დიდი სულიერი ძალა შევიძინე ცხოვრების გასაგრძელებლად
დიდი სულიერი ძალა შევიძინე ცხოვრების გასაგრძელებლად
რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით შეიქმნა ხელნაწერი სახარება, რომლის მინიატიურების ავტორი გახლავთ ცნობილი მხატვარი, ქალბატონი რუსუდან ფეტვიაშვილი.

იგი ჩვენი სტუმარია.

- რუსუდან, 90-იან წლებში უწმინდესმა შემოგთავაზათ ხელნაწერი სახარებისთვის მინიატიურების შექმნა...

- 13 წლის ვიყავი, როცა უწმინდესი მობრძანდა ჩემს პერსონალურ გამოფენაზე. შემდეგ რეზიდენციაში მიმიწვია, დავითის "ფსალმუნნი" და ჯვარი მაჩუქა. მას შემდეგ ეს ჯვარი არ მომიხსნია.

90-იანი წლების დასაწყისში ყველას ძალიან გვიჭირდა. ამ დროს მე და ჩემს მეუღლეს კანადელმა ბიზნესმენებმა სახარბიელო წინადადება შემოგვთავაზეს. მპირდებოდნენ, რომ დამაკავშირებდნენ სამოდელო სახლთან, წარმოებაში ჩაუშვებდნენ ჩემს ნამუშევრებს, საკუთარ გალერეას გამიხსნიდნენ, რაც დიდ სიმდიდრეს მოგვიტანდა. ოღონდ ერთი პირობით: მათი მოქალაქეობა უნდა მიგვეღო. არაერთი წერილი გამოგვიგზავნეს, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, რადგან არ გვინდოდა სამუდამოდ წასვლა საქართველოდან. მე ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, მიმაჩნია, რომ რადგანაც საქართველოში დავიბადე და ამ ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი გამოფენებით ყოველთვის ჩემი ქვეყანა უნდა წარმოვაჩინო. ჩაგვჩიჩინებდნენ: წადით, აქ რა გინდათ, მერე ჩამოხვალთო, მაგრამ მაინც არ წავსულვართ.

საშინლად გვიჭირდა. მატერიალურად იმდენად არა (ჩემი სურათები ასე თუ ისე იყიდებოდა), რამდენადაც სულიერად. სამოქალაქო ომის შემდეგ სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვერ ვხვდებოდი, რისთვისღა უნდა მეცოცხლა. მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა ადგილი, სადაც უკიდურესი სულიერი გაჭირვების დროს მივიდოდი და დახმარებას მივიღებდი. და სწორედ ამ დროს ყველაფერი ერთმანეთს საოცრად დაემთხვა. ჩემი თანაკლასელისა და მეგობრის, მონაზონ ფებრონიას სანახავად მივედი საპატრიარქოში და უცაბედად უწმინდესს შევხვდი. იმ დროს იქმნებოდა უნიკალური სახარება, რომელიც სასულიერო პირების ხელით იწერებოდა. საჭირო იყო მინიატიურების გაკეთება. უწმინდესმა ძალიან თბილად მიმიღო და შემომთავაზა, ამ საქმეში მონაწილეობა მეც მიმეღო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ცოტა შემეშინდა კიდეც. პატრიარქმა მაკურთხა, რომ საზედაო ასოების ჩანახატები გამეკეთებინა. ეს ერთ დღეში შევასრულე. თითოეული ასო თავის შინაარსს ასახავდა; ყოველ საზედაო ასოში მინიატიურული ფიგურები იყო ჩახატული. უწმინდესს ძალიან მოეწონა და მაკურთხა, ყოველგვარი მომზადების გარეშე დამეწყო მუშაობა. მაგრამ მუშაობის დაწყებამდე ბიბლიოთეკიდან ბიზანტიური მინიატიურების სამტომეული მომცა, რომელშიც ქართული და რუსული მინიატიურებიც იყო შეტანილი. უცნაური ის გახლდათ, რომ სანამ უწმინდესი სახარებაზე მუშაობას შემომთავაზებდა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ბიბლიას, სახარებას ვკითხულობდი...

ან შინ უნდა მემუშავა, ან საპატრიარქოში. მე საპატრიარქოში ვარჩიე მუშაობა, რათა სათანადო გარემოში ვყოფილიყავი. დილით ვესწრებოდი წირვას და მერე გვიანობამდე ვმუშაობდი. შემდეგ სხვა მხატვრებიც შემოგვიერთდნენ.

სხვათა შორის, სახარებაზე მუშაობა 14 წლის წინ დაიწყო, მერე კი საქართველოში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო დროებით შეჩერდა... საბოლოოდ, შეიქმნა მხატვართა ოცკაციანი ჯგუფი და სამუშაო ძალიან მალე დავამთავრეთ.

- რამდენ ხანს მუშაობდით და რამდენი მინიატიურა შექმენით?

- პირადად მე სამი წელი ვმუშაობდი, მეტი არაფერი გამიკეთებია, ყველა შეკვეთაზე უარი ვთქვი, არც გამოფენებში მიმიღია მონაწილეობა და არც საკუთარი ნამუშევრებისთვის შემიმატებია რამე. მთელი არსებით ამ საქმეზე ვიყავი გადართული. სულ 600-მდე მინიატიურა შევასრულე.

- სახარებაში წერია: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ". ხატწერას თავისი კანონიკა აქვს, მაგრამ ხატმწერები პიროვნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აქვთ განსაკუთრებული ხედვა, ხელწერა. გაძლევთ თუ არა კანონიკის ჩარჩოები თავისუფლების საშუალებას?

- მინიატიურებზე მუშაობისას, განსხვავებით ფრესკისა და ხატისგან, თითქმის სრული თავისუფლება მოგვეცა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩარჩო აქაც იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ლავირების საშუალებას იძლეოდა.

- ხატის ან თუნდაც მინიატიურის შექმნას, ალბათ, სათანადო განწყობაც სჭირდება...

- მთავარი მაინც სიყვარულია. თუ სიყვარული გაკლია, არც მორწმუნე გეთქმის და არც მხატვარი. სიყვარული და რწმენა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან. სიყვარულით სავსე გული თბილი და ღიაა, უამრავ კეთილ ინფორმაციას იღებს და გასცემს. ასეთი ნამუშევრები ღვთის მადლის მატარებელია და ამიტომაც სიკეთის მომტანი.

- დაბოლოს, რა მოგცათ სახარების მინიატიურებზე მუშაობამ?

- სახარებაზე მუშაობის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო უდიდესი გარდატეხა, ფერისცვალება. დამეხმარა, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, მინიატიურებზე მუშაობა იოლი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი სულიერი ძალა შევიძინე ცხოვრების გასაგრძელებლად.
ბეჭდვა
1კ1