იგავი - სახარების სამკაული
იგავი - სახარების სამკაული
იგავს, როგორც კარგად გამომწვარ თიხის ჭურჭელს, უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა - გაასულიერა
2003 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, საქართველოში პირველად თანამედროვე ქართულ ენაზე დაიწყო უფლის იგავების წმინდა მამათა და კომენტატორთა საღვთისმეტყველო განმარტების შვიდწიგნეულის გამოცემა. ამჟამად ხელთ გვაქვს ოთხი წიგნი. ღვთის წყალობით, მალე დანარჩენიც გამოვა. ამ ჭეშმარიტად მამულიშვილური საქმის დამწყები და აღმასრულებელი გახლავთ სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ (დოდო) ღლონტი.

ქალბატონმა მარიამმა მოიძია და შეკრიბა სხვადასხვა წმინდა მამისა და კომენტატორის ნააზრევი, მათი საგულისხმო დაკვირვებანი უფლის იგავების შესახებ. თავმოყრილია იესო ქრისტეს ამ თუ იმ კონკრეტული სათქმელით გაერთიანებული 40-ზე მეტი იგავი. ეს იგავები თემატურადაა გადანაწილებული თითოეულ წიგნში. მაგალითად, პირველ წიგნში მკითხველი გაეცნობა უფლის ოთხ იგავს: "მოწყალე სამარიტელი", "უმოწყალო მონა", "ორი მოვალე" და "ცხვრები და თიკნები". ამ იგავებში მონაცვლეობს მოყვასის სიყვარულის (მოყვასობის), მოწყალებისა და მიტევების თემები; მეორე წიგნში წარმოდგენილია შემდეგი იგავები: "დაკარგული ცხვარი", "დაკარგული დრაქმა", "უძღები შვილი" ("წარწყმედილი ძის დაბრუნება"), "ორი ძე", "ფარისეველი და მეზვერე", "ვენახის მუშაკები". აქ წამყვანი თემებია: სინანული, საღმრთო მუშაკობა, ამპარტავნება და თავმდაბლობა, ცოდვილი და მართალი; მესამე წიგნში ვეცნობით იგავებს: "უგუნური მდიდარი", "ორგული მნე", "მდიდარი და გლახაკი ლაზარე". ეს იგავები გაერთიანებულია სიმდიდრისა და მისი გამოყენების, ვერცხლისმოყვარეობის, ზრუნვისა და უზრუნველობის თემებით; მეოთხე წიგნში იგავები "დიდებული სერობა", "მეფის ძის ქორწილი", "უნაყოფო ლეღვის ხე", "ბოროტი მევენახეები" გაერთიანებულია თემებით: არჩევანი და ხვედრი, თავისუფლება, ჩინებულნი და რჩეულნი; მეხუთე წიგნში მკითხველი ეცნობა შემდეგ იგავებს: "ტალანტები (ქანქარი)", ათი მნე", "ათი ქალწული", "ერთგული და ბოროტი მონები", "ფხიზელი მონები", "ფხიზელი სახლის პატრონი (მპარავი)", "ურგები მონები", "კოშკი", "ომში მიმავალი მეფე", "მარილი". ამ იგავებში წინა პლანზე წამოწეულია შემდეგი თემები: მზადება და სიფხიზლე, მადლი, ნიჭი და შური; მეექვსე წიგნში წარმოდგენილია "აღმოცენებული თესლი", "საფუარი", "მდოგვის მარცვალი", "საუნჯე", "მარგალიტი", "ბადე", "სახლი კლდეზე", "მთესვარი", "ხორბალი და ღვარძლი", "უსამართლო მსაჯული", "მეგობრის თხოვნა". ამ იგავთა უფლისმიერი სათქმელიდან გამომდინარე, გზადაგზა ვითარდება რწმენის, ღვთის სიტყვის, ეკლესიის, ლოცვისა და მსახურების თემები. ამით სრულდება ცალკეულ იგავთა განმარტებანი, სადაც უფლის იგავური თქმანიც (შეგონებანიც) არის წარმოდგენილი, შესაბამისი თემატიკის გათვალისწინებით. მეშვიდე წიგნი განსაკუთრებულია იმით, რომ აქ მკითხველის წინაშე წარიმართება სახარების იგავის "შენობა" ცხრილის სახით. ამ ცხრილის თანმხლები განმარტებითი ნაწილი უფლის იგავური სათქმელის მთლიანობრივ წვდომაში ეხმარება მკითხველს.

"ცოდვიდან ცხონებამდე - არის ანი და ჰოე, საძირკველი და სახურავი ამ ღვთაებრივი შენობისა! სახარების იგავები უფლისმიერი წინასწარგანჭვრეტილობით უკავშირდებიან ერთმანეთს და ამიტომაც ერთ ღვთაებრივ სტრუქტურულ მთლიანობას შეადგენენ", - ბრძანებს ქალბატონი მარიამი, რომელიც ჩვენი ჟურნალის სტუმარი გახლავთ.

- ქალბატონო მარიამ, ნამდვილად კოლოსალური შრომის ფასად მოგვაწოდეთ სახარების იგავების შვიდწიგნეული, რომელიც დიდად შეეწევა ყველა ღვთის სიტყვის მაძიებელს. გვიამბეთ, როგორ გაგიტაცათ ამ საქმემ.

- ფილოლოგიის ფაკულტეტზე მასწავლიდნენ ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის დიდებული პედაგოგები: გრივერ ფარულავა, ივანე იმნაიშვილი, ლელი ბარამიძე, მზექალა შანიძე... ბატონმა გრივერმა პირველსავე ლექციაზე გამოგვიცხადა: მაღალ ნიშანს ვერავინ მიიღებს, თუკი ოთხი სახარებიდან ერთ-ერთს მაინც თავიდან ბოლომდე არ წაიკითხავსო. მათეს სახარება ავირჩიეთ და ამით დაიწყო ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ბეჯითი სტუდენტი ვიყავი, ახალგაზრდული თავქარიანობის გამო იგავებს, როგორც ზღაპრებს, ისე ვუყურებდი. მაგრამ ბატონი გრივერისგან კეთილი გაკვეთილი მივიღე: არათუ იგავით, უფლის თითოეული სიტყვით მოგვეწოდება ღვთაებრივი საიდუმლო ამოსაცნობად, და მას ფაქიზად უნდა მიეახლოო.

რაც შეეხება უფლის იგავებს, მათზე მუშაობა უფლისავე ნებით დავიწყე 90-იანი წლებიდან. მამა გიორგი ზვიადაძის კურთხევით მოვკიდე ამ საქმეს ხელი. მაშინ ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა. მამა გიორგიმ მირჩია, წამეკითხა დუბლინელი ეპისკოპოსის - ტრენჩის წიგნი. ეს წიგნი ცოტა სახიფათო წასაკითხი გახლდათ მართლმადიდებლური თვალსაზრისით, მაგრამ მისგან შეიძლებოდა უზარმაზარი ინფორმაციის მოპოვება უფლის იგავებთან დაკავშირებით. მაშინ პირველად გავეცანი ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის "ლუკას სახარების განმარტებას". მოგეხსენებათ, უფლის იგავების დიდი ნაწილი სწორედ წმიდა ლუკას სახარებაშია განთავსებული.

ჩემს დაინტერესებას უფლის იგავებით კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. როდესაც სასულიერო აკადემიის ბიბლიოთეკაში იგავების განმარტებებს ვეცნობოდი, ხშირად ჩავირბენდი ხოლმე სიონის ტაძარში, ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს და ვუსმენდი უწმინდესის ქადაგებებს. იგი ხშირად ქადაგებდა მოწყალების თემაზე და ახსენებდა მოწყალე სამარიტელს. ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნა: ის ებრაელი, რომელიც სცემეს, ჩვენ ვართ, ცოდვილი ადამიანები, ხოლო მოწყალე სამარიტელი - თავად უფალია, იესო ქრისტეო. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ცხადია, დავინტერესდი და წავიკითხე ამ იგავის განმარტებანი. 1997 წელს საჯარო ბიბლიოთეკაში, საპატრიარქოს ეგიდითა და ბატონი თამაზ გაბისონიას ინიციატივით, მოეწყო კონფერენცია ზნეობის საკითხებზე. წავიკითხე მოხსენება "მოწყალე სამარიტელის" იგავის შესახებ. აქედან დაიწყო ყველაფერი.

- შვიდწიგნეულის გამოცემა ფინანსურ თანადგომაზეც არის დამოკიდებული...

- 2003-2004 წელს საკუთარი ხარჯებით გამოვეცი ამ შვიდწიგნეულის პირველი და მეორე წიგნი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი დიდი მადლიერება გამოვხატო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის მიმართ. როგორც კი შეიტყო ჩვენი ფინანსური შეჭირვების შესახებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდა გამომცემლობა "ალილოს" ხელმძღვანელს, ბატონ ალექსი შოშიაშვილს და სწორედ მათი თანადგომით უკვე მეოთხე წიგნი გამოიცა. ღვთის წყალობით, უახლოეს მომავალში დღის სინათლეს იხილავს შვიდივე წიგნი.

- უმთავრესად რომელ წმინდა მამათა და კომენტატორთა ნააზრევი და შეფასება-რეკომენდაციები შემოგვთავაზეთ თქვენს წიგნებში?

- წყაროებად გამოყენებული გვაქვს ავტორიტეტულ წმინდა მამათა და კომენტატორთა განმარტებები: წმიდა იოანე ოქროპირის, წმიდა ბასილი დიდის, ნეტარი ავგუსტინეს, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის, წმიდა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის, კავკასიის არქიეპისკოპოს სილვესტერის, ეპისკოპოს მიხეილის, დეკანოზ ბუხარევის, ლოპუხინის, გლადკოვის, კირილე ალექსანდრიელის, წმიდა იოანე ბოლნელის... სწორედ მათ, ამ წმინდა მამებს, ვევედრები ამ რთულ საქმეში შეწევნას.

- რატომ და რისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით და შეიძლება თუ არა, იგავიდან ამოვიცნოთ უფლის სწავლების რომელიმე დოგმა, ქრისტიანული მოძღვრების საფუძველი?

- უფლის იგავი არის მხოლოდ სამკაული, ილუსტრაცია მისი სწავლებისა. როგორც მხატვარი შეარჩევს ხოლმე საღებავებს და ტილოზე გამოხატულ უღრან ტყეს ნათელს მოჰფენს, ასევე მიმართავდა ჩვენი უფალი იგავს, რათა ღვთის სიტყვა კეთილად შეზავებული, გამშვენებული და იოლად დასამახსოვრებელი ყოფილიყო მსმენელისთვის. უფალი მარტივი, ნათელი, გამჭვირვალესიუჟეტიანი იგავებით თავის სწავლებას ერთგვარად შუქს ჰფენდა, ილუსტრირებას უკეთებდა. ასე იქცა იგავი ქრისტეს რჯულის შესწავლის შემადგენელ ნაწილად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თხრობის იგავურ წესს უფალმა მიმართა თავისი მოძღვრებისა და სწავლების მხოლოდ ნათელსაყოფად და დასამკვიდრებლად. იგავში გადმოცემული ამსოფლიური ეპიზოდებით უფალი ზეციურ სამკვიდრებელსა და მის კანონებს განგვიმარტავს. ყოველივე ამით სახარების იგავი ერთგვარ უფლისმიერ დასტურსა და მოწმობასაც წარმოადგენს.

- რა დანიშნულება აქვს იგავს საზოგადოდ და რა დატვირთვით გამოიყენება იგი წმინდა წერილში?

- იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს. იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვრით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც. ცოცხალი იგავური სახეები ნათქვამსაც უფრო მეტ გამომსახველობას სძენს. ჩვენი დიდი მეიგავისთვის, სულხან-საბა ორბელიანისთვის, იგავი "სიტყვით მაგალითია", სიტყვით "საჩვენებელი" და სიტყვითვე "მოსანიშნავი" საშუალებაა.

მკითხველს ბიბლიიდან იგავური წესით მიეწოდება სიტყვაცა და ქმედებაც. წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი ბრძანებს: "წმინდა წერილი თავისი არსითა და ბუნებით - იგავურია, ვინაიდან უფალი, რომელიც არის "არა სოფლისაგანი", ამ სოფლად მოვიდა, "ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის". წმინდა იგავური განმარტებით, უფალი იესო ქრისტეს "ხორციელ ქმნა" არის უდიდესი, უბრწყინვალესი და უსაკვირველესი ქმედითი იგავი-სასწაული, რომლითაც უზენაესი ჭეშმარიტება გაცხადდა ცოდვილთა გადასარჩენად.

- საინტერესოა ისიც, თუ ვისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით.

- ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები თურმე ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა, ახალი ფორმის ძიების ნაცვლად, ნაცნობი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად. იგავი მან ღვთის სიტყვით განმსჭვალა და გასაოცარი ცხოველმყოფელობა მიანიჭა. იგავს, როგორც კარგად გამომწვარ თიხის ჭურჭელს, უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა - გაასულიერა. უფალმა იგავის ღირსების ამაღლება ინება და იგი შერაცხა იმ საუკეთესო შუამავლად, რომელსაც "ბნელსა შინა" და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი (ლუკა 1,79) ნაცნობიდან უცნობისკენ მიჰყავს, უმეცრების კარს ცოდნის ამ დიდებული გასაღებით შეაღებინებს, მათ გონებისთვალსა და გულისყურს ნათელს მიაფენს.

KARIBCHEუფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა იმითაც მჟღავნდება, რომ იგავებით ქადაგებისას იგი მსმენელს საშუალებას აძლევს, თვითონ ჩასწვდეს სათქმელს, თავად ეძიოს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, რაშიც სწორედ იგავური თხრობის უნიკალური შესაძლებლობები ეხმარება. იგავი ხომ უაღრესად სახალისოა, თან გაცილებით იოლად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი. იგი შედარება-შეპირისპირების ნაირგვარ საშუალებას იძლევა, მონდომებულ მსმენელსა და მკითხველს ცნობისწადილს აღუძრავს და ძიებისკენ უბიძგებს. იგავიდან ბუნებრივად ამოიზრდება შეკითხვები - ამასაც ითვალისწინებდა უფალი, რათა ქადაგებისას ღვთის სიტყვის მაძიებელი შეკითხვებით მისულიყო მასთან. ხშირად სწორედ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმართავს უფალი იესო იგავს. შემკითხველი ზოგჯერ თავად იესოა (იგავის თხრობისას ან იგავის დასასრულ). უფალი მსმენელს შეკითხვას იმიტომ კი არ უსვამს, რომ მან პასუხი არ იცის, არამედ იმ მიზნით, რომ თავად მსმენელი დააფიქროს, მასვე აპოვნინოს პასუხი.

- რა მიზანი აქვს სახარების იგავს?

- სახარებაში უფალი იესო რამდენჯერმე ამბობს: "რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე 13,9) - ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოსო! უფალი ამ სიტყვებს დასკვნის სახით დაურთავს ხოლმე იგავის თხრობის ან განმარტების ბოლოს. იგავთა მთხრობელი იესო ამით მსმენელის ყურადღებას ძაბავს, რათა მან მართებულად და შეუმცდარად მიიღოს იგავური სათქმელი.

მოწაფეები თავის მოძღვარს, უფალ იესოს, ეკითხებიან: "რაისათვის იგავით ეტყვი მათ?" (მათე 13,10). უფალი თავის მოწაფეებს იმასაც აუწყებს, რომ ხალხს არ მისცემია ცათა სასუფევლის საიდუმლოს ცოდნა, მათ კი, უფლისგან გამორჩეულთ, ეს ცოდნა მიეცათ, თუმცა ის ჯერ არ იყო სრულყოფილი, სანამ სულიწმინდა არ გადმოვიდა მათზე.

სწორედ გამოუცდელი მსმენელის, ხალხის "ჩვილი ქრისტესმიერობა" მიიღო მხედველობაში გულმოწყალე უფალმა, როდესაც იგავსა და თხრობის იგავურ წესს მიანიჭა უპირატესობა ქადაგებისას. მეტი თვალსაჩინოებისთვის უფალი იესო ხალხს უქადაგებდა "განმარტებულითა სიტყვითა" - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს. ამიტომაც არის, რომ უფალი იესო ქრისტეს იგავები გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი უბრალოებით, სიცხადითა და სიწმინდით. სახარების იგავის შინაარსი უმეტესწილად აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობიდან, ყველასთვის ნაცნობი და გასაგები ვითარებიდან...

- რამდენად აუცილებელია იგავის ყველა შტრიხის, ნიუანსის, სახის, მსგავსების განმარტება, მით უფრო - მათი ზედმიწევნითი განმარტება?

- ხალხში ხშირად იდგნენ ხოლმე ფარისევლები, მწიგნობრები, რჯულისმეცნიერნი, რომელთაც უფალი ასევე იგავებით მიმართავდა, ან იგავებითვე სცემდა პასუხს მათ შეკითხვებს. ფარისევლებისა და მისთანების ცოდვით გაუხეშებული გულის, ზნეობრივი უგრძნობლობის გამო მოიმარჯვებდა ხოლმე ჩვენი უფალი იგავებს, რათა როგორმე ჭეშმარიტებისკენ მიებრუნებინა ისინი, ან კიდევ ამ გზით ღვთის სიტყვაში უწმინდური ხელების ფათური აღეკვეთა მათთვის.

ეს საფრთხე, კერძოდ, იგავის ხელაღებით წაკითხვა ან მისი სათქმელის შებღალვა, დღემდე დგას სახარების იგავის ყოველი მკითხველისა თუ მსმენელის წინაშე. ამ საფრთხის თავიდან ასაშორებლად აუცილებელია, გულმოდგინებით და გულისხმიერებით მოვეკიდოთ სახარების იგავის ყოველ უფლისმიერ განმარტებას, ასევე წმიდა მახარებლებისა და წმიდა მამების სწავლებასა თუ კომენტარს. ამ გზით ჩვენ მოსალოდნელ გაუგებრობასა და მკრეხელობას ავიშორებთ თავიდან.

წმიდა მამები იმის გამოც გვაფრთხილებენ, რომ სახარების იგავში არ შეიძლება ერთგვაროვანი ძალისხმევით განიმარტოს ყველა იგავური სახე, მსგავსება თუ შტრიხი; მით უფრო არ არის საჭირო მათი სიტყვასიტყვითი, ზედმიწევნითი განმარტება, ვინაიდან სახარების იგავის ყოველი შტრიხი არ შეიცავს და არც შეიძლება შეიცავდეს ქრისტიანულ საიდუმლო მნიშვნელობას (წმიდა იოანე ოქროპირი).

- რა განსხვავებაა სახარების იგავსა და არაკს შორის?

- ეს ორი მხატვრული ჟანრი - იგავი და არაკი - სასულიერო, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში გაემიჯნა მკვეთრად ერთმანეთს, რის შედეგადაც არაკი ეკლესიამ საერო ჟანრს მიაკუთვნა და აღიარა მხოლოდ იგავი.

ერთი დეტალია გამოსაყოფი. არაკისგან განსხვავებით, სახარების იგავისთვის დაუშვებელია ხუმრობა, რომ არაფერი ვთქვათ, დაცინვასა და გესლიანობაზე. ეს, ჩვეულებრივ, არაკისთვის არის დამახასიათებელი. მკითხველი სახარების იგავიდან ზოგჯერ წყრომისა და სიმკაცრის მსუბუქ სუსხს შეიგრძნობს, მაგრამ ეს ცოდვილის გონს მოსაყვანი ის მარჯვე იგავური საშუალებაა, რომელსაც "მართალთა მოყვარული და ცოდვილთა მწყალობელი" უფალი მიმართავს. სახარების იგავთა ტკბილად მთხრობელი არასოდეს მრისხანებს, შეუბრალებლობისა თუ დაუნდობლობის ნასახიც არ არის მის ნაამბობში.

არსებითი განსხვავება არაკსა და სახარების იგავს შორის მათივე გამიზნულობით მჟღავნდება. ისინი ცასა და დედამიწასავით დაშორებიან ერთმანეთს - არაკი ამსოფლიურობით იფარგლება, მისი მზერა ამქვეყნიური, ხილული სიბრძნისკენაა მიქცეული, სახარების იგავი კი ზეცას ჭვრეტს, ღვთიურ სიბრძნეს გვაწვდის.

იგავი მეგობრის თხოვნაზე
"რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მივიდეს მასთან და სთხოვოს: მეგობარო, მასესხე სამი პური, ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე; და მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, რადგან კარი უკვე დაკეტილია, შვილებიც ლოგინში მიწვანან, ვერ ავდგები და ვერ მოგცემ პურს, - გეუბნებით თქვენ: თუ თავს მოაბეზრებს და დაჟინებით მოსთხოვს, მეგობრის ხათრიც რომ არ ჰქონდეს, მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება".
ლუკა 11,5-8

ლოცვა ნუ მოგბეზრდება
ერთხელ უფალ იესოს მოწაფეებმა სთხოვეს: გვასწავლე, როგორ ვილოცოთო. უფალმა მათ "მამაო ჩვენოს" ლოცვა ასწავლა და უამბო იგავი "მეგობრის თხოვნაზე".

უფალი იესო ქრისტე ხშირად ლოცულობდა: ხან მთის წვერზე განმარტოვდებოდა, ხან კიდევ თავის მოწაფეებთან ერთად დადგებოდა ლოცვად.
ზოგი ყოველდღე ლოცულობს, მთელი გულით ესაუბრება უფალს. მაგრამ ზოგიერთი, მაშინვე თუ არ აუსრულა უფალმა თხოვნა, გულს აიყრის ხოლმე და აღარ ლოცულობს. შენც რომ ასე არ დაგემართოს, კარგად დაუკვირდი, რას გასწავლის უფალი ამ იგავით.

პურის მთხოვნელი მლოცველია. მას მეგობარი ესტუმრა, მაგრამ ვერ უმასპინძლა, შინ პურიც კი არ აღმოაჩნდა. სტუმრად მოსული მეგობარი მისი კეთილი ანგელოზია. სანამ მფარველი ანგელოზი არ ეწვია და არ გამოაფხიზლა, მანამდე ვერც იმას ხვდებოდა, რომ არაფერი ჰქონდა, და არც თავისი ზეციური მეგობარი - უფალი იესო ქრისტე გახსენებია.

რატომ ითხოვს ეს მლოცველი მაინცდამაინც სამ პურს? იმიტომ, რომ მლოცველმა ქრისტიანმა, უპირველესად, ყოვლადწმიდა სამების მადლი უნდა ითხოვოს უფლისგან. უფლის შეუწევნელად კეთილ საქმეს ვერ გააკეთებ. გაჭირვებული ადამიანის შველას რომ დააპირებ, უფალს შესთხოვე, ძალა მოგცეს ამისთვის, და აუცილებლად გადმოვა შენზე მადლი ყოვლადწმიდისა სამებისა.

იქნებ გაგიკვირდა, რომ მეგობარმა ჯერ უარი უთხრა პურის მთხოვნელს; არც ლოგინიდან ადგა, არც კარი გაუღო - შვილებს ვერ გავაღვიძებო! თუ უგერგილოდ ილოცებ ან მარტო გაჭირვებაში გაგახსენდება უფალი და ეკლესია, შენს ლოცვას ძალა არ ექნება და ვერც ხმას მიაწვდენ შენს ზეციურ მეგობარს.

როგორც კი მთელი გულით ინდომებ, უფალს მიმართო, ეკლესიაში მიდი სალოცავად და კარი არასოდეს დაგხვდება დაკეტილი. გულგრილად მლოცველი თვითონ იკეტავს ამ კარს, გულმოდგინე მლოცველს კი უფალი მფარველობს.

ისწავლე გულმოდგინე ლოცვა და უფლის მფარველობა არასოდეს მოგაკლდება.
ბეჭდვა
1კ1