენგან დანდობილი,
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით".


ასე რომ, ქართველი მწერლები უგალობენ და ქებას შეასხამენ ყოვლადწმინდა დედას - უფლის დამტევნელსა და კაცობრიობის მეოხს; განსაკუთრებულად უყვართ ის; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც სასოების წყაროს, ევედრებიან ხსნისა და წყალობისათვის, შესთხოვენ ცოდვების მიტევებასა და ცხონებას; წარმოაჩენენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როლს თავისი წილხვედრი საქართველოს გაქრისტიანების საქმეში; ასახავენ წმინდა მარიამის ნებითა და კურთხევით აღსრულებულ სასწაულებს.

უნდა დავეთანხმოთ გრიგოლ რობაქიძეს: "გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია..."
ბეჭდვა
1კ1